ნასერ ორიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასერ ორიჩი
Naser Orić
ეროვნება ბოსნიელი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1967
დაბადების ადგილი დონი პოტოჩარი, სრ ბოსნია და ჰერცეგოვინა
კუთვნილება

ისფრ

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
ჯარის სახეობა ქვეითი
სამხედრო სამსახურის წლები

19851986

19921995
წოდება კაპრალი
ბრიგადირი
ნაწილი II კორპუსი
ბრძოლები/ომები ბოსნიის ომი

ნასერ ორიჩი (ბოსნ. Naser Orić; დ. — 3 მარტი 1967, დონი პოტოჩარი, სრებრენიცის ახლოს, სრ ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისფრ.) — ბოსნიელი სამხედრო მოღვაწე. სრებრენიცის ანკლავის გარნიზონის მეთაური.

დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასერ ორიჩი სრებრენიცის ახლობელ სოფელ დონი პოტოჩარიში დაიბადა 1967 წლის 3 მარტს.[1] ბაბუამისი უსტაშების მომხრე ყოფილა და იბრძოდა ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონში.[2][3] ამიტომაც ორიჩი უმუშევარი დარჩა მიუხედავად იმისა, რომ მეტალურგიის სპეციალობით დაამთავრა სასწავლებელი.[3]

სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მსახურობდა ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის ნაწილებში. დემობილიზებული იქნა კაპრალის წოდებით 1986 წელს.[1] 1988 წელს დაამთავრა საპოლიციო სასწავლებელი ზემუნში და მსახურობდა სავსკი ვენაცში, მოგვიანებით კი გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმში. 1990 წელს მონაწილეობდა კოსოვოს მღელვარებების, ხოლო 1991 წელს – ბელგრადის მღელვარებების ჩახშობაში, ასევ ვუკ დრაშკოვიჩის დაპატიმრებაში. იყო სლობოდან მილოშევიჩის პირადი დაცვის წევრი. 1991 აგვისტოში გადაიყვანეს ილიჯას პოლიციის განყოფილებაში, 1991 ბოლოს – სრებრენიცაში, ხოლო 1992 წლის 8 აპრილიდან პოტოჩარის განყოფილების უფროსია.

სრებრენიცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 აპრილიდან პოტოჩარის ტერიტორიული თავდაცვის მეთაურია. 18 აპრილს სდპ კრიზისული შტაბი და სერბი მოხალისეების მიერ შექმნილი რაზმი გორან ზეკიჩის სარდლობით იკავებს სრებრენიცას და წარმოადგენს ულტიმატუმს ბოსნიელების მიმართ, ჩააბარონ იარაღი. ბოსნიელები პატრიოტთა ლიგის წევრების ხელმძღვანელობით სრებრენიცას ტოვებენ და მახლობელ მთებს აფარებენ თავს – ბიელინაში, ვიშეგრადსა და ზვორნიკში მომხდარი ამბების შემდეგ ისინი დაშინებული არიან. ისინი სრებრენიცის გარშემო აჩაღებენ პარტიზანულ ომს. ორიჩის რაზმი ახერხებს 8 მაისს ჩასაფრებაში მოკლას გორან ზეკიჩი, სანამ უმეთაუროდ დარჩენილი სერბები დეზორგანიზებული არიან, ორიჩი ახერხებს შეკრიბოს ყოველი შესაძლო ძალა და დაიკავოს სრებრენიცა. სრებრენიცის სერბების უმრავლესობა ტოვებს ქალაქს და გარბის ბრატუნაცისკენ. ორიჩი სრებრენიცის ტერიტორიული თავდაცვის მეთაური ხდება.

