მარგერიტა სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგერიტა სავოიელი
Margherita di Savoia
იტალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 იანვარი 1878
მმართ. დასასრული: 29 ივლისი 1900
წინამორბედი: მარია ლუიზა ავსტრიელი
მემკვიდრე: ელენა მონტენეგროელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ნოემბერი 1851
დაბ. ადგილი: ტურინი, სარდინიის სამეფო
გარდ. თარიღი: 4 იანვარი 1926, (74 წლის)
გარდ. ადგილი: ბორდიგერა, იტალიის სამეფო
მეუღლე: უმბერტო I, იტალიის მეფე
შვილები: ვიტორიო ემანუელე III, იტალიის მეფე
სრული სახელი: მარგერიტა მარია ტერეზა ჯოვანა დი სავოია
დინასტია: სავოია
მამა: ფერნანდო, გენუის ჰერცოგი
დედა: ელისაბეთ საქსონიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგერიტა სავოიელი (იტალ. Margherita di Savoia, დაბ. მარგარიტა მარია ტერეზა ჯოვანა დი სავოია; დ. 20 ნოემბერი 1851 - გ. 4 იანვარი 1926) — სავოიის დინასტიის წარმომადგენელი. გენუის ჰერცოგ ფრედერიკოსა და მისი ცოლის, პრინცესა ელისაბეთ საქსონიელის უფროსი ქალიშვილი. იტალიის დედოფალი 1878-1900 წლებში როგორც უმბერტო I-ის მეუღლე. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგერიტა დაიბადა 1851 წლის 20 ნოემბერს ტურინში. მისი მშობლები იყვნენ გენუის ჰერცოგი ფრედერიკო და მისი ცოლი, პრინცესა ელისაბეთ საქსონიელი. 1855 წელს ჰერცოგი ფრედერიკო გარდაიცვალა, მარგერიტას დედა კი მეორედ გათხოვდა ნიკოლას რაპელოზე.

იგი ბავშვობიდანვე ძალიან განათლებული იყო, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ მას ევროპის სახელგანთქმული რეპეტიტორები ასწავლიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მარგერიტა იმ დროის ევროპის ყველაზე განათლებული პრინცესა იყო, რაც მისი ცნობისმოყვარე ხასიათითაც აიხსნება. როგორც პიროვნება, იგი აღწერილია როგორც მგრძნობიარე, ამაყი და ძლიერი ხასიათის, აგრეთვე იყო საოცრად ლამაზი, რასაც მშვენივრად იყენებდა.

თავდაპირველად მარგერიტაზე დაქორწინებას რუმინეთის პრინცი კარლოსი ითხოვდა. თუმცა 1867 წელს პარლამენტის თავჯდომარემ მარგერიტას დედაზე დიდი ზეწოლა მოახდინა, უარი ათქმევინა რუმინეთის პრინცისათვის და საბოლოოდ მარგერიტას იტალიის მომავალ მეფეზე დაქორწინებაზე დაითანხმა.

პიემონტის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1868 წლის 9 იანვარს ტურინის სასახლეში შედგა მარგერიტა სავოიელისა და მისი ბიძაშვილის, პიემონტის პრინც უმბერტო სავოიელის ქორწინება. ქორწილის მეორე დღეს გაიმართა საზეიმო სამოქალაქო და რელიგიური ცერემონიები. ქორწილის შემდეგ წყვილი ნეაპოლში დასახლდა. 1869 წლის 11 ნოემბერს ნეაპოლში მარგერიტამ გააჩინა მათი პირველი და უკანასკნელი შვილი, სახელად ვიტორიო ემანუელე, რომელიც მოგვიანებით იტალიის მეფე გახდა.

პირად ურთიერთობაში მარგერიტა და უმბერტო არასოდეს ყოფილან ბედნიერები. ქორწინებამდე უმბერტო ჩართული იყო გრძელვადიან რომანში თავის საყვარელ ევგენია ატენდოლო ბოლოგნინისთან. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ კი წყვილმა სარეცელის გაზიარება შეწყვიტა, რითაც მათი ქორწინება წმინდა წყლის ფორმალობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წყვილს არასდროს წარმოადგენდნენ და ყოველთვის ცალ-ცალკე ჩნდებოდნენ ხალხში, გარკვეულ ასპექტებში თანხმდებოდნენ. მაგალითად მარგერიტა და უმბერტო საკმაოდ ჰარმონიულად თანამშრომლობდნენ, როცა საქმე პოლიტიკას შეეხებოდა.

