კათრინ ჰოვარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კათრინ ჰოვარდი
Catherine Howard

კათრინ ჰოვარდის მინიატურული პორტრეტი, რომელიც შეასრულა ჰანს ჰოლბიენ უმცროსმა
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 28 ივლისი 1540
მმართ. დასასრული: 23 ნოემბერი 1541
წინამორბედი: ანა კლეველი
მემკვიდრე: კათრინ პარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1523
დაბ. ადგილი: ლემბეთი, ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 13 თებერვალი 1542 (18-19 წლის)
გარდ. ადგილი: ტაუერი, ლონდონი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: 13 თებერვალი 1542
ტაუერი, ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ჰენრი VIII, ინგლისის მეფე
დინასტია: ჰოვარდები
მამა: ლორდი ედმუნდ ჰოვარდი
დედა: ჯოის კალპეპერი
ხელმოწერა:

კათრინ ჰოვარდი (ინგლ. Catherine Howard; დ. 1523 - გ. 13 თებერვალი 1542) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1540-41 წლებში, როგორც ჰენრი VIII-ის მეხუთე ცოლი. 1540 წლის 28 ივლისს ის (როცა 16-17 წლის იყო) დაქორწინდა ჰენრიზე (რომელიც 49 წლის იყო), მაშინ როცა მეფე ახალი გაყრილი იყო თავის მეოთხე ცოლ ანა კლეველთან.

1541 წლის ნოემბერში კათრინი და ჰენრი განქორწინდნენ, რის შემდეგაც ისევე როგორც ჰენრის მეორე ცოლს ენ ბოლეინს, კათრინსაც ბრალი დასდეს ღალატში და გაასამართლეს. სასამართლომ, რომელსაც მეფე მართავდა კათრინს ღალატისთვის ბრალი დასდო და 1542 წლის 13 თებერვალს მას თავი მოჰკვეთეს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათრინ ჰოვარდი იყო ძლევამოსილი ინგლისელი დიდგვაროვნის ლორდ ედმუნდ ჰოვარდისა და მისი ცოლის, ჯოის კალპეპერის ასული. კათრინის მამიდა, ლედი ელიზაბეთ ჰოვარდი იყო ინგლისის დედოფალ ენ ბოლეინის დედა. აქედან გამომდინარე კათრინი და ენი ბიძაშვილ-მამიდაშვილები გამოდიან, ხოლო ენის ქალიშვილი, დედოფალი ელისაბედ I, მისი გერიც გამოდის და მამდაშვილის შვილიც. მამამისი მართალია ძლევამოსილი დიდებული იყო, თუმცა მემკვიდრის პრობლემა ჰქონდა. მისი უამრავი შვილიდან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, რომელთაგან უფროსი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა და მთელი ქონება უმცროს ვაჟს რჩებოდა.

როდესაც კათრინის მშობლები დაქორწინდნენ დედამისს პირველი ქორწინებიდან უკვე ხუთი შვილი ჰყავდა, მან მეორე ქმართან კიდევ ექვსი შვილი იყო. კათრინი დედისთვის მეათე, ხოლო მამისთვის მეოთხე შვილი იყო. 1528 წელს კათრინის დედა გარდაიცვალა, მამამისი კი კიდევ ორჯერ დაქორწინდა. 1531 წელს ედმუნდი დაინიშნა კალეს კომენდანტად. 1539 წლის დამდეგს იგი თანამდებობიდან მოხსნეს, ამავე წლის მარტში კი გარდაიცვალა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათრინ ჰოვარდი დაახლოებით დაიბადა 1523 წელს, ლემბეთში. დედის გარდაცვალების შემდეგ, (1528 წ.) როცა იგი ხუთი წლის იყო ის თავის ძმებთან ერთად წავიდა თავისი ახალი დედინაცვლის, ნორფოლკის ქვრივი ჰერცოგინიის დასახვედრად. მას შემდეგ რაც მამამისმა მეორე ცოლი შეირთო კათრინის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მან თავისი გერები სასექსში გააგზავნა განათლების მისაღებად, რეალურად კი იმიტომ, რომ მათ ვერ იტანდათ. ზოგადად ეს ინგლისელი არისტოკრატების ტრადიცია იყო, რომ მათ შვილები განათლების მისაღებად სახლიდან შორს უნდა გაეგზავნათ. თუმცა კათრინი თავის და-ძმებთან ერთად შინ მალე დაბრუნდა.

