მარია ტერეზა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ტერეზა ესპანელი
María Teresa de España
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1660
მმართ. დასასრული: 30 ივლისი, 1683
წინამორბედი: ანა ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ლეშჩინსკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 სექტემბერი, 1638
დაბ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 30 ივლისი, 1683, (44 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
შვილები: ლუი, საფრანგეთის დოფინი
სრული სახელი: მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ ი ბურბონი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე IV, ესპანეთის მეფე
დედა: ელიზაბეტ ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მარია ტერეზა ესპანელი, ან ავსტრიელი (ესპ. María Teresa de Austria, ფრანგ. Marie-Thérèse d’Espagne; დ. 10 სექტემბერი, 1638, ესკორიალი, ესპანეთი — გ. 30 ივლისი, 1683, ვერსალი, საფრანგეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური განშტოების წარმომადგენელი. ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტა, ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით. საფრანგეთის დედოფალი 1660-1683 წლებში, როგორც ლუი XIV-ის პირველი მეუღლე.

ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ ფრანგის ქალიშვილი. დედისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე იგი იყო ესპანეთის ტახტის მემკვიდრე. 1660 წელს საფრანგეთთან მშვიდობის დასამყარებლად მიათხოვეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება მარია ტერეზამ ლუისა და მისი საყვარლების ჩრდილში გაატარა.

როდესაც ლუი ნიდერლანდებში წავიდა საომრად, 1672 წლის ივლისიდან აგვისტომდე მარია ტერეზა საფრანგეთის რეგენტი იყო, რა დროსაც ცდილობდა სამეფო კარზე სულიერებისა და ზნეობრივი ნორმების აღდგენას, თუმცა ამაოდ. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან რელიგიური და ღვთისმოშიში ქალი იყო.

იგი იყო ბებია ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და დიდი ბებია საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა.

წარმოშობა და ადრეული წლები (1638-1655)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფანტა მარია ტერეზა 1642 წელს

მარია ტერეზა დაიბადა 1638 წლის 10 სექტემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე ესკორიალის სასახლეში. იგი იყო ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ ფრანგის ქალიშვილი. მამის ხაზით ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III და მისი ცოლი, დედოფალი მარგარეტ ავსტრიელი, ხოლო დედის ხაზით საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV და მისი მეორე ცოლი, დედოფალი მარია მედიჩი. მარია ტერეზას მშობლებს სულ თერთმეტი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ჩვილობაში სიკვდილს მხოლოდ მარია ტერეზა და მისი ძმა, ასტურიის პრინცი ბალთაზარ კარლოსი გადაურჩნენ.

1644 წელს მეთერთმეტე მშობიარობას გადაჰყვა მარია ტერეზას დედა, დედოფალი ელიზაბეტ ფრანგი, რომელმაც მკვდარი ვაჟი დაბადა. ამას მალევე მოჰყვა კიდევ ერთი უბედურება. 1646 წელს 17 წლის ასაკში მარია ტერეზას ძმა, ასტურიის პრინცი ბალთაზარ კარლოსი გარდაიცვალა. ამრიგად მეფე ფილიპე უცოლოდ და უვაჟოდ დარჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ესპანეთის ტახტზე ან მარია ტერეზა უნდა ასულიყო, ან მეფეს მეორედ უნდა ექორწინა. ამრიგად მანამ, სანამ მეფეს ვაჟი შეეძინებოდა მარია ტერეზა ესპანეთის ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ იქცა.

ფილიპე IV-ს მარია ტერეზას გამეფების იდეა დიდად არ ხიბლავდა, რის გამოც რამდენიმე წელიწადში მეორე საცოლის ძიება დაიწყო. მან არჩევანი საკუთარი დის, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ანა ესპანელის ქალიშვილ მარიანა ავსტრიელზე შეაჩერა, რომელიც მანამდე ბალთაზარზე იყო დანიშნული. 1649 წელს ფილიპე IV და მარიანა ავსტრიელი დაქორწინდნენ. მარია ტერეზას დედინაცვალთან, რომელიც მასზე სულ ოთხი წლით იყო უფროსი და ამავდროულად მისი მამიდაშვილიც იყო, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

მარია ტერეზა ღრმა ბავშვობიდანვე ძალიან მკაცრი და რელიგიური ფორმით იზრდებოდა. მას მართალია ბრწყინვალე განათლება არ მიუღია, თუმცა ძალიან ნაკითხი და დახვეწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ქორწინება ადრევე განიხილებოდა, მას არც ფრანგულ ენას და არც ფრანგულ ჩვეულებებს არ ასწავლიდნენ. მეფე ფილიპე დიდ ყურადღებას უთმობდა, რომ მისი ქალიშვილი ჭეშმარიტი ესპანელი გამხდარიყო. როდესაც ხუთი წელი შეუსრულდა მისი აღზრდა დაევალა მამა ჟან დე პალმერს, შემდეგ ეპისკოპოს ანდრე დე გუადალუპეს, ბოლოს კი მამა ალფონსო ვაკეკეს, რომელიც შემდგომში მას საფრანგეთშიც თან ახლდა. 1653 წელს დიეგო ველასკესმა შექმნა მარია ტერეზას პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში გააგზავნეს დედა-დედოფალ ანა ავსტრიელთან (რომელიც მარია ტერეზას მამიდა იყო), რათა სარძლო გარეგნულადაც შეეფასებინა.