მარგერიტა ზრდიდა იტალიაში მონარქიის როლს, რაც უკვე დესპოტიზმში გადასდიოდა. ვინაიდან ამ დროისათვის იტალიას დედოფალი არ ჰყავდა, იგი გახდა იტალიის პირველი ლედი და დედოფლის ყველა მოვალეობის შემსრულებელიც. იგი ხელს უწყობდა იტალიის გაერთიანებას და მთელი აპენინის ნახევარკუნძულზე ერთიანი, ცენტრალიზებული და კულტურული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რის გამოც ასეა თუ ისე, ხალხში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იტალია ხომ მისი საყვარელი სამშობლოც იყო და მისთვის ნამდვილად კარგი სურდა. იგი მთელი იტალიის მასშტაბით მოგზაურობდა და ხალხთან საჯარო გამოსვლებს მართავდა, რის გამოც საზოგადოების დიდი სიყვარული მოიპოვა. ხალხთან ურთიერთობისას იგი ძალიან უშუალო და გულისხმიერი იყო. იგი ხალხთან გამოსვლისას საუბრობდა იტალიის ერთიანობაზე, კულტურულ აღმასვლასა და მონარქიის დადებით მხარეებზე, რითაც უმბერტოს მდგომარეობას ამყარებდა.

1871 წელს იტალია საბოლოოდ გაერთიანდა და რომიც მას მიუერთდა. ამის შემდეგ იტალიის დედაქალაქად სწორედ რომი გამოცხადდა, რის გამოც პრინცესა მარგერიტა სწორედ ამ ქალაქში გადასახლდა. იქ იგი თავის მისიას განაგრძობდა და იტალიის ერთიანობაზე ქადაგებდა. მან მთელს იტალიურ არისტოკრატიას თავის რომის სასახლეში მოუყარა თავი. მალევე დიდი მოწონება დაიმსახურა რომაელების მხრიდან. საბოლოოდ მან თავის მიზანს მიაღწია და მისი სამეფო კარი ევროპაში ყველაზე ექსკლუზიური და თანამედროვე გახდა.

იტალიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1878 წელს მარგერიტა იტალიის დედოფალი გახდა. იგი მფარველობდა ხელოვან ადამიანებს და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მსახიობებთან, მხატვრებთან და მწერლებთან. როგორც დედოფალი, მარგერიტა ხელს უშლიდა იტალიაში რესპუბლიკური იდეის გავრცელებას და მონარქიის ერთგულებისკენ მოუწოდებდა ხალხს. ამას გარდა იგი ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებსა და სკოლებს, რათა გაეგო რა ვითარება იყო იქ. კითხვის მოყვარულთათვის, მარგერიტამ ფლორენციაში დააარსა დიდი და საოცრად მდიდარი ბიბლიოთეკა. შესაძლოა ითქვას, რომ მისი მმართველობისას იტალია კვლავ გადაიქცა ევროპის კულტურისა და განათლების ცენტრად.

უმბერტო მარგერიტას ერთგული ქმარი არასოდეს ყოფილა. მან საყვარლად ჯერ გრაფინია ფატალე გაიჩინა, ხოლო შემდეგ ჰერცოგინია ლიტა, რასაც ცხადია სამეფო კარზე დიდი სკანდალი მოჰყვა. თუმცა ამას დედოფალი მარგერიტა დიდ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან უმბერტო მას საერთოდ არ აინტერესებდა. მარგერიტა ასევე ჩართული იყო სახელმწიფო საქმეებში და ღიად გამოდიოდა რესპუბლიკური იდეების წინააღმდეგ, როგორც ხალხში, ისე პარლამენტში.

როგორც ნაციონალისტმა, მან უყოყმანოდ დაუჭირა მხარი 1896 წელს იტალო-ეთიოპიურ ომში მხარი იტალიას, განსხვავებით მისი ქმრისგან, რომელსაც ომის შეწყვეტა სურდა. 1898 წელს მარგერიტას ბრძანებით, მილანში ღამით ჩახოცეს ათასობით რესპუბლიკელი, რასაც ბავა-ბეკარის ხოცვა შეერქვა.