დედინაცვალი გერებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდათ. ამიტომ კათრინი თავის დებთან ერთად ხშირად ერთობოდა და დადიოდა ბანკეტებზე. ჰენრის სხვა ცოლებისგან განსხვავებით კათრინი დიდი განათლებით არ გამოირჩევა, თუმცა იგი თავისი ხელოვნური კითხვით ყველას აოცებდა. კათრინის ხასიათი აღწერილია როგორც ცოცხალი, ხალისიანი და გაბედული, რომელსაც არასდროს ჰყვარებია სწავლა და არ იყო ერთგული. მისი ინტერესის სფერო ვრცელდებოდა ცეკვასა და იუმორზე. მას ასევე უყვარდა ცხოველების გამოკვება, ცნობილია, რომ სასახლის ძაღლებს ის თავისი ხელით აჭმევდათ.

1536 წელს ჰორსჰემის სასახლეში ცხოვრებისას 16 წლის კათრინმა თავისი 36 წლის მუსიკის მასწავლებელი ჰენრი მანოქსი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა და უჩივლა კიდეც, რასაც გამოძიების წამოწყება მოჰყვა. სულ ორ კვირაში ჰენრიმ აღიარა, რომ მართლაც ახორციელებდა მოსწავლეზე ზეწოლას, თუმცა მასთან სერიოზული ფიზიკური კონტაქტი არასდროს ჰქონია. კათრინმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მასწავლებელი მას ინტიმურ ადგილებში ეხებოდა და მოსთხოვდა მისი უმანკოების მიცემას, თუმცა როგორც ჩანს მან თავი კარგად დაიცვა მოძალადისგან.

გამოჩენა სამეფო კარზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ანა კლეველი

კათრინს ბიძამისმა, ნორფოლკის ჰერცოგმა დედოფალ ანა კლეველის ფრეილინად უპოვნა ადგილი. როგორც ახალგაზრდა და ლამაზმა ქალმა, კათრინმა მალე მიიქცია მეფის ყურადღება, რომელსაც გამუდმებით ქალებისკენ გაურბოდა თვალი და ახალ საკბილოს ეძებდა. მეფე ჰენრის ნაკლებად აინტერესებდა თავისი ცოლი, დედოფალი ანა კლეველი. მეფეს ის პორტრეტზე მოეწონა, ხოლო როცა უკვე ქორილის დრო მოვიდა და ის მის წინაშე წარსდგა საერთოდ არ მოეწონა, რის გამოც სულ სხვა ქალებზე გაურბოდა თვალი. კათრინი კათოლიკე იყო, ისევე, როგორც ჰოვარდების მთელი გვარი. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ კათრინს სათანადოდ გამოიყენებდნენ შეძლებდნენ ინგლისში რომაული ეკლესიის აღდგენას.

რაც უფრო იზრდებოდა ჰენრის ინტერესი კათრინისადმი, მით უფრო იზრდებოდა ინგლისში ჰოვარდების ძალაუფლება. კათრინის ახალგაზრდობა, ლამაზი სახე და მოქნილი ტანი ყველა ინგლისელ დიდგვაროვანს ატყვევებდა და გამონაკლისი არც მეფე ყოფილა. სამეფო კარზე გამოჩენიდან ერთ თვეში ჰენრიმ მას დიდი მამულები და საოცარი ნაჭრები აჩუქა. ჰენრი მას უწოდებდა "ვარდი ტახტის გარეშე"-ს. საფრანგეთის ელჩი შარლ დე მარილაკი ამბობდა, რომ კათრინი ძალიან ლაღი იყო და ჰქონდა ნაზი, გულწრფელი სახე.

ქორწინება და დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათრინ ჰოვარდის გერბი დედფლობისას

ჰენრი VIII და ანა კლეველი 1540 წლის 9 ივნისს განქორწინდნენ. ამავე წლის 28 ივლისს ჰენრი და კათრინი დაქორწინდნენ.

