ნესტორ ლაკობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესტორ ლაკობა
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1893(1893-05-01)[1]
დაბადების ადგილი ლიხნი
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 1936(1936-12-28)[2] [1] (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
მეუღლე/ები Sariya Lakoba
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი და ლენინის ორდენი

ნესტორ აპოლონის ძე ლაკობა (დ. 1 მაისი, 1893, ლიხნი, სოხუმის ოკრუგი — გ. 28 დეკემბერი, 1936, თბილისი, საქართველოს სსრ) — აფხაზი და ბოლშევიკი პოლიტიკოსი. მან ხელი შეუწყო ბოლშევიკური მმართველობის დამყარებას აფხაზეთში. ის იყო აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისარების საბჭოს პირველი თავმჯდომარე და შემდგომ აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორ ლაკობა დაიბადა სოფელ ლიხნში, გლეხის ოჯახში. მამა, აპოლონ ლაკობა, გარდაიცვალა სამი თვით ადრე მის დაბადებამდე. პოპულარული ვერსიის თანახმად, აპოლონ ლაკობა სიტყვით გამოვიდა გლეხების თავყრილობაზე, სადაც მკაცრად გააკრიტიკა დიდგვაროვნების თავზეხელაღებული ქმედებები, რის გამოც ის მოკლეს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ვერსია იმ საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიის გამოძახილია და რეალურად ის არ მოუკლავთ პოლიტიკური მიზეზის გამო. დედა, შახუსნა ჯერგენია. მან მარტომ გაზარდა ნესტორი და მისი ორი ძმა.

„ჩნაგუა, ჩანაგვ, ჩნაგუ“ ასე ეძახდნენ პატარა ნესტორს სახლში. მოგვიანებით, მან შეიძინა ზედმეტსახელი „ადაგუა“, რაც აფხაზურიდან ითარგმნება როგორც „ყრუ“. ლაკობას ჰქონდა დაქვეითებული სმენა, რის გამოც ატარებდა სპეციალურ სასმენ აპარატს.

ლაკობას პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ახალი ათონის საეკლესიო სამრევლო სკოლა. ამის შემდეგ ის ხვდება ლიხნის ორწლიან სკოლაში. 12 წლის ასაკში მან ჩააბარა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სწავლობდა 5 წლის განმავლობაში (1905-1910წწ.). იქვე ის აგრძელებს სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ მალევე, 1911 წელს მას რიცხავენ სასწავლებლიდან საიდუმლო რევოლუციური პროპაგანდის გავრცელების წრეებთან მჭიდრო კავშირის გამო.

მოგვიანებით ლაკობა ბათუმში გადადის საცხოვრებლად. 18 წლის ნესტორი სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული. თავდაპირველად მას აჰყავს კერძო მოსწავლეები და შემდგომ იწყებს ქალაქის გამგეობაში სანიტარად მუშაობას. 1912 წელს, ბათუმში, ლაკობა გაწევრიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ბოლშევიკების რადიკალური ფრთაში. ამის გამო მას ექმნება პრობლემები ბათუმის პოლიციასთან, რომელიც მას დაკითხვაზე იბარებს. ლაკობა კვლავ გადაწყვეტს შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

ის მიემგზავრება ქალაქ გროზნოში, სადაც აბარებს გროზნოს რეალურ სასწავლებელში (Realschule). ასეთი სასწავლებლის ფორმა წარმოიშვა გერმანიაში, საიდანაც გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. რეალური სასწავლებელი იყო ერთგვარი საშუალო ან არასრული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მათემათიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებზე. 1915 წელს მან დაამთავრა ეს სასწავლებელი და გაემგზავრა ქ. ხარკოვში, სადაც სურდა სწავლის გაგრძელება იურიდიულ ფაკულტეტზე. მან სწავლა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა სათანადო ფინანსური შესაძლებლობების არქონის გამო. ამ პერიოდში ის ბრუნდება აფხაზეთში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს ნესტორ ლაკობა დაქორწინდა. მისი მეუღლე იყო სარია ახმეტის ასული ჯიხ-ოღლი, აჭარელ-აფხაზი მუსლიმი. სარია დაიბადა 1904 წელს ქალაქ ბათუმში, შეძლებულ ოჯახში. მისი მამა, ახმეტ-მამეტ ჯიხ-ოღლი იყო წვრილი მეწარმე. მას ჰქონდა საცხობი, რამდენიმე პატარა მაღაზია და ზღვის პირას გასაქირავებელი სახლები. დედა, მელექ პათ[ტ]ლანძია, ეთნიკურად აფხაზი ქ. ოჩამჩირედან. აკი, სარიას უფროსი ძმა, იყო ნესტორ ლაკობას მეგობარი. ბოლშევიკური საქმიანობის გამო ნესტორი მენშევიკებისგან იმალებოდა ჯიხ-ოღლების სახლში. 15 წლის სარიას შეუყვარდა რამდენიმე წლით უფროსი ნესტორი და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ისინი დაქორწინდნენ. 1922 წელს მათ შეეძინთ ერთადერთი შვილი, რაუფი. რაუფის ნათლია იყო ლავრენტი ბერია.

