კეროლ გრეიდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეროლ გრეიდერი
Carol W. Greider

კეროლ გრეიდერი 2014 წელს
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1961
დაბ. ადგილი სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ბიოლოგი, molecular biologist, გენეტიკოსი და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, კოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორია და ჯონს ჰოპკინზის სამედიცინო სკოლა
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი (სანტა-ბარბარა)
სამეცნიერო ხარისხი სტომატოლოგია
მეუღლე Nathaniel C. Comfort[1] [2]
ჯილდოები ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[3] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[4] [5], გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, პოლ ერლიხისა და ლუდვიგ დარმშტედტერის პრემია, ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[6] , დიქსონის პრემია მედიცინაში, Pearl Meister Greengard Prize, როზენსტილის პრემია[7] , Richard Lounsbery Award[8] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, მერილენდელი ქალების დიდების დარბაზი[9] , Clarivate Citation Laureates[10] და AACR Award for Outstanding Achievement in Cancer Research
საიტი greiderlab.org

კეროლინ უიდნი (კეროლ) გრეიდერი (ინგლ. Carolyn Widney "Carol" Greider; დ. 15 აპრილი, 1961, სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი. 2009 წელს ელიზაბეტ ბლეკბერნთან და ჯეკ შოსტაკთან ერთად ქრომოსომების სტაბილურობის დაცვაში ტელომერებისა და ფერმენტ ტელომერაზას როლის კვლევისთვის მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეიდერი დაიბადა სან-დიეგოში (კალიფორნია) 1961 წელს. მამამისი იყო ფიზიკის პროფესორი. გრეიდერს აქვს დისლექსიის პრობლემა, რომლის დაძლევას ის დიდი შრომით ცდილობდა.[11]

1983 წელს გრეიდერმა ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სანტა-ბარბარაში. მომდევნო წელს ჩაირიცხა ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაში და შეუერთდა ელიზაბეტ ბლეკბერნის გუნდს. გრეიდერი და ბლეკბერნი ერთობლივად მუშაობდნენ უჯრედებში ქრომოსომების სტაბილურობის დაცვის მექანიზმებზე და აღმოაჩინეს ფერმენტი ტელომერაზა, რომელიც მათ თავდაპირველად მტკნარი წყლების უმარტივესი ტეტრაჰიმენას ორგანიზმიდან გამოყვეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტელომერაზა დნმ ფრაგმენტებს ამატებს ტელომერს და ამგვარად უნარჩუნებს ქრომოსომას ფუნქციურ მდგრადობას. 1987 წელს გრეიდერმა მიიღო დოქტორის ხარისხი მოლეკულურ ბიოლოგიაში და შემდგომი სამეცნიერო მუშაობისთვის ნიუ იორკის ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიაში გადავიდა. იქ მან გააგრძელა ტელომერაზას კვლევა და 1994 წელს ლაბორატორიის მთავარ მკვლევარად დაინიშნა.[12][13]

1990-იანი წლების შუა ხანებში გრეიდერის კვლევების ძირითად საგანი ტელომერების სიგრძე და უჯრედის სიკვდილში მისი როლი გახდა. გრეიდერი ეჭვობდა, რომ ტელომერაზას ნორმალური რეგულირების დარღვევა ხელს უწყობდა გარკვეული სიმსივნეების განვითარებას. მან დაადგინა, რომ ტელომერაზას აქტიურობის ინჰიბირება დისფუნქციური ტელომერების შემცველ სიმსივნურ უჯრედებში ხელს უწყობდა უჯრედის სიკვდილს და, ამგვარად, აფერხებდა სიმსივნის ზრდას. ამ აღმოჩენამ ტელომერაზა ანტისიმსივნური პრეპარატების პოტენციურ სამიზნედ აქცია.[12]

1997 წელს გრეიდერი გახდა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ასოცირებული პროფესორი, 1999 წელს — სრული პროფესორი, ხოლო 2001 წელს — ონკოლოგიის პროფესორი. 2003 წელს მიიღო დანიელ ნათანზის სახელობის პროფესორის პოზიცია და დაინიშნა ჯონს ჰოპკინზის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის დეპარტამენტის დირექტორად. შემდგომ წლებშიც განაგრძობდა ტელომერებისა და ტელომერაზის როლის კვლევას კიბოს განვითარებაში, ასევე სწავლობდა ტელომერების დამოკლების გავლენას დაბერებასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე. მიღებული აქვს არაერთი საპატიო წოდება და პრიზი, მათ შორის, გაირდნერის ფონდის საერთაშორისო ჯილდო (1998, ბლეკბერნთან ერთად), ლიუის როზენშტილის ჯილდო ბაზისურ სამედიცინო მეცნიერებებში გამორჩეული შრომისთვის (1998, ბლეკბერნთან ერთად), ალბერტ ლასკერის ჯილდო ბაზისურ სამედიცინო მეცნიერებებში (2006, ბლეკბერნთან და შოსტაკთან ერთად), უილის პრემია ბიოსამედიცინო მეცნიერებებში (2006, ბლეკბერნთან ერთად). 2009 წელს ელიზაბეტ ბლეკბერნთან და ჯეკ შოსტაკთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში.[12][13] 2014 წელს მიენიჭა ბლუმბერგის სახელობის გამორჩეული პროფესორის წოდება ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში.[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. TRUCKS R. THE 49ERS: ORAL HISTORIES OF AMERICANS FACING 50; #134: CAROL GREIDERMcSweeney's, 2013.
  2. Carol W. Greider, Ph.D.Maryland State Archives, 2011.
  3. 2006 Albert Lasker Basic Medical Research Award - Telomerase and its implications for aging and cancerLasker Foundation.
  4. Carol W. Greider – Biographical. // nobelprize.orgNobel Foundation.
  5. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.
  6. https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2010-2001-awardees
  7. https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
  8. https://www.nasonline.org/programs/awards/richard-lounsbery-award.html
  9. https://msa.maryland.gov/msa/educ/exhibits/womenshall/html/whflist.html
  10. https://clarivate.com/citation-laureates
  11. Kathy Crockett. „Carol Greider, Scientist, Nobel Prize Winner“. Yale University. The Yale Center for Dyslexia & Creativity. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2020.
  12. 12.0 12.1 12.2 Carol W. Greider, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 16 თებერვალი, 2020.
  13. 13.0 13.1 Carol W. Greider, Nobel Media AB. ნანახია 16 თებერვალი, 2020.
  14. Brooks, Kelly. (February 17, 2014) With Bloomberg Distinguished Professorships, Johns Hopkins aims to foster cross-specialty collaboration. Johns Hopkins University. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2020.