მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი
MARCVS AEMILIVS LEPIDVS
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი MARCVS AEMILIVS LEPIDVS
მონეტა ლეპიდუსის გამოსახულებით. არსებული წარწერაა „III VIR R P C LEPIDUS PONT MAX“, შემოკლებული „tresviri rei publicae constituendae Lepidus Pontifex Maximus“, რაც ნიშნავს „რესპუბლიკის მომწესრიგებელი სამი კაციდან ერთ-ერთი, ლეპიდუსი, უმაღლესი პონტიფი“.
რომის რესპუბლიკის ტრიუმვირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, ძვ. წ. 43 – 22 სექტემბერი, ძვ. წ. 36
ოქტავიანე ავგუსტუსსა და მარკუს ანტონიუსთან ერთად

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, ძვ. წ. 46 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 46
იულიუს კეისართან ერთად
წინამორბედიკვინტუს ფუფიუს კალენუსი და
პუბლიუს ვატინიუსი
მემკვიდრეიულიუს კეისარი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, ძვ. წ. 42 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 42
ლუციუს მუნატიუს პლანკუსთან ერთად
წინამორბედიგაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი და
ავლუს ჰირციუსი
მემკვიდრელუციუს ანტონიუსი და
სერვილიუს ვატია ისაურიკუსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
ძვ. წ. 44 – ძვ. წ. 13
წინამორბედიიულიუს კეისარი
მემკვიდრეოქტავიანე ავგუსტუსი

დაბადებულიძვ. წ. 89/88
რომი, რომის რესპუბლიკა
გარდაცვლილიძვ. წ. 13
სან-ფელიჩე-ჩირჩეო
მეუღლეიუნია სეკუნდა
შვილებიმარკუს ემილიუს ლეპიდუს უმცროსი
რელიგიაძველი რომაული რელიგია

მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ლათ. M·AEMILIVS·M·F·Q·N·LEPIDVS),[1] (დ. ძვ. წ. 89 ან 88 — გ. ძვ. წ. 13 წლის ბოლოს ან ძვ. წ. 12 წლის დასაწყისში)[2] — ძველი რომაელი პატრიციუსი, მეორე ტრიუმვირატის წევრი ოქტავიანესა (შემდგომში ავგუსტუსი) და მარკუს ანტონიუსთან ერთად და რომის რესპუბლიკის უკანასკნელი პონტიფექს მაქსიმუსი. თავდაპირველად, ლეპიდუსი იულიუს კეისრის ახლო მოკავშირე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ლეპიდუსი ნიჭიერი სამხედრო მეთაური იყო და კეისრის გამოსადეგი მიმდევარიც, მას ყოველთვის ტრიუმვირატის ყველაზე სუსტ წევრად წარმოაჩენდნენ. თავისი ეპოქის მოვლენათა ასახვისას, როგორც წესი, იგი წარმოჩინდება, როგორც მარგინალური ფიგურა, განსაკუთრებით, შექსპირის პიესებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკვლევარი იწონებს ამ შეხედულებას, სხვები ამტკიცებენ, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთები საკმარისი არაა საიმისოდ, რომ გათვალისწინებული არ იქნას ლეპიდუსის მტრების, ძირითადად, ციცერონისა და შემდეგ უკვე ავგუსტუსის მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეპიდუსი იყო მარკუს ემილიუს ლეპიდუსის ძე; დედამისი კი შესაძლოა, ლუციუს აპულეიუს სატურნინუსის ქალიშვილი ყოფილიყო. მამამისი სულას სიკვდილის შემდეგ, ხელახლა აღორძინებული პოპულარების ფრაქციის პირველი ლიდერი იყო და ოპტიმატების წინააღმდეგ მოწყობილ წარუმატებელ ამბოხებას მეთაურობდა. ლეპიდუსს ჰყავდა ძმა — ლუციუს ემილიუს ლეპიდუსი.

