ირკუტსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ირკუტსკი
Иркутск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა Q4376063?, Oktyabrsky Okrug, Sverdlovsky Okrug და Leninsky Okrug
კოორდინატები 52°17′00″ ჩ. გ. 104°18′00″ ა. გ. / 52.28333° ჩ. გ. 104.30000° ა. გ. / 52.28333; 104.30000
მმართველი Dmitry Berdnikov[1]
დაარსდა 1661
ფართობი 277,35 კმ²
ცენტრის სიმაღლე 440
მოსახლეობა 600 ათ. კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+9
სატელეფონო კოდი 3952
საფოსტო ინდექსი 664xxx
ოფიციალური საიტი irkutsk.ru www1.irkutsk.ru/ irkutsk.ru
ირკუტსკი — რუსეთი
ირკუტსკი

ირკუტსკი (რუს. Иркутск) — ქალაქი რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში. ირკუტსკის ოლქისა და ირკუტსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ტრანსციმბირის მაგისტრალის სარკინიგზო და სატრანსპორტო კვანძი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 600 ათ. ადამიანი. მდებარეობს ანგარის ნაპირებზე, მდინარე ირკუტის შერწყმის ადგილზე, ბაიკალის ტბიდან 66 კილომეტრში. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. ბაიკალის რიფტულ ზონასთან სიახლოვის გამო ქალაქში ხშირად აღინიშნება სუსტი ბიძგები. მსხვილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრია. მრეწველობის წამყვანი დარგებია ავიამშენებლობა, ჰიდროენერგეტიკა და კვების პროდუქტების წარმოება.

ციმბირის უძველესი ქალაქია. დაარსდა 1661 წელს როგორც ციხე-ქალაქი. 1686 წლიდან ქალაქია. 1753 წლიდან ირკუტსკის გუბერნიის ცენტრი, ციმბირისა (1803 წლიდან) და აღმოსავლეთ ციმბირის (1822 წლიდან) გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია. მონღოლეთთან და ჩინეთთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტი. ცარიზმის დროს ირკუტსკი და ირკუტსკის გუბერნია პოლიტიკურ დამნაშავეთა გადასახლების ადგილს წარმოადგენდა.

XIX საუკუნის შუა წლებიდან ქალაქში განვითარდა მრეწველობა. 1879 წლის ძლიერი ხანძრის შედეგად ქალაქი დაზარალდა. ქალაქის ისტორიული ცენტრი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. შემორჩენილია ხის ხუროთმოძღვრების ანსამბლი, სხვადასხვა სტილის ქვის ნაგებობები, „ციმბირის ბაროკოს“ სტილში ნაგები ეკლესიები. ოქტომბრის რევოლუციამდე იყო სავაჭრო ქალაქი.

ირკუტსკი მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის წყალსაცავის სიახლოვეს, უახლოეს დიდ ქალაქ ულან-უდედან 439 კილომეტრში. შემოგარენში ხშირია მდელოები, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-არყნარი და სხვ. ქალაქის ფართობია — 27 998 ჰა; აქედან საქალაქო განაშენიანება იკავებს — 11 950 ჰა-ს, ტყე — 6350 ჰა-ს, წყლის სივრცე — 2870 ჰა-ს, ხოლო მდელოები და ჭალა — 4260 ჰა-ს. ქალაქის რელიეფი დანაწევრებულია. სიმაღლე 420-550 მ ფარგლებში მერყეობს. განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიაა ტყეპარკი — სინიუშინა გორა და სხვ.

ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება მდინარე ირკუტისაგან, რომლის სიახლოვეს 1661 წელს დაარსდა ირკუტსკის ციხე-ქალაქი. თავდაპირველად ციხე-ქალაქს ეწოდებოდა იანდაშსკი. სემიონ რემეზოვის 1701 წლის კარტოგრაფიულ ნახაზებზე აღნიშნულია როგორც „გრად ირკუცკოი“.

ირკუტსკში არის 112 სკოლამდელი და 77 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლობს 59 ათ. ადამიანი. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან აღსანიშნავია: ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დაარსდა 1918 წელს), ირკუტსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ირკუტსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ირკუტსკის სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტი, ბაიკალის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ. არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი, რომელიც მოქმედებს 1925 წლიდან.

ქალაქში არის თეატრი, მუზეუმი. ფუნქციონირებს 381 სპორტული ნაგებობა, რომელთაგან 200-მდე მუნიციპალურია. მოქმედებს კულტურისა და ხელოვნების 107 დაწესებულება.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]