ომამდე სრებრენიცაში 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. 1992 წლის აპრილიდან ივნისამდე სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ სრებრენიცის გარშემო დაკავებული იქნა 296 ბოსნიური სოფელი, საიდანაც 70 ათასი ადამიანი იქნა განდევნილი, ამავე პერიოდში 3 166 ბოსნიელი ეროვნების ადამიანის მკვლელობა იქნა დადასტურებული, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების.[4] განდევნილთა უმეტესობამ – 40 ათასამდე ადამიანმა სრებრენიცის ანკლავს შეაფარა თავი. ანკლავში საშინელი ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო – არ კმაროდა საკვები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საგნები. ამას ემატებოდა სერბთა არმიისა და სნაიპერების მიერ გამუდმებული თავდასხმები მცხოვრებლებზე, რომლებსაც, სერბთა ხელმძღვანელობის აზრით, ალყაში მოქცეულებს შორის უნდა შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, რასაც თან ერთვოდა ბლოკადით გამოწვეული საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების საგნების მუდმივი დეფიციტი, უიმედობა და უპერსპექტივობა, რაც საბოლოოდ მათი ანკლავიდან წასვლის ან უბრძოლველად დანებების მიზეზი უნდა გამხდარიყო.[5][6] თავდაპირველად ორიჩის დაქვემდებარებაშია 5 500 ადამიანი, მაგრამ მათი მხოლოდ ნახევარი არის შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით. დანარჩენები მის დაჯგუფებას მიკედლებული ვიშეგრადის, ფოჩასა და ზვორნიკის რეგიონებიდან ლტოლვილები არიან, რომლებიც თან დაჰყვებოდნენ რეიდებისას ვეებერთელა ტომრებით, ჩანთებითა და გუდებით. მათ "ტორბარებს" (ბოსნ. Torbari; ჩანთოსნები) ეძახდნენ. ისინი როგორც წესი ნაჯახებით, ფიწლებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებული და შეუბრალებლად ძარცვავდნენ სერბულ სოფლებს საკუთარი ლტოლვილობისთვის შურისძიების მიზნით. მოგვიანებით კი ორიჩის დაჯგუფების არსენალი ნაალაფარი იარაღით ივსება.[7]

სრებრენიცის დაცვაში გამოჩენილი ინიციატივიანობის გამო 1 ივლისიდან ორიჩი არმიის პრეზიდიუმის წევრად ინიშნება. 3 სექტემბერს სრებრენიცის ტერიტორიული თავდაცვის საფუძველზე ყალიბდება აღმოსავლეთ ბოსნიის ოპერატიული ჯგუფის 28-ე დივიზია.

სრებრენიცაში თავმოყრილი იყო გარშემო მდებარე ბოსნიური სოფლების მოსახლეობა. 1993 წლის 7 იანვარს 28-ე დივიზიის ნაწილებმა იერიში მიიტანეს სერბულ სოფლებზე კრავიცაზე, იეჟესტიჩზე და შილკოვიჩიზე, ერთის მხრივ ალყის გარღვევისა და რესპუბლიკის არმიის ნაწილებამდე გზის გახსნის მიზნით, მეორეს მხრივ ნადავ. თავდასხმისას დაიღუპა 45 სერბი. ჰააგის ტრიბუნალის და Human Rights Watch მტკიცებით, მოკლულთა შორის 35 სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი იქნა იდენტიფიცირებული.[8] სერბების მტკიცებით 49 მოკლულიდან ყველა სამოქალაქო პირი იყო, რომლებიც სადღესასწაულო წირვიდან ბრუნდებოდნენ.[9] გარდა მოკლულებისა, თავდასხმისას სოფელში დაიწვა სახლები, ხოლო სოფლის მცხოვრებთა ნაწილი ტყვედ აიყვანეს, შემდგომში ბოსნიელ ტყვეებზე გადასაცვლელად.