ბოლშევიკური საქმიანობა: 1917-1921 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წლის სექტემბერში, ბათუმში, ნესტორ ლაკობა გაწევრიანდა ბოლშევიკების პარტიაში. ის აქტიურად ეწეოდა პარტიის იდეოლოგიის პოპულარიზაციას. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჭარაში მცხოვრებ მუჰაჯირ აფხაზებთან.

1916 წელს, ხარკოვიდან აფხაზეთში დაბრუნებული ლაკობა იწყებს მუშაობას შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობაზე მხაზველად. 1916 წელს გუდაუთაში ის აფუძნებს ბოლშევიკურ ორგანიზაციას. 1917 წელს მშობლიურ სოფელ ლიხნში, ლიხნაშთას ველზე გლეხების თავყრილობაზე მას ირჩევენ გუდაუთის უბნის კომისრად. 1917 წლის მაისში ის არის პირველი კავკასიის სამხარეო ყრილობის საბჭოს დელეგატი. 1917 წლის დეკემბერში, სოფელ ჯირხვაში, გლეხების თავყრილობაზე, ნესტორ ლაკობა აფუძნებს გლეხების რევოლუციურ მოძრაობას „კიარაზი“ და შემდგომ ხელმძღვანელობს მას. ამ მოძრაობას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც „გლეხების „კიარაზი“. ამ შეკრებაზე ლაკობა გამოვიდა სიტყვით და გააცნო დამსწრე საზოგადოებას ამ ორგანიზაციის მიზნები და პრინციპები. ეს ორგანიზაცია ფუნქციონირებდა 1921 წლამდე.

1918 წლიდან იყო სოხუმის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე. სიოვა კუხალეიშვილთან, ეფრემ ეშბასთან, გეორგ ათარბეგოვთან და სხვებთან ერთად ის ხელმძღვანელობდა აფხაზეთში ბოლშევიკური გადატრიალების მცდელობებს პირველად 1918 წელს თებერვალსა და მეორედ აპრილ-მაისში. სოჭის კონფლიქტის დროს ტყვედ ჩაუვარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს. ის დააპატიმრეს და გაასამართლეს. სასჯელს იხდიდა სოხუმის ციხეში. მან მოინანია ჩადენილი დანაშაულები და იქნა განთავისუფლებული. 1919 წელს დაინიშნა ოჩამჩირის უბნის მილიციის კომისრად. ლაკობა მილიციაში მუშაობის დროს კვლავ შეუდგა ბოლშევიკური აჯანყების მომზადებას, მისი დაპატიმრების სანქციის გაცემისთანავე კი გაიქცა აფხაზეთიდან. 1919-1920 წლებში ცხოვრობდა ბათუმში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს კონტროლქვეშ იყო. ბათუმიდან გადავიდა მოსკოვში, საიდანაც გაგზავნეს ეკატერინოდარში, სადაც დაინიშნა ყუბან-შავიზღვისპირეთის სსრ-ს აღმასკომში.

1920 წელს მიემგზავრება ბათუმში და სათავეში უდგება იატაკქვეშა რევოლუციურ მოძრაობას. მას ამ საქმეში უჭერს მხარს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო. 1920 წლის დეკემბერში, ლაკობა იღებს დავალებას ლენინისგან და ეფრემ ეშბასთან ერთად მიემგზავრება თურქეთში. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ქემალ ათათურქთან.