კათრინი იყო ძალიან ახალგაზრდა, მხიარული და მზრუნველი. იგი ძალიან იწყენდა, როდესაც საქმე ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარებაზე მიდგებოდა. თომას ჰენეჯი ყოველ ღამით მიდიოდა მეფესთან და დედოფლის დღის მოვლენებს უყვებოდა. კორონაცია ჯერ არ იგეგმებოდა, ამიტომ იგი ამ დროისთვის უგვირგვინო დედოფლად რჩებოდა. მისი კორონაციის თარიღი უცნობია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ის დედოფლად ეკურთხა. იგი ყოველთვის ძვირფას სამკაულებს ატარებდა და იცვამდა ძვირადღირებული და გემოვნებიანი ფრანგული მოდის მიხედვით. ცნობილია, რომ დედოფალს ყოველდღე ახალი ტანსაცმელი ეცვა და ერთ კაბას ორჯერ არასდროს იცვამდა.

1540 წლის აგვისტოში წყვილი თაფლობის თვეში ბუკინგემის სასახლეში იყო. 29 აგვისტოს მათი თაფლობის თვე უკვე დასრულდა და მეფე საკმაოდ ცუდი განწყობით დაუბრუნდა სამეფო საბჭოს. მეფემ თავის ახალგაზრდა დედოფალს უფლება მისცა თავისი გემოვნებით გაერემონტებინა სამეფო სასახლე. ამას მოჰყვა მათი პირველი საერთო შობა და საოცარი საჩუქრები.

ზამთარში მეფის ცუდი ნაწყობა კიდევ უფრო გაიზარდა. იგი გულჩათხრობილი და ბრაზიანი გახდა. ნანობდა რომ მოკლა კრომველი, რომელიც კათრინთან ქორწინების წინააღმდეგი იყო. მარტში შეიძლება ითქვას, რომ მეფე ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომელიც აღდგომამდე გაგრძელდა.

მალე დედოფალმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ორსულად იყო. ამან მეფეს ცოტა გუნება გამოუკეთა, თუმცა 15 აპრილს ექიმებმა შეამოწმეს კათრინი და განაცხადეს, რომ ის ორსულად არ იყო, რის გამოც მეფეს კიდევ უფრო გაუცივდა გული ცოლის მიმართ.

დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათრინ ჰოვარდის მიერ თომას კალპეპერისადმი მიწერილი სასიყვარულო წერილი

სავარაუდოა, რომ 1541 წლის დასასრულს კათრინმა უკვე დაკარგა ჰენრის სიყვარული თომას კალპეპერის გამო, რომელიც როგორც ამბობენ საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი იყო და დედოფალს თავი შეაყვარა. კალპეპერი კათრინს მისდამი გაგზავნილ სასიყვარულო წერილში უწოდებდა "ჩემი პატარა, ტკბილი სულელი"-ს. ასევე ცნობილია, რომ ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი დაქორწინებაზეც ფიქრობდა, რაშიც მათ ხელს ჰენრის წინა ცოლი, ყოფილი დედოფალი ანა კლეველი უწყობდათ. წყვილი საიდუმლოდ ხვდებოდა ერთმანეთს კათრინის ფრეილინა ჯეინ ბოლეინის წყალობით, რომელიც ენ ბოლეინის ძმის, ჯორჯ ბოლეინის მეუღლე იყო.

კათრინისა და თომასის შესახებ ჭორები მთელს ინგლისს ძალიან მალე მოედო. შემოდგომიდან მდგომარეობა ძალიან გამწვავდა ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც ადგილობრივ დიდგვაროვნებს და არა მხოლოდ მათ, არ მოსწონდათ დედოფლის ქმედებები. ამ დროისთვის ჰენრი ეჭვობდა ცოლზე, თუმცა დანამდვილებით არაფერი იცოდა.