ამგვარი თავდასხმები წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სრებრენიცის მიმდებარე სერბულ სოფლებზე – ზავაზე, ბრეზანე, ბოლევიცა, პოგავანე, ტრნიჩე, გოლევიცა, ბელოვაცი, გოგოვაცი, კამენიცა და სხვა. ქალაქი სრებრენიცა გაეროს დაცვის ქვეშ იყო და სერბები ვერ ახერხებდნენ მასზე სახმელეთო ძალებით შეტევას, თუმცა ანკლავის მისადგომებთან მუდმივად მიმდინარეობდა მძაფრი შეტაკებები, სადაც ორიჩის შენაერთი არცთუ წარუმატებლად მოქმედებდა. 1995 წლის დასაწყისში მათ ალაფის სახით ჰქონდათ რამდენიმე 80 მმ ნაღმსატყორცნი და ერთი 76 მმ სამთო ქვემეხი М-48Б1, 40 ჭურვით. ასევე სრებრენიცაში პაკისტანის უწყებათშორისმა დაზვერვამ მოახერხა ერთი ბაქთარ შიქანის ტიპის (ჩინური HJ-8 ანალოგი) ტანკსაწინაღო კომპლექსის შეტანა. 1995 წლის იანვარ-მაისში სრებრენიცას ორჯერ დაეხმარნენ ვერტმფრენებით სარაევოდან, ჩაიტანეს 300.000 ვაზნა, 44 ტანკსაწინაღო რაკეტა, 6 მსუბუქი ჰაუბიცა 60 ჭურვით, 100 ავტომატი, 50 რაცია, სიგარეტები და მარილი.[7]

მაისში ვერტმფრენებმა ანკლავიდან გამოიყვანეს ორიჩი და ანკლავის სხვა თორმეტი მეთაური სარაევოში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და სამეთაურო კურსებზე მომზადების გასავლელად. ფრენის სიძნელის გამო მეთაურები სარაევოში აღარ დაბრუნებულან, სერბების არმიამ სრებრენიცა დაიკავა 1995 წლის ივლისში და იქ მოაწყო ჟლეტა.

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ ორიჩი სამხედრო სამსახურიდან გადადგა ბრიგადირის (ბრიგადის გენერალი) ჩინით 1995 წლის აგვისტოში. ომის დასრულების შემდეგ გახსნა სავარჯიშო დარბაზი ტუზლაში.

სამხედრო დანაშაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 10 აპრილს SFOR-ის წევრებმა ნასერ ორიჩი დააკავეს თავისივე სავარჯიშო დარბაზში წინააღმდეგობის გარეშე და გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს.[10] ორიჩი 15 აპრილს წარდგა სასამართლოს წინაშე და უარყო წაყენებული ბრალდებები.

ორიჩს ბრალი დასდეს 11 ტყვე სერბის წამებასა და 7 ტყვე სერბის მკვლელობაში, რომლებიც განთავსებული იყვნენ სრებრენიცის პოლიციის განყოფილებაში. ორიჩი ბრალდებული იყო მეთაურის პასუხისმგებლობით.

მას ასევე ბრალი დასდეს 50-მდე სერბულ სოფელზე მოწყობილ რეიდში, ბრატუნაცის და სრებრენიცას რაიონებში. ამ მოქმედებების დროს სერბებით დასახლებულ სოფლებში განადგურდა და გაიძარცვა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. მოკლული იქნა ასზე მეტი სერბი და ათასობით სერბმა დატოვა ტერიტორია. ამ შემთხვევაშიც ორიჩს სამეთაურო პასუხისმგებლობის გამო წაუყენეს ბრალი.[11] სასამართლო დაიწყო 2004 წლის 6 ოქტომბერს და გასტანა 2006 წლის 30 ივნისამდე. ბრალდება ითხოვდა თვრამეტი წლით პატიმრობას, ხოლო დაცვას მიაჩნდა რომ ორიჩი იყო უდანაშაულო. 82 მოწმე დაიკითხა, 1 649 ნივთიერი მტკიცებულება იქნა შესწავლილი.