ლეპიდუსი დაქორწინებული იყო იუნია სეკუნდაზე, მარკუს იუნიუს ბრუტუსისა და იუნია ტერტიას, კასიუს ლონგინუსის ცოლის დაზე. მას და იუნიას სულ მცირე, ერთი შვილი მაინც ჰყავდათ — მარკუს ემილიუს ლეპიდუს უმცროსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეისრის მოკავშირე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეპიდუსის მიერ მოჭრილი ერთ-ერთი მონეტა, რომელიც მისი ოჯახის მიღწევებს აღნიშნავს. მასზე გამოსახულია ბაზილიკა ემილია.

ლეპიდუსი პონტიფიკთა კოლეგიას ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუერთდა. მან თავისი cursus honorum დაიწყო, როგორც Triumvir Monetalis-მა, მონეტების მოჭრის ზედამხედველმა, ძვ. წ. 62-58 წლიდან. სულ მალე, ლეპიდუსი იულიუს კეისრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახდა. ძვ. წ. 49 წელს იგი პრეტორად დაინიშნა და სანამ კეისარი საბერძნეთში პომპეუსს დაამარცხებდა, რომსაც განაგებდა.[3] მან უზრუნველყო კეისრის დიქტატორად არჩევა, რაც ამ უკანასკნელმა კონსულად გახდომისათვის გამოიყენა და თერთმეტი დღის შემდეგ დიქტატორობაზე უარი თქვა. ლეპიდუსი ესპანეთის პროვინციის პროკონსულის თანამდებობით დაჯილდოვდა.

ესპანეთში ყოფნისას, ლეპიდუსს მოუწოდეს ჩაეხშო მეზობელი ჰისპანია ულტერიორის გუბერნატორის, კვინტუს კასიუს ლონგინუსის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხება. ლეპიდუსმა უარი განაცხადა მხარი დაეჭირა კასიუსისათვის, რომელიც კეისრის რეჟიმის ოპონენტს წარმოადგენდა. მან მეამბოხე ლიდერთან, კვესტორ მარცელუსთან მოლაპარაკება გამართა და მავრიტანიის მეფე ბოგუდსაც დაეხმარა მის დასამარცხებლად მოწყობილ თავდასხმაში. კასიუსსა და მის მომხრეებს წასვლის ნება მისცეს და წესრიგი აღდგა. კეისარსა და სენატზე ლეპიდუსის მოლაპარაკებისა და სამხედრო ქმედებების სამართლებრივმა ნაზავმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მათ ეს უკანასკნელი ტრიუმფით დააჯილდოვეს.

ძვ. წ. 46 წელს, აღმოსავლეთში პომპეუსის განადგურების შემდეგ, ლეპიდუსმა კონსულის თანამდებობა მიიღო. კეისარმა იგი, აგრეთვე, მხედართა მეთაურადაც, ფაქტობრივად, კი საკუთარ მოადგილედ დანიშნა.[4] როგორც ჩანს, კეისარი რომში წესრიგის შენარჩუნების საკითხში ლეპიდუსს მარკუს ანტონიუსზე მეტად ენდობოდა, მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 47 წელს ამ უკანასკნელის ემოციურმა ქმედებებმა არეულობები გამოიწვია. ლეპიდუსი გულწრფელად შოკირებული ჩანდა, როდესაც ლუპერცალიის ფესტივალზე ანტონიუსმა კეისარს პროვოკაციულად შესთავაზა გვირგვინი. ამ ქმედებამ ბიძგი მისცა კეისრის მოსაკლავად ნაჩქარევი შეთქმულების მოწყობას.[5]

როდესაც ძვ. წ. 44 წლის თებერვალში სენატმა კეისარი სამუდამო დიქტატორად აირჩია, მან ლეპიდუსი კიდევ ერთხელ დანიშნა მხედართა მეთაურად.[4] ლეპიდუსისა და კეისრის ხანმოკლე ალიანსს ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს ამ უკანასკნელის მკვლელობამ უეცრად დაუსვა წერტილი. მკვლელობის წინა ღამეს, კეისარმა ლეპიდუსის სახლში ისადილა. შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური, გაიუს კასიუს ლონგინუსი, ამტკიცებდა, რომ მათ ლეპიდუსი და მარკუს ანტონიუსიც უნდა დაეხოცათ, თუმცა მარკუს იუნიუს ბრუტუსი შეეწინააღმდეგა მას და აღნიშნა, რომ მათი ქმედება სიკვდილით დასჯის აღსრულება იყო და არა პოლიტიკური გადატრიალება.[6]

კეისრის სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარბონის გალია („Narbonensis“) და ციზალპური გალია („Gallia Cisalpina“). მუნდის ბრძოლის შემდეგ, ანტონიუსმა ლეპიდუსის ტერიტორიებისაკენ დაიხია, რათა მას შეერთებოდა.