კენტებერგის არქიეპისკოპოსმა ტომას კრანმერმა დაუყოვნებლივ მოისურვა დედოფლის დაკითხვა და მისი კონკურენტების - კათოლიკე ჰოვარდთა საგვარეულოს სამუდამოდ მოცილება. პირველ რიგში დედოფლის ფრეილინა, ლედი ჯეინ ბოლეინი, რომელსაც წამებით სიკვდილის იმდენად შეეშინდა, რომ იმ წუთასვე ყველაფერი მოყვა. მან განაცხადა, თუ როგორ უშვებდა კალპეპერს დედოფლის ოთახში და შემდეგ მარტო ტოვებდათ.

გამოძიების დროს დედოფლის პირად ნივთებში იპოვნეს საგულდაგულოდ დამალული კალპეპერის ხელით ნაწერი სასიყვარულო წერილი. ეს არის ერთად-ერთი წერილი რომელიც გადარჩა და ჩვენამდე მოაღწია, დანარჩენები სავარაუდოდ თავად დედოფალმა გაანადგურა.

1541 წლის 1 ნოემბერს, ყველაწმინდის დღეს, მეფე სამეფო სამლოცველოში იყო და წმინდა ქალწულის სახელზე ლოცულობდა. მან იქვე მიიღო დედოფლის დაკავების ორდერი. 1541 წლის 7 ნოემბერს კრანმერის გამოძიებისა და მეფის მიერ ბოძებული ორდერის საფუძველზე სამეფო საბჭოს ვიცე-პოლკოვნიკმა კათრინი დააკავა და დასაკითხად წაიყვანა. ვიცე-პოლკოვნიკმა თავად დაკითხა დედოფალი რომელმაც საკმაოდ გულწრფელად და არაგონივრულად გასცა საკუთარი თავი. პოლკოვნიკმა მეფეს მიუგო, რომ დედოფალმა დანაშაული აღიარა და მისთვის მკაცრი მეთვალყურეობდა დაეწესებინა, რადგან მისი ნალაპარაკებიდან გამომდინარე, შესაძლოა სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა.

გასამართლება და სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათრინ ჰოვარდი 1540 წელს

კათრინმა მშვენივრად იცოდა, რომ თუ ის აღიარებდა თომასთან ურთიერთობას ჰენრი მას გაეყრებოდა და იგი სიცოცხლეს სამუდამო სირცხვილსა და სიღატაკეში დაასრულებდა. ამ მიზეზით დედოფალმა განაცხადა, რომ მეფეს ნებაყოფლობით კი არ უღალატა, არამედ ის გააუპატიურეს.

1541 წლის 23 ნოემბერს კათრინს ჩამოერთვა ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის ტიტული, იგი დააპატიმრეს და სეიონის სააბატოში გამოკეტეს. კათრინ ჰოვარდი საბოლოოდ იძულებული გახდა მოეხსნა სამეფო ბეჭედი, რომელიც მეფემ თავის ყოფილ ცოლს ანა კლეველს დაუბრუნა. სწორედ ეს ბეჭედი იყო სამეფო უფლებამოსილებისა და რეგლამენტის სიმბოლო. მეფე ჰემპტონის სასახლეში გადავიდა და კათრინი აღარასოდეს უნახავს. მიუხედავად მათი ასეთი დაშორებისა, მათი ქორწინება ოფიციალურად არ გაუქმებულა.

1541 წლის 10 დეკემბერს მეფის ბრძანებით ჩამოახრჩეს თომას კალპეპერი. მემატიანეთა ცნობით მის ცხედარს დამარხვა არ აღირსეს და ლონდონის ხიდზე ჩამოკიდეს. ასევე დააკავეს კათრინის ყველა ნათესავი და ლონდონის ტაუერში გამოკეტეს, გარდა ბიძამისის ნორფოლკის ჰერცოგისა, რომელმაც მეფეს დიდად საბოდიშო წერილი და ძვირფასეულობა გაუგზავნა.

