მალკოლმ იქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალკოლმ იქსი

მალკოლმ იქსი (ინგლ. Malcolm X, ან ელ-ჰაჯი მალიკ ეშ-შაბაზი არაბ. الحاجّ مالك الشباز‎, დაბადებისას მალკოლმ ლიტლი; დ. 19 მაისი, 1925, ომაჰა, ნებრასკა — გ. 21 თებერვალი, 1965, ნიუ-იორკი) — აფროამერიკელი მუსულმანი სულიერი ლიდერი და შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი. მომხრეებს შორის, ცნობილია როგორც აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობის უფლებათა დამცველი და მისი აზრით შავკანიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩამდენთა, ევროპული წარმოშობის მქონე ამერიკელთა კრიტიკოსი. მიჩნეულია ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აფროამერიკელად.

ექვსი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც, ჭორების თანახმად, თეთრკანიანმა რასისტებმა მოკლეს. შვიდი წლის შემდეგ, დედამისი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რის შემდეგაც ბიჭი ახალმა ოჯახმა იშვილა. ოცი წლის ასაკში გაასამართლეს ძარცვისთვის, შემტვრევისთვისა და შეჭრისთვის. ციხეში სასჯელის მოხდისას, შეუერთდა ნაციონალისტურ ორგანიზაცია „ისლამის ნაციას“, ხოლო 1952 წელს, გათავისუფლების შემდეგ, სწრაფად გახდა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და თორმეტი წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი სახეც იყო. ორგანიზაციის დოქტრინის თანახმად, იქსი ავრცელებდა აზრს, რომ შავკანიანები თეთრებზე რასობრივად უპირატესნი იყვნენ, გამოდიოდა ევროპული და აფრიკული წარმოშობის მქონე ამერიკელების გაყოფის ინიციატივით და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ინტეგრაციულ მცდელობებს დასცინოდა.

1964 წლის მარტში იქსმა გაწყვიტა კავშირი „ისლამის ნაციასთან“ და ორგანიზაციის ლიდერ ელაიჯა მუჰამადთან გამომდინარე იქიდან, რომ იმედი გაუცრუვდა მოძრაობის საქმიანობასა და სწავლებაში. მალევე, გახდა სუნიტი მუსულმანი და იმოგზაურა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. შატებში დაბრუნების შემდეგ, დაიწყო მუშაობა აფროამერიკული გაერთიანებისა და „კორპორაცია მუსულმანური მეჩეთის“ შექმნაზე. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, იგი კვლავინდებურად იყო ერთგული თავისი პანაფრიკული შეხედულებების და მიაჩნდა, რომ შავკანიანებს აქვთ თვითგამორკვევის და თავდაცვის უფლება, მაგრამ, უარყო რასისტული შეხედულებები: „როცა [შავკანიანი] მუსულმანი ვიყავი, ბევრი რამ დავაშავე და ახლა ვნანობ. მაშინ მე ზომბი ვიყავი... მიმითითეს მიმართულება და მიბრძანეს, მევლო“.[კომ. 1] 1965 წლის თებერვალში იქსი მოკლა „ისლამის ნაციის“ ერთ-ერთმა წევრმა.

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ინგლ. I did many things as a [Black] Muslim that I’m sorry for now. I was a zombie then… pointed in a certain direction and told to march.