როგორც კი ლეპიდუსმა კეისრის მკვლელობის შესახებ შეიტყო, მან გაბედული ქმედება წამოიწყო წესრიგის შესანარჩუნებლად და კამპუს მარტიუსისკენ ჯარი გაგზავნა.[7] თავის არმიაზე დაყრდნობით მან მკვლელების დასჯის წინადადებაც წამოაყენა, თუმცა მარკუს ანტონიუსმა და ავლუს ჰირციუსმა გადაათქმევინეს.[8] მომდევნო დღეს, ლეპიდუსი და ანტონიუსი სენატში სიტყვით გამოვიდნენ და თავიანთი თანამდებობებისა და კეისრის რეფორმების შენარჩუნების სანაცვლოდ, მკვლელებისათვის ამნისტიას დასთანხმდნენ. ლეპიდუსმა პონტიფექს მაქსიმუსის თანამდებობაც მიიღო.

ამ მდგომარეობაში, პომპეუსის გადარჩენილმა ვაჟმა, სექსტუს პომეუსმა, სცადა ესარგებლა არეულობით და ესპანეთს დამუქრებოდა. ლეპიდუსი მასთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა. მან წარმატებით შეძლო სექსტუსთან შეთანხმების მიღწევა, რითაც მშვიდობა შენარჩუნდა. სენატმა ლეპიდუსს საჯარო სამადლობელი ფესტივალი მიუძღვნა.[9] ამის შემდეგ, იგი მართავდა ესპანეთსაც და ნარბონის გალიასაც.

როდესაც ანტონიუსმა ციზალპურ გალიაზე (ჩრდილოეთი იტალია) ძალის გამოყენებით კონტროლის აღება და დეციმუს ბრუტუსის ჩანაცვლება სცადა, სენატმა, ციცერონის მეთაურობით, ლეპიდუსი ბრუტუსის — კეისრის ერთ-ერთი მკვლელის მხარდასაჭერად გამოიძახა. მან ორჭოფულად უპასუხა და მათ ანტონიუსთან მოლაპარაკების რეკომენდაცია მისცა. მუტინის ბრძოლაში ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, სენატმა ლეპიდუსს შეატყობინა, რომ მისი ჯარები უკვე აღარ იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, ანტონიუსი თავისი გადარჩენილი ძალებით ლეპიდუსის პროვინციისაკენ გაემართა. ლეპიდუსი განაგრძობდა სენატის დარწმუნებას თავის ერთგულებაში, თუმცა ანტონიუსთან მოლაპარაკება დაიწყო. როდესაც მათი არმიები ერთმანეთს შეხვდნენ, ლეპიდუსის ძალების დიდი ნაწილი ანტონიუსს შეუერთდა. ლეპიდუსმა მასთან მოლაპარაკების გზით შეთანხმებას მიაღწია, სენატს კი უმტკიცებდა, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა. ბუნდოვანია იგი თავისმა ჯარმა აიძულა ანტონიუსს შეერთებოდა, ეს მისივე გეგმა იყო თუ მან უბრალოდ აწონ-დაწონა სიტუაცია და საუკეთესო გამოსავალი იპოვა.[10]

მეორე ტრიუმვირატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზევით: რომის ტერიტორიების დაყოფა მეორე ტრიუმვირატის დაარსებისას (ძვ. წ. 43 წ.).
ქვევით: რომის ტერიტორიების დაყოფა ფილიპის ბრძოლის შემდეგ.
  ანტონიუსი
  ლეპიდუსი
  ოქტავიანე
  ტრიუმვირები ერთობლივად
  სექსტუს პომპეუსი
  ბრუტუსი და კასიუსი
  რომის ვასალი სამეფოები
  პტოლემეთა ეგვიპტე