საქორწინო მოლაპარაკებები ლუი XIV-სთან (1656-1659)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1653 წელს ველასკესის მიერ შესრულებული მარია ტერეზას პორტრეტი

1656 წელს ესპანელებმა დინასტიური ქორწინებით საფრანგეთთან ომის დასრულება მოისურვეს, რომელიც 1635 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა და მთლიანად გამოფიტა ესპანეთი. ამიტომაც გადაწყდა მარია ტერეზას მითხოვება საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ზე, რომელიც ზუსტად მისი ასაკის იყო. ლუი და მარია ტერეზა ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, ვინაიდან მარია ტერეზას მამას, მეფე ფილიპე IV-ს ცოლად ჰყავდა ელიზაბეტ ფრანგი, ხოლო ფილიპეს და, დედოფალი ანა ავსტრიელი ცოლად ჰყავდა ელიზაბეტ ფრანგის ძმას, საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ს, რომელთა ვაჟიც იყო ლუი XIV. ევროპაში ამგვარი ორმაგი დინასტიური ქორწინებები საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ ქორწინების იდეა არა მხოლოდ ფილიპე IV-ს, არამედ ანა ავსტიელსა და მის მრჩეველს, კარდინალ მაზარინსაც მოსწონდათ. მაგრამ არსებობდა ერთი დაბრკოლება. ამ დროს ფილიპეს ვაჟი ჯერ კიდევ არ ჰყავდა და ვინაიდან ესპანეთში სალის კანონი (რომლის მიხედვითაც ქალს ტახტზე ასვლა არ შეუძლია) არ მოქმედებდა, მომავალ მონარქად მარია ტერეზა მოიაზრებოდა, რაც ხელს უშლიდა მის საფრანგეთში გათხოვებას, თუმცა გამოსავალი მოიძებნა. ესპანელებმა ლუი XIV-ს საბუთზე მოაწერინეს ხელი, რომლის მიხედვითაც არც მას და არც მის შთამომავლებს ესპანეთის ტახტზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდათ. სწორედ ამ დროს მარიანა ავსტრიელმა მოისურვა მისი და ფილიპეს ქალიშვილის, ინფანტა მარგარიტა ტერეზას მითხოვება თავის ძმაზე, იმპერატორ ლეოპოლდ I-ზე, რომელიც ასევე ჰაბსბურგი იყო. ესპანელებმა მარგარიტა ტერეზასა და ლეოპოლდს ესპანეთის ტახტზე პრეტენზიის გამოთქმის უფლება დაუტოვეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილიპე უვაჟოდ გარდაიცვლებოდა.

მარია ტერეზასა და ლუის ქორწინების გაჭიანურებით მალევე სხვებმა ისარგებლეს. 1658 წელს კარდინალმა მაზარინმა ანა ავსტრიელს შესთავაზა ლუის დაქორწინება მის დისშვილზე — მარია მანჩინზე, რაზეც ანამ უარი თქვა. მალევე ინგლისის დედა-დედოფალმა, ანრიეტა მარია ფრანგმა, რომელიც ასევე ლუის მამიდა იყო, წამოაყენა მისი ქალიშვილის, პრინცესა ჰენრიეტა ანა სტიუარტისა და ლუის ქორწინების წინადადება. ასევე შეთავაზება მოვიდა პორტუგალიიდან, საიდანაც დედოფალი ლუიზა დე გუსმანი ლუის მის ქალიშვილ კატარინა ბრაგანსაზე დაქორწინებას სთავაზობდა. დედა-დედოფალი ანა ყველას უარით ისტუმრებდა, რადგან მას ლუის დაქორწინება თავის ძმიშვილზე სურდა. ამავე 1658 წელს სავოიიდან დიდი ელჩობა ჩამოვიდა, რომელიც ასევე ლუის მამიდამ, კრისტინა მარია ფრანგმა გამოაგზავნა. კრისტინასაც ლუის თავის ქალიშვილზე, მარგერიტა ილანდა სავოიელზე დაქორწინება სურდა. ამრიგად მარია ტერეზას უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა. ამან ესპანელები გამოაცოცხლა, ფილიპე მიხვდა, რომ მისი და დიდხანს ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ამდენ მსურველს, რის გამოც 1658 წელს საფრანგეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების დადებისას ფილიპემ ასევე გააფორმა მარია ტერეზასა და ლუის საქორწინო კონტრაქტი, რომელსაც საოცარი მზითვის გამო ფრანგები არასდროს გააუქმებდნენ. ფილიპე მარია ტერეზას მზითვში ატანდა სადავო რუსოლინის მხარეს და ამას დამატებულ 500 000 ოქროს ეკიუს. კმაყოფლი მაზარინი დაუყოვნებლივ ჩავიდა პარიზში და სამეფო ოჯახს საქორწინო კონტრაქტის დადება ახარა. მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მაზარინსა და ფილიპე IV-ის ელჩს შორის საქორწინო მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მათ განიხილეს და მოაგვარეს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი, რის პარალელურადაც მაზარინი თავის დის შვილს გამუდმებით ცხვირწინ უტრიალებდა ლუის, რათა როგორმე შეჰყვარებოდა, თუმცა ამაოდ.