სასამართლომ დაადგინა, რომ ორიჩს ბრალი მიუძღოდა სამეთაურო პასუხისმგებლობით სერბი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში, თუმცა პირდაპირი კავშირი მათ წამებასთან არ დაუმტკიცდა. ასევე არ დაუმტკიცდა მიზანმიმართული სამხედრო დანაშაული მის ან მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონების მიერ სერბულ სოფლებზე რეიდისას. საერთო ჯამში ორიჩს ორი წელი მიესაჯა, რაც უკვე გასული იყო მისი დაკავების მომენტიდან და იგი გაათავისუფლეს.[12] ორიჩი ბოსნიაში დაბრუნდა 2006 წლის 1 ივლისს.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა ორივე მხარე. პროკურორ კარლა დელ პონტეს განცხადებით, ორწლიანი პატიმრობა ძალიან მცირე იყო, ხოლო ადვოკატები ორიჩის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდნენ.[13] აპელაციის შემდეგ, 2008 წლის 3 ივლისს ორიჩი საბოლოოდ გაამართლეს და მოუხსნეს ყველა ბრალდება.[14][15]

პატიმრობა ბოსნიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის ოქტომბერში ორიჩი დააპატიმრეს ბოსნიაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის, ასევე გამოძალვის ბრალდებით. 2009 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნეს იარაღის შენახვაში, მაგრამ გამოძალვა არ დაუმტკიცდა. მიესაჯა ორი წელი.[16]

2014 წლის 2 თებერვალს სერბეთის იუსტიციის მოთხოვნის საფუძველზე, სერბეთის ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ გასცა ნასერის დაკავების ორდერი.[17]

2015 წლის 10 ივნისს ის დაკავებული იქნა შვეიცარიის მესაზღვრების მიერ.[18] ნასერი ექსტრადერირებული იქნა არა სერბეთში, არამედ ბოსნიაში.[19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bartrop, Paul (2012). A Biographical Encyclopedia of Contemporary Genocide. Santa Barbara, California: ABC-CLIO. ISBN 978-0-313-38679-4. 
  2. David C. Isby (2002). Balkan Battlegrounds: A Military History of the Yugoslav Conflict, 1990–1995. Washington, D.C.: Office of Russian and European Analysis. ISBN 978-0-16-066472-4. OCLC 50396958. 
  3. 3.0 3.1 Mann, Michael (2005). The Dark Side of Democracy: Explaining Ethnic Cleansing. Cambridge: Cambridge University Press. 
  4. Prelude to the Srebrenica Genocide: Mass murder and ethnic cleansing of Bosniaks in the Srebrenica region April-June 1992
  5. Bosnian Serb Officer Unaware of "Make Life Unbearable" Order
  6. Life in the Valley of Death
  7. 7.0 7.1 Очерки военной истории конфликта в Югославии (1991-1995) Ионов Александр Алексеевич
  8. Oric's Two Years
  9. Bratunac: Parastos ubijenim Srbima
  10. Arrest and Transfer of Naser Oric
  11. Case No. IT-03-68 PT THIRD AMENDED INDICTMENT
  12. Naser Oric Convicted
  13. Bosnian Muslim sentence contested
  14. BBC News: Srebrenica Muslim chief cleared
  15. Reuters: Hague tribunal acquits Bosnian Muslim on appeal
  16. Вынесен приговор Насеру Оричу
  17. INVESTIGATION AGAINST ORIĆ AND OTHERS PURSUED (PDF). Tuzilastvorz.org.rs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 18 November 2015.
  18. „Naser Orić uhapšen u Švajcarskoj“. Novosti. 10 June 2015.
  19. "Srebrenica Commander Naser Oric Charged With War Crimes: Former Bosnian Army general Naser Oric, who led Bosniak forces in battles against Serb troops in Srebrenica, was charged with war crimes against Serb prisoners in the area in 1992", balkaninsight.com, 27 August 2015; accessed 25 December 2015.