ლუი I (ანჟუს ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი I დე ვალუა
ანჟუს ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1351
მმართ. დასასრული: 1384
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: ლუი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ივლისი, 1339
დაბ. ადგილი: ვენსენი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 20 სექტემბერი, 1384, (45 წლის)
გარდ. ადგილი: ბისკელიე, იტალია
მეუღლე: მარი დე ბლუა
შვილები: ლუი II, ნეაპოლის მეფე
შარლი, ტარანტოს პრინცი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე
დედა: ბონა ლუქსემბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი I დე ვალუა (ფრანგ. Louis I de Valois; დ. 23 ივლისი, 1339, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 20 სექტემბერი, 1384, ბისკელიე, იტალია) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის მეორე ვაჟი. ანჟუს ჰერცოგი 1351, მაინის ჰერცოგი 1356 და ტურის ჰერცოგი 1370 წლიდან. 1382 წლიდან, როგორც ჯოვანა I ნეაპოლელის შვილობილმა, მან მიიღო პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფობა, თუმცა ასევე პრეტენზია ჰქონდა ნეაპოლისა და იერუსალიმის მეფობაზე, რაც შემდგომში მისმა ვაჟმა მიიღო. აგრეთვე აქტიურად იყო ჩაბმული ასწლიან ომში და გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო თავისი ძმის შვილის, შარლ VI შლეგის რეგენტიც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1339 წლის 23 ივლისს ვენსენში, საფრანგეთში. იგი იყო ნორმანდიის ჰერცოგ ჟან დე ვალუასა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბონა ლუქსემბურგელის ვაჟი. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდი იყო, როდესაც საფრანგეთში ბაბუამისი, ფილიპ VI მეფობდა, მამამისი კი ტახტის მემკვიდრე იყო. 1349 წელს ლუის დედა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამამისი მალევე ქორწინდება ოვერნის გრაფინია ჟანა I-ზე. 1350 წელს საფრანგეთის მეფე ხდება მამამისი ჟან II, რომელმაც ლუის, როგორც უმცროს ვაჟს ანჟუს ჰერცოგობა უბოძა. 1356 წელს ლუიმ მონაწილეობა მიიღო ინგლისელების წინააღმდეგ გამართულ პუატიეს ბრძოლაში, სადაც გამოჩენილი დიდი სიმამაცისათვის მას მაინის ჰერცოგობა უბოძეს. თუმცაღა მალევე ლუი და მისი ძმა, დოფინი შარლი სასტიკად დაამარცხათ ინგლისის პრინცმა, რაც ძალიან დამამცირებელი იყო მათთვის. დამცირებას რომ თავი დავანებოთ, ეს ბრძოლა კიდევ იმით აღმოჩნდა დამღუპველი, რომ ორივე პრინცი ტყვედ ჩავარდა და მხოლოდ 1360 წელს შესძლეს ფრანგებმა მათი გამოსყიდვა. უდიდესმა გამოსასყიდმა საფრანგეთი გააკოტრა და ვალებში ჩააგდო, რასაც მალე ისიც დაემატა, რომ ინგლისელების ტყვე ახლა უკვე მეფე ჟანი გახდა. ფრანგებს უკვე აღარ ჰქონდათ იმის სახსრები, რომ მეფისათვის გამოსასყიდი გადაეხადათ, რის გამოც იგი 1364 წელს ინგლისურ საპყრობილეში გარდაიცვალა, საფრანგეთში კი ლუის უფროსი ძმა, შარლ V გამეფდა, რომელმაც განაგრძო ინგლისის მეფე ედუარდ III-სთან წამოწყებული ასწლიანი ომი, რომელიც ჯერ კიდევ ბაბუამისის დროს დაიწყო.

1380 წელს გარდაიცვალა მეფე შარლ V ბრძენი, რომელმაც თითქმის ყველა დაკარგული მიწა დაიბრუნა, ტახტზე კი მისი მცირეწლოვანი ვაჟი შარლ VI ავიდა. ვინაიდან ამ დროს ლუის რძალი, ანუ შარლ VI-ის დედა, დედოფალი ჟანა დე ბურბონი უკვე გარდაცვლილი იყო, პატარა მეფის რეგენტად მისი ბიძა, ანუ ანჟუს ჰერცოგი ლუი I დაინიშნა, 1382 წლამდე.

1382 წლიდან, მას შემდეგ, რაც რეგენტობა დაკარგა, ლუიმ დატოვა საფრანგეთი და სამხრეთ იტალიაში გადასახლდა, ნეაპოლის დედოფალ ჯოვანა I-ის კარზე, რომელიც მას შორეულ ბიძაშვილად ერგებოდა. უშვილო ჯოვანამ, შეიძლება ითქვას თავისი შვილივით მიიღო ლუი და თავისი გარდაცვალების შემდგომ ტახტიც კი მას დაუტოვა. თუმცაღა ნეაპოლის ტახტი ვერა, მაგრამ პროვანსისა და ფორსალკიერის ტახტები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ავინიონის პაპმა კლემენტ VII-მ ლუი ნეაპოლის მეფედ სცნო, ლუის არმია ჯოვანას ბიძაშვილმა, კარლო დურაცოელმა დაამარცხა და ტახტზეც ის ავიდა. ლუი ყველაფერს აკეთებდა ნეაპოლის ტახტის მისაღებად, თუმცა ამაოდ.

მისი ლაშქრობა ნეაპოლში, სადაც მის მხარეს 40, 000 ჯარისკაცი იბრძოდა ჩავარდა. ასეთი დამამცირებელი მარცხის შემდეგ, ლუი ყველა მისმა მოკავშირემ და მათთან ერთად 14, 000 ჯარისკაცმა მიატოვა. რამდენიმე თვეში ლუი საფრანგეთში დაბრუნდა და დახმარება თავის ძმის შვილ შარლ VI-ს სთხოვა. ჯარების შეგროვება გაჭიანურდა, თუმცაღა საბოლოოდ ფრანგებმა სასტიკად დაამარცხეს დურაცო და ნეაპოლის ტახტიც დაიპყრეს, მაგრამ იმავე შუა ღამეს, 1384 წლის 20 სექტემბერს ლუი გარდაიცვალა, ნეაპოლის ტახტი კი მის ვაჟს დარჩა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1360 წლის 9 ივლისს ცოლად შეირთო ბრეტანის ჰერცოგ შარლისა და მისი ცოლის, ჟანა დე დრეს ასული, გიზის ლედი მარი დე ბლუა, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. მარი (დ. 1370 — გ. 1383), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი II (დ. 1377 — გ. 1417), ანჟუს ჰერცოგი და ნეაპოლის მეფე, ცოლად შეირთო იოლანდა არაგონელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი: ანჟუს ჰერცოგი ლუი III, ნეაპოლის მეფე რენე I, მაინის გრაფი შარლი, საფრანგეთის დედოფალი მარია და ბრეტანისა და ბრაბანტის ჰერცოგინია იოლანდა;
  3. შარლი (დ. 1380 — გ. 1404), ტარანტოს პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Papa Urbano VI e il Regno di Napoli". Cronologia (in Italian). Retrieved November 7, 2011.
  • Neillands, Robin (2001). The Hundred Years War. Routledge. p. 160. ISBN 978-0-415-26130-2.