1893 წელს შვეიცარიის საზღვრებთან ახლოს, ალპებში დედოფალ მარგერიტას მონარქიული მმართველობის მომხრეებდა დიდი სასახლე აჩუქეს, რომელიც მალე მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდა.

დედა-დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის 29 ივლისს, რესპუბლიკელებმა მოკლეს მეფე უმბერტო I, რის შემდეგაც ტახტზე მისი და მარგერიტას ვაჟი, ვიტორიო ემანუელე III ავიდა. მარგარიტას მეუღლე დიდად არ უგლოვია, მეტიც ამ ამბავს ძალიან მშვიდად შეეგება. თუმცა საჯაროდ იგი სამგლოვიარო ტანისამოსით ჩნდებოდა ხოლმე. ამის მიუხედავად, იგი მაინც განაგრძობდა რესპუბლიკელთა სასტიკ დევნასა და სახალხოდ მონარქიის მხარდაჭერას.

როგორც ქვრივი დედოფალი, მარგერიტა უკვე ქვეყნის მეორე ქალი იყო, ხოლო პირველი გახდა მისი რძალი, ახლა უკვე დედოფალი ელენა მონტენეგროელი. იგი უკვე დიდად აღარ ერეოდა პოლიტიკაში და რძალთანაც შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა. თუმცა იგი პენსიაზე არ გასულა და კვლავ აგრძელებდა თავის მონარქიულ საქმეს. იგი იტალიაში მონარქიის შენარჩუნებასა და სავოიური დინასტიის მეფობას თავის მოვალეობად თვლიდა და სიკვდილამდე ერთგულად იცავდა მას. ასევე სიკვდილამდე, ყოველდღიურად დადიოდა ტაძარში და მესას ესწრებოდა.

როგორც მეფე, მარგერიტას თავისი ვაჟი ძალიან არ მოსწონდა. იგი თვლიდა, რომ მისი ვაჟი რესპუბლიკური იდეის მატარებელი იყო და ბოლოს მოუღებდა იტალიურ მონარქიას. სწორედ მისი მმართველობისას მოღვაწეობდა ფაშისტი გენერალი ბენიტო მუსოლინი.

პირველი მსოფლიო ომის დროს და მას შემდეგ მარგერიტა თავის რძალთან ერთად წითელ ჯვარში მუშაობდა და იტალიელ ჯარისკაცებს მკურნალობდა. ომის დამთავრების შემდეგ კი 1922 წელს მარგერიტა სამეფო კარს მოშორდა და თავის საყვარელ რეზიდენციაში გადასახლდა საცხოვრებლად ალპებში, საფრანგეთთან ახლოს. იგი გარდაიცვალა 1926 წლის 4 იანვარს, 74 წლის ასაკში.

ტიტულები, გერბი და მონოგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 20 ნოემბერი 1851 - 21 აპრილი 1868: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მარგერიტა სავოიელი;
  • 21 აპრილი 1868 - 9 იანვარი 1878: მისი სამეფო უდიდებულესობა პიემონტის პრინცესა;
  • 9 იანვარი 1878 - 29 ივლისი 1900: მისი უმაღლესობა იტალიის დედოფალი;
  • 29 ივლისი 1900 - 4 იანვარი 1926: მისი უმაღლესობა მარგერიტა, იტალიის დედა-დედოფალი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dizionario Biografico degli Italiani - Volume 70 (2008).
  • ‘Rifugio Regina Margherita alla Punta Gnifetti’, varasc.it. The official opening ceremony took place a fortnight later on 4 September.
  • David Doughan, Peter Gordon, Women, Clubs and Associations in Britain (2007), p. 111.
  • Peter Bridges, ‘A Prince of Climbers’, Virginia Quarterly Review, 76-1 (Winter 2000), 38–51.
  • "Classic dishes named after people". Daily Telegraph.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგერიტა სავოიელი
დაიბადა: 20 ნოემბერი 1851 გარდაიცვალა: 4 იანვარი 1926
წინამორბედი:
მარია ლუიზა ავსტრიელი
იტალიის დედოფალი
1878-1900
შემდეგი:
ელენა მონტენეგროელი