მესაიდუმლის ქამარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მესაიდუმლის ქამარი“

ავტორი აკა მორჩილაძე
გარეკანის მხატვარი თამაზ ვარვარიძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი უტოპია, დეტექტივი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2008
მედია მაგარი ყდა
გვერდი 342
ISBN 978-9941-403-11-8

მესაიდუმლის ქამარი“ — ქართველი რომანისტის აკა მორჩილაძის უტოპიური რომანი, გამოცემული 2008 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ. რომანი არაქრონოლოგიური გაგრძელებაა სანტა სიტის სხვა წინა წიგნების. ,,მესაიდუმლის ქამარი” სანტა ესპერანსას ძველი და ახალი მცხოვრებლების ახალ თავგადასავლებს გვაცნობს.

მოქმედება მწერლის მიერ გამოგონილ ქვეყანა სანტა ესპერანსაში მიმდინარეობს. საკურორტო ქალაქ სანტა სიტიში განგსტერული გარჩევების ამბებს მთავარი ინსპექტორი დიქსლი იძიებს. პრობლემებს მესაიდუმლის ქამარი ქმნის, რომელშიც საქართველოში მოპარული ძვირფასი ქვები უნდა იმალებოდეს.

წიგნის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის სიუჟეტი სანტა სიტიში მიმდინარეობს. აკა მორჩილაძემ ეს კუნძული გამოიგონა იმისთვის, რომ ეჩვენებინა ნამდვილი ევროპული საქართველო. სიმბოლურად მესაიდუმლის ქამარი დაკარგული ევროპელობაა, რომლის დაბრუნება ქართველ ქურდებს სურთ, თუმცა უშედეგოდ. გამოგონილ კუნძულზე ცხოვრობენ ქართველები, ბერძნები, თურქები, ინგლისელები და ეს ქვეყანა ბრიტანეთის კოლონიაა.

მიუხედავად მცირე ხნის წინ გადატანილი სამოქალაქო ომისა, “მესაიდუმლის ქამარში” აღწერილ სანტა ესპერანსაზე უხვად მოიპოვება ის, რაც იშვიათად ყოფილა საქართველოში – სიმშვიდე, მელანქოლიური განწყობა, არასტანდარტულად რბილი გარემო,ადამიანთა მსუბუქი და კეთილგანწყობილი ურთიერთობები. სწორედ ისეთი, როგორც რომანში ციტირებული ესპერანსელი მწერლის, მირ ფაიდის წიგნებშია. ამ სამყაროში ყველაფერი მის ავტორს ეკუთვნის – ვითომქართული გვარებიც, სანტა სიტის ხალიჩების მაღაზიებიც, მარკო პოლოს ქვრივის ტურისტული სააგენტოც, რეგბის შეჯიბრებებიც დამსვენებლებსა და რეჯიმენტს შორის, უ’შანგის სამხატვრო სკოლაც, კინოთეატრი “ოულდ ლუქსიც”, ჯადოსნური რეცეპტებით შექმნილი საჭმელებიც, სადილობის იოანური წესიც, სადაც ყველა ერთდროულად მზარეულიცაა და სტუმარიც და ის ცნობილი ლიმონიც, მედუქნე ბუზია ყოველ კერძს ზედ რომ აწურავს.

სანტა ესპერანსა შესაძლოა ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც ჯენოველებსა და თურქებს შორის მოქცეულმა ქართველებმა დიასპორას შექმნა მოახერხეს. ალბათ იმიტომ, რომ იქ უმრავლესობას შეადგენენ. რეალური ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავლად არიან ევროპასა და ამერიკაში, მაინც მცირე ჯგუფებად არიან დაყოფილი და ხშირად ერიდებიან კიდეც ერთმანეთს. რაიმე სახის ერთობლივ დახმარებაზე ახლად ჩამოსულთათვის ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რუსეთში, სადაც ასეულ ათასობით ქართველი ცხოვრობს, მათ შორის ასეულობით გამოჩენილი ადამიანი, ისინი გაცილებით უფრო წარმატებით ერთიანდებიან ბანდიტურ დაჯგუფებებში, ვიდრე სათვისტომოებში. ამას რასაკვირველია, უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქართველები უცხო ქვეყანაშიც ვერ ძლევენ კლანობრიობას, “ჩემიანად” და “სხვისიანად”, დასავლეთად და აღმოსავლეთად დაყოფას, კრიმინალურ მისწრაფებებს. მსგავსი არაფერი ხდება რომანში აღწერილ სანტა ესპერანსაზე, რაც იქ დასახლებულ სხვადასხვა ერისა და რჯულის ხალხის მშვიდ თანაცხოვრებას განაპირობებს. რა თქმა უნდა, იქაც არის რთული პირობითობები, რასაც მისი ზოგიერთი გმირი, მწერალ ჯესიკა დე რაიდერის მსგავსად, ბრიტანეთში გაურბის, ხოლო არისტოკრატი პიეტრო ანდრეა დი საული – საკუთარ სასახლეში.

