ნეძიხის ბზიანის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეძიხის ბზიანის კომპლექსი — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეძიხში. მდებარეობს სოფლიდან ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, ტყეში. 1977 წელს გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, დარბაზული ეკლესია, კოშკისა და ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები და გალავანი.

ნეძიხის ბზიანის კომპლექსს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

წმინდა გიორგის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის ეკლესია ორნავიანია (9,5 X 7 მ), დგას კომპლექსის დასავლეთ ნაწილში. განეკუთვება VII-VIII საუკუნეებს. ნაგებია ფორმამიცემული ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში, კარ-სარკმლებისა და კედლების გარე კუთხეების წყობაში შირიმის ნათალი ქვებია გამოყენებული. დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია მთავარი ნავის სამხრეთ კედელი და განივი კედლების სამხრეთ ნახევარი, ჩამოშლილია მთავარი და ჩრდილოეთის ნავების კამარები. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია.

დაბაზული ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული ეკლესია (9,8 X 5,1 მ) დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება X საუკუნეს. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. ეკლესიას სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუა ნაწილზე სწორკუთხა სადგომები აქვს მიშენებული. ეკლესია დაზიანებულია: ჩამოშლილია მინაშენების გადახურვების დიდი ნაწილი, მონგრეულია სამხრეთ მინაშენის კედლების ზედა ნაწილები და საფასადო წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ მინაშენიდანაა, რომელიც შიგნით თაღოვანია, ხოლო გარედან ბრტყელი გადახურვა აქვს.

სხვა ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალავანი გეგმით ტეხილი მოხაზულობისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. მისი დიდი ნაწილი დანგრეულია. მეტ-ნაკლებად შემორჩენილია სამხრეთ კედელი, რომელშიც ვიწრო შესასვლელია მოწყობილი.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ორნავიანი ეკლესიის მთავარი ნავის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ორი ქვისსამარხი, ორი გვიანდელი ქვისსამარხი კი — ეკლესიის ნანგრევებში. ამავე ეკლესიის სამხრეთით გაითხარა ერთი აკლდამა და ქვის სამარხი. სამარხები უინვენტაროა. დაკრძალვის წესჩვეულებით და აღნაგობით ისინი განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. აღმოჩნდა XIII-XIV საუკუნეების მოჭიქული ჯამისა და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]