კარლ I (ვიურტემბერგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ I
ვიურტემბერგის მეფე
მმართ. დასაწყისი: 25 ივნისი, 1864
მმართ. დასასრული: 6 ოქტომბერი, 1891
წინამორბედი: ვილჰელმ I
მემკვიდრე: ვილჰელმ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 მარტი, 1823
დაბ. ადგილი: შტუტგარტი, გერმანია
გარდ. თარიღი: 6 ოქტომბერი, 1891, (68 წლის)
გარდ. ადგილი: შტუტგარტი, გერმანია
მეუღლე: ოლღა ნიკოლაევნა რომანოვა
სრული სახელი: კარლ ფრიდრიხ ალექსანდერი
დინასტია: ვიურტემბერგელები
მამა: ვილჰელმ I, ვიურტემბერგის მეფე
დედა: პაულინა ვიურტემბერგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

კარლ I (გერმ. Karl I.; დ. 6 მარტი, 1823, შტუტგარტი, ვიურტემბერგის სამეფო — გ. 6 ოქტომბერი, 1891, შტუტგარტი, გერმანიის იმპერია) — ვიურტემბერგის მეფე 1864 წლიდან გარდაცვალებამდე. მეფე ვილჰელმ I-ისა და დედოფალ პაულინას ვაჟი. ცოლად ჰყავდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ასული ოლღა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი დაიბადა 1823 წლის 6 მარტს შტუტგარტში. იგი იყო ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ პაულინა ვიურტემბერგელის ერთადერთი ვაჟი. მას ორი ღვიძლი და ჰყავდა, თუმცა მათ გარდა მამის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ერთი ნახევარ-დაც, ნიდერლანდების დედოფალ სოფიას სახით. როგორც მეფის უფროსი ვაჟი, კარლი დაბადებიდანვე კრონპრინცად გამოცხადდა. მან განათლება ჯერ ბერლინში, შემდეგ კი ტიუბინგენში მიიღო.

ქორწინება და მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ოლღა და მეფე კარლი

1846 წლის 13 ივლისს კარლმა ცოლად შეირთო დიდი მთავარი ოლღა ნიკოლაევნა რომანოვა, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას (ალექსანდრა ქალიშვილობაში ცნობილი იყო, როგორც შარლოტა პრუსიელი. იგი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზას ქალიშვილი, ასევე გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ის და) ასული. უკვე 1864 წლის 25 ივნისს, მამის გარდაცვალების გამო კარლ I ვიურტემბერგის ახალი მეფე გახდა.

კარლის ჰომოსექსუალობის გამო მეფე-დედოფალს შვილები არ ჰყოლია. თავისი ორიენტაციის გამო იგი ხშირად ეხვეოდა სკანდალში, თუმცა მამაკაცებთან რომანტიკულ ურთიერთობებს განაგრძობდა. მისი ურთიერთობებიდან ყველაზე ცნობილია რომანი ამერიკელ ჩარლზ ვუდკოკთან. მოგვიანებით კარლი და ჩარლზი მეტად შორს წავიდნენ და მეფეს დედოფლის ნაცვლად მასთან ერთად დადიოდა შეხვედრებზე. საბოლოოდ, სხვების გავლენით წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ჩარლზიც აშშ-ში დაბრუნდა, კარლმა კი ახალი ურთიერთობა დაიწყო ტექნიკურ დირექტორ ვილჰელმ გეორგთან.

1870 წელს უშვილო დედოფალმა ოლღამ თავისი ძმის, დიდ მთავარ კონტანტინ ნიკოლაევიჩის ასული ვერა კონსტანტინოვნა იშვილა.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1866 წლის ავსტრია-პრუსიის ომის დროს კარლი ავსტრიას მიემხრო, თუმცა სადოვის ბრძოლის შემდეგ მხარე შეიცვალა და პრუსიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის გამო 1870-71 წლის საფრანგეთ-პრუსიის ომში იგი იძულებული გახდა პრუსიის მხარეს ებრძოლა. სწორედ მისი მმართველობის დროს, 1870 წელს გაერთიანდა გერმანია პრუსიის გვირგვინქვეშ.

1891 წლის 6 ოქტომბერს კარლ I 68 წლის ასაკში გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც ვიურტემბერგის ახალი მეფე მისი დისწული, ვილჰელმ II გახდა, რომელიც ვიურტემბერგის უკანასკნელი მეფე აღმოჩნდა, რამეთუ მის დროს, 1918 წელს დაემხო მონარქია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Queen Olga of Württemberg. Traum der Jugend goldener Stern, Reutlingen, Günther Neske, 1955
  • Jette Sachs-Colignon. Königin Olga von Württemberg, Stieglitz, 2002
  • Paul Sauer. Regent mit mildem Zepter. König Karl von Württemberg, Deutsche Verlags-Anstalt Stuttgart, 1999
  • Sabine Thomsen. Die württembergischen Königinnen. Charlotte Mathilde, Katharina, Pauline, Olga, Charlotte – ihr Leben und Wirken [The Queens of Wuerttemberg: Charlotte Matilde, Katharina, Pauline, Olga, Charlotte – Their Lives and Legacies]. Silberburg-Verlag, 2006.
  • Justus Perthes, Almanach de Gotha 1891 (1891) page 90
  • "Toison Espagnole (Spanish Fleece) - 19th century" (in French), Chevaliers de la Toison D'or. Retrieved 2018-08-10.
  • "Karl I, King of Württemberg". Unofficial Royalty. 2017-05-14. Retrieved 2018-05-23.
  • Kessler, P L. "Kingdoms of Germany - Württemberg". www.historyfiles.co.uk. Retrieved 2018-05-23.