მარია კრისტინა ავსტრიელი (1742-1798)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია კრისტინა ავსტრიელი
სრული სახელი
მარია კრისტინა იოანა იოზეფა ანტონია
წოდებები
ტეშენის ჰერცოგინია
დაიბადა 13 მაისი, 1742
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 24 ივნისი, 1798, (56 წლის)
ვენა, ავსტრია
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მეუღლე(ები) პრინცი ალბერტ საქსონიელი, ტეშენის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი მარია კრისტინა ტერეზია საქსონიელი
მამა ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა
რელიგია კათოლიციზმი

მარია კრისტინა ავსტრიელი (გერმ. Maria Christina von Österreich; დ. 13 მაისი, 1742, ვენა, ავსტრია — გ. 24 ივნისი, 1798, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას შუათანა ქალიშვილი. ტეშენის ჰერცოგინია 1766-1798 წლებში. პრინც ალბერტ საქსონიელის მეუღლე. საღვთო რომისა და ავსტრიის ორი იმპერატორის: იოზეფ II-ისა და ლეოპოლდ II-ის, ასევე საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის და, ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ის მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კრისტინა დაიბადა 1742 წლის 13 მაისს ვენაში. იგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და მისი მეუღლის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის შუათანა ქალიშვილი. როგორც ცნობილია, მას ბავშვობიდანვე უყვარდა ხატვა. თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე იგი ძირითადად თავისი ოჯახის წევრებსა და ოჯახურ სცენებს ხატავდა.

როგორც ცნობილია, მარია კრისტინა თავისი ხასიათითა და თვისებებით ძალიან ჰგავდა დედას, რის გამოც იმპერატრიცა მარია ტერეზიას იგი შვილებიდან გამორჩეულად უყვარდა. სწორედ ამიტომ, საიმპერატორო კარზე მის ქორწინებას ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ.

მარია კრისტინას მეუღლე, პრინცი ალბერტ საქსონიელი

მარია კრისტინას მამა 1765 წელს გარდაიცვალა. მას სურდა, რომ იგი თავის დისწულზე, სარდინიის პრინც ბენედიტო მარია მაურიციო სავოიელზე დაექორწინებინა. იგი ფრანც შტეფანის დის, დედოფალ ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელისა და სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III-ის უმცროსი ვაჟი იყო, რის გამოც მარია ტერეზიას ეს იდეა არ მოსწონდა, რის გამოც საქორწინო მოლაპარაკებები არც დაწყებულა.

როგორც ცნობილია, მარია კრისტინას რომანი ჰქონდა თავის რძალთან, ერცჰერცოგ იოზეფ ავსტრიელის ცოლთან, პრინცესა იზაბელა პარმელთან, რომელთაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა 1763 წელს იზაბელა მშობიარობას გადაჰყვა. აღსანიშნავია, რომ იზაბელამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დაბადებულ გოგონას თავისი საყვარელი მულის პატივსაცემად მარია კრისტინა დაარქვა, თუმცა ბავშვი მალევე დაიღუპა.

1759 წელს ავსტრიას საქსონიის, პოლონეთისა და ლიტვის მეფე ავგუსტ III-ის ვაჟი პრინცი ალბერტი ეწვია, რომელიც მარია ტერეზიას ძალიან მოეწონა სასიძოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ ალბერტი მარია ტერეზიას ბიძაშვილის, დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ვაჟი იყო. 1766 წელს მარია კრისტინა ავსტრიელი და პრინცი ალბერტ საქსონიელი დააქორწინეს. მარია ტერეზიამ ახლადდაქორწინებულებს მაშინვე უბოძათ ტეშენის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება.

ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში, 1767 წლის 17 მაისს მარია კრისტინამ თავისი ერთადერთი შვილი, პრინცესა მარია კრისტინა ტერეზია გააჩინა, თუმცა იგი დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. ამის შემდეგ მას ბავშვი აღარ გაუჩენია.

სასოწარკვეთილმა მარია კრისტინამ თავისი ძმის, იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის შუათანა ვაჟი, ერცჰერცოგი კარლ ლუდვიგი იშვილა და საკუთარი შვილივით აღზარდა. მის ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა პრინცი ალბერტიც, რომელმაც მარია კრისტინასთან ერთად, გარდაცვალების შემდეგ ტეშენის საჰერცოგო სწორედ კარლ ლუდვიგს დაუტოვა.

როგორც ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, მარია კრისტინამ ტეშენის სასახლეში საოცარი კოლექცია შეაგროვა ხელოვნების ნიმუშებისა, რომელთა უმეტესობაც დღეისათვის მუზეუმებში ინახება. იგი 1798 წლის 24 ივნისს, მშობლიურ ვენაში ვიზიტისას გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. მარია კრისტინა ავსტრიელი დაკრძალულია ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში, ვენაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Christine Maria. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 157 f. (Digitalisat).
  • Charles Piot: Marie-Christine. In: Biographie Nationale de Belgique, Bd. 13 (1894–95), Sp. 722–727 (gemeinfreier Text).
  • Hanns Schlitter (Hrsg.): Briefe der Erzherzogin Marie Statthalterin der Niederlande an Leopold II. nebst einer Einleitung zur Geschichte der französischen Politik Leopolds II. Gerold, Wien 1896 (Digitalisat)
  • Marie Christine. In: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger. Ueberreuter, Wien 1988, ISBN 3-8000-3247-3, S. 312–315.
  • Brigitte Hamann: Maria Christine (Marie), Erzherzogin von Österreich. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 16, Duncker & Humblot, Berlin 1990, ISBN 3-428-00197-4, S. 200 f. (Digitalisat).
  • Friedrich Weissensteiner: Die Töchter Maria Theresias. Kremayer & Scheriau, 1991.
  • Hanne Egghardt: Skandalöse Amouren im Hause Habsburg, Wien 2013, Kap. zu Isabella und Christine S. 7–39. ISBN 978-3-218-00860-0.