ორი სამეფო ოჯახის საქორწინოდ შეხვედრა, 1660 წელს

საბოლოოდ პარტიათა შეთანხმებით ოფიციალური ფორმალობების შესრულების დრო დადგა. 1659 წლის 17 ოქტომბერს მადრიდში ჩავიდა ლუი XIV-ის ოფიციალური დელეგაცია და მარია ტერეზას ხელი ითხოვეს, რაზეც ცხადია დადებითი პასუხი მიიღეს. ამავე წლის 7 ნოემბერს მაზარინმა და ესპანეთის პირველმა მინისტრმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო ომი. მალევე დაიწერა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ინფანტას ქორწინებით ჩერდებოდა ომი, მას მზითვში მიჰქონდა სადავო რუსოლინის მხარე და იმის გამო, რომ შემდეგში მათ შვილებს ესპანეთზე არ ჰქონოდათ პრეტენზია ესპანელები დამატებით მზითვად აყოლებდნენ 500 000 ოქროს ეკიუს. ამ დროს უკვე გაკოტრებულმა ესპანეთმა ვერ შეძლო ამხელა თანხის გადახდა, რასაც საბოლოოდ კიდევ ერთი ომი და ესპანური მემკვიდრეობისთვის დაწყებული ომი მოჰყვა. ამ პერიოდში საფრანგეთი ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ყველაფერს თავის სასარგებლოდ აკეთებდა. თუმცა მარია ტერეზას ქორწინებამ დიდი შვება და რამდენიმეწლიანი მშვიდობა მოუტანა ესპანეთს.

ქორწინება (1660)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი XIV-ისა და მარია ტერეზა ესპანელის ქორწინება

მშვიდობის დამყარების შემდეგ უდიდესი სამეფო ქორწილისათვის მომზადებას სრული შვიდი თვე დასჭირდა. ამ სამზადისში ფრანგებიც და ესპანელებიც იყვნენ ჩართულები და დიდ ძალისხმევას დებდნენ მასში. ფილიპე IV-ს სურდა, რომ მისი ქალიშვილის ქორწინება უნაკლო ყოფილიყო, რისი ზედამხედველობაც მარიანა ავსტრიელს სთხოვა. მარია ტერეზას მარიონეტული ქორწინება 1660 წლის 3 ივნისს შედგა ფუენტერაბიის ტაძარში, ესპანეთში, სადაც ლუის ესპანეთის პირველი მინისტრი წარმოადგენდა. სამი დღის შემდეგ სამეფო ოჯახები ერთმანეთს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე, საგანგებოდ აგებულ პავილიონში შეხვდნენ. სწორედ აქ, 45-წლიანი განშორების შემდეგ შეხვდა ფილიპე IV თავის დას, დედოფალ ანა ავსტრიელს. 4 ივნისს მარია ტერეზა და ლუი ერთმანეთს მალულად შეხვდნენ, რადგან ერთმანეთის გაცნობა ძალიან სურდათ. 6 ივნისს გამართულ ოფიციალურ საზეიმო შეხვედრაზე ორი მეფე თავის დაკვრითა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა ერთმანეთს. ფრანგებს ახლებური და ძალიან ფერადი ტანსაცმელი ეცვათ, ესპანელები კი მთლიანად შავებში იყვნენ შემოსილები. ოთახში დაფენილ ხალიჩაზე გამყოფი ხაზი იყო გავლებული რაც ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარს წარმოადგენდა. ამ ხაზის იქით არც ფრანგები შეუშვეს ესპანელებმა და არც ესპანელები ფრანგებმა. მეორე დღეს მხოლოდ მარია ტერეზას დართეს ნება ესპანური საზღვრიდან ფრანგულ მხარეს გადასულიყო. მარია ტერეზა ხაზის გადაკვეთამდე ცრემლებით გამოემშვიდობა მამასა და ახლობლებს, რადგან იცოდა, რომ მათ ვეღარასდროს ნახავდა. როგორც კი ხაზი გადაკვეთა სასწრაფოდ გახადეს ესპანური სამოსი და ფრანგული ტანსაცმელი ჩააცვეს. ფრანგული ეტიკეტის მიხედვით სამეფო პატარძალს არაფერი არ უნდა ჰქონოდა რაც სხვა სამეფო კარიდან ჰქონდა წამოღებული.

