მიხეილ ლაზარევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ლაზარევი

მიხეილ ლაზარევი
დაბადების სახელი მიხეილ ლაზარევი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი/14 ნოემბერი 1788
ვლადიმირი
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი/23 აპრილი 1851
ვენა
საქმიანობა ზღვაოსანი

მიხეილ პეტრეს ძე ლაზარევი (რუს. Лазарев, Михаил Петрович; დ. 14 ნოემბერი [ძვ. სტ. 3 ნოემბერი], 1788, ვლადიმირი — გ. 23 აპრილი [ძვ. სტ. 11 აპრილი] 1851, ვენა, დაკრძალულია სევასტოპოლში) — რუსეთის ფლოტის სარდალი, ზღვაოსანი, ადმირალი (1843). 1800 წელს შევიდა საზღვაო კადეტთა კორპუსში. 1803 წელს მიავლინეს ინგლისის ფლოტში, სადაც 5 წელი განუწყვეტელ ნაოსნობაში გაატარა. 1808-1813 წლებში მსახურობდა ბალტიის ფლოტში. რუსეთ-შვედეთის ომისა (1808-1809) და სამამულო ომის (1812) მონაწილე. 1813–1816 წლებში გემ „სუვოროვით“ იმოგზაურა დედამიწის გარშემო, კრონშტადტიდან ალასკის ნაპირებამდე და უკან, აღმოაჩინა სუვოროვის ატოლი.

როგორც გემ „მირნის“ მეთაურმა და დედამიწის ირგვლივ ექსპედიციის უფროსის ფადეი ბელინსგაუზენის თანაშემწემ, 1819-1821 წლებში მონაწილეობა მიიღო ანტარქტიდისა და მრავალრიცხოვანი კუნძულების აღმოჩენაში. 1822 წელს, როგორც ფრეგატ „კრეისერის“ მეთაურმა, მესამედ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1822-1825). ამ მოგზაურობის დროს ჩატარდა ფართო მეცნიერული გამოკვლევები მეტეოროლოგიაში, ეთნოგრაფიაში და სხვა. 1826 წლიდან მეთაურობდა სახაზო გემ „აზოვს“, რომლითაც მონაწილეობდა ადმირალ ლოგან გეიდენის ესკადრის ლაშქრობაში ხმელთაშუა ზღვაზე, აგრეთვე ნავარინის ბრძოლაში (1827). ამ ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის მიენიჭა კონტრ-ადმირალის წოდება. 1828-1829 წლებში ხელმძღვანელობდა დარდანელის ბლოკადას, 1830 წელს დაბრუნდა კრონშტადტში და მეთაურობდა ბალტიის ფლოტის ხომალდების რაზმს. 1832 წელს იყო შავი ზღვის ფლოტის შტაბის უფროსი. 1833 წლის თებერვალ-ივნისში სათავეში ედგა რუსეთის ფლოტის ექსპედიციას ბოსფორში (1833).

1833 წლიდან შავი ზღვის ფლოტისა და ნავსადგურების მთავარი მეთაური აგრეთვე სევასტოპოლისა და ნიკოლაევის სამხედრო გუბერნატორი. ლაზარევმა აღზარდა ნიჭიერი ფლოტის მეთაურთა პლეადა (პავლე ნახიმოვი, ვლადიმერ კორნილოვი, ვლადიმერ ისტომინი, გრიგორი ბუტაკოვი და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 103.
  • М. П. Лазарев. Документы, т. 1—3, М., 1952—61;
  • Никульченков К. И., Адмирал Лазарев, М., 1956;
  • Соколов А. В. и Кушнарёв Е. Г., Три кругосветных плавания М. П. Лазарева, М., 1951;
  • Русские мореплаватели, М., 1953.