კრისტიან V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიან V
დანიისა და ნორვეგიის მეფე
კორონაცია: 7 ივნისი, 1671, ჰილერედი, დანია
მმართ. დასაწყისი: 9 თებერვალი, 1670
მმართ. დასასრული: 25 აგვისტო, 1699
წინამორბედი: ფრედერიკ III
მემკვიდრე: ფრედერიკ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 აპრილი, 1646
დაბ. ადგილი: ფლენსბურგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 25 აგვისტო, 1699, (53 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი
შვილები: ფრედერიკ IV, დანიის მეფე
კრისტიანი
სოფია ჰედვიგი
კარლი
ვილჰელმი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ III, დანიის მეფე
დედა: სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

კრისტიან V (დან. Christian 5., ნორვ. Christian V; დ. 15 აპრილი, 1646 — გ. 25 აგვისტო, 1699) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის უფროსი ვაჟი. დანიისა და ნორვეგიის მეფე 1670-99 წლებში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიანი დაიბადა 1646 წლის 15 აპრილს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის პირველი შვილი. იგი მისი მშობლების ტახტზე ასვლამდე ორი წლით ადრე დაიბადა. 1650 წლიდან, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველები დედამისი და კრისტიანი იყვნენ. ამ ამბიდან მალევე, კრისტიანი თავისი ამალითურთ ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა, რა დროსაც ეწვია გერმანიას, საფრანგეთს, ჰოლანდიასა და ინგლისს. ამ მოგზაურობისას იგი შეხვდა ახალგაზრდა ლუი XIV-ს, რომელმაც თავისი აბსოლუტიზმის იდეებით გამსჭვალა კრისტიანი, რომელიც დანიაში 1663 წლის აგვისტოში დაბრუნდა. 1664 წლიდან, პირველად დანიის სამეფო ოჯახის ისტორიაში კრისტიანმა უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. აქამდე, როგორც წესი მემკვიდრეები განათლებას სასახლეში ღებულობდნენ. 1665 წელს იგი ოდენსესა და ვიბორგს ესტუმრა, 1666 წლის სექტემბერში კი ნორვეგიაში წავიდა, საიდანაც მალევე დაბრუნდა. 1670 წლის 9 თებერვალს, მამის გარდაცვალების შემდეგ კრისტიან V დანიისა და ნორვეგიის მეფე გახდა, რომელიც მეფედ 1671 წელს ეკურთხა. მისი კორონაცია ამდენ ხანს იმიტომ გაჭიანურდა, რომ მეფემ ახალი გვირგვინის ჩამოსხმა მოითხოვა, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე გადაადნობინა რათა მისთვის სასურველი ფორმა ჰქონოდა.

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი პიროვნული გამბედაობისა და თანაგრძნობის უნარის გამო, მეფე კრისტიანი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მისი იმიჯი საშინლად შეინახა ჩრდილოეთის ომში დანიის დამარცხების გამო. ომმა დანიის მთლიანი ეკონომიკური რესურსები შთანთქა ყოველგვარი მოგების გარეშე. იგი აგრძელებდა დედ-მამის მცდელობასა და დანიაში აბსოლუტიზმის დამყარებას, როგორც ეს ლუი XIV-მ ჩააგონა, მაგრამ ამაოდ. მან 1673-74 წლებში თანამდებობიდან მოხსნა უამრავი გამოცდილი და ქვეყნისათვის კეთილის მოსურნე მინისტრი, რომლებმაც დატოვეს დანია და შვედების მხარეს გადავიდნენ. ასევე შვედეთის მხარეს იყვნენ კრისტიანის საყვარელი ფრანგები. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გერმანელი იყო. საფრანგეთისა და შვედეთის წინააღმეგ, რომლებიც ევროპის უძლიერესი ძალები იყვნენ, კრისტიანმა 1675-76 წლებში კავშირი შეკრა ჰოლანდიასთან. შვედეთ-დანიის ომი იუტლანდიაში არ გადასულა და ძირითადად სკანდინავიაში, კერძოდ კი ნორვეგიაში მიმდინარეობდა. შვედებმა ნორვეგიის მთიანი რეგიონები მიიტაცეს, რის გამოც დანიამაც და ნორვეგიამაც დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადა. ამის გამო, 1676 წელს იგი შვედებს დაუზავდა.

ამ ომის დასრულებისა და დანია-შვედეთის ალიანსის განსამტკიცებლად, კრისტიანმა თავისი და, ულრიკა ელეონორა დანიელი ცოლად შვედეთის მეფე კარლ XI-ს შერთო. კრისტიანი იმედოვნებდა, რომ თუ შვედეთის ტახტზე დანიელი დედოფალი იჯდებოდა საქმე კარგად წავიდოდა, მაგრამ მეფეს დანიელთა მოძულე დედამისი მართავდა და ულრიკა ელეონორას არანაირი ძალაუფლება არ ჰქონია. კრისტიან XI-ის დედის, დედა-დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელის მეოხებით 1689 წელს დანია-შვედეთის ომები კვლავ განახლდა.

კარლ XI არასდროს ყოფილა შვედეთის საზღვრებს გარეთ, კრისტიან V-მ კი მხოლოდ დანიური და გერმანული ენები იცოდა, ამიტომაც ორ მეფეს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის პრობლემდებოდა. როგორც ცნობილია, ისინი უცხოელ დიპლომატებსა და მრჩევლებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

1683 წელს კრისტიან V-მ შემოიღო სამეფო კარზე ქცევის ახალი კოდექსი, რომლის მოდელიც ინგლისისაგან აიღო. 1688 წელს გამოსცა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ყველას უნდა მოეხდინა თავისი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და თუ დასაშვებზე მეტი ექნებოდა, იგი მონარქის საკუთრებაში გადადიოდა. კრისტიანის მმართველობისას, დანიური ვაჭრობის მთავარ პროდუქტად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იქცა. ამ დროს გაყიდულმა საქონელმა ორჯერ გადააჭარბა ფრედერიკ III-ის დროს არსებულს. დანიური საქონელი ძირითადად გერმანიაში გადიოდა, რომელთა მთავარი ბაზებიც ლიუბეკი, ვედელი, შტადი და ჰამბურგი იყო, ამიტომაც კრისტიანი ყოველთვის ცდილობდა გერმანელებთან თბილი ურთიერთობის შენარჩუნებას. გარდა გერმანიისა, დანიური ძროხები, მარცვლეული და თევზეული აქტიურად იყიდებოდა ბალტიისპირა ქვეყნებში. მხოლოდ 1680 წლისთვის, გაყიდული ძროხების რაოდენობამ 40, 000-ს მიაღწია. დანიური მარცვლეულის დიდი ნაწილი ნიდერლანდებში გადიოდა, სადაც დიდი მოთხოვნა იყო მასზე. კრისტიან V, ვაჭრობის გარდა ხელს უწყობდა ისეთი მეცნიერებების განვითარებას, როგორიცაა ასტრონომია. მიუხედავად ამისა, თავად მეფე ნაკლებად განათლებული იყო სამეცნიერო საგნებში და დიდად არც ინტერესდებოდა მათი შესწავლით.

კრისტიან V გარდაიცვალა 1699 წლის 25 აგვისტოს, 53 წლის ასაკში, ნადირობისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში. მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ფრედერიკ IV ავიდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან V-მ 1667 წლის 25 ივნისს ცოლად შეირთო ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ვილჰელმ VI-ისა და მისი ცოლის, ჰედვიგ სოფია ბრანდენბურგელის ასული — შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი. ცნობილია, რომ მათ ბედნიერი ქორწინება არ ჰქონიათ და მეფე-დედოფალი ერთმანეთისგან შორს იყო. შარლოტას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი კრისტიანის დედასთანაც. სწორედ ამიტომ, კრისტიანს არაერთი საყვარელი და არალეგიტიმური შვილი ჰყავდა, მაგრამ დედოფალთან მას რვა შვილი შეეძინა. კრისტიანის გარდაცვალების შემდეგ, შარლოტამ მეორე ქორწინებაზე უარი განაცხადა და იგი 1714 წელს გარდაიცვალა, 63 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრედერიკ IV (1671-1730), დანიის მეფე 1699-1730 წლებში, პირველად იქორწინა ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველზე, მისი გარდაცვალების შემდეგ მალულად იქორწინა ელიზაბეთ ელენა ფონ ვიერეგზე, რომელიც დედოფალი არ ყოფილა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად ანა სოფია ფონ რევენტლოვზე. მას სამივე ცოლთან სულ ცხრა შვილი ჰყავდა;
  2. კრისტიან ვილჰელმი (1672-1673), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. კრისტიანი (1675-1695), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. სოფია ჰედვიგი (1677-1735), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  5. კრისტიანა შარლოტა (1679-1689), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. კარლი (1680-1729), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  7. მკვდარშობილი გოგონა (1683);
  8. ვილჰელმი (1687-1705), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;

არალეგიტიმური შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიანს თავის საყვარელ სამსეს გრაფინია სოფია ამალია მოთთან ჰყავდა ექვსი არალეგიტიმური შვილი:

  1. კრისტიანა (1672-1689);
  2. კრისტიანი (1673-1703);
  3. სოფია (1675-1684);
  4. ანა (1676-1689);
  5. ულრიკი (1678-1719);
  6. უცნობი ქალიშვილი (1682-1684);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Written by the Frederiksborg's historian staff on the official website of the institution.
  • "Christian V." (2007). In Encyclopædia Britannica. Retrieved 9 January 2007, from Encyclopædia Britannica Online.
  • Jespersen, Knud J.V. The Introduction of Absolutism Archived 11 August 2006 at the Wayback Machine. Gyldendal Leksikon, quoted by The Ministry of Foreign Affairs of Denmark, on Denmark's official web site.
  • Nielsen, Kay Søren (1999). Christian V – Konge og sportsmand. The Royal Danish Arsenal Museum, Net Publications, 1999.
  • Upton, Anthony F. (1998). Charles XI and Swedish Absolutism, 1660–1697. Cambridge University Press, 1998. ISBN 0-521-57390-4.
  • Jespersen, Knud J.V. Denmark as a Modern Bureaucracy Archived 11 August 2006 at the Wayback Machine. Gyldendal Leksikon, quoted by The Ministry of Foreign Affairs of Denmark, on Denmark's official web site.