ნესტორ კუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნესტორ კუცია (ხუცია) (1871, სოფ. სუჯუნა, აბაშის რაიონი - 1912, აბაშა) — ქართველი მრეწველი, კომერსანტი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ცნობილი სასულიერო მოღვაწის, შემდგომში არქიმანდრიტის მეთოდე კუციას (ხუციას) და ეკატერინე დადიანის მსახურთუხუცესის, თავად ნიკოლოზ მიქაძის ასულის სალომე მიქაძის ოჯახში.

დაამთავრა ძველი სენაკის ქართული სათავადაზნაურო სკოლა (რომელიც არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან) და კომერციული სასწავლებელი.

1895 წელს მას მემკვიდრეობით დარჩა ბაბუამისის, - თავად ნიკოლოზ მიქაძის ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოება (რომელიც იმხანად ერთ-ერთი უდიდესი ამგვარი წარმოება იყო საქართველოში) და ხე-ტყის ტარისა და ფართლეულის მაღაზიები აბაშაში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთში. 1905 წელს 34 წლის ნესტორ კუციას მიენიჭა პირველი გილდიის ვაჭრის წოდება, რაც კომერციის დარგში მეფის რუსეთში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ მას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან, საბერძნეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან. გარდა ამისა, მას ჰქონდა გრეხილი ავეჯის ფაბრიკა, რომლის ნაწარმის ექსპორტირება ხდებოდა თურქეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში. საქართველოს გარდა, ევროპის და რუსეთის იმპერიის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ფუნქციონირებდა ფაბრიკის საფირმო მაღაზიები.

1897 წელს ცოლად შეირთო საეკლესიო აზნაურის, დეკანოზ სოფრომ გაბილაიას ასული ელისაბედ (ელისა) გაბილაია (1879-1923), რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავისი ცხოვრება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუკავშირა და 1913-1923 წლებში იყო იღუმენია. მათ ეყოლათ ორი ასული: შემდგომში ცნობილი ექიმი-პედიატრი ანა (ანიკო) კუცია-ჩოჩია (1898-1964) და შემდგომში ცნობილი მკვლევარი-ბიბლიოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე თამარ კუცია-ღვალაძე (1902-1986).

ნესტორ კუცია ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ და საქველმოქმედო მოღვაწეობას. არჩეული იყო სენაკის მაზრის თვითმმართველობის ხმოსნად (დეპუტატად) და აბაშის ოთხკლასიანი სკოლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ძალისხმევით გაიხსნა სამკითხველოები სუჯუნაში, აბაშასა და სენაკში. მუდმივად უწევდა ფინანსურ დახმარებას სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოების არაერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან, მათ შორის შალვა დადიანთან, ვასო ურუშაძესთან, ტრიფონ თოფურიასთან, მამანტი კანდელაკთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან. აღსანიშნავია, რომ მისი უახლოესი ნათესავები იყვნენ დუტუ მეგრელი და აკაკი ხოშტარია.

ნესტორ კუცია გარდაიცვალა 1912 წელს, 41 წლის ასაკში. დაკრძალულია აბაშაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თინათინ ნაკაშიძე. ქართული მეცნიერული ბიბლიოგრაფიის მოჭირნახულე (თამარ კუცია-ღვალაძე), თბილისი, 1992, გვ. 5-6.