შინაარსზე გადასვლა

მამკოდის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამკოდის მონასტერი

მამკოდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

მამკოდის მონასტერი — საქართველო
მამკოდის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°50′00″ ჩ. გ. 44°52′22″ ა. გ. / 41.8335639° ჩ. გ. 44.8729028° ა. გ. / 41.8335639; 44.8729028
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე
დეტალები
მასალა აგური
ქვა

მამკოდის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიის თემში. მდებარეობს თბილისთან ახლოს, სოფელ მამკოდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კილომეტრზე, გლდანი-თიანეთის გზის მარჯვენა მხარეს, ნასოფლარ მამკოდაზე. მამკოდის კომპლექსში შედის ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ეკლესიები, სამრეკლო, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობებისა და გალავნის ფრაგმენტები.

ღვთისმშობლის ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამკოდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში. ნაშენია ნატეხი ქვით, აგური გამოყენებულია კონსტრუქციულ ნაწილებში (თაღები, გუმბათის ძირი და ყელი). ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. საკურთხევლის ღრმა აფსიდში ერთი სარკმელია. საკურთხეველი გასასვლელებით უკავშირდება მის ორივე მხარეს მდებარე სამკვეთლოსა და სადიაკვნეს, რომლებშიც აღმოსავლეთით თითო სარკმელია. რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომლის ყოველ წახნაგში სარკმელია გაჭრილი, საკურთხევლის მხრებსა და ორ თავისუფლად მდგომ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო განიერი ოთხკუთხა სარკმელია. ფასადების ფრონტონებში მაღალ საფეხურზე შემდგარი დაკბილული რომბებია გამოყვანილი. ეკლესიას ორრიგად დაწყობილი აგურის ლავგარდანი აქვს.

ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია სამრეკლოს აგურით ნაგები ორი ბოძი. ერთ-ერთის ქვის ფილაზე ამოკვეთილია მშენებლის სახელი - „თედო“ და აგების თარიღი 1850 წელი.

ეკლესიის დასავლეთით შემორჩენილია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გაურკვეველი დანიშნულების შენობის ნიშებიანი კედელი და ქვის გალავნის ფრაგმენტები.

წმინდა გიორგის ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (10,8X7.1 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. თარიღდება XIX საუკუნით. შენობა დაზიანებულია. სახურავი, კონქი, სამხრეთის და ჩრდილოეთ კედლის ზედა აწილები ჩამონგრეულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ღრმა აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა სწორკუთხა ნიშებია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი მაღალი თაღოვანი ნიშია. ნიშებს შორის დაკიდებულ პილასტრებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთის კედელში, კარს ზემოთ ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.

დასავლეთ ფასადზე მიშენებულია სამრეკლო, რომლის პირველი, სწორკუთხა სართული ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენს. სამრეკლოს დასავლეთით შეისრულთაღიანი შესასვლელი აქვს. შესასვლელის თავზე ოთხკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლები ყრუა. მეორე სართულის სწორკუთხა ბაქანზე დადგმულია თაღებიანი რვაწახნაგა ფანჩატური, რომლის რვაწახნაგა სვეტები და მათი ბაზისები კარგად გათლილი ქვიშაქვითაა ნაწყობი. გუმბათი და პირამიდული სახურავი აგურისაა. სახურავის ოთხ წახნაგზე აგურის წყობაში გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვრები.

2010 წლის 27 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა მამკოდის მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახლობის ეკლესია[1].

  1. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2010, N1(529), გვ. 12