1660 წლის 9 ივნისს სენ-ჟან-დე-ლუზის ტაძარში მარია ტერეზა ესპანელი და ლუი XIV ფრანგი დაქორწინდნენ. ამ დროს ორივე 22 წლისანი იყვნენ. სამეფო ქორწილი საოცარი ბრწყინვალებით აიღნიშნა. მარია ტერეზას საოცარი გვირგვინი და კაბა მის ახალ სტატუსს — საფრანგეთის დედოფლობას გამოხატავდა. მას ეცვა ლურჯი ხავერდის კაბა, რომელზეც ოქროს ძაფით ამოქარგული იყო ფრანგული ჯვრები.

როდესაც სამეფო ბანკეტი დასრულდა ლუის სასწრაფოდ მარია ტერეზასთან განმარტოვება მოუნდა, თუმცა დედა-დედოფალმა ანა ავსტრიელმა ამის ნება არაფრით არ დართოთ. მისი განცხადებით პირველ ღამეს ორივეს თავი უნდა შეეკავებინათ. მეორე ღამით არქიეპისკოპოსმა დალოცა მათი საწოლი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ერთად დაწოლის ნება. მეორე დღეს, როგორც აღმოჩნდა ორივე მეუღლე კმაყოფილი დარჩა ღამით.

1660 წლის 26 აგვისტოს სამეფო წყვილი პარიზში რომაული ტრიუმფის მაგალითით შევიდა. მათ უკან მიჰყვებოდნენ უმაღლესი არისტოკრატები და სასულირო წოდების ხალხი, რომელთაც სასახლისკენ მიმავალ გზაზე სხვადასხვა რომაული ღმერთების ქანდაკებები დაედგათ.

დედოფლობა (1660-1672)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი

ესპანეთის ინფანტა საფრანგეთის დედოფლად გარდაიქმნა. ფრანგებმა მას მარი ტერეზ ავსტრიელი შეარქვეს, როგორც მამიდამისს, დედოფალ ანა ავსტრიელს (ლუი XIV-ის დედას). თუმცა ეს არ ეხება ქვეყანა ავსტრიას, ზოგადად ფრანგები და ესპანელები ჰაბსბურგთა დინასტიას და ავსტრიას ერთმანეთთან აიგივებენ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ყველა ჰაბსბურგს ავსტრიელს ეძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჰაბსბურგი (მაგალითად მარია ტერეზა) არც ავსტრიაში დაბადებულა და იქ ერთხელად არ ყოფილა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ჰაბსბურგები ავსტრიული საგვარეულოა და მათ ხელში იქცა ავსტრია სახელმწიფოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება თავიდან ძალიან ბედნიერად დაიწყო და ლუისაც მოსწონდა „თავისი ცისფერთვალება დედოფალი“, მისი ცოლისადმი სითბო და ყურადღება მხოლოდ ქორწინების პირველ წელს გაგრძელდა. ლუიმ მალევე გაიჩინა უამრავი საყვარელი. ლუიმ განაცხადა, რომ მარია ტერეზას ტიპური ესპანელი ჰაბსბურგის გარეგნობა და თვისებები ჰქონდა. მარია ტერეზას ჰქონდა შავი ხშირი თმა, თეთრი კანი, მრგვალი ფორმები, ცისფერი თვალები და ცუდი კბილები. როგორც პიროვნება, იგი უკიდურესად ღვთისმოშიში, მორწმუნე, ქმრის ერთგული და მისი მოსიყვარულე იყო, მიუხედავად ლუის მხრიდან გაუთავებელი ღალატისა. უმკაცრესი ეტიკეტით აღზრდილ, მორწმუნე დედოფალს ძალიან უჭირდა აღვირახსნილ საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრება. იქ თითქმის არცერთი ზნეობრივი ნორმა არ არსებობდა. იგი ძნელად მიხვდა, რომ სამეფო კარი მლიქვნელებით იყო სავსე და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. მას ასეთი სერიოზულობისა და თავდაჭერილობის გამო მთელი სამეფო კარი დასცინოდა ზურგს უკან. მან ვერ შეძლო დედამისის მაგალითის აღება, რომელიც მადრიდის სამეფო კარზე ცენტრალური და უძლიერესი ფიგურა იყო. იგი ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა ხელოვნების, ცეკვისა და ლიტერატურის მიმართ.

ლუი XIV მალევე დაუბრუნდა თავის მრავალრიცხოვან თანამემამულეებს, მარია ტერეზა კი მთლიანად უცხოელთა გარემოცვაში აღმოჩნდა. მას ესპანეთიდან მხოლოდ მოძღვარი ალფონსო ვაკეკე და ერთი ექიმი გაჰყვა. ალფონსო საყვარლების გამო ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ლუის ქადაგებისას, მართალია იგი მის სახელს არ ამბობდა, თუმცა ნათელი იყო, რომ მასზე ამბობდა. იგი მეფეს ოჯახის ერთგულებისა და სიყვარულისაკენ მოუწოდებდა, რის გამოც ლუიმ იგი საფრანგეთიდან გააძევა. ესპანეთში დაბრუნებულ ალფონსოს მეფე ფილიპემ კადისის არქიეპისკოპოსობა უბოძა.