ნორფოლკის ვაჟი ჰენრი ჰოვარდი, სურეის ერლი, მეფის საყვარელი პოეტი იყო. როცა მან მისი გვარის დაპატიმრების შესახებ შეიტყო, მიხვდა, რომ მასაც იმავე ელოდა და მეფეს გულწრფელად სთხოვა მისი ბიძაშვილის ნაცვლად პატიება. იგი გადარჩა, თუმცა 14 დეკემბერს კათრინის დის შვილსა და დედინაცვალს თავები მოჰკვეთეს. მთელი ჰოვარდის გვარის წარმომადგენლები პატიმრობაში რჩებოდნენ, მათი მთელი ქონება კი ჩამორთმეული იყო. დროთა განმავლობაში ისინი გაანთავისუფლეს და ქონებაც აღუდგინეს.

თავად კათრინი კი დიდ გაურკვევლობაში იყო, მანამ სანამ 1542 წლის 10 თებერვალს პარლამენტმა განაჩენი არ გამოუტანა. განაჩენის მიხედვით ყოფილ დედოფალს სიკვილით დასჯა მიესაჯა. როგორც მეფის ყოფილ ცოლს სიკვდილით დასჯის შედარებით უმტკივნეულო მეთოდი - საჯაროდ თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დადგენილების აღსრულება ორშაბათ დღეს, 1542 წლის 13 თებერვალს უნდა მომხდარიყო. მანამდე კათრინი ტაუერში იქნა გადაყვანილი და გამოკეტილი.

კათრინმა სასჯელის აღსრულება ჯალათს წინა ღამით სთხოვა, როდესაც უარი მიიღო მთელი ძალით მიარტყა თავი ბლოკის კედელს. კათრინი დასჯის წინ ძალიან შეშინებული იყო. მან ეშაფოთზე ასვლა ვერ შეძლო და დახმარება ითხოვა. სიკვდილის წინ თავადვე თქვა, რომ მისი სასჯელი იყო "ღირსეული და სამართლიანი", მან ხალხს პატიება და მისი სულისთვის ლოცვა სთხოვა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "მე მოვკვდები როგორც დედოფალი, თუმცა მკლავენ ისე, თითქოს კალპეპერის ცოლი ვიყო !". მიუხედავად ასეთი სიტყვით გამოსვლისა ხალხი მას მხარს არ უჭერდა. ტრადიციულად ხალხი სიკვდილმისჯილისგან ელოდა სევდასა და თავისმართლებას, ხოლო როცა მან ქედმაღლური სიტყვა თქვა, ამას დიდი ჩოჩქოლი და ხალხის შეძახილები მოჰყვა, როგორიცაა: "სიკვდილი მოღალატეს !". კათრინმა თავი ქვითინით დადო, ჯალათმა კი მას თავი ნაჯახის ერთი მოქნევით წააცალა.

კათრინის შემდეგ თავი მოჰკვეთეს მის მოკავშირე ლედი როჩფორდს. ისინი დაკრძალეს ჰენრის მეორე ცოლის ენ ბოლეინის და მისი ძმის ჯორჯ ბოლეინის გვერდით, რომელთაც ასევე თავები მოჰკვეთეს. მათ ბრალი ედებოდაც ინცესტში. ამ დღეს თავი მოჰკვეთეს კათრინის ბიძაშვილ ჰენრი ჰოვარდს, სურეის ერლს. ჰენრი VIII მათ სიკვდილით დასჯას არ დასწრებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Letters and Papers; Weir, Henry VIII, p.437.
  • Correspandance; Weir, Henry VIII, p.437.
  • "Letter of Queen Catherine Howard to Master Thomas Culpeper, Spring 1541". Catherine Howard. Englishhistory.net. Retrieved 31 December 2013.
  • Correspondance Politique; Calendar of State Papers, Spanish; Weir, Henry VIII, p.456-7.
  • Lord Edmund Howard, Catherine Howard's father, was the brother of Lady Elizabeth Howard, mother of Anne Boleyn (second wife of Henry VIII of England), making Catherine Howard and Anne Boleyn first cousins.
  • "Unknown woman, formerly known as Catherine Howard". National Portrait Gallery. Retrieved 11 May 2018.
  • Wagner & Schmid 2012, p. 38 Anne of Cleves was queen consort from 6 January – 9 July 1540. Until 1752, the year commenced on Lady Day, 25 March.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ანა კლეველი
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი
28 ივლისი 1540 - 23 ნოემბერი 1541
შემდეგი:
კათრინ პარი