საბჭოთა პერიოდი: 1921-1936 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან ერთად ნესტორ ლაკობა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანი პიროვნება აფხაზეთში. ის ინიშნება ჯერ აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ, შემდეგ სამხრეთ საზღვაო საქმეთა სახელმწიფო კომისრად. 1922 წლიდან 1930 წლამდე ლაკობა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეა. 1926 წლის 27 მარტს ნ. ლაკობა არჩეულ იქნა აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარედ. 1930 წელს საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ კი ის ხდება აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ამ თანამდებობაზე ის იმუშავებს გარდაცვალებამდე, 1936 წლამდე.

ნესტორ ლაკობა ეწინააღმდეგებოდა კოლექტივიზაციას აფხაზეთში. ის ამბობდა, რომ „აფხაზეთის ცხოვრების თავისებურებების“ გათვალისწინებით არ არის რელევანტური ამ რეფორმის გატარება. ამ თავისებურებებზე საუბრისას ის მიუთითებდა, რომ აფხაზეთის საზოგადოებრივი მოწყობას არ ჰყავს „კულაკების“ ფენა, შესაბამისად არ არსებობს კოლექტივიზაციის საჭიროება.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორ ლაკობა მოულოდნელად გარდაიცვალა 1936 წლის 28 დეკემბერს თბილისში ვიზიტისას სასტუმროში.

ნესტორ ლაკობას გარდაცვალების გარემოებები თანამედროვე ისტორიოგრაფიაში სპეკულირების საგანია. აფხაზური ვერსიის თანახმად ის ლავრენტი ბერიამ მოაწამლინა, თავის სახლში ვახშმის დროს, ციანიდით. არ არსებობს ამ ვერსიის დამადასტურებელი ან უარმყოფელი საჯარო მტკიცებულებები. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ლაკობა გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ის „ხალხის მტრად“ გამოაცხადეს. ოფიციალურიად მას დაბრალდა 1929 წელს სოხუმიდან თურქეთში ლევ ტროცკისთვის გაქცევის ხელშეწყობა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოხდა ნესტორ ლაკობას რეაბილიტაცია და დღეს მას აფხაზი გმირის სტატუსი აქვს.

1937 წლის 1 იანვარს ლაკობას ნეშთი ჩამოასვენეს სოხუმში. ამ პროცესიას უამრავი ადამიანი დაესწრო.

ლაკობას გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა დააპატიმრეს მისი მეუღლე, სარია და 14 წლის შვილი რაუფი. რამდენიმე თვის განმავლობაში სარიას იბარებდნენ დაკითხვებზე, აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და ბოლოს 1939 წელს, მემრაჯვენეთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებში წევრობის ბრალდებით დახვრიტეს. ხოლო რაუფი 1940 წელს დასაჯეს სიკვდილით.

თავდაპირველად ლაკობა სოხუმის ბოტანიკურ ბაღში დამარხეს, ამის შემდეგ ის ჯერ მიხაილოვსკის სასაფლაოზე და ბოლოს სოხუმის რაიონ მაიაკში გადაასვენეს, სადაც მისი ნეშთი დაწვეს. ადილე აბას-ოღლი, სარიას რძალი (ძმის ცოლი), თავის მემუარებში ამტკიცებს რომ ლაკობას დედამ და ცოლის ძმამ, ემდიმ, მოახერხეს გვამის მოტაცება და ის მშობლიურ ლიხნში დაასაფლავეს. თუმცა, ამის შესახებ დანამდვილებითი ცნობები არ მოიპოვება. ოფიციალურად, დღეს ნესტორ ლაკობას საფლავი არ არსებობს.

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორ ლაკობას ორი მონუმენტი არსებობს აფხაზეთში: ბოტანიკურ ბაღში, სოხუმში და გუდაუთაში.

1988 წელს გაჩნდა იდეა ლაკობას ძეგლი დაედგათ დიღმის ხიდთან, თბილისში, მაგრამ ეს ინიციატივა ჩაიშალა.

მონეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ეროვნული ბანკი უშვებს სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტებს. 2018 წელს მან გამოუშვა 10 აფსარის ვერცხლის მონეტა, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის უნივერსიტეტის 85 წლის იუბილეს. მის უკანა მხარეს გამოსახულია ნესტორ ლაკობას პორტრეტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]