დედოფალმა დიდი გულისტკივილით სთხოვა ლუის, რომ მას თავისი საყვარლები ოფიციალურ შეხვედრებსა და ბანკეტებზე არ გამოეჩინა, რაზეც დასთანხმდა. მიუხედავად ამისა, მარია ტერეზა მაინც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა ქმრის ახალ-ახალ „გატაცებებთან“. ასევე მარია ტერეზამ ლუის დაადებინა პირობა, რომ სიკვდილამდე ყოველ ღამით, ნახევარი საათით მაინც დაწოლილიყო მის სარეცელზე, რაზეც ლუი ასევე დასთანხმდა. მეფე აფასებდა მის ერთგულებას და უარს თითქმის არასდროს არ ეუბნებოდა. როდესაც ისინი თავიანთ ცოლ-ქმრულ მოვალეობას შეასრულებდნენ, დედოფალი მეორე დღეს ყოველთვის საოცარ ხასიათზე იყო, ამიტომაც როგორც მისი რძალი, ლიზელოტა პფალცელი ამბობდა ადვილი გამოსაცნობი იყო, როდის იყვნენ ერთად.

1661 წლის 9 მარტს კარდინალი მაზარინი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლუი XIV-მ მართვის მთელი სადავეები საკუთარ ხელში აიღო და აბსოლუტური მმართველობა დაიწყო. იგი ფრანგული აბსოლუტიზმისა და ევროპული თვითმპყრობელობის საუკეთესო ნიმუშად იქცა. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს სურდა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყო, ლუიზე უნდა მოეხდინა გავლენა. დედოფალს მეფესა და პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მეფის ფავორიტებზე. სამაგიეროდ მარია ტერეზა დედოფლის ყოველთვიური პენსიის გარდა, ლუის კიდევ უამრავ ფულს ართმევდა და საოცარ ფუფუნებაში ცხოვრობდა. იგი დიდ ფულს ახარჯავდა სამეფო კარის ძაღლებს, სამეფო კარზე ეკლესიის გავლენის გაძლიერებას, კარტის თამაშსა და გემრიელად ჭამას. დედოფალი ძალიან დიდ დროს უთმობდა კარტის თამაშს და მისი ვალების გასტუმრება ლუისთვის ჩვეულებად იქცა, ეს ხომ ერთადერთი იყო რასაც მისთვის აკეთებდა. მარია ტერეზამ პირად გარემოცვაში სულ ესპანელები შემოიკრიბა, რომლებსაც მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდათ ხოლმე. დრო და დრო ეს ლუის აღიზიანებდა, რადგან თავად ესპანური არ იცოდა და მიიჩნევდა, რომ მარია ტერეზა მას რაღაცებს ამ გზით უმალავდა.

მარია ტერეზა და მისი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი 1663 წელს

დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი, რომელიც მარია ტერეზას მამიდა იყო, ყველანაირად ცდილობდა მის დაცვას ფრანგების ინტრიგებისაგან. ანასა და მარია ტერეზას შორის ჩამოყალიბდა ურთიერთდახმარების მჭიდრო კავშირი, რომელიც მეგობრობაში გადაიზარდა. დედოფლები ხშირად საათობით საუბრობდნენ ხოლმე ცხელი შოკოლადის ფონზე. ისინი საკმაოდ რელიგიური და თავდაჭერილები იყვნენ, მათი გაერთიანება კი ფრანგებს აშინებდა. ანაც მარია ტერეზას მსგავსად ესპანეთის მიწის შვილი და ასევე იგივე მკაცრი ნორმებით აღზრდილი ქალი იყო. ისინი ხშირად ლოცულობდნენ ერთად, ახორციელებდნენ ქველმოქმედებას, ღარიბებს ლოცავდნენ და მონასტრების მოსანახულებლად დადიოდნენ.

მარია ტერეზასა და ლუის ქორწინების შემდეგ ანა მთლიანად თავისი მეორე ვაჟის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის ქორწინებაზე გადაერთო, რომელსაც 1661 წელს ცოლად შერთო მისი მამიდაშვილი, ინგლისის მეფე-დედოფალ ჩარლზ I-ისა და ანრიეტა მარია ფრანგის ნაბოლარა ასული — ჰენრიეტა ანა ინგლისელი. როგორც აღმოჩნდა ფილიპი ბისექსუალი იყო და რომანი ჰქონდა შევალიერ დე გიზთან, ჰენრიეტამ კი სხვა კაცის მკლავებში დაიწყო ნუგეშის ძიება. ეს კაცი კი ლუი XIV აღმოჩნდა. როდესაც მარია ტერეზამ ამ ამაზრზენი ღალატის შესახებ გაიგო საშინლად განრისხდა, თუმცა არ სურდა ეჭვიანი და სკანდალისტი დედოფალი ყოფილიყო, ამიტომაც არაფერი არ გაუკეთებია. თუმცა ლუის ჰენრიეტა მალე მობეზრდა და ახალი საყვარელი გაიჩინა. წლების მანძილზე ლუის სხვადასხვა საყვარელთან უამრავი შვილი შეეძინა, რომელთაგან რამდენიმე კანონიერად სცნო და მაღალი წოდებაც უბოძა. 1661 წლის 1 ნოემბერს მარია ტერეზამ ვაჟი გააჩინა. ამით მან მემკვიდრე გააჩინა, რითაც ვალი მოიხადა და დაამტკიცა თავისი ნაყოფიერება. ამის აღსანიშნავად ლუიმ დედოფალს ესპანელი მოცეკვავეები და მუსიკოსები ჩამოუყვანა, რაც მას ძალიან გაუხარდა.

