კარლო ემანუელე II (სავოია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლო ემანუელე II
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 4 ოქტომბერი, 1638
მმართ. დასასრული: 12 ივნისი, 1675
წინამორბედი: ფრანჩესკო ჯაკინტო
მემკვიდრე: ვიტორიო ამადეო II
რეგენტი: კრისტინა მარია ფრანგი
(1638-1648)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ივნისი, 1634
დაბ. ადგილი: ტურინი, იტალია
გარდ. თარიღი: 12 ივნისი, 1675, (40 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, იტალია
მეუღლე: ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი
(ქ. 1663 - გარდ. 1664)
მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი
(ქ. 1665)
შვილები: ვიტორიო ამადეო II, სარდინიის მეფე
დინასტია: სავოიელები
მამა: ვიტორიო ამადეო I, სავოიის ჰერცოგი
დედა: კრისტინა მარია ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

კარლო ემანუელე II სავოიელი (იტალ. Carlo Emanuele II di Savoia; დ. 20 ივნისი, 1634 — გ. 12 ივნისი, 1675) — სავოიის ჰერცოგი 1638-1675 წლებში. სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ის ვაჟი. 1638-1648 წლებში ქვეყანას დედის, კრისტინა მარია ფრანგის რეგენტობის ქვეშ მართავდა. სავოიის ჰერცოგის, შემდგომში კი სიცილიისა და სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო II-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო ემანუელე დაიბადა 1634 წლის 20 ივნისს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და მისი მეუღლის, კრისტინა მარია ფრანგის შუათანა ვაჟი. მას სახელი პაპის, სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ის პატივსაცემად დაარქვეს. დედის ხაზით იგი საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და დედოფალ მარია მედიჩის შვილიშვილი იყო. მისი დაბადებიდან სამ წელიწადში, 1637 წელს მამამისი დაიღუპა, რის გამოც ჰერცოგი მისი უფროსი ძმა, ფრანჩესკო ჯაკინტო გახდა, რომელსაც რეგენტად მათი დედა, კრისტინა მარია დაენიშნა. სულ რამდენიმე თვეში, 1638 წელს 6 წლის ფრანჩესკო ჯაკინტო დაიღუპა, რის გამოც ახალი ჰერცოგი კარლო ემანუელე II გახდა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად ასევე დედამისი დაენიშნა. კრისტინა მარია ქვეყანას 1648 წლამდე მართავდა, რა დროსაც სავოიაში საოცრად გაიზარდა ფრანგული გავლენა.

1648 წლიდან კარლო ემანუელემ დამოუკიდებელი მმართველობა დაიწყო. იგი ცნობილი გახდა იმით, რომ დაიწყო რელიგიური უმცირესობის — ვალდენსების სასტიკი დევნა, რაც საბოლოოდ 1655 წლის დიდი ხოცვა-ჟლეტით, რომელიც ისტორიაში „პიემონტის აღდგომის“ სახელითაა ცნობილი, რადგან აღდგომას დაამთხვიეს. მისი აზრით, მათი ამოხოცვით ისევე აღზევდებოდა კათოლიკური რწმენა მწვალებლობაზე როგორც ქრისტე აღზევდა სიკვდილზე. ხოცვა-ჟლეტა იმდენად სასტიკი და უმოწყალო იყო, რომ ინგლისელმა პოეტმა ჯონ მილტონმა მას სონეტაც კი მიუძღვნა. ინგლისის ლორდ-პროტექტორმა ოლივერ კრომველმა დაგმო მისი ქმედება და ვალდენსებს დასახმარებლად ბრიტანული გემები გაუგზავნა. მათი დახმარება პირადად დაავალა სერ სამუელ მორლანდს. მოგვიანებით სამუელმა დაწერა ქრონიკები პიემონტის ხეობების ევანგელისტური ეკლესიების შესახებ. 1655 წლის ხოცვა მხოლოდ დასაწყისი იყო სავოიელ-ვალდენსების ომებისა (1655-1690), რომელიც შემდეგ განვითარდა. ვალდენსებმა პარტიზანული ომი წამოიწყეს და თავს ესხმოდნენ კათოლიკურ ეკლესია-მონასტრებს.

