მატურენ ჟაკ ბრისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატურენ ჟაკ ბრისონი
ფრანგ. Mathurin Jacques Brisson
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1723(1723-04-30)[1] [2]
დაბ. ადგილი ფონტენე-ლე-კონტი
გარდ. თარიღი 23 ივნისი, 1806(1806-06-23)[3] [1] [2] (83 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბიოლოგი, ორნიტოლოგი, ენტომოლოგი, ფიზიკოსი, ზოოლოგი და ფილოსოფოსი
ალმა-მატერი პუატიეს უნივერსიტეტი

მატურენ ჟაკ ბრისონი (დ. 30 აპრილი, 1723 — გ. 23 ივნისი, 1806) — ფრანგი ზოოლოგი და ფიზიკოსი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში ფიზიკის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმღვანელოდ ითვლებოდა ცნობილი ფრანგი ფიზიკოსის, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის მატურენ ჟაკ ბრისონის სამტომიანი კურსი. იგი შეიცავს ვრცელ მასალას, რომელშიც ასახულია მეცნიერების ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა ფიზიკის დარგში XIX საუკუნის დასაწყისამდე. პირველ ტომში მოცემულია ფიზიკური მექანიკის საფუძვლები, მეორეში-აირების თვისებები, სითბური და მოლეკულური მოვლენები და აგრეთვე ოპტიკა. მესამე ტომში შედის ფიზიკური ასტრონომია, ზღვის მიქცევათა და მოქცევათა თეორია, მოძღვრება მაგნიტიზმისა და ელექტრობის შესახებ. ბრისონის სახელმღვანელო როგორც მოცულობით, ისე მასალის სისრულითაც არსებითად ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს.

მატურენ ბრისონს ბავშვობიდანვე გამოუჩენია ინტერესე ბუნებისმეტყველებისადმი. ეს მიდრეკილება მასში მნიშვნელოვნად განვითარდა ცნობილი ფრანგი ბუნებისმრტყველის რ. რეომიურის პირადი გავლენით, ხელმძღვანელობითაც მან შემდგომ ბიოლოგიაში დაიწყო მუშაობა. ამ დარგში მან ფუნდამენტური შრომებიც გამოაქვეყნა. 1757 წლის შემდეგ იგი მთლიანად გადადის სამუშაოდ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რომელსაც მოახმარა თავისი ცხოვრების მთელი დანარჩენი ნაწილი. მან ჩაატარა ცდები ლითონის დნობაზე და ალმასის წვაზე დიდი შემკრები ლინზის მეშვეობით. გამოიკვლია სინათლის სხივების სხვადასხვაგვარი გარდატეხა, ელექტრონული დენის მოქმედება სხვადასხვა ნივთიერებაში მისი გავლის დროს, განსაზღვრა სხვადასხვა სითხის გარდატეხის მაჩვენებელი, შეისწავლა ფოლადის მაგნიტური თვისებები.

მატურენ ჟაკ ბრისონის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრისონი იყო ზომა-წონათა მეტრული სისტემის შემოღების ერთ-ერთი ინიციატორი და, საფრანგეთის სხვა გამოჩენილ სწავლულებთან ერთად, მეტრული სისტემის ერთეულების დამდგენი კომისიის წევრი. ბრისონი იყო შესანიშნავი პედაგოგი, ექსპერიმენტატორი-დემონსტრატორი და მეცნიერული ცოდნის პოპულარიზატორი. იგი იყო ნავარის კოლეჯის და პარიზის სკოლის ფიზიკის პროფესორი. მისი საჯარო ლექციები. მეცნიერების უახლესი მიღწევების შესახებ, ფართო საზოგადოების ყურადღებას იქცევდა და დიდი წარმატებით სარგებლობდა.

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის შექმნის დარგში. აქ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ორი ფუნდამენტური შრომა: ფიზიკის განმარტებით ლექსიკონი და ფიზიკის კურსი. ფიზიკის ოთხტომიანი განმარტებითი ლექსიკონი უკანასკნელად 1800 წელს გამოიცა პარიზში. ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელიც სამ ტომად გამოიცა პარიზში, პირველად 1789 წელს, ხოლო მესამედ — 1800 წელს. ამ სახელმძღვანელოს ბრისონის თანამედროვეებმა მაღალი შეფასება მისცეს და თავის დროზე იგი ფართოდ იყო გავრცელებული. ფიზიკის საფუძვლები ბრისონის ფიზიკის კურსში მატერიალისტური პოზიციებიდანაა განხილული. მატერიალისტურ მრწამსს ავტორი უკვე წიგნის სათაურშივე აცხადებს იმით, რომ მის თხზულებაში გადმოცემულია სარწმუნო ცოდნა ფიზიკის დარგში, დაფუძნებული ექსპერიმენტზე, ცდაზე. როგორც ვხედავთ, ცოდნის კრიტერიუმად ავტორს ცდა მიაჩნია. ბრისონისათვის ნათელია ცდის არა მარტო ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური მხარე , არამედ იგი მას დიდ პრაქტიკულ და სასწავლო-მეთოდიკურ მნიშვნელობასაც ანიჭებს. ცდები საინტერესოდ და დაწვრილებით არის აღწერილი.

ძეგლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხელნაწერის იმ ეგზემპლარში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ტექსტი სუფთად არს გადაწერილი და მისი მოცულობა 1620 გვერდს შეადგენს. იგი სამ ტომად არის აკინძული, თითოეული ტომი ოქროთი ტვიფრულ ტყავგადაკრულ მუყაოს ყდაშია ჩასმული და ოქროვარაყიანი შემონაჭერი აქვს.

მ. სტრახოვის რუსული თარგმანიდან ბრისონის წიგნი ქართულად ითარგმნა. თარგმანი შესრულებული იყო თბილისში 1809-1812 წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ., 114–123, თბ., 1973.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]