1661 წლიდან ლუიმ მამამისის სანადირო ლოჟის ადგილას საოცარი სასახლის მშენებლობა წამოიწყო, რომლის მშენებლობასაც 2 000 მუშა დაიღუპა და საბოლოოდ 1664 წელს დასრულდა. მას ვერსალი უწოდა და თავის რეზიდენციად გამოაცხადა. ამიერიდან სამეფო კარი ვერსალში გადავიდა. მისი გახსნის საზეიმო ცერემონიალი ერთი კვირა მიმდინარეობდა. ლუიმ განაცხადა, რომ სასახლე ცოლისა და დედის გემოვნებით იყო მოწყობილი, თუმცა რეალურად ვერსალი თავისი იმ დროინდელი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის გემოვნებით მოეწყო.

1666 წლის 20 იანვარს დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი გარდაიცვალა, რაც მარია ტერეზასათვის უმძიმესი დარტყმა იყო. მან სამეფო კარზე ერთადერთი და უძლიერესი მოკავშირე დაკარგა. დედოფლისთვის განსაკუთრებით მძიმე ის იყო, რომ ლუიმ ლუიზა დე ლა ვალიერი ანას დაკრძალვაზე თავის გვერდით დაისვა. თუმცა სულ რამდენიმე თვეში ლუიმ ახალი საყვარელი გაიჩინა მადამ დე მონტესპანის სახით. მიუხედავად ამისა მომდევნო შვიდი წლის მანძილზე ლუიზა მის მეორე საყვარლად რჩებოდა.

1665 წელს ვერსალში მოვიდა ცნობა, რომ მარია ტერეზას მამა, მეფე ფილიპე IV გარდაიცვალა და მეფე მისი და მარიანას ავადმყოფი, ოთხი წლის კარლ II ავიდა, რეგენტად კი მარიანა ავსტრიელი დაინიშნა. ლუი XIV-მ მშვენივრად იცოდა, რომ კარლს არ შეეძლო მემკვიდრის დატოვება, რის გამოც საქორწინო ხელშეკრულებაში არსებული პირობა უარყო და ტახტზე პრეტენზია გამოთქვა, ეს კი იმით გაამართლა, რომ ესპანელებმა თავის დროზე დაპირებული თანხა არ გადაუხადეს. საბოლოოდ 1667 წელს ესპანეთის ნიდერლანდებში შეჭრით მან ესპანეთის ტახტსა და მის რიგ კოლონიებზე გამოთქვა პრეტენზია. მისი პრეტენზია დამყარებული იყო ბრაბანტის მემკვიდრეობის კანონზე, რომლის მიხედვითაც ტახტზე პირველ ქორწინებაში გაჩენილი შვილები უნდა ასულიყვნენ (როგორიც მხოლოდ მარია ტერეზა იყო). ვინაიდან ფილიპე IV-ს პირველი ქორწინებიდან მხოლოდ მარია ტერეზა დარჩა, საფრანგეთის მეფემ მთელს ესპანურ ნიდერლანდებზე განაცხადა პრეტენზია და შეიჭრა კიდეც. ლუიმ ბრძოლაში მარია ტერეზა და თავისი ორი საყვარელიც წაიყვანა. ხალხი ამ პერიოდს „სამ დედოფლიან ხანას“ უწოდებდა, რადგან მისი საყვარლები ნამდვილად დედოფლებივით იქცეოდნენ. ლუიმ კი განაცხადა, რომ მისი საყვარელი ქალები აქ უკეთ გრძნობდნენ თავს ვიდრე საფრანგეთში.

უკანასკნელი წლები (1672-1683)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებით ლუიზა დე ლა ვალიერისაგან, რომელიც დედოფალს ყოველთვის დიდი მოწიწებითა და რიდით ეპყრობოდა, მადამ დე მონტესპანი ძალიან ამაყი და ამპარტავანი იყო დედოფალ მარია ტერეზას მიმართ. მადამ დე მონტესპანი საშინლად უხეშად და დამცინავად ექცეოდა მარია ტერეზას, რამაც დედოფალი პირველად წყობიდან გამოიყვანა და მან მონტესპანს მთელი სამეფო კარის თანდასწრებით „სამეფო ბოზი“ უწოდა. ამაზე ლუის არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან ქალებსა და მათ პრობლემებს არაფრად აგდებდა. 1672 წლამდე დედოფალმა მარია ტერეზამ ლუის ექვსი შვილი გაუჩინა, რომელთაგან სამი დაბადებისას დაიღუპა, ოთხი კი მცირეწლოვანი. 1664 წელს მან გააჩინა პრინცესა მარი ანა დე ბურბონი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო და ხალხში არ აჩენდნენ. დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მარია ტერეზაზე არის შეთხზული უსაფუძვლო ლეგენდა, ვითომდა მან მულატი ბავშვი გააჩინა, რომელიც მას მსახური შავკანიანისაგან შეეძინა, თუმცა ამას ვერავინ ამტკიცებს. დედოფალს მართლა, რომ ჩაედინა ასეთი რამ მას აუცილებლად დასჯიდნენ სიკვდილით. ამრიგად დედოფლის უამრავი შვილიდან, მხოლოდ მისმა პირველმა შვილმა, დოფინმა ლუიმ იცოცხლა დიდხანს და დატოვა მემკვიდრეები.

