ნადინ გორდიმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადინ გორდიმერი
ინგლ. Nadine Gordimer

ნადინ გორდიმერი 2010 წელს
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1923
დაბადების ადგილი სპრინგსი, სამხრეთი აფრიკა
გარდაცვალების თარიღი 13 ივლისი, 2014
გარდაცვალების ადგილი იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა
საქმიანობა პოეტი, მწერალი[1] , რომანისტი[2] , დრამატურგი, ნოველისტი[2] , სამეცნიერო რედაქტორი[1] და პროზაიკოსი
ენა ინგლისური
მოქალაქეობა  სარ[3]
ალმა-მატერი ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტი[2]
ჟანრი რომანი, ნოველა და მოთხრობა
Magnum opus კონსერვაციონისტი, ბიურგერის ქალიშვილი, ივლისის ხალხი, ბუნების თამაშობა, შემთხვევითი ნაცნობობა და მიიღე სიცოცხლე
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[4] [5], საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, WH Smith-ის ლიტერატურული პრემია, ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ბუკერის პრემია[6], Central News Agency Literary Award, ნელი ზაქსის პრემია, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია, რომის პრემია, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, Central News Agency Literary Award და Central News Agency Literary Award
მეუღლე რეინჰოლდ კასირერი და გერალდ გავრონი
შვილ(ებ)ი Oriane[7]

ნადინ გორდიმერი (ინგლ. Nadine Gordimer; დ. 20 ნოემბერი, 1923, სპრინგსი, სამხრეთ აფრიკის კავშირი, – გ. 13 ივლისი, 2014, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთაფრიკელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1991). მისი თხზულებების ძირითადი თემა იყო აპართეიდის პერიოდის მორალური და რასობრივი პრობლემები, გაუცხოება და სამშობლოსგან განშორება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორდიმერი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში პრივილეგირებულ თეთრკანიან, საშუალო ფენის წარმომადგენელ ოჯახში. მამა იყო მესაათე, ებრაელი ემიგრანტი ჟაგარედან (მაშინდელი რუსეთის იმპერია, ახალნდელი ლიეტუვა), დედა — ასიმილირებული ებრაელი ლონდონიდან. გაიზარდა სეკულარულ გარემოში. კითხვა და წერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. 15 წლის ასაკში პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა ადგილობრივ ჟურნალში. ფართო ერუდიციამ აშკარად დაანახა აპართეიდის, სამხრეთ აფრიკის რასობრივი სეგრეგაციის ოფიციალური პოლიტიკის, ბნელი მხარეები. გორდიმერი თანდათან აპართეიდის გამოხატულ პოლიტიკურ ოპონენტად ჩამოყალიბდა. მისი ფორმალური უმაღლესი განათლება შემოიფარგლებოდა უითუოთერსრანდის უნივერსიტეტში ერთწლიანი სწავლით. შემდგომში, 1960-იან და 70-იან წლებში, სამწერლობო მოღვაწეობასთან ერთად ლექციებს კითხულობდა და ასწავლიდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. აპართეიდის პირობებში მისი ბევრი ნაწარმოები აკრძალული იყო. სამხრეთ აფრიკაში რასისტული რეჟიმის დასრულების შემდეგ გორდიმერი აქტიურად იყო ჩაბმული აივ/შიდსის წინააღმდეგ კამპანიაში. გარდაიცვალა 2014 წელს, 90 წლის ასაკში.[8][9]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორდიმერის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „პირისპირ“ (Face to Face) 1949 წელს გამოქვეყნდა, პირველი რომანი „ცრუ დღეები“ (The Lying Days) კი — 1953 წელს. ამ დროიდან გამოიკვეთა მწერლისთვის დამახასიათებელი ნათელი, მოზომილი და არასენტიმენტური სტილი. მისი მოთხრობები ეხება აპართეიდის გამანადგურებელ ზეგავლენას სამხრეთაფრიკელების ცხოვრებაზე, შეუთავსებლობას პიროვნულ განკერძოებასა და საზოგადოებრივ სამართალს შორის, აპართეიდთან ბრძოლით და არსებული რეჟიმის შეცვლის სიძნელეებით გამოწვეულ ემოციურ ტრავმას, დაძაბულობას და სამშობლოდან გადახვეწის მიუღებლობას. 1974 წელს გორდიმერის რომანმა „კონსერვაციონისტი“ (The Conservationist) ბუქერის პრემია მიიღო. შემდგომდროინდელი რომანებია: „ბიურგერის ქალიშვილი“ (Burger's Daughter, 1979), „ივლისის ხალხი“ (July’s People, 1981), „ბუნების თამაშობა“ (A Sport of Nature, 1987), „ჩემი ვაჟიშვილის ამბავი“ (My Son’s Story, 1990), „საშინაო თოფი“ (The House Gun, 1998), „შემთხვევითი ნაცნობობა“ (The Pickup, 2001). გორდიმერი გარემოს დაცვის თემას შეეხო რომანში „მიიღე სიცოცხლე“ (Get a Life, 2005). ესაა ისტორია სამხრეთაფრიკელი ეკოლოგისა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის რადიოაქტიური მკურნალობის გამო სხვებისთვის სახიფათოდ მიიჩნეოდა. მისი უკანასკნელი რომანი „აწმყო საუკეთესო დროა“ (No Time like the Present, 2012) ასახავს აპართეიდთან ბრძოლის ვეტერანების ცხოვრებას თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რეალობაში.[8]

გორდიმერი ასევე არის მოთხრობების არაერთი კრებულის ავტორი, როგორიცაა „ჯარისკაცის ხვევნა“ (A Soldier’s Embrace, 1980), „სინდისის დანაშაულები“ (Crimes of Conscience, 1991), „ნადავლი და სხვა მოთხრობები“ (Loot, and Other Stories, 2003). გარდა ამისა, მას ეკუთვნის ესეების და პუბლიცისტური კრებული „ცხოვრება იმედსა და ისტორიაში: ჩანაწერები ჩვენი საუკუნიდან“ (Living in Hope and History: Notes from Our Century, 1999). ნობელის პრემიის გარდა მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული და საზოგადოებრივი ჯილდო, მათ შორის, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი (2007).[8] გორდინერის თხზულებები ნათარგმნია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 440.
  3. https://www.britannica.com/biography/Nadine-Gordimer
  4. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1991/gordimer-facts.html
  5. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  6. https://thebookerprizes.com/fiction/backlist/1974
  7. https://books.google.es/books?hl=ca&id=xHh5IHbBiZUC&q=oriane#v=snippet&q=oriane&f=false
  8. 8.0 8.1 8.2 Nadine Gordimer, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 13 თებერვალი, 2020.
  9. Nadine Gordimer, Nobel Media AB. ნანახია 13 თებერვალი, 2020.
  10. ხარბედია, მალხაზ (22 აპრილი, 2012), ორი ნობელიანტი, რადიო თავისუფლება, RFE/RL. ნანახია 14 თებერვალი, 2020

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბეთჰოვენს ერთი მეთექვსმეტედი ზანგის სისხლი ჰქონდა : მოთხრობები / ნადინ გორდიმერი ; ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ ; [საგამომცემლო ჯგ.: ნინო გურასპაული, ეთერ კვანჭიანი, თამთა ჯანაშია]. თბილისი : ინტელექტი, 2011. ISBN 9789941439063.