მადლენ შვედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადლენ შვედი
სრული სახელი
მადლენ ტერეზ ამალია ჟოზეფინა
წოდებები
ჰალსინგლანდისა და გასტრიკლანდის ჰერცოგინია
შვედეთის პრინცესა
დაიბადა 10 ივნისი, 1982 (1982-06-10) (41 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
საგვარეულო ბერნადოტები
მეუღლე(ები) კრისტოფერ ო'ნელი
შვილ(ებ)ი ლეონორა, გოტლანდის ჰერცოგინია
ნიკოლასი, ანგერმანლანდის ჰერცოგი
ადრიანა, ბლეკინგის ჰერცოგინია
მამა კარლ XVI, შვედეთის მეფე
დედა სილვია სომერლატი
რელიგია ლუთერანიზმი

მადლენ შვედი (შვედ. Madeleine av Sverige; დ. 10 ივნისი, 1982, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე კარლ XVI-ისა და დედოფალ სილვია სომერლატის ნაბოლარა ქალიშვილი. ჰელსინგლანდისა და გასტრიკლანდის ჰერცოგინია. შვედეთის ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მადლენი დაიბადა 1982 წლის 10 ივნისს სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში. იგი არის შვედეთის მეფე კარლ XVI-ისა და დედოფალ სილვია სომერლატის მეორე ქალიშვილი და სამი შვილიდან ბოლო. მისი უფროსი და, ვიქტორია შვედეთის კრონპრინცესაა, ხოლო უფროსი ძმა, კარლ ფილიპი ვარმლანდის ჰერცოგი. მათ პარალელურად მამამისმა მადლენსაც მიანიჭა ჯერ ჰალსინგლანდის, შემდეგ კი გასტრიკლანდის ჰერცოგინიობა.

პრინცესა მადლენი აქტიურადაა დაკავებული პროფესიონალური ცხენოსნობით და ამ სპორტში სხვადასხვა შეჯიბრშიც მონაწილეობს ხოლმე. იგი სტოკჰოლმის ცხენოსანთა კლუბის საპატიო წევრია. 1998 წლის აპრილში, კონიგში გამართულ შეჯიბრებაში მან მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის თასი მოიპოვა.

მადლენისა და კრისტოფერის ქორწილი, 2013 წელი.

მადლენს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ადვოკატ იან ბერგსტრომთან, თუმცა წყვილმა შეუღლება ვერ მოახერხა, რადგან მადლენს გარკვეულ ასაკამდე ქორწინება კატეგორიულად ეკრძალებოდა, სანამ ეს ასაკი შეუსრულდა კი წყვილი დაშორდა. მიუხედავად ამისა, 2009 წლის 24 თებერვალს იგი იანზე დაინიშნა, თუმცა ნიშნობა 2010 წლის 24 აპრილს გაუქმებულად გამცხადდა.

2012 წლის 24 ოქტომბერს მეფე კარლ XVI-მ საზეიმოდ გამოაცხადა პრინცესა მადლენისა და ბრიტანელი მამაკაცის, კრისტოფერ ო’ნელის ნიშნობა. წყვილმა ერთმანეთი ამ ამბამდე ორი წლით ადრე გაიცნო ნიუ-იორკში, რის შემდეგაც ისინი მეორედ ერთმანეთს მადლენის დისწულის, პრინცესა ესტელის ნათლობაში შეხვდნენ, რითაც დაიწყო მათი დაახლოება. 2013 წლის 8 ივნისს მადლენი და კრისტოფერი სტოკჰოლმში დაქორწინდნენ. მას ვალენტინოს საქორწინო კაბა ეცვა, რომელიც შეკერილი იყო აბრეშუმის ქსოვილისა და სპილოს ძვლისფერი ორნამენტებით. კაბა წელში გამოყვანილი და ბოლოში გაშლილი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი შლეიფის სიგრძე ზუსტად ოთხი მეტრი იყო. ქორწილის შემდეგ წყვილი ნიუ-იორკში გადავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, სადაც მადლენი დედამისის, დედოფალ სილვიას ფონდის ამერიკულ ოფისს ხელმძღვანელობდა.

2018 წელს მადლენი და მისი მეუღლე ნიუ-იორკიდან ფლორიდაში გადასახლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სამივე შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, მათ შვედეთის მოქალაქეობაც აქვთ და მინიჭებული აქვთ სამეფო ტიტულები.

პრინცესა მადლენი თავისი უფროსი დის, მისი ორი შვილის, ასევე უფროსი ძმისა და მისი ორი შვილის შემდეგ, შვედეთის ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა და მიუხედავად საზღვარგარეთ ცხოვრებისა, თავის ტიტულებსა და მემკვიდრეობაზე უარს არ ამბობს. ასევე ტახტის მემკვიდრეებად მოიაზრებიან მისი შვილები, რომლებიც დედის გვარზე არიან და ბერნადოტებად ითვლებიან.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეონორა (დ. 20 თებერვალი, 2014), გოტლანდის ჰერცოგინია, შვედეთის ტახტის რიგით მერვე მემკვიდრე;
  2. ნიკოლასი (დ. 15 ივნისი, 2015), ანგერმანლანდის ჰერცოგი, შვედეთის ტახტის რიგით მეცხრე მემკვიდრე;
  3. ადრიანა (დ. 9 მარტი, 2018), ბლეკინგის ჰერცოგინია, შვედეთის ტახტის რიგით მეათე მემკვიდრე;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]