დედოფალი მარია ტერეზა დაახლოებით 1670-80 წლებში

1674 წელს ლუიზა დე ლა ვალიერმა თავისივე ნებით დატოვა სამეფო კარი და მონაზვნად აღიკვეცა. მან გულწრფელი ბოდიში მოიხადა საზოგადოებისა და დედოფლის წინაშე მეფესთან რომანის გაბმისთვის, გულისხმიერმა მარია ტერეზამ კი მას მიუგო, რომ დიდი ხნის წინ აპატია.

საბოლოოდ დედოფალი აღარც კი ეჭვიანობდა მეფეზე. იგი შეეგუა, რომ ლუი მხოლოდ მისი არასდროს იქნებოდა, ამიტომაც მან მისი სულისათვის დაიწყო ლოცვა. ცხადია იგი ძალიან ღვთისმოსავი და ძლიერი ქალი იყო. მაგრამ მანამდე არ მოისვენა, სანამ მადამ დე მონტესპანი არ გააძევა სამეფო კარიდან. მონტესპანი მხოლოდ დედოფალს კი არა მთელს სამეფო ოჯახს სძულდა. 1671 წელს კი ჰენრიეტა ინგლისელის გარდაცვალების შემდეგ ფილიპ I-ს მეორე ცოლი შერთეს — ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი, შემოკლებით ლიზელოტა პფალცელი. ლიზელოტა მარია ტერეზას ერთადერთი თანამოაზრე და გულითადი მეგობარი გახდა, რომელთან ერთადაც ხშირად თამაშობდა კარტს და დაუსრულებლად ესაუბრებოდა ხოლმე. მარია ტერეზამ ერთხელ მას სახალხოდ უთხრა: „ოჰ, ლიზელოტა, შენ ხარ ისე ერთადერთი რამ, რაც ჩემს აქ ყოფნას ოდნავ ასატანს ჰხდის!“. დედოფალი ისევე როგორც მეფე, დიდ ხუთშაბათს 12 გლახაკს ფეხებს ბანდა ხოლმე. ეს უძველესი ფრანგული ტრადიცია იყო, რომელსაც არცერთი ფრანგი მონარქი არ არღვევდა. მარია ტერეზა ასევე მედდადაც კი მუშაობდა სენ-ჟერმენის საავადმყოფოში. მაშინ, როდესაც ნიდერლანდებში ომიდან უამრავი დაჭრილი მოჰყავდათ და საკმარისი მედდები არ ჰყავდათ. ამით დედოფალმა ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. 1672 წელს როდესაც ლუი ნიდერლანდებში იბრძოდა, ივლისიდან აგვისტომდე ქვეყანას როგორც რეგენტი, მარია ტერეზა მართავდა. იგი გულმოდგინედ ცდილობდა ფრანგი არისტოკრატების ღვთის გზაზე დაყენებას, თუმცა ამაოდ. მან აკრძალა ღვინის სმა, ორგიები, ბანკეტები და სალონებში სიარული, სამაგიეროდ სავალდებულო გახადა ყოველდღიურად წირვაზე დასწრება, მაგრამ როგორც კი ლუი დაბრუნდა ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგა.

მიუხედავად იგნორისა და გაუთავებელი ღალატისა, როგორც ჩანს მარია ტერეზას ქმარი უყვარდა. იგი ყოველთვის პატიობდა ღალატს და გულმოდგინედ ცდილობდა მისთვის თავის მოწონებას.

მას შემდეგ რაც ვერსალმა მადამ დე მონტესპანის ათწლიანი მბრძანებლობა მოიშორა, მალევე დაიწყო მადამ დე მონტენონის. მონტენონი მანამდე დედოფლის უახლოესი პირი და მისი ფრეილინა იყო. თავად მარია ტერეზა ამ ამბავმა აღაშფოთა, თუმცა ვერაფერს აკეთებდა.