ანტონიუსსა და ლეპიდუსს ახლა უკვე ოქტავიანესთან, კეისრის დის შვილიშვილსა და შვილობილთან ჰქონდათ საქმე მოსაგვარებელი. იგი იმ ძალების ერთადერთი გადარჩენილი სარდალი იყო, რომლებმაც ანტონიუსი მუტინასთან (თანამედროვე მოდენა) დაამარცხეს. სენატმა მას ამ ძალების დეციმუს ბრუტუსისათვის გადაცემა მოსთხოვა, მაგრამ ოქტავიანემ უარი განაცხადა. ანტონიუსი და ლეპიდუსი ოქტავიანეს შეხვდნენ მდინარის კუნძულზე, შესაძლოა მუტინასთან ახლოს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ბოლონიის მახლობად. მათი არმიები მოპირდაპირე ნაპირებზე განლაგდნენ.[11] მათ ჩამოაყალიბეს მეორე ტრიუმვირატი და ლეგალიზება მოიპოვეს, როგორც რესპუბლიკის დამადასტურებელმა ტრიუმვირებმა კონსულარული ძალაუფლებით (Triumviri Rei Publicae Constituendae Consulari Potestate) ძვ. წ. 43 წელს გამოცემული საგანგებო კანონით (Lex Titia). რადგანაც ტრიუმვირები რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, დეციმუს ბრუტუსის შემორჩენილი ძალები დაიშალა და ტრიუმვირატმა დასავლეთის პროვინციებზე სრული კონტროლი მოიპოვა.

კეისრის, პომპეუსისა და კრასუსის მიერ შექმნილი პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, მეორე ტრიუმვირატი სამართლებრივად იყო ჩამოყალიბებული. ფაქტობრივად, იგი ჩამოშორდა კონსულებსა და სენატს და რესპუბლიკის აღსასრულის მაცნედ იქცა.[11] ტრიუმვირატის სამართლებრივი არსებობის ვადა ხუთი წლით განისაზღვრა. დასაწყისში, ლეპიდუსს დაუმტკიცდა ესპანეთის ორივე პროვინციასა და ნარბონის გალიის ფლობა, თუმცა, იგი, აგრეთვე, დაეთანხმა, რომ ოქტავიანესა და ანტონიუსისათვის გადაეცა თავისი შვიდი ლეგიონი, რათა მათ ბრუტუსისა და კასიუსის წინააღმდეგ ლაშქრობა გაეგრძელებინათ, რომლებიც რომის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებდნენ. დამარცხების შემთხვევაში, ლეპიდუსის ტერიტორიები მათი უკან დასახევი პოზიციები უნდა გამხდარიყო. ლეპიდუსი, აგრეთვე, გახდა კონსული და დაუმტკიცდა პონტიფექს მაქსიმუსის სტატუსიც. ანტონიუსისა და ოქტავიანეს არყოფნის პერიოდში, მას რომის კონტროლიც საკუთარ თავზე უნდა აეღო.

ლეპიდუსის ბიოგრაფის, რიჩარდ დ. ვეიგელის მიხედვით, ლეპიდუსის მზადყოფნამ დაეთმო თავისი ლეგიონები, მას გარდაუვლად მოუტანა მეორეხარისხოვანი როლი ტრიუმვირატში.

ფაქტობრივად, ლეპიდუსს თავისი ძალაუფლების მწვერვალისათვის უკვე მიეღწია. პონტიფექს მაქსიმუსად და ტრიუმვირად გახდომით, მას მოპოვებული ჰქონდა აღიარების ის დონე, რომელიც შემოინახავდა მის სახელს და დაუმკვიდრეობდა მცირე ადგილს დასავლური ცივილიზაციის ისტორიაში. თუმცაღა, შვიდი ლეგიონის დათმობაზე დათანხმებითა და ოქტავიანესა და ანტონიუსისათვის ბრუტუსისა და კასიუსის დამარცხების დიდების მოპოვების ნების მიცემით, მან საკუთარ თავს სამომავლოდ უმნიშვნელო როლი არგუნა.[12]

ლეპიდუსი, აგრეთვე, დაეთანხმა პროსკრიფციების გამოქვეყნებასაც, რამაც ციცერონი და კეისრის ფრაქციის სხვა მოწინააღმდეგეები იმსხვერპლა. შემდეგი ისტორიკოსები, გარკვეულწილად, აკრიტიკებდნენ მას საკუთარი ძმის, ლუციუს პაულუსის სიკვდილის გამო, რომელიც ციცერონის მომხრე იყო, თუმცა დიონ კასიუსი მიანიშნებს, რომ ლეპიდუსი პაულუსს გაქცევაში დაეხმარა.[12]

ფილიპის ბრძოლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეპიდუსის აურეუსი, ძვ. წ. 42 წ.

აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენისა და ფილიპის ბრძოლაში კეისრის მკვლელების ფრაქციის დამარცხების შემდეგ, რომლის დროსაც ლეპიდუსი რომში რჩებოდა, ანტონიუსმა და ოქტავიანემ მისი ტერიტორიების უმეტესობა დაიკავეს, თუმცა ნუმიდიასა და აფრიკაზე უფლებები მაინც დაუტოვეს. გარკვეული დროით, მან მოახერხა თავი შორს დაეჭირა მოქიშპე კოლეგების, ანტონიუსისა და ოქტავიანესაგან. როდესაც ძვ. წ. 41 წელს პერუზიის ომი დაიწყო, ოქტავიანემ ლეპიდუსს ლუციუს ანტონიუსისგან, მარკუს ანტონიუსის ძმისაგან, რომის დაცვა დაავალა. ლუციუსმა, უპირატესი ჯარით იოლად აიღო ქალაქი. ლეპიდუსი იძულებული გახდა ოქტავიანეს ბანაკში გაქცეულიყო. მალე ლუციუსმა რომიდან უკან დაიხია და ოქტავიანემ ხელახლა აიღო ქალაქი. ამის შემდეგ, ლეპიდუსმა ანტონიუსის ექვსი ლეგიონი მიიღო აფრიკის სამართავად. ძვ. წ. 37 წელს, ტარენტუმის ზავით, ტრიუმვირატის ფუნქციონირების სამართლებრივი ვადა კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა.

აფრიკის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში, ლეპიდუსმა ხელი შეუწყო ვეტერანთათვის მიწების გადაცემას, რაც, შესაძლოა, კლიენტების ქსელის შექმნის მიზანს ემსახურებოდა.[12] როგორც ჩანს, ლეპიდუსმა ხელი შეუწყო ნუმიდიაში ტიბილისის რომანიზებას და დაანგრია აკრძალული მშენებლობები კართაგენის ტერიტორიაზე, რათა მესამე პუნიკური ომის შემდეგ დანგრეული ძველი ქალაქის დაწყევლილი ტერიტორია ხელახლა აღარ განაშენიანებულიყო.

ძალაუფლების დაკარგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 36 წელს, სიცილიაში სექსტუს პომპეუსის ამბოხებისას, ლეპიდუსმა მის დასამორჩილებლად 14 ლეგიონისაგან შემდგარი დიდი არმია შეკრიბა, თუმცა ამას პოლიტიკურად არაკეთილგონივრული ნაბიჯი მოჰყვა, რამაც ოქტავიანეს ლეპიდუსის ძალაუფლებისაგან ჩამოსაშორებლად საჭირო საბაბი მისცა. პომპეუსის დამარცხების შემდეგ, ლეპიდუსმა სიცილიაში თავისი ლეგიონები განალაგა და წამოჭრა საკითხი თუ ვის უნდა ჰქონოდა ხელისუფლება კუნძულზე — მას თუ ოქტავიანეს. ლეპიდუსმა პირველმა გადმოსხა თავისი ძალები სიცილიაში და რამდენიმე ძირითადი ქალაქიც დაიკავა, თუმცა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ოქტავიანე მას არა როგორც თანასწორს, არამედ, როგორც ხელქვეითს ისე უყურებდა.[13] მან განაცხადა, რომ სიცილია მისი გავლენის სფეროში უნდა შესულიყო. მოლაპარაკების შემდეგ, მან ალტერნატივა შესთავაზა: ოქტავიანე მიიღებდა სიცილიასა და აფრიკას, თუ იგი დასთანხმდებოდა ლეპიდუსისათვის მისი ძველი პროვინციების დაბრუნებას ესპანეთსა და გალიაში, რომლებიც Lex Titia-ის მიხედვით, სამართლებრივად, ისედაც მისი უნდა ყოფილიყო.[13] ოქტავიანემ ლეპიდუსი ძალაუფლების უკანონო მოპოვებისა და ამბოხების მოწყობის მცდელობებში დაადანაშაულა. საბოლოოდ, ლეპიდუსის ლეგიონები სიცილიაში ოქტავიანეს მხარეს გადავიდნენ და თავად ლეპიდუსიც იძულებული გახდა მას დამორჩილებოდა.

ძვ. წ. 36 წლის 22 სექტემბერს ლეპიდუსი პონტიფექს მაქსიმუსობის გარდა ყველა თანამდებობიდან გადააყენეს და ოქტავიანემ იგი კირკეიაში გადაასახლა. ძვ. წ. 30 წელს ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, ლეპიდუსის ვაჟმა, ლეპიდუს უმცროსმა, ოქტავიანეს მოსაკლავად მოწყობილ შეთქმულებაში იყო ჩართული, თუმცა მათი განზრახვა გაიუს მეცენატმა გამოააშკარავა. ლეპიდუს უმცროსი სიკვდილით დასაჯეს. მამამისისთვის ხელი არ უხლიათ, თუმცა მის ცოლს, იუნიას, თანამონაწილეობა წაუყენეს ბრალად. ლეპიდუსს მოუწია ყოფილი მტრისათვის, ლუციუს სენიუსისათვის მიემართა შუამდგომლობით, რათა იუნია თავდებობით გაეთავისუფლებინათ.[14]

ლეპიდუსს, რომელმაც თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები გაურკვევლობაში გაატარა, პერიოდულად ნებას რთავდნენ რომში დაბრუნებულიყო, რათა მონაწილეობა მიეღო სენატის ზოგიერთ საქმეში. უკვე ავგუსტუსის სახელით ცნობილი ოქტავიანე, გადმოცემის მიხედვით, ლეპიდუსს ამცირებდა ხოლმე, რადგანაც მის ხმას ყოველთვის ყველაზე ბოლოს კითხულობდა. ლეპიდუსი სიმშვიდეში გარდაიცვალა ძვ. წ. 13 წლის ბოლოს ან ძვ. წ. 12 წლის დასაწყისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „მარკუს ემილიუს ლეპიდუსი, მ(არკი) ფ(ილიუსი) კ(ვინტი) ნ(ეპოს), მარკუსის ძე, კვინტუსის შვილიშვილი“
  2. Weigel Lepidus: The Tarnished Triumvir გვ. 9–10, 98
  3. Holland, Tom, Rubicon: The Triumph and Tragedy of the Roman Republic, Abacus, 2004, ISBN 0-349-11563-X, 316.
  4. 4.0 4.1 Holland, Rubicon, 346.
  5. ამ დროს ლეპიდუსი, როგორც ჩანს, კეისრის გვერდით იჯდა. ციცერონის მიხედვით, მან ამოიკვნესა და თვალებზე ცრემლმომდგარი გაეცალა იქაურობას. Weigel, Lepidus: The Tarnished Triumvir, გვ. 40.
  6. Holland, Rubicon, 347.
  7. Weigel Lepidus: The Tarnished Triumvir გვ. 43
  8. John Hazel, Who's Who in the Roman World, Routledge, London, 2001, გვ. 165.
  9. Weigel Lepidus: The Tarnished Triumvir გვ. 50
  10. Weigel Lepidus: The Tarnished Triumvir გვ. 59–62.
  11. 11.0 11.1 Holland, Rubicon, 360.
  12. 12.0 12.1 12.2 Weigel, Richard D., Lepidus: the Tarnished Triumvir, Routledge, 2002, preface.
  13. 13.0 13.1 Weigel, Lepidus: The Tarnished Triumvir, pp. 88–9
  14. Weigel, Lepidus: The Tarnished Triumvir, გვ. 97.