იზაბელა დ’ესტე (1474-1539)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელა დ’ესტე
წოდებები
მანტუის მარკიზა
დაიბადა 19 მაისი, 1474
ფერარა, იტალია
გარდაიცვალა 13 თებერვალი, 1539, (64 წლის)
მანტუა, იტალია
საგვარეულო დ’ესტეები
მეუღლე(ები) ფრანჩესკო II, მანტუის მარკიზი
შვილ(ებ)ი ელეონორა, ურბინოს ჰერცოგინია
ფედერიკო II, მანტუის ჰერცოგი
იპოლიტა
ერკოლე
ფერანტე, გუასტალის გრაფი
ლივია
მამა ერკოლე I, ფერარის ჰერცოგი
დედა ელეონორა ნეაპოლელი
რელიგია კათოლიციზმი

იზაბელა დ’ესტე (იტალ. Isabella d'Este; დ. 19 მაისი, 1474, ფერარა, იტალია — გ. 13 თებერვალი, 1539, მანტუა, იტალია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. ფერარისა და მოდენის ჰერცოგის ასული. მანტუის მარკიზ ფრანჩესკო II-ის ცოლი და მანტუის პირველი ჰერცოგის, ფედერიკო II-ის დედა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილ ნახატზე „მონა ლიზა“ სწორედ ისაა გამოსახული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელა დაიბადა 1474 წლის 19 მაისს ფერარაში. იგი იყო ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ერკოლე I-ისა და მისი მეუღლის, ელეონორა ნეაპოლელის უფროსი ქალიშვილი. დედამისი თავად ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ის ასევე უფროსი ქალიშვილი იყო.

მისი დაბადებიდან მალევე გაჩნდა იზაბელას და, პრინცესა ბეატრიჩე, რასაც მოჰყვა ტყუპი ძმების, ალფონსოსა და ფერანტეს დაბადება. იზაბელას მათთან ცხოვრების ბოლომდე ახლო და ერთობ თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ცნობილია ისიც, რომ მრავალი შვილიდან იზაბელა ყოველთვის მშობლების ფავორიტი იყო. ამის გამო მან იმ დროისათვის საკმაოდ კარგი განათლება მიიღო, ისწავლა ბერძნული და ლათინური ენები, ისტორია, მუსიკა და ა.შ.

იზაბელას ქმარი, ფრანჩესკო II გონძაგა

1480 წელს, ჯერ კიდევ ექვსი წლის იზაბელა დაინიშნა მანტუის მარკიზის უფროს ძეზე, პრინც ფრანჩესკო გონძაგაზე, მის მზითვად კი 25,000 დუკატი განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმრო გარეგნული მშვენიერებით არ გამოირჩეოდა, იზაბელა მას „აღმერთებდა მისი სიძლიერისა და სიმამაცის“ გამო. მოგვიანებით, 1490 წლის 11 თებერვალს 15 წლის იზაბელა მარიონეტულად დაქორწინდა ფრანჩესკოზე, რასაც 15 თებერვალს ნამდვილი ქორწინებაც მოჰყვა