ლუი I (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი I
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 1546
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1569
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ანრი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 მაისი, 1530
დაბ. ადგილი: ვენდომი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 13 მარტი, 1569, (38 წლის)
გარდ. ადგილი: ჟარნაკი, საფრანგეთი
მეუღლე: ელეანორ დე როი
(ქ. 1551 - გარდ. 1564)
ფრანსუაზ ორლეანელი
(ქ. 1565)
შვილები: 11 შვილი
დინასტია: ბურბონები
მამა: შარლ IV, ვენდომის გრაფი
დედა: ფრანსუაზ ალანსონელი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ ჰუგენოტები

ლუი I დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Louis Ier de Bourbon-Condé; დ. 7 მაისი, 1530 — გ. 13 მარტი, 1569) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს დამაარსებელი. ვენდომის გრაფ შარლ IV-ის უმცროსი ვაჟი. ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონის ძმა და საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ბიძა. შემდგომში მიიღო ჰუგენოტობა და სათავეში ჩაუდგა პროტესტანტების პარტიას. იგი აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის რელიგიურ ომებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1530 წლის 7 მაისს საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ შარლ IV-ისა და ფრანსუაზ ალანსონელის მეხუთე ვაჟი. მისი უფროსი ძმა ანტუანი, იყო ნავარის დედოფალ ჟანა III-ის ქმარი და შემდგომში საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის მამა. გარდა ამისა, მას ღვიძლ მამიდაშვილად ერგებოდა შოტლანდიის დედოფალი მარი დე გიზი, რომელიც იყო შოტლანდიისა და საფრანგეთის ლეგენდარული დედოფლის, მერი I სტიუარტის დედა. დედის მხრიდან კი მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ალანსონის ჰერცოგი რენე დე ვალუა და მისი ცოლი, შემდგომში წმინდანად შერაცხული მარგარიტა ლოთარინგიელი.

როგორც კი წამოიზარდა, იგი აქტიურად ჩაერთო საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის მიმდინარე იტალიურ ომებში. იგი მალევე გაწევრიანდა ფრანგულ არმიაში, რა დროსაც 1552 წელს იგი მეფე ანრი II-ის გვერდით იბრძოდა ჯერ მეცის ალყისას, ხოლო 1557 წელს საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის წინააღმდეგ წმ. კვენტინის ბრძოლაში.

იტალიური ომების დასრულების შემდეგ, სულ მალე ლუიმ უარყო კათოლიციზმი და ჰუგენოტი გახდა, რა დროსაც იგი ფრანგი პროტესტანტების ლიდერი ხდება. 1560 წელს იგი უკვე ღიად ჩაება კათოლიკე მეფე ფრანსუა II-ისა და მისი მოკავშირე დე გიზების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1560 წლის ოქტომბერში ლუიმ დიდი არმიით შემოარტყა ალყა ფონტენბლოს სამეფო სასახლეს, სადაც სამეფო ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა იგი დამარცხდა და დააპატიმრეს, სამეფო ოჯახი კი უსაფრთხოების მიზნით ლუვრის სასახლეში გადავიდა. 1561 წლის 8 მარტს სამეფო ოჯახმა ლუი გაანთავისუფლა.

1562 წლის 2 აპრილს საფრანგეთის რელიგიური ომების დაწყებასთან ერთად ლუი კვლავ ჰუგენოტების არმიის სათავეში მოდის და მეფე შარლ IX-სა და დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის ორლეანის ასაღებად ეცილება, თუმცა სამეფო ოჯახი კვლავ იმარჯვებს გიზების დახმარებით. თავდაპირველად დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი შემწყნარებელ პოლიტიკას იჩენდა ჰუგენოტების მიმართ, თუმცა თანდათან იგი გამკაცრდა და დაუნდობელი გახდა მათ მიმართ. 1562 წელს ლუიმ ქალაქი დრე აიღო, რასაც მალევე მოჰყვა მის მიერ ლა-როშელის დაკავება და მისი ჰუგენოტების მთავარ ქალაქად გამოცხადება, სადაც მას ჯარებით მისი რძალი, ნავარის დედოფალი ჟანა დ'ალბრე და ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ I ეხმარებოდნენ. 1563 წელს რელიგიური ომები დროებით შეწყდა, რაც ისტორიაში ცნობილია "ამბუაზის მშვიდობის" სახელით, თუმცა ომი რამდენიმე წელიწადში კვლავ განახლდა. სწორედ საფრანგეთის მესამე რელიგიურ ომში, 1569 წელს, 38 წლის ასაკში მოკლეს ლუი, ჟარნაკის ბრძოლაში.

მისი გარდაცვალების შემდეგ კონდეს პრინცი და ჰუგენოტების არმიის გენერალი მისი ვაჟი ანრი გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1551 წელს ცოლად შეირთო ელეანორ დე როიზე (1536-1564), რომელთანაც შეეძინა რვა შვილი:

  1. ანრი (1552-1588), კონდეს პრინცი, პირველად ცოლად შეირთო მარია კლეველი, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალზე, რომელთანაც ერთი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინა;
  2. მარგარიტა (1556), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. შარლი (1557), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ფრანსუა (1558-1614), კონტის პრინცი, ცოლად შეირთო ჟანა დე კუზმი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ლუიზა მარგარიტა დე ლორენზე, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია;
  5. შარლი (1562-1594), ლუის ტყუპისცალი, რუანის ეპისკოპოსი და კათოლიკე კარდინალი;
  6. ლუი (1562), შარლის ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილი;
  7. მადლენი (1563), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. კატრინი (1564), გარდაიცვალა ჩვილი;

1565 წელს ცოლად შეირთო ლუნევილის მადმუაზელი ფრანსუაზ ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი:

  1. შარლი (1566-1612), სუასონის გრაფი, ცოლად შეირთო ანა დე მონტაფიე, რომელთანაც ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა;
  2. ლუი (1567), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ბენჟამინი (1569), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • de Boislisle, A. (1902). "Trois Princes de Conde: A Chantilly". Annuaire-Bulletin de la Société de l'histoire de France (in French). Vol. 39, No. 2.
  • Knecht, R.J. (1989). The French Wars of Religion, 1559-1598. Longman.
  • Knecht, R.J. (2000). The French Civil Wars. Pearson Education Limited.
  • Mullett, Michael (2010). Historical Dictionary of the Reformation and Counter-Reformation. Scarecrow Press.
  • Strage, Mark (1976). Women of Power: The Life and Times of Catherine de' Medici. Harcourt, Brace & Jovanovich.