თუმცა ამ მოგონილ ქვეყანაში არ არის ის, რაც საქართველოში ისეთივე მოცემულობაა, როგორც წილადის მნიშვნელი მრიცხველისათვის ან შენობის უზომოდ გაწელილი ჩრდილი მზიანი აგვისტოს შუადღეს. სანტა ესპერანსას მახლობლად არ არის რუსეთი. ეს ფატალური ზეგავლენის მქონე მუდმივი სიდიდე ნამდვილი საქართველოს ყოველდღიურობაში. მასავით გზაარეული დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ქვეყანა, რომლის ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდება საქართველოს, ზოგადად კავკასიის ცხოვრების წესისაგან და რომელსაც, ბრიტანეთისაგან განსხვავებით, არც რეჯიმენტის უსისხლოდ ჩაყენება შეუძლია და მით უმეტეს, არც საკუთარი მმართველობის მშვიდობიანად და უხმაუროდ დასრულება. ის კაგებეს რუსი ოფიცრები, რომლებიც უეცრად გაილევებენ რომანში, უფრო ფანტომები არიან, ვიდრე რეალური ადამიანები.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის რომანს 60 გვერდი აკლია:[1] ჩემი ნაწარმოებების ბოლო როგორია? ხშირად გამიგია, რომ დაუსრულებელია ან შუაში რაღაც აკლია... ამას განგებ არ ვაკეთებ... გული სადამდეც მიდის იქამდე ვწერ ხოლმე. წიგნის დამთავრებაზე ერთ ასეთ რამეს მოვყვები — ჩემი ერთ-ერთი წიგნი „მესაიდუმლის ქამარი“ რომ გამოიცა, ტექნიკური შეცდომის გამო, 60 გვერდი, გადამწყვეტი თავები, აკლია. დღემდე ასეა გამოცემული, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ აკლია. როცა არ იცი, როგორ დაასრულო წიგნი, კარგია, შექსპირზე რომ იფიქრო... იქ ხომ წარმოუდგენლად მთავრდება სცენა — ჩაწყობილი 27 გვამი. მოკლედ, როცა გაგიჭირდება და ერთ სცენაში გინდა ჩაატიო ყველაფერი, მაშინ უნდა გაგახსენდეს შექსპირი და უცებ მიალაგებ ერთმანეთზე, შენც გული გაგიჩერდება და ხარ ასე სულ ნერვიულობაში. სხვა მიზანი წერისას არ მაქვს, ყველა განცდა, რაც იქ ხდება, მეც მაქვს, ეს ჩემი პერსონაჟების თანაგანცდაა. მიყვარს ხოლმე ნაწარმოების ბოლო. ჩვენს ბავშვობაში ყველაზე მძაფრად მახსოვს საავადმყოფოს მიმღების სუნი, ძალიან სპეციფიკური. ასეთი მძაფრი განცდა მაქვს ხოლმე ნაწარმოების დასრულებისას. პერსონაჟებზე არ შემიძლია ვილაპარაკო თუ ვინ არიან, თითქოს, ჩემს თავზე ვწერ, აქ ხომ ყველა ყველას იცნობს — თელავში მამალი რომ დაიყივლებს, აქაც ხომ ისმის, თუ კარგად არ არის გათენებული. რამდენი ხანი ვმუშაობ, ეს სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარადაა. დიდი მწერლების შესახებ თუ წაიკითხავ, დილით ადრე უნდა ადგე და დაიწყო წერა, ერთი 6 საათი მაინც უნდა იმუშაო. როგორც ევროპის სამუშაო დღეა, დაახლოებით, ისე. მე ასე არ გამომდის, ხშირად მეტსაც ვმუშაობ. როცა სცენარებს ვწერ, აი მაშინ ღამეებსაც ვათენებ. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთდროულად ვმუშაობ ორ ნაწარმოებზე, ეს, ძირითადად მაშინ, როცა შეკვეთით მიწევს წერა, სამსახურივითაა. ჩვენნაირად რომანებს მსოფლიოში არავინ არ წერს, სულ სხვანაირად ვწერთ, მეტი თავისუფლება გვაქვს წერის დროს. იქ ამდენი ფუფუნება არ აქვთ, უფრო ზუსტია ხოლმე ყველაფერი."

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარ ფაიდი - ესპერანსელი მწერალი.
  • ჟენვიევ ბლო - მარ ფაიდის ერთ–ერთი რომანის გმირი.
  • მისტერ დიქსლი - ესპერანსელი ინსპექტორი, რომელიც ქურდების საქმეს იძიებს.
  • ჯესიკა დე რაიდერი - ბრიტანელი ჟურნალისტი.
  • სიმონ რუქა - ქალაქის მმართველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]