კერაკის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერაკის ციხესიმაგრე
მდებარეობა ელ-ქარაქი, იორდანიის დროშა იორდანია
ფუნქციური სტატუსი ციხესიმაგრე
მფლობელი ტრანსიორდანია, აიუბიდები, მამლუქები, ოსმალეთი.
ისტორია
თარიღდება 1142
კერაკის ციხესიმაგრე — იორდანია
კერაკის ციხესიმაგრე
კერაკის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

კერაკის ციხესიმაგრეჯვაროსანთა დიდი ზომის ციხესიმაგრე დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე, ქალაქ ელ-ქარაქში. იგი ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრე იყო ლევანტში, რომელსაც ჯვაროსნები ფლობდნენ. იგი აშენდა 1142 წელს, პაიენ დი მილისა და ფულკ იერუსალიმელის მიერ. ჯვაროსნების პერიოდში მას ეწოდებოდა Crac des Moabites ან „კერაკი მოაბში“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაიენი იყო ტრანსიორდანიის ლორდი და კერაკის ციხე მისი ძალაუფლების ცენტრი იყო, რომელმაც სამხრეთში მდებარე მონრეალის შედარებით სუსტი ციხე ჩაანაცვლა. იქიდან გამომდინარე, რომ კერაკის ციხე მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა მას შეეძლო გაეკონტროლებინა სირიიდან ეგვიპტისა და მექის მიმართულებით მიმავალი ბედუინთა სავაჭრო ქარავნები. პაიენის მემკვიდრეებმა, მისმა ძმისწულმა მორისმა და ფილიპმა ციხესიმაგრეს დაამატეს კოშკები და დაიცვეს ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები ორი ღრმა კლდოვანი თხრილით (სამხრეთი თხრილი ასევე გამოიყენებოდა, როგორც ცისტერნა). ყველაზე კარგად გადარჩენილი ჯვაროსანთათვის დამახასიათებელი არქიტექტურული ნიშანი შემორჩა ჩრდილოეთ კედელზე, სადაც ორ დონეზე დგას უზარმაზარი თაღოვანი დარბაზები. ეს ადგილები გამოიყენებოდამ, როგორც საცხოვრებელი კვარტლები და თავლები, მაგრამ ასევე იყო საბრძოლო გალერეა და თავშესაფარი იმ დროს, როდესაც ქალაქს ლოდებს უშენდნენ.

1176 წელს კერაკი რენო დე შატიიონმა ჩაიგდო ხელში, მას შემდეგ, რაც იქორწინა სტეფანია დე მილზე,რომელიც იყო ონფრუა III თორონელის ქვრივი (ონფრუა II თორონელის რძალი). კერაკიდან რენო (რეინალდი) თავს ესხმოდა აქლემთა ქარავნებს და მექაზე თავდასხმაც კი სცადა. 1183 წელს სალადინმა ალყაში მოაქცია ციხე რაინალდის თავდასხმების საპასუხოდ. ალყის დროს მიმდინარეობდა ონფრუა IV თორონელისა და ისაბელა I-ის საქორწინო ცერემონიები. გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად სალადინმა უარი თქვა იმ კვარტლების მიმართულებით ლოდების ტყორცნაზე, სადაც ქორწილი მიმდინარეობდა. კერაკი ალყისგან საბოლოოდ გაათავისუფლა ბალდუინ IV იერუსალიმელმა.

ჰატინის ბრძოლის შემდეგ (1187), სალადინმა ალყა შემოარტყა და აიღო კერაკი 1189 წელს. 1263 წელს, მამლუქთა სულთანმა ბეიბარსმა გააფართოვა ციხე და ააშენა ახალი კოშკი ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში.

1834 წელს კერაკის ციხე ალყაში მოაქციეს პალესტინის გლეხთა აჯანყების მეთაურებმა. 1840 წელს იგი დაიპყრო იბრაჰიმ ჰაშამ და ფორტიფიკაციების უდიდესი ნაწილი დაანგრია. 1844 წელს მისი ჯარისკაცები, რომლებიც ჯერ ისევ ციხესიმაგრეში იყვნენ ალყაში მოაქციეს. დაიწყო შიმშილი და უამრავი მათგანი დაიღუპა.[1]

ოსმალეთის იმპერიის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაბეთის ნახევარკუნძულის, ეგვიპტისა და დიდი სირიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული მდებარეობის გამო.

1893 წელს ოსმალეთის მმართველმს წრეებმა აღადგინა მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლი და მათი გამგებელი კერაკში დასვეს. თან მიუჩინეს 1 400 კაციანი გარნიზონი, მათ შორის 200 კავალერისტი. ციხესიმაგრის ნაწილები კვლავ გამოყენებადი გახდა. მისი შემადგენელი ქვის ბლოკები მოიშალა კალიუმის ნიტრატის გამოყენების გამო, რომელსაც დენთის დასამზადებლად იყენებდნენ.[2] შუასაუკუნეების მკვლევარი ისტორიკოსი პოლ დეშამპსი 1920-იან წლებში სწავლობდა ჯვაროსანთა ციხეებს. დეშამპსის მიერ ჩატარებულ მნიშვნელოვან კვლევების შედეგად, 1929 წელს მან და არქიტექტორმა ფრანსუა ანუსმა შექმნეს კერაკის ციხის პირველი ზუსტი გეგმები.[3]

2016 წლის 18 დეკემბერს ციხე ტერორისტული თავდასხმის ადგილი იყო. ათი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა, უმრავლესობა იყო იორდანიის უშიშროების ძალების თანამშრომელი და ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე დაიღუპა ერთი კანადელი ტურისტი.[4]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა პალატა
ზედა პალატა

ციხე ვრცელდება პლატოს სამხრეთ განშტოებაზე. ეს არის ჯვაროსნული არქიტექტურის მნიშვნელოვანი მაგალითი, დასავლური ევროპული, ბიზანტიური და არაბული დიზაინის ნარევი. მისი კედლები გაძლიერებულია მართკუთხა კოშკებით. მისი ვრცელი დარბაზები მხოლოდ პატარა ჭრილებითაა განათებული. ციხე აქვს ღრმა, წყლით სავსე თხრილი, რომელითაც იგი იზოლირებულია დასავლეთით მდებარე დანარჩენი გორისაგან. თხრილი დამახასიათებელი ნიშანია ასეთი სასახლეებისათვის. ციცაბო დაქანებები კარგადაა გადახურული იმავე პრინციპით, როგორც კრაკ-დე-შევალიე. მიუხედავადდ იმისა, რომ კერაკი წარმოადგენს მძლავრ დიდ ციხესიმაგრეს, იგი ნაკლებადაა დახვეწილი ვიდრე სხვა ჯვაროსანთა ციხეები, როგორიცაა კრაკი. კერაკის ქვები ნაკლებად დამუშავებულია.

ციხის ქვედა პალატაში არის კარაკის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც ახლად იქნა გახსნილი 2004 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ. მუზეუმში თავმოყრილია კერაკის სასახლის მიმდებარე რეგიონების (მოაბის მიწა) ისტორიული მასალა — პრეისტორიიდან ისლამურ ერამდე. კერაკის ციხესა და ქალაქში ჯვაროსანთა და მუსლიმთა ისტორია დეტალურად არის წარმოდგენილი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Palestine Exploration Fund Quarterly Report (1896). Page 328
  2. Palestine Exploration Fund Quarterly Report, (1896).
  3. Kennedy (1994), pp. 5–6
  4. Husseini, Rana (December 18, 2016). „Death toll in Karak attacks rises to 14, including four terrorists“. Jordan Times. ციტირების თარიღი: 19 December 2016.