გარდაცვალება და მას შემდეგ (1683)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ მარია ტერეზას საფლავი სენ დენის სამეფო საძვალეთშიე

1683 წლის 20 ივლისს დედოფალი ვიშში მოგზაურობიდან დაბრუნდა, სადაც გამოჯანმრთელთა, თუმცა მალევე საშინლად დაავადდა. მას მარჯვენა მკლავზე აბსცესი განუვითარდა. სამეფო კარის საუკეთესო ექიმებმაც კი ვერ შესძლეს მისი მორჩენა. პირიქით დედოფალს მკურნალობამ მთელი ძალა გამოაცალა, რადგან მკურნალობაში იგულისხმებოდა გაუთავებელი სისხლის აღება, რის შემდეგაც ექიმთა აზრით ახალი სისხლი წარმოიშვებოდა და დედოფალიც გამოკეთდებოდა. სისხლგამოცლილ მარია ტერეზას ტკივილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ლუი მიხვდა, რომ იგი ხელიდან ეცლებოდა და მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რა ძვირფასი იყო ის მისთვის. ლუიმ მის სასიკვდილო სარეცელზე იტირა კიდეც. ლუიმ მასზე განაცხადა: "მთელი ჩვენი ქორწინების მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან მე განსაცდელი მომიტანა. 1683 წლის 30 ივლისს, 44 წლის მარია ტერეზა ესპანელი გარდაიცვალა. იგი საოცრად ბრწყინვალედ დაკრძალეს. ცნობილმა კათოლიკე მოქადაგემ უმძიმესი სიტყვა წარმოთქვა, რასაც ყველა თვალცრემლიანი უსმენდა. მის დაკრძალვას უამრავი სასულიერო პირი დაესწრო.

გარდაცვლილი დედოფალი სენ დენის სამეფო საძვალეთში დაკრძალეს. მისი უცებადი და მოულოდნელი სიკვდილის გამო აგორდა ჭორები, რომ იგი მოწამლეს, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ლუი XIV, როგორც ჩანს გულწრფელად გლოვობდა ცოლს. თუმცა მეფის გლოვა დიდხანს არ გაგრძელებულა და სულ რაღაც ორ თვეში მან ფარულად იქორწინა მადამ დე მონტენონზე.

როდესაც მარია ტერეზას ძმა, მეფე კარლ II 1700 წელს უშვილოდ მოკვდა, დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, სადაც ტახტზე ერთმანეთს ლუი XIV და ლეოპოლდ I ეჯიბრებოდნენ. საბოლოოდ ლუიმ გაიმარჯვა და ესპანეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი, ფილიპე V დასვა, სამაგიეროდ ლეოპოლდმა ესპანეთის ყველა ევროპული კოლონია მიიღო. ლუიმ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა და 1715 წელს გარდაიცვალა. ტახტზე მისი და მარია ტერეზას შვილთაშვილი ლუი XV ავიდა.

საფრანგეთის რევოლუციის დროს 1793 წელს ისევე როგორც ყველა სხვა მონარქის საფლავი, მარია ტერეზას საფლავიც გახსნეს, გაძარცვეს და მისი ნეშტი ეკლესიის გარეთ დამარხეს. 1815 წელს ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ მარია ტერეზას ნეშტი კვლავ სენ დენში გადაასვენეს და სრული რელიგიური წესების დაცვით მეორედ დაკრძალეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუი (დ. 1 ნოემბერი, 1661 — გ. 14 აპრილი, 1711), საფრანგეთის დოფინი, ცოლად შეირთო მარია ანა ვიქტორია ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა ესპანეთის მეფე ფილიპე V, ასევე მისი შვილიშვილი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV;
  2. ანა ელიზაბეტი (დ. 18 ნოემბერი, 1662 — გ. 30 დეკემბერი, 1662), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. მარი ანა (დ. 16 ნოემბერი, 1664 — გ. 26 დეკემბერი, 1664), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. მარი ტერეზი (დ. 2 იანვარი, 1667 — გ. 1 მარტი, 1672), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ფილიპ შარლი (დ. 5 აგვისტო, 1668 — გ. 10 ივლისი, 1671), ანჟუს ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ლუი ფრანსუა (დ. 14 ივნისი, 1672 — გ. 4 ნოემბერი, 1672), ანჟუს ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერალდიკა და მონოგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა ესპანელის გერბი

1660-83 წლებში

მარია ტერეზა ესპანელის სამეფო

მონოგრამა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uwe Schultz, 2006, S. 50–64; B.-R. Schwesig, 1993, S. 25 f.
  • Benedetta Craveri, 2008, S. 185–190; Uwe Schultz, 2006, S. 65–68.
  • Dieser entsprach allerdings vollkommen der damaligen Mode und war überhaupt kein Nachteil.
  • Benedetta Craveri, 2008, S. 188–191; Uwe Schultz, 2006, S. 65 und 150–152.
  • Es ist allerdings die Frage, ob die geistig nicht gerade brillante Marie Therese überhaupt ein Interesse an politischen Fragen hatte.
  • Uwe Schultz, 2006, S. 167 und 205–207; B.-R. Schwesig, 1993, S. 39 f. und 58–61.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა ესპანელი
დაიბადა: 10 სექტემბერი 1538 გარდაიცვალა: 30 ივლისი 1683
წინამორბედი:
ანა ავსტრიელი
საფრანგეთის დედოფალი
9 ივნისი 1660 - 30 ივლისი 1683
შემდეგი:
მარია ლეშჩინსკა