კარლო ემანუელემ რეალური ძალაუფლება მხოლოდ 1663 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ აიღო ხელში. რამდენიმე წელიწადში მან ომი გამოუცხადა გენუის რესპუბლიკას, რადგანაც ხმელთაშუა ზღვაზე უფრო ფართო გასასვლელის მოპოვება სურდა. ყოველივე ეს სავოია-გენუას მეორე ომში (1672-1673) გადაიზარდა, რომელიც საბოლოოდ მეზობელი საფრანგეთის ჩარევის შედეგად დასრულდა, სრულიად უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ მისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერცია და აღორძინდა ეკონომიკა. ამ დროს განვითარდა ნიცას პორტი და ალპების გავლით გაიყვანეს გზა სავოიიდან საფრანგეთამდე. მანვე განახორციელა არმიის რეორგანიზაცია. კერძოდ, დიდი და მოუქნელი ლაშქრის ნაცვლად ჩამოაყალიბა პიემონტის ხუთი პოლკი და რეკრუტირება გაუკეთა კავალერიას. მანვე აღადგინა იტალიური ომების დროს დანგრეული სავოიური ციხე-სიმაგრეები და ააგო უამრავი სასახლე, რის გამოც მას ხშირად ადარებენ მის თანამედროვე ლუი XIV-ს, რომელიც ვერსალის სასახლის აგებითაა ცნობილი.

კარლო ემანუელე II გარდაიცვალა 1675 წლის 12 ივნისს ტურინში, სრულიად მოულოდნელად, თავის ორმოცდამეერთე დაბადების დღემდე სულ ერთი კვირით ადრე. იგი დაკრძალულია ტურინის საკათედრო ტაძარში.

ცოლები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1659 წლიდან დედამისმა მისთვის საცოლის ძებნა დაიწყო. თავდაპირველად კრისტინა მარიამ არჩევანი იტალიური წარმოშობის ფრანგ დიდგვაროვანზე, მარია ჯოვანა ბატისკა სავოიელ-ნემურელზე შეაჩერა. იგი ტურინშიც კი ჩაიყვანა, რა დროსაც წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა, მაგრამ კარლო ემანუელეს დედამ მათი ქორწინება ჩაშალა. დედის გავლენით იგი 1663 წლის 3 აპრილს დაქორწინდა თავისი ბიძის, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონის შუათანა ასულ ფრანსუაზ მადლენ ორლეანელზე. წყვილს შვილები არ ჰყოლია. ფრანსუაზ მადლენი ქორწილიდან მალევე, 1664 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. ვინაიდან ამ დროს კრისტინა მარია უკვე გარდაცვლილი იყო, კარლო ემანუელემ 1665 წლის 20 მაისს იქორწინა თავის საყვარელ მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელზე, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი ვაჟი:

რამდენადაც ცნობილია, თავისი საყვარლებისაგან კარლო ემანუელეს რამდენიმე უკანონო შვილი ჰყავდა:

  • კრისტინა იპოლიტა (?-1730), ცოლად გაჰყვა მასერანოს გრაფ კარლო ფერერო-ფიეჩის;
  • ლუიზა ადელაიდა (1662-1701), მონაზონი;
  • ჯუზეპე (1664-1736), ლუჩედოს აბატი;
  • კარლო ფრანჩესკო (?-1749), დელე ლანცეს გრაფი;
  • კარლო (?-1740), სალეზის გრაფი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Oresko, Robert (2004). "Maria Giovanna Battista of Savoy-Nemours (1644-1724): daughter, consort, and Regent of Savoy". In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 16–55. ISBN 0-521-81422-7.