ლილონგვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ლილონგვე
ინგლ. Lilongwe
ქვეყანა მალავის დროშა მალავი
კოორდინატები 13°59′00″ ს. გ. 33°47′00″ ა. გ. / 13.98333° ს. გ. 33.78333° ა. გ. / -13.98333; 33.78333
დაარსდა 1902
ფართობი 727.79 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1110
მოსახლეობა 902 000 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.llcitycouncil.org/
ლილონგვე — მალავი
ლილონგვე

ლილონგვე (ინგლ. Lilongwe) — მალავის დედაქალაქი; გაშენებულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ლილონგვეს ნაპირის დასავლეთით, მოზამბიკის და ზამბიის საზღვართან ახლოს. საავტომობილო გზით უკავშირდება ნავსადგურ სალიმას (ნიასის ტბის სანაპირო). მცხოვრებთა რაოდენობა 902 000 ადამიანი (2009). თამბაქოს მწარმოებელი და გადამამუშავებელი რაიონის ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1110 მეტრზე, მდინარე ლილონგვეზე, რომელიც მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, როდესაც ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი და თითქმის არ მოდის ნალექები, მეჩხერია. კლიმატი ეკვატორულ-მუსონურია. ყველაზე ცხელი — ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურაა +25 °C, ხოლო ივლისის — +15 °C. +30 °C-ზე მეტი სიცხე შეიმჩნევა საკმაოდ იშვიათად. ივნის-აგვისტოში იშვიათად დგება სუსხი. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლია — 1200 მმ. ქალაქის ტერიტორიაზე ჭარბობს ფოთლოვანი მარადმწვანე ტყეები. ქალაქის 370 აკრი ფართობი ბუნებრივ ნაკრძალს უკავია, სადაც ბევრი სხვადასხვა სახეობის ტროპიკული ფრინველი და ძუძუმწოვარი ბინადრობს, მათ შორის: ვეფხვი, ჯიქი, აფთარი და სხვ. აქვე მოედინება ნიანგებით მდიდარი მდინარე ლინგაძი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლილონგვე შედარებით ახალგაზრდა ქალაქია. დააარსეს ინგლისელებმა 1902 წელს. 1975 წელს ქვეყნის დედაქალაქი ზომბიდან ლილონგვეში გადაიტანეს. დღეისათვის ქალაქში გაძლიერებული ტემპებით მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, ასევე ვითარდება განათლების სფერო.

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის შენობა
ქალაქის ხედი

ლილონგვეში ცხოვრობს დაახლოებით 900 ათასი ადამიანი. უმრავლესობა ეკუთვნის ადგილობრივი წარმოშობის აფრიკელებს: ჩევას, იაოს, ტუმბუკას, ლომვეს, სენას, ტონგას, ნგონდეს, ნგონის ხალხებს. დედაქალაქში ასევე ცხოვრობენ ევროპელები და აზიელები. მაცხოვრებლების თითქმის ნახევარი 15 წელზე ახალგაზრდაა, რაც აიხსნება მოსახლეობის სწრაფი ზრდით და მაღალი შობადობით. ოფიციალურ ენებად ითვლებიან ინგლისური, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო დაწესებულებებში და განათლების სფეროში, და ჩიჩევა. მოსახლეობა სარგებლობს ჩევა და ტუმბუკა ენებით. ქალაქში გავრცელებულია ქრისტიანობა, უფრო მეტად კათოლიციზმი და პრესვიტერიანობა, ნაკლებად ანგლიკანიზმი. დედაქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ადგილობრივი აფრიკული სარწმუნოების, ანუ პოლითეიზმის მიმდევარია. მცირე რაოდენობით გავრცელებულია ისლამი.

კულტურული მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედაქალაქის მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 44 %, სხვადასხვა შეფასებით, დღემდე გაუნათლებელია. კვალიფიცირებული კადრების უკმარისობის გამო სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ლილონგვე ძირითადად განაშენიანებულია საკმაოდ უსახური თანამედროვე სახლებით. ახალი ქალაქის ცენტრს სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები ავსებენ: სამინისტროები, ოფისები, საელჩოები, ტურისტული სააგენტოები. გაცილებით მეტი, მხატვრული თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველი ადგილები ეგრეთ წოდებულ ძველ ქალაქში მდებარეობს. მაგალითად, ბაზარი, რომელშიც შეიძლება ყველაზე მრავალფეროვანი საქონლის ყიდვა: ხელით მოხატული ქსოვილები, ვუდუსებური თილისმები, ხის ნიღბები და სხვადასხვა სახის მორთულობები.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 238.
  • Gerke, W. J. C. & Viljoen, Charl J. Master Plan for Lilongwe the Capital City of Malawi (Johannesburg: Swan Publishing, 1968)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Taipei City Council. tcc.gov.tw. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-23. ციტირების თარიღი: 2016-01-17.
  2. http://allafrica.com/stories/200408200493.html