ლვივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლვოვი)
ქალაქი
ლვივი
უკრ. Львів
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ლვივის ოლქი
შიდა დაყოფა 8 რაიონი
კოორდინატები 49°51′00″ ჩ. გ. 24°01′00″ ა. გ. / 49.85000° ჩ. გ. 24.01667° ა. გ. / 49.85000; 24.01667
ქალაქის მეთაური ანდრეი სადოვი
დაარსდა XIII საუკუნე
პირველი ხსენება 1256
ფართობი 171.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 296
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 729,429 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 4007,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 32(2)
საფოსტო ინდექსი 79000
საავტომობილო კოდი BC / 14
ოფიციალური საიტი city-adm.lviv.ua
ლვივი — უკრაინა
ლვივი

ლვივი, ლვოვი (უკრ. Львів; პოლ. Lwów; რუს. Львов; გერმ. Lemberg) — უდიდესი ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ლვივის ოლქის, ლვივის რაიონისა და ლვივის საქალაქო თემის ადმინისტრაციული, კულტურული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი, ასევე ლვივის აგლომერაციის ცენტრი. მსხვილი სამრეწველო ცენტრი და სატრანსპორტო კვანძი. მოსახლეობაში უწოდებენ გალიციისა და დასავლეთ უკრაინის დედაქალაქს. 2014 წლისათვის ცხოვრობდა 729 038 ადამიანი, რომელთაგან 88% უკრაინელი, 9% რუსი და 1% პოლონელი იყო, დამატებით 200 000 ადამიანი ყოველდღიურად შემოდიოდა გარეუბნებიდან. მოსახლეობის მიხედვით იგი არის ქვეყნის მეშვიდე ქალაქი.

ლვივი, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით დააარსა კიევის რუსეთის დიდმა მთავარმა დანიელ გალიციელმა XIII საუკუნის შუა წლებში.[1][2] დაახლოებით 1256 წელს ქალაქი გახდა გალიჩ-ვოლინის სამთავროს დედაქალაქი.[3] 1349-1772 წლებში იყო პოლონეთისა და რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში. რეჩ-პოსპოლიტის პირველი დანაწილების შემდეგ 1775-1918 წლებში ჰაბსბურგთა მონარქიის შემადგენლობაშია, როგორც გალიციისა და ლოდომერიის სამეფოს ნაწილი და მისი დედაქალაქი. ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ 1918 წელს შევიდა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში, პოლონეთ-უკრაინის ომის შემდეგ, 1919-1939 წლებში კვლავ პოლონეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1939-1941 და 1944-1991 წლებში უკრაინის სსრ-ის ნაწილია.

1998 წელს ლვივის ისტორიული ცენტრი შეყტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[4] ქალაქში მდებარეობს უკრაინის არქიტექტურული ძეგლების 50 %-ზე მეტი.[5] 2009 წელს მას მიენიჭა უკრაინის კულტურული დედაქალაქის წოდება.[6] ქალაქი პერიოდულად წამყვან ადგილებს იკავებს ტურისტული და საინვესტიციო მოზიდვების რეიტინგებში.[7][8][9]

ლვივის მთავარი საგანმანათლებლო კერებია ლვივის უნივერსიტეტი და ლვივის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ქალაქში ასევე არის ფილარმონიული ორკესტრი და ლვივის ოპერისა და ბალეტის თეატრი. 2006 წელს ქალაქმა დაარსებიდან 750 წლისთავი იზეიმა. 2012 წელს კი უკრაინის იმ ოთხ ქალაქს შორის აღმოჩნდა, რომელშიც გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი. ქალაქის დღეს აღნიშნავენ მაისის პირველ შაბათს.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ქალაქს სახელი დანიელ გალიციელმა უწოდა საკუთარი შვილის ლევ I დანილოვიჩის პატივსაცემად.[10] მთელი ისტორიის განმავლობაში ქალაქის სახელწოდება არასოდეს შეცვლილა. იმ ხალხის ენებზე, რომლებმაც ქალაქში შესამჩნევი კულტურული კვალი დატოვეს, ლვივის სახელწოდება ასე ჟღერს: უკრაინულად — Львів (ლვივ), პოლონურად — Lwów (ლვუვ), რუსულად — Львов (ლვოვ), გერმანულად — Lemberg (ლემბერგ), იდიშზე — לעמבערג (ლემბერგ), სომხურად — Լվով (ლვოვ), ყირიმელი თათრების ენაზე — İlbav (ილბავ).

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივოს ოფიციალური სიმბოლოებია დროშა, გერბი და ლოგოტიპი. ლვივის წესდება განსაზღვრავს ქალაქის არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების სახელწოდებებისა და გამოსახულებების დატანას სიმბოლოებზე.[11]

ლვივის თანამედროვე გერბი დაფუძნებულია XIV საუკუნის შუა პერიოდის ქალაქის ბეჭედზე. ქვის კარიბჭე სამი კოშკით, კარიბჭის ღიობში ოქროს ლომი. ლვივის დროშა არის ლურჯი კვადრატული ქსოვილი, ქალაქის გერბის გამოსახულებით, ჩარჩოში ჩასმული გარსაცმით, რომელსაც კიდეების გასწვრივ შემოვლებული აქვს ყვითელი და ლურჯი ტოლფერდა სამკუთხედები. ლვივის ლოგოტიპზ ეგამოსახულია ხუთი სხვადასხვა ფერის კოშკი (მარცხნიდან მარჯვნივ): სომხური ტაძრის სამრეკლო, კორნიაქტის კოშკი, ლვივის რატუშა, ლათინური ტაძრის კოშკი, ბერნარდინელების ეკლესიის სამრეკლო და ქვეშ წარწერა: „ლვივი ღიაა მსოფლიოსთვის“.[12]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ლვივი მდებარეობს ლვივის ოლქის ცენტრალურ ნაწილში იავოროვის, ჟოლკვისა და პუსტომიტის რაიონებს შორის, აღმოსავლეთ ევროპის დროის სარტყელში. ქალაქის ფართობია 180 კმ².

ქალაქი კიევიდან დასავლეთით მდებარეობს 540 კმ-ის დაშორებით, პოლონეთთან საზღვრიდან დაახლოებით 70 კმ-ზე. მასში გადის მთავარი ევროპული წყალგამყოფი ქედი, რომელიც ჰყოფს ბალტიის და შავი ზღვის აუზის მდინარეებს (შესაბამისად მდინარეები ბუგი და დნესტრი). მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 289 მეტრზე. ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილია მთა მაღალი ციხე (409 მ. ზღ. დ.). ისტორიული ქალაქი აგებულია მდინარე პოლტვის (ბუგის შენაკადი) ნაპირებზე, თუმცა XIX საუკუნეში მასზე ქალაქის მთავარი კოლექტორი ააშენეს ჰეტმანის კედლების აშენების მიზნით (ამჟამად თავისუფლების პროსპექტი).

ლვივში მდებარეობს 20 პარკი და მწვანე ზონა, 2 ბოტანიკური ბაღი და 16 ბუნების ძეგლი. ორი პარკი ეროვნული მნიშვნელობის ლანდშაფტური მებაღეობის ხელოვნების ძეგლია, ერთი — ადგილობრივი. ქალაქის საზღვრებშია ზნესენიეს პარკი — გარემოსდაცვითი დაწესებულება 300 ჰექტარზე მეტი ფართობით, რომელსაც აქვს ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული ეკოსისტემა.

ქალაქის ფარგლებში განვითარებულია ზედა ცარცული, ზედა მიოცენის და მეოთხეული საბადოები. ლვივში წარმოდგენილია შავმიწა, ალუვიური და ტორფიანი ნიადაგები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივში გავრცელებულია ნოტიო კონტინენტური კლიმატი თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა −3,4 °C, ხოლო ივლისის — +17,5 °C. მეტეოროლოგიური მონაცემების მიხედვით უმაღლესი ტემპერატურა (+37 °C) დაფიქსირდა 1921 წლის აგვისტოში, ხოლო უდაბლესი (−33,6 °C) — 1929 წლის 10 თებერვალს.[13] ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 729 მმ. ამასთან, მინიმალური რაოდენობა (426 მმ) დაფიქსირდა 1904 წელს, მაქსიმალური (1422 მმ) — 1893 წელს. წელიწადში საშუალოდ 174 დღე ნალექიანია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელ გალიციელი ლვივის ფონზე. XIII საუკუნის პორტრეტი

არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ლვივის ადგილზე დასახლებები არსებობდა ახალი წელთაღრიცხვით V საუკუნიდან. 1990-1991 წლების გათხრების დროს ზანკოვეცკაიას თეატრის უკანა ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბაზარი დობრობუტი მდებარეობს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება იმისა, რომ VII-VIII საუკუნეებიდან ამ ადგილას მუდმივად არსებობდა ურბანული ტიპის დასახლება. კერძოდ, მათ აღმოაჩინეს სახელოსნო, სადაც ამუშავებდნენ ტყავს. გარდა ამისა, ნაპოვნია სამკაულების ნაშთები. ასევე იეზუიტების ეკლესიის მახლობლად სულიწმინდის მოედანზე გათხრების შედეგად აღმოჩენილია VII-VIII საუკუნეების უძველესი სლავური კერამიკა. მსგავსი ნიმუშები აღმოაჩინეს საკათედრო ტაძრის მახლობლად. არქეოლოგები თვლიან, რომ დასახლება ან დასახლებების ჯგუფი გადაჭიმული იყო მდინარე პოლტვას გასწვრივ. ეს იყო პროტოქალაქი, რომელიც წინ უძღოდა ლვივის ჩამოყალიბებას.

მოგვიანებით აღნიშნული მიწები შესაძლოა დიდი მორავიის სახელმწიფოს კუთვნილებაში ყოფილიყო. X საუკუნეში კიევის რუსეთმა და პოლონეთმა ერთმანეთს ეცილებიან ლვივის ტერიტორიის დაპყრობაში (მიეშკო I-ის მეფობის დროს). ვარაუდობენ, რომ მიეშკო ამ მიწებს ფლობდა 960 წლიდან 980 წლამდე. ნესტორ კიეველის ქრონიკის მიხედვით, 981 წელს აღნიშნული ტერიტორია დაიპყრო ვლადიმერ დიდმა.

ლვივი ისტორიულ საბუთებში პირველად მოიხსენიება 1256 წლიდან. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ქალაქი XIII საუკუნეში დააარსა გალიციის მეფე დანიელმა და მისი ვაჟის, ლეოს სახელი დაარქვეს. სხვა ვერსიით, ქალაქი დააარსა თავად დანიელ გალიციელის ვაჟმა.[1][2]

გალიჩ-ვოლინის სამთავროს შემადგენლობაში (1349 წლამდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივი სწრაფად განვითარდა. სამთავრო ქალაქის მდებარეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის გეოგრაფიულ მდებარეობასთან. ქალაქი დაარსდა მშრალი, უხეო პოდოლსკის სანაპიროსა და პოლტვას ტყიანი ჭალის საზღვარზე.

ძველი ლვივი, ისევე როგორც ყველა მაშინდელი ქალაქი, შედგებოდა სამი ნაწილისაგან: დეტინეცი ანუ ქალაქის გამაგრებული ნაწილი, შემოვლითი ქალაქი და ქვედა ქალაქი. მაღალი ციხე (დეტინეცი) მდებარეობდა მთაზე, რომელსაც XV საუკუნეში გორაი ერქვა, XVII საუკუნეში — ლისაია გორა, მოგვიანებით კი კნიაჟესკაია გორა. ციხესიმაგრე კარგად იყო გამაგრებული გალავანით, ხორბლის სათავსოებითა და კედლებით, რათა გაეძლო მტრის ხანგრძლივი შემოტევებისათვის.

სამთავრო ქალაქი აშენდა ვოლინის გზის გასწვრივ, სავაჭრო გზაზე, რომელიც გადიოდა შავი ზღვიდან გალიჩ-ლვივ-ხოლმის გავლით ბალტიის ზღვამდე. აღნიშნული გზა გადიოდა ძველ ბაზარში და გაივლიდა უამრავ ეკლესიასა და მონასტერს, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე შემორჩენილია: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, წმინდა პარასკევას ეკლესია, წმინდა ონოფრეს ეკლესია და სხვა.

ამ პერიოდის ქალაქი მრავალეროვანი იყო. აქ ცხოვრობდნენ: გერმანელები, ებრაელები, სომხები, თათრები. 1340-1349 წლებში ქალაქს მართავდა თავადი დმიტრო დეტკო, როგორც ლიტვის თავადის, ლუბარტის ნაცვალი.

პოლონეთისა და რეჩ-პოსპოლიტის შემადგენლობაში (1349-1772)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1349 წელს პოლონეთის მეფემ კაზიმირ III დიდმა აიღო ლვივი და შვიდი წლის შემდეგ 1356 წელს ქალაქს მიანიჭა მაგდებურგის სამართალი, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა ქალაქის განვითარებას. პოლონეთის მეფეს ქალაქის ცენტრი გადააქვს და აშენებს ახალ ქალაქს სამხრეთით, თანამედროვე ბაზრის მოედნის გარშემო. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ გერმანელი კოლონისტები.

შავი ზღვის, კიევის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის, ბიზანტიისა და ბალტიის ზღვის პორტებიდან მომავალი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე ხელსაყრელი მდებარეობის გამო ქალაქი სწრაფად განვითარდა. საუკუნის რუსულ ქრონიკაში სწორედ ამ პერიოდიდან მოიხსენიება და ეწოდება დიდი ლვივი.

1370-1387 წლებში ქალაქს მართავდნენ უნგრელი გუბერნატორები, ვლადისლავ ოპოლჩიკის ხელმძღვანელობით. 1379 წელს ქალაქმა მიიღო საკუთარი საწყობების ქონის უფლება, რამაც მკვეთრად გაზარდა ქალაქისადმი ვაჭრების ინტერესი. 1387 წელს ლვივი და მიმდებარე მიწები დაბრუნდა პოლონეთის გავლენის ქვეშ.

პოლონეთის შემადგენლობაში ყოფნის დროს ლვივი გახდა რუსეთის სავოევოდოს ცენტრი, რომელიც მოიცავდა ხუთ სამამასახლისოს (სტაროსტვა): ლვივი, ხელმი, სანოკი, გალიჩი და ფშემისლი. მომდევნო ასწლეულის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მალევე ლვივი გახდა მრავალეროვანი ქალაქი, მრავალფეროვანი რელიგიური სპექტრით. იგი იყო კულტურის, მეცნიერებისა და ვაჭრობის ცენტრი. ქალაქის თავდაცვითი კედლები გამაგრდა და ლვივი გახდა ყველაზე დაცული ქალაქი, რომელიც რეჩ-პოსპოლიტას იცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ქალაქში ერთდროულად არსებობდა მართლმადიდებლური საეპისკოპოსო, სამი მთავარეპისკოპოსი: რომაულ-კათოლიკური, ბერძნულ-კათოლიკური (1770 წლიდან) და სომხური. გარდა ამისა არსებობდა სამი ინდუისტური გაერთიანება. ქალაქში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან გადმოსახლებული გერმანელები, ებრაელები, იტალიელები, ინგლისელები, შოტლანდიელები და სხვა მრავალი. XVI საუკუნეში ქალაქში გამოჩდნენ პროტესტანტები. ლვივი ერთადერთი ქალაქი იყო კიევის რუსეთში სადაც მოქმედებდა სარაცინელთა (მუსლიმანური) თემი, რომელსაც გარანტირებული ჰქონდა შიდა მმართველობა. სარაცინული თემი პირველად მოიხსენიება 1346 წელს. 1654 წლიდან ლვივში სარაცენების დასახლება აკრძალეს ადამიანებით ვაჭრობის გამო.[14]

1527 წელს ლვივში ხანძარმა იფეთქა, რომლის შედეგადაც დაიწვა თითქმის მთელი ქალაქი. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქში 25-30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ პერიოდისათვის ქალაქში მოქმედებდა 30 საამქრო, სადაც მუშაობდა 133 პროფესიის ადამიანი. 1618 წელს ქალაქი მოიხსენიება გერმანელი ავტორების, გ. ბრაუნისა და გ. ჰოჰენბერგის ნაშრომში „მსოფლიოს გამოჩენილი ქალაქები“.

XVII საუკუნეში ლვივმა თავისი გამაგრებული კედლების წყალობით რამდენჯერმე გაუძლო ალყას. 1648 წელს ქალაქს ალყა შემოარტყეს ზაპოროჟიელმა კაზაკებმა ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით. მათ აიღეს და გაანადგურეს ციხე, მაგრამ გამოსასყიდის მიღების შემდეგ დატოვეს ქალაქი.1655 წელს შვედების არმია შეიჭრა პოლონეთში, დაიპყრეს მისი უდიდესი ნაწილი და ალყა შემოარტყეს ლვივს, თუმცა, ისინი იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ ქალაქის აღების გარეშე. 1655 წელს ბუტურლინისა და ხმელნიცკის რუსულ-კაზაკთა რაზმების მიერ ლვივის ალყა ასევე მოხსნეს ყირიმის ხანის უკრაინაში შემოჭრის გამო. მომდევნო წელს ლვივს ალყა შემოარტყა ტრანსლივანიის მთავარმა გიორგი I რაკოციმ, თუმცა ქალაქის აღება ვერ მოახერხა. 1672 წელს ოსმალეთის არმიამ მეჰმედ IV-ის მეთაურობით ალყაში მოაქცია ლვივი, თუმცა ომი დასრულდა ქალაქის აღებამდე. 1675 წელს ქალაქს თავს დაესხნენ თურქები და ყირიმელი თათრები, მაგრამ მეფე იან III სობესკიმ დაამარცხა ისინი 24 აგვისტოს ბრძოლაში. 1704 წელს, ჩრდილოეთის ომის დროს, ქალაქის არსებობის ისტორიაში პირველად აიღეს და გაძარცვეს შვედებმა მეფე კარლ XII-ის მეთაურობით.

XV საუკუნიდან ქალაქში იეზუიტთა სხვადახვა ორდენი მოღვაწეობდა. 1608 წელს მათ დააარსეს იეზუიტების კოლეგიუმი, რომელიც 1661 წელს ლვივის უნივერსიტეტად გადაკეთდა. იეზუიტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებული იყო ბოგდან ხმელნიცკი.

ჰაბსბურგების მმართველობის პერიოდი (1772-1914)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1772 წელს, პოლონეთის პირველი დაყოფის შემდეგ ლვივი გახდა ავსტრიის პროვინციის, ფორმალურად დამოუკიდებელი გალიციისა და ლოდომერიის სამეფოს დედაქალაქი. 1772-1918 წლებში ქალაქს ოფიციალურად ერქვა ლემბერგი. მას შემდეგ, რაც ლვივი ავსტრიის შემადგენლობაში შევიდა, ადმინისტრაციის ენა გახდა გერმანული, ხოლო ქალაქის ადმინისტრაციის თანამდებობების უმეტესი ნაწილი გერმანელებმა და ჩეხებმა დაიკავეს. 1773 წელს ლვივში გამოვიდა პირველი გაზეთი Gazette de Leopoli.

ავსტრიის მმართველობის დასაწყისი საკმაოდ ლიბერალური იყო. 1784 წელს იმპერატორი იოსებ II ხელმეორედ ხსნის უნივერსიტეტს, რომელშიც ლექციები რამდენიმე ენაზე მიმდინარეობდა: ლათინური, გერმანული, პოლონური, რუსინული. 1794 წელს ვოიცეხ ბოგუსლავსკი ხსნის პირველ საზოგადოებრივ თეატრს, 1811 წლიდან გამოდის გაზეთი Gazeta Lwowska, ხოლო 1817 წელს დაარსდა ოსოლინსკების ინსტიტუტი (ამჟამად ლვივის ვ. სტეფანიკის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა).

XIX საუკუნის დასაწყისში ავსტრიის ხელისუფლებამ დაიწყო ქალაქის გერმანიზაცია. 1805 წელს დახურეს უნივერსიტეტი, 1817 წელს კვლავ გახსნეს, თუმცა ამ დროს იგი უკვე სრულიად გერმანული სასწავლო დაწესებულება იყო. ასევე აიკრძალა მრავალი სხვა სოციალური და კულტურული გაერთიანება, რომლებიც არ იყვნენ „პროგერმანული“.

ჰაბსბურგების დინასტიის მიერ ნაკარნახევმა მკაცრმა კანონებმა 1848 წელს გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება. იმპერატორს გაეგზავნა შუამდგომლობა ქალაქის თვითმმართველობის განახლების, პოლონურ და რუსულ ენებზე სწავლების და პოლონური ენის ოფიციალური გარანტიის შესახებ. ამ მოთხოვნების უმეტესობა დაკმაყოფილდა, თუმცა მრავალი წლის შემდეგ: 1861 წელს გალიციის პარლამენტი ჩამოყალიბდა, 1867 წელს გალიციამ მიიღო ფართო თვითმმართველობა, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური. უნივერსიტეტში დაუშვეს სწავლება პოლონურ ენაზე. გალიცია გახდა ყოფილი პოლონეთის ერთადერთი ნაწილი, რომელმაც მიიღო კულტურული და პოლიტიკური თავისუფლება. შედეგად ლვივი გახდა პოლონური კულტურისა და პოლიტიკის მთავარი ცენტრი.

1914-1919 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, 1914 წლის 3 სექტემბერს ქალაქი აიღო რუსულმა არმიამ და 1915 წლის 14 ივლისამდე იყო გალიციის გენერალ-საგუბერნატოროს ცენტრი, მანამ სანამ ქალაქი არ დაიკავა ავსტიულ-უნგრულმა ძალებმა.

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ჰაბსბურგების იმპერიის დაშლის პარალელურად, დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება. 1918 წლის 1 ნოემბერს ქალაქში უკრაინელი და პოლონელი ჯარისკაცები განთავსდნენ. უკრაინული ლეგიონი (ავსტრიის არმიის სამხედრო დანაყოფი) ამ დროისათვის მდებარეობდა ბუკოვინაში. მიუხედავად ამისა უკრაინელი სამხედროების მცირე ჯგუფმა რამდენიმე დღით აიღო ქალაქი და გამოაცხადა ქალაქის დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში შესვლა. უკრაინული და პოლონური შენაერთების ჩასვლისთანავე ქალაქში საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც უკრაინული ქვედანაყოფები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ლვივი. უკრაინის ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ავსტრიის არმიის ყოფილმა ჯარისკაცებმა შექმნეს გალიციის უკრაინული არმია. პოლონელების დასახმარებლად საფრანგეთიდან იუზეფ ჰალერის არმია ჩავიდა. გალიციურმა არმიამ უკან დაიხია მდინარე ზბრუჩისაკენ. პოლონეთ-უკრაინის ომი 1919 წლის ივლისამდე გაგრძელდა.

ზაფხულის დასაწყისში გალიციის უკრაინულ არმიას სათავეში ჩაუდგა რუსეთის არმიის ყოფილი გენერალი ალექსანდრე გრეკოვი, რომელმაც განახორციელა შეტევითი ოპერაცია, თუმცა, ძალთა სერიოზული უთანასწორობის გამო, მისმა არმიამ კვლავ უკან დაიხია ზბრუჩისაკენ, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პარიზის სამოკავშირეო კომისიის გადაწყვეტილებით, ლვივი დარჩა პოლონეთის კონტროლის ქვეშ - მისი ბედის საბოლოო გადაწყვეტილებამდე. პოლონელი და უკრაინელი დაღუპული ჯარისკაცები დაკრძალეს ლიჩაკოვის სასაფლაოზე. ამ ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი უცნობი ჯარისკაცის ნეშტი ვარშავაში, უცნობი ჯარისკაცის ძეგლის ქვეშ დაკრძალეს.

მოგვიანებით პოლონეთმა დადო ხელშეკრულება სიმონ პეტლიურასთან. უკრაინამ უარი თქვა დასავლეთ უკრაინაზე, რის სანაცვლოდაც პოლონეთმა სამხედრო დახმარება გაუწია წითელი არმიის თავდასხმის დროს ბოლშევიკების წინააღმდეგ.

პოლონეთის შემადგენლობაში (1919-1939)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს, პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დროს ქალაქს თავს დაესხა წითელი არმიის ძალები. წითელი არმია ცდილობდა ქალაქისთვის შეეტია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. დაიწყო ქალაქის დაცვა. ერთთვიანი ბრძოლოს შემდეგ, 16 აგვისტოს წითელმა არმიამ გადალახა მდინარე დასავლეთის ბუგი და დაიწყო ქალაქზე თავდასხმა. ბრძოლები ორივე მხრიდან მძიმე დანაკარგებით მიმდინარეობდა, მაგრამ სამი დღის შემდეგ შეტევა მოიგერიეს და წითელმა არმიამ უკან დაიხია. წარმატებული თავდაცვისთვის ქალაქს მიენიჭა უმაღლესი პოლონური სამხედრო ჯილდო - Virtuti Militari V კლასის ორდენი - „გამბედაობისთვის“, რომელიც გამოსახული იყო ლვივის პოლონურ გერბზე.

რიგის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ლვივი პოლონეთის შემადგენლობაში დარჩა და გახდა ლვივის სავოევოდოს ცენტრი. ქალაქმა სწრაფად დაიბრუნა პოლონეთის მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრის პოზიცია. 1928 წელს იან კაზიმირის უნივერსიტეტის პროფესორმა რუდოლფ ვეიგელმა აღმოაჩინა ტიფის ვაქცინა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი (1939-1945)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაიწყო ვერმახტისა და წითელი არმიის პოლონური კამპანია. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის ძალები შევიდნენ პოლონეთში. ქალაქის თავდაცვას ხელმძღვანელობდა ფრანციშეკ სიკორსკი. 19 სექტემბერს საბჭოთა ჯარები მიუახლოვდნენ ქალაქს და მალევე დაიკავეს მისი აღმოსავლეთი ნაწილი, პოლონურ მხარეს შესთავაზეს ქალაქის დანებება. რამდენიმე საათში გერმანულმა ძალებმა ქალაქს შეუტიეს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, თუმცა ვერმახტმა უკან დაიხია. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო პროტოკოლის შესაბამისად, 1939 წლის 21 სექტემბრის ღამეს საბჭოთა ჯარებმა შეცვალეს გერმანული ჯარები და დაიწყეს თავდასხმისთვის მომზადება. მიუხედავად ამისა, პოლონეთის სარდლობამ განაახლა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც 1939 წლის 22 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას „ქალაქ ლვივის საბჭოთა კავშირის ჯარებისთვის გადაცემის შესახებ“.

1939-1941 წლებში ქალაქში დისლოცირებული იყო საბჭოთა ძალები. კერძოდ, აქ იყო განთავსებული წითელი არმიის კიევის სპეციალური სამხედრო ოლქის მე-6 არმიის შტაბი.[15] ლვივში შედგა გესტაპოსა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოფიცრების შეხვედრა.[16]

დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ევაკუირების შეუძლებლობის გამოდაიწყო ლვივის ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების მასობრივი სიკვდილით დასჯა. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისს ოფიციალური მონაცემებით დახვრიტეს 2464 ადამიანი. 1941 წლის 30 ივნისს ქალაქი დაიკავეს გერმანელებმა. ამავე დღეს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციამ ლვივში გამოაცხადა უკრაინის მმართველობა იაროსლავ სტეცკოს ხელმძღვანელობით, თუმცა მალევე დააპატიმრეს გერმანელებმა.[17] 1941 წლის 1 ივლისს ქალაქში გერმანული ჯარების შესვლის შემდეგ, უკრაინელი ნაციონალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდნენ ებრაულ დარბევებში, რომელმაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიწირა.[18] გერმანელებმა მოაწყვეს საკონცენტრაციო ბანაკი ლვივის ციტადელის ტერიტორიაზე. სადაც მათ დახოცეს 140 ათასი საბჭოთა სამხედრო ტყვე. ასევე ააგეს ლვივის გეტო და იანოვსკის საკონცენტრაციო ბანაკი ებრაული მოსახლეობის, სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გასაწყვეტად. იანოვსკის საკონცენტრაციო ბანაკი გახდა სიკვდილის ერთ-ერთი პირველი ბანაკი, სადაც წამება და სიკვდილით დასჯა ხორციელდებოდა მუსიკის თანხლებით. ორკესტრის შემადგენლობაში შედიოდა ლვივის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი შტრიქსი, ოპერის დირიჟორი მუნდი და სხვა ცნობილი ებრაელი მუსიკოსები. ორკესტრის ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო ორკესტრის წევრები „სიკვდილის ტანგოს“ შესრულებისას, იყო მთავარი მტკიცებულება ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე.

1944 წელს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო პოლონეთის ძალაუფლების დამყარება და ხელსაყრელი პოზიციების მოპოვება ომისშემდგომ სსრკ-პოლონეთის მოლაპარაკებებში.

1944 წელს დაიწყო წითელი არმიის ლვივი-სანდომირის ოპერაცია. ამავე წლის 27 ივლისს ქალაქი წითელმა არმიამ აიღო.

უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში (1945-1991)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის წყალობით, რომ ლვივისათვის მთავარი ბრძოლა სამხრეთ გარეუბანში მიმდინარეობდა, ისტორიული ძეგლების, ეკლესიებისა და შენობების დიდი ნაწილი არ დაზიანებულა. ომის შემდეგ თითქმის მთელი პოლონური მოსახლეობა გაასახლეს და დაიწყეს ქალაქის დასახლება უკრაინელებითა და რუსებით. მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეიცვალა ქალაქის ეროვნული შემადგენლობა. ძირითადი მოსახლეობა (პოლონელები, ებრაელები და გერმანელები) გადაასახლეს და გაანადგურეს. პოლონური ენა და პოლონური ენის ლვივური დიალექტი მთლიანად ამოიღეს ხმარებიდან. ქალაქში წამყვანი გახდა უკრაინული და რუსული ენები. მოგვიანებით ლვივში გაგრძელდა დასავლეთუკრაინელი გლეხების მიგრაცია.

1971 წელს ლვივს მიენიჭა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო — ლენინის ორდენი, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და სოციალურ-კულტურული განვითარების სფეროში მიღწევებისა და წარმატებებისთვის.

ახალი მიკრორაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამამულო ომის შემდეგ პერიოდშ ლვივის მოსახლეობა და ქალაქის მიერ დაკავებული ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. 1939 წელს ლვივში დაახლოებით 330 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ქალაქის ფართობი იყო 63 კმ², საცხოვრებელი ფართი იყო დაახლოებით 2 მილიონი მ².[19] 1984 წელს, პერესტროიკის ზღურბლზე ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 760 00, ქაალქის ფართობი იყო 138 კმ², ხოლო საცხოვრებელი ფართი გაიზარდა ხუთჯერ და გახდა 10 მლნ მ².[19]

1980-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა დიდი საცხოვრებელი მასივები:

  • სამხრეთი — მშენებლობა დაიწყო 1960-იან წლებში, მოსახლეობა 150 000 ადამიანი.[19]
  • ლიჩაკოვსკი (აღმოსავლეთი) — მშენებლობა დაიწყო 1958 წელს.[19]
  • სიხოვი — მშენებლობა დაიწყო 1979 წელს, მოსახლეობა 120 ათასი ადამიანი.[19]
  • ჩრდილოეთი — მშენებლობა დაიწყო 1960-იან წლებში, მოსახლეობა 100 000 ადამიანი.[19]
  • დასახლება ჟოვტნევი — მშენებლობა დაიწყო 1958 წელს.[19]

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს მუშაობა დაიწყო მექანიკურმა ქარხანამ, სარემონტო-მექანიკურმა ქარხანამ და ტანკსარემონტო ქარხანამ. 1945 წელს შეიქმნა ქარხანა ლვივსოფმანქანა (Львовсельмаш). 1946 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ტელეგრაფის აპარატურისა და ელექტრო საზომი ხელსაწყოების ქარხნები.

1947 წელს მუშაობა დაიწყო ლვივის ფეხსაცმლის ფაბრიკამ. 1950 წელს კი საიუველირო ფაბრიკამ.

1953 წელს შეიქმნა ავიასარემონტო ქარხანა, ხოლო 1957 წელს მანქანათმშენებლი ქარხანა.

მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებამაც ინტენსიურად დაიწყო განვითარება ლვივში. 1980-იანი წლებში ქალაქში ფუნქციონირებდა უკრაინის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის სამი ინსტიტუტი, ფილიალები და აკადემიური განყოფილებები, 11 უმაღლესი სასწავლებელი, რომლებშიც მუშაობდა 8 000 თანამშრომელი.

1971 წელს ლვივში დაარსდა უკრაინის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის დასავლური სამეცნიერო ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ლვივში არსებობდა ძლიერი მათემატიკური სკოლა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში ლვივი რჩებოდა ქვეყნის კულტურულ ცენტრად. 1970-იანი წლების ბოლოს აქ მუშაობდა ხუთი თეატრი, ფილარმონია, დაახლოებით 40 კინოთეატრი, ცირკი, 46 კულტურუის სასახლე, 12 მსხვილი მუზეუმი და 350-ზე მეტი ბიბლიოთეკა. ლვივი საბჭოთა კავშირში უკრაინულენოვანი კულტურის უმთავრესი ცენტრი გახდა.

ქალაქში მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი მწერალი, კომპოზიტორი, მხატვარი, არქიტექტორი და ჟრნალისტი. მათ შორის ირინა ვილდე, ი. სტეციუკი და ვასილ სტუსი.

უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში (1991-დან)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა რამდენიმე სახელმწიფო. ლვივი ხდება „უკრაინის პიემონტი“ ნაციონალისტური ცვლილებების ფორპოსტი.

1998 წელს ქალაქის ცენტრი და წმინდა იურის საკათედრო ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

1999 წლის 14-15 მაისს ლვივში რკინიგზელთა სასახლეში გაიმართა ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრეზიდენტთა მეექვსე სამიტი. მრგვალი მაგიდის თემა იყო „ევროპული და რეგიონული ინტეგრაციის ადამიანური განზომილება და მისი როლი ახალი ევროპის მშენებლობაში“.

2001 წლის ივნისში ლვივს ეწვია რომის პაპი იოანე პავლე II, სადაც მან აღავლინა კათოლიკური მესა და მონაწილეობა მიიღო ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში.

2005 წელს უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების ვიქტორ იუშჩენკოსა და ალექსანდრე კვასნევსკის, ასევე რომაული და ბერძნულ-კათოლიკური კარდინალების მარიან იავორსკისა და ლიუბომირ გუზარის მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა ქალაქის პოლონელი დამცველების სამხედრო მემორიალი, რომლებიც დაიღუპნენ 1918 წელს პოლონეთ-უკრაინის ომის დროს.

ლვივის მოქალაქეები მტკიცედ უჭერდნენ მხარს ვიქტორ იუშჩენკოს 2004 წლის უკრაინის |საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნარინჯისფერ რევოლუციაში. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებმა აიძულა ადგილობრივი პოლიციის უფროსი გადამდგარიყო და ადგილობრივმა კრებამ გამოსცა დადგენილება, რომელიც უარს აცხადებდა თაღლითური პირველი არჩევნების ოფიციალური შედეგების მიღებაზე.[20]

2019 წელს ლვივის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე. პოროშენკოს მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 90%-ზე მეტი იყო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივის ეროვნული შემადგენლობა
2001 წლის მონაცემებით

უკრაინელები 639 000 (88,1 %)
რუსები 64 600 (8,9 %)
პოლონელები 6400 (0,9 %)
ბელარუსები 3100 (0,4 %)
ებრაელები 1900 (0,3 %)
სომხები 800 (0,1 %)
სულ 725 200

2001 წლის აღწერების მონაცემებით ლვივის მოსახლეობა შეადგენს 758 ადამიანს, ანუ 1989 წეთან შედარებით 57 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა.[21]

აღწერამდე ერთი წლით ადრე, 2000 წლის დეკემბერში, ლვივის ქალაქის განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა ქალაქის მოსახლეობის სპეციალური კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, ქალაქის 51-52% ქალია[22] ლვივის მოსახლეობის 48 % ცხოვრობდა საბჭოთა პერიოდის შენობებში, 40 % ავსტრიულ და პოლონურ შენობებში, დაახლოებით 11 % — პირად სექტორში.[22] მათგან 85 % უკრაინელი იყო, 12 % — რუსი. 79 % საუბრობდა უკრაინულად, 20 % — რუსულად.[22] 45 % მიეკუთვნებიდა უკრაინულ ბერძნულ-კათოლიკურ სარწმუნოებას, 31 % — უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიის კიევის საპატრიარქოს, 5 % — უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო 3 % — უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის სპატრიარქოს.[22]

ქალაქის საბჭოს მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1857 1869 1880 1890 1900 1910 1921 1931
70 384[23] 87 109[23] 109 746[24] 127 943[25] 159 877[26] 206 113[27] 219 388[28] 312 231[29]
1941 1943 1959 1970 1979 1989 2001 2021
215 646[30] 254 291[30] 410 678[31] 553 452[32] 667 243[33] 818 780[34] 758 526[35] 717 486

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს რომის კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციული ცენტრი და 2005 წლის 21 აგვისტომდე მდებარეობდა უკრაინის ბერძნულკათოლიკური ეკლესიის ცენტრი. ქალაქის მოსახლეობას აქვს რთული კონფესიური სტრუქტურა: დაახლოებით 35 % მიეკუთვნება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას, 11,5 % — უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, დაახლოებით 9 % — უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს, ხოლო 6 % — რომის კათოლიკურ ეკლესიას. გარდა ამისა ქალაქში არსებობს სხვა რელიგიური ორგანიზაციები: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო, სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ორთოდოქსი და რეფორმისტი იუდეველები და მრავალი სხვა პროტესტანტული ორგანიზაცია. ქალაქში მოქმედებს უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი და კიევის საპატრიარქოს სასულიერო სემინარია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივი ადმინისტრაციულად იყოფა 6 რაიონად[36], რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი მმართველი ორგანოები:

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივში ყველაზე პოპულარული მემარჯვენე და ნაციონალისტური ტენდენციების პოლიტიკური ძალებია; მემარცხენე პარტიებისა და რეგიონების პარტიის მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ შესამჩნევად მაღალია, ვიდრე ლვივის რეგიონის სხვა საარჩევნო ოლქებში. 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ ხმები ასე გადანაწილდა: პარტია ჩვენი უკრაინა — 34,4 %, იულია ტიმოშენკოს ბლოკი — 27,3 %, რეგიონების პარტია — 6,5 %, უკრაინის სოციალისტური პარტია — 3,0 %, უკრაინის კომუნისტური პარტია — 1,5 %. 2007 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველა აღნიშნულმა პარტიამ (გარდა სოციალისტებისა) უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო: პარტია ჩვენი უკრაინა — 35,3 %, იულია ტიმოშენკოს ბლოკი — 45,1 %, რეგიონების პარტია — 8,7 %, უკრაინის სოციალისტური პარტია — 1,0 %, უკრაინის კომუნისტური პარტია — 2,5 %.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივი რჩება უკრაინის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად. ქალაქში კონცენტრირებულია უკრაინის ნათურების წარმოების 95 %, სატვირთო მანქანების წარმოების — 100 %, ავტობუსების წარმოების — 11 %. XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქში 240 სხვადასხვა სახის საწარმო იყო განთავსებული.[37]

უკრაინის დამოუკიდებლობის წლებში საგრძნობლად შეიცვალა სამრეწველო წარმოების სტრუქტურა. 1960-იანი წლებიდან მრეწველობის წამყვანი დარგი იყო მანქანათმშენებლობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წამყვანი გახდა კვების მრეწველობა, რომლის მოცულობა 2001 წელს შეადგენდა 39,4 %-ს.[37]

უკანასკნელი ათწლეული ხასიათდება ტურიზმისა[38] და IT-ინდუსტრიის განვითარებით,[39] რამაც ლვივი გადააქცია უდიდეს ტურისტულ ობიექტად აღმოსავლეთ ევროპაში.

ლვივში მუშაობს 219 მსხვილი სამრეწველო და 9 000 მცირე საწარმო, 40 კომერციული ბანკი, 4 ბირჟა, 13 საინვესტიციო კომპანია, 80 სადაზღვევო ორგანიზაცია, 77 სააუდიტორიო და 24 სალიზინგო ფირმა.[40]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 6 კილომეტრში. აეროპორტს შეუძლია მიიღოს: Ан-12, −24, −26, −30, −124; Ил-14, −18, −76, −96; Ту-134, −154; Як-40, −42; Embraer 195, Boeing 737, Airbus A320, Boeing 767, Boeing 777. ასაფრენი ბილიკის ზომებია 3305 X 45 მეტრი. აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს 100 ადგილიანი სასტუმრო „ტუსტანი“.

ევრო 2012-ის წინა დღეებში გაიხსნა ახალი თანამედროვე ტერმინალი, რომელიც აღჭურვილია ტელესკოპური ტრაპებით.[41] რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასაფრენ ბილიკსაც.[42]

რკინიგზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივის სარკინიგზო მაგისტრალი ერთ-ერთი ყველაზე ძველია უკრაინაში. პირველი მატარებელი ლვივში შევიდა 1861 წლის 4 ნოემბერს ვენიდან.[43] 1866 წელს ხაზი გაგრძელდა ჩერნოვციმდე, ხოლო 1869 წელს — ბროდიმდე. XX საუკუნის დასაწყისში ლვივში ახალი სადგურის აშენების აუცილებლობა გაჩნდა. ქალაქის მთავარი სარკინიგზო კარიბჭის ახალი შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1904 წლის 26 მარტს. სადგური მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში, როგორც არქიტექტურულად, ასევე ტექნიკურად.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანელებმა დაბომბეს ლვივის რკინიგზა. განადგურდა რკინიგზის სადგური, სატვირთო სადგური, კლეპაროვის და პოძამჩეს სადგურები. დასავლეთ უკრაინის სსრკ-ის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ დაიწყო ლვივის რკინიგზის აღდგენა.

1941 წლის 22 ივნისს გერმანელებმა კვლავ გაანადგურეს ლვივის რკინიგზის სადგური. სარკინიგზო კვანძმა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანმა სტრატეგიულმა ობიექტმა, დიდი დარტყმა მიიღო.

ტრამვაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის შემადგენლობაში ყოფნის დროს ვენის შემდეგ პირველი ქალაქი იყო ლვივი სადაც 1880 წელს გაიხსნა საცხენოსნო ტრამვაი. ფუნქციონირებდა ორი ხაზი, რომელსაც წელიწადში საშუალოდ გადაჰყავდა 1 867 000 მგზავრი.

2005 წლის მონაცემებით ლვივის ტრამვაის პარკი მოითვლიდა 220 ვაგონს. ტრამვაის საერთო სიგრძე იყო 80 კმ. პარკის ვაგონების უმეტესობა არის ჩეხური ფირმა „ტატრას“ მიერ წარმოებული. 2020 წლის დასაწყისში ელექტროტრანსპორტით მგზავრობის ფასია 7 უკრაინული გრივნა მძღოლისგან ბილეთის შეძენისას ან 6 გრივნა საკრედიტო ბარათით.[44]

ტროლეიბუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქმა სწრაფად განვითარება დაიწყო. ტრამვაის ლიანდაგები ამოცვალეს ტროლეიბუსის ხაზებით. ტროლეიბუსმა ფუნქციონირება დაიწყო 1952 წლის 27 ნოემბერს. მოგვიანებით ახალი ხაზები გაიყვანეს გარეუბნებში. 1984 წელს ლვივში ააგეს სსრკ-ში პირველი ტროლეიბუსების დიაგნოსტიკის ექსპერიმენტულ-ინდუსტრიული საწარმო.[45][46][47]

ავტობუსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოსტსაბჭოთა პერიოდში გაუქმდა ავტობუსებით მომსახურება. სამარშრუტო ტაქსები გახდა ავტობუსების ალტერნატივა. ქალაქში ფუნქციონირებს სულ 89 მარშრუტი. სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ მოკლე ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში, დაახლოებით 6:00 საათიდან 23:00-24:00 საათამდე. პიკის საათებში სამარშრუტო ტაქსები ბევრ მარშრუტზე გადატვირთულია და მათი სიჩქარე დაბალია ხშირი საცობების გამო. სამარშრუტო ტაქსის ფასი მთელ ქალაქში არის 7 გრივნა. 2011-2012 წლებში გაიხსნა ახალი მარშრუტები № 1А, 2А, 3А, 4А, 5А, 6А, 47А, რომელიც ცენტრს აკავშირებს გარეუბნებთან.

მეცნიერება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრია. ქალაქში განთავსებულია 12 უნივერსიტეტი, 8 აკადემია, ათობით ინსტიტუტი (ჯამში ლვივში 59 უმაღლესი სასწავლებელია). ლვივში კონცენტრირებულია მნიშვნელოვანი სამეცნიერო პოტენციალი, იგი მეოთხე ადგილზეა უკრაინის ქალაქებს შორის მეცნიერებათა დოქტორების, მეცნიერებათა კანდიდატების, სამეცნიერო ორგანიზაციების რაოდენობის მიხედვით. ქალაქში ფუნქციონირებს უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 8 ინსტიტუტი, 40-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივის ოპერისა და ბალეტის თეატრი

დღეს ლვივი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. ქალაქი ცნობილია როგორც ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკისა და თეატრის ცენტრი. ამჟამად, თეატრების, საკონცერტო დარბაზების და შემოქმედებითი გაერთიანებების დიდი რაოდენობა ქალაქის კულტურული სიმდიდრის უდავო მტკიცებულებაა. ლვივში მდებარეობს 60 მუზეუმი და 10 თეატრი.

მუზეუმებიდან აღსანიშნავია ლვივის ისტორიული მუზეუმი (უკრაინაში სიდიდით მეორე ისტორიული მუზეუმი), ანდრეი შეპტიცკის სახელობის ეროვნული მუზეუმი, ლვივის ხელოვნების გალერეა, ეთნოგრაფიული მუზეუმი (უკრაინაში ერთადერთი მსგავსი ტიპის მუზეუმი), უკრაინაში პირველი საპყრობილე-მუზეუმი, აფთიაქი-მუზეუმი, არსენალის მუზეუმი და სხვა.

პირველი პროფესიონალური თეატრი ლვივში 1795 წელს გაიხსნა. ქალაქში მდებარეობს ოპერისა და ბალეტის თეატრი, მოქმედებს 7 კინოთეატრი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლვივის დაძმობილებული ქალაქები არიან[48]:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Білецький С. Т. Перша історична згадка про місто // Нариси історії Львова. — Львів, 1956. — С. 18—20.
  • Дудикевич Б. К., Івасюта М. К., Ковальчак Г. І. Львів // Історія міст і сіл Української РСР / Голова Головної комісії П. Т. Тронько. — К.: Українська радянська енциклопедія, 1968. — Т. 14. Львівська область. — С. 52—98.
  • Ісаєвич Я. Д. Львів // Енциклопедія історії України. — К.: Наукова думка, 2009. — Т. 6. — С. 320—338.
  • Історія Львова / Відп. ред. В. В. Секретарюк. — К.: Наукова думка, 1984. — 416 с.
  • Історія Львова: Короткий нарис. — Львів: Львівський університет, 1956. — 296 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Дудикевич Б. К., Івасюта М. К., Ковальчак Г. І. Львів // Історія міст і сіл Української РСР. — К.: Українська радянська енциклопедія, 1968. — Т. 14. Львівська область. — С. 52—53.
  2. 2.0 2.1 Ісаєвич Я. Д. Львів // Енциклопедія історії України. — Киев: Наукова думка, 2009. — Т. 6. — С. 321.
  3. Лев Данилович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — Санкт-Петербу́рг, 1890—1907.
  4. UNESCO World Heritage Committee Adds 30 Sites to World Heritage List
  5. Історико-культурний потенціал. Посольство України в Фінляндській республіці(უკრ.)
  6. BBC: Львову присвоєно статус культурної столиці України. BBCUkrainian(უკრ.)
  7. Події 2009 року, що змінили Львів. დაარქივებული 2010-01-03 საიტზე Wayback Machine. Офіційний портал Львівської міської ради(უკრ.)
  8. ТОП-10 вікендових міст Європи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-28.
  9. Львів — третій у рейтингу стратегії залучення прямих іноземних інвестицій. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-01.
  10. Субтельный О. Украина: История. — 1988. — ISBN 0-8020-8390-0. — С. 62.
    (Orest Subtelny — Ukraine: A History. Toronto: University of Toronto Press, p.62.)
  11. Символіка територіальної громади м. Львова. დაარქივებული 27 November 2012 საიტზე Wayback Machine. Статут територіальної громади міста Львова
  12. Геральдика міста. დაარქივებული 22 January 2010 საიტზე Wayback Machine. Львів відкритий для світу
  13. Клімат Львів
  14. Дашкевич, Я. Сарацени — таємничий народ середньовічної України (Джерела та їхня інтерпретація)
  15. Краснознамённый Киевский: Очерки истории Краснознамённого Киевского военного округа (1919—1979) / Изд. 2-е, испр. и доп. — К.: Политиздат Украины, 1979.
  16. Witold Wasilewski, Współpraca niemiecko-sowiecka a zbrodnia katyńska // «Pamięć i Sprawiedliwość», 1.2009, c. 50-55.
  17. Ісаєвич Я. Д. Львів // Енциклопедія історії України. — Т. 6. — К.: Наукова думка, 2009. — С. 335.(უკრ.)
  18. The Lviv Pogrom of 1941: The Germans, Ukrainian Nationalists, and the Carnival Crowd
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 Вуйцик В. С., Липка Р. М. Зустріч зі Львовом. Львів: Каменяр, 1987. Стр. 160—166.
  20. Tchorek, Kamil (26 November 2004). „Protest grows in western city“. Times Online. ციტირების თარიღი: 25 July 2009.
  21. Всеукраинская перепись населения
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 Садовий А. Населения Львова в дзеркалі опитування громадської думки (грудень 2000 року) დაარქივებული 2009-08-16 საიტზე Wayback Machine. (უკრ.)
  23. 23.0 23.1 Rocznik statystyki Galicyi 1894—1897. R. 5. — Lwów, 1898, s. 5.
  24. Oesterreichische Statistik. I. Band. 2. Heft. — Wien, 1882, s. 88—107.
  25. Oesterreichische Statistik. XXXII. Band. 1. Heft. — Wien, 1892, s. 106—125.
  26. Oesterreichische Statistik. Bd. 63. — Wien, 1903. H.2, s. 68—70.
  27. Österreichische Statistik. Neue Folge. 1. Band. 1. Heft. — Wien, 1912, s. 22—27.
  28. Pierwszy Powszechny Spis Rzeczypospolitej Polskiej z dnia 30 września 1921 roku. T. 27, Mieszkania, ludność, stosunki zawodowe: województwo lwowskie. — Warszawa, 1927, s. 3.
  29. Drugi Powszechny Spis Ludności z dn. 9.XII.1931 r. mieszkania i gospodarstwa domowe, ludność, stosunki zawodowe: Polska (dane skrócone). — Warszawa, 1937, s. 23.
  30. 30.0 30.1 Hryciuk, Grzegorz. Przemiany narodowościowe i ludnościowe w Galicji Wschodniej i na Wołyniu w latach 1931—1948. — Toruń, 2005.
  31. Перепись населения СССР 1959 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20.
  32. Перепись населения 1970 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-30. ციტირების თარიღი: 2016-07-04.
  33. Перепись населения 1979 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-29. ციტირების თარიღი: 2016-07-04.
  34. Всесоюзная перепись населения 1989 года. Численность городского населения союзных республик, их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу
  35. Всеукраинская перепись населения. Численность наличного населения и его распределение по полу — Львовская область — г. Львов (горсовет), приведены данные по собственно городу Львову без находящихся в его административном подчинении города Винники и [посёлков городского типа Брюховичи и Рудно
  36. Карта Львова. Официальный сайт Львовского городского совета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  37. 37.0 37.1 Назарук М. Роль промисловості у формуванні соціоекосистеми Львова в 20 столітті
  38. Львиная доля. Как Львов превратился в центр туризма №1 в Украине. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  39. Как Львов может стать одним из главных IТ-хабов Восточной Европы. AIN.UA (2016-07-06). ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  40. Львов деловой
  41. Во Львове открыт новый терминал международного аэропорта
  42. Новая полоса аэропорта «Львов» 8 июня примет первые самолёты[მკვდარი ბმული]
  43. Львівська залізниця :: Історія. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-19. ციტირების თარიღი: 2021-12-01.
  44. У Львові піднімлять вартість проїзду в елетротранспорті до 6 гривень. Варіанти. ციტირების თარიღი: 2020-01-22.
  45. Энциклопедия современной Украины: в 25 т. / Под ред. И. М. Дзюба и др. — Киев : 2005. — Т. 4. — С. 187 — ISBN 966-02-3354-X(უკრ.)
  46. Крат В. И.Владимир Филлипович Веклич // Коммунальное хозяйство городов. Киев: Техника — 1998. — № 17. — С. 3-9. — ISSN 0869-1231(უკრ.)
  47. Веклич В. Ф. Диагностирование технического состояния троллейбусов. — М.: Транспорт, 1990. — 295 с. — 15 000 экз. — ISBN 5-277-00934-5
  48. Міста-партнери. Официальный сайт Львовского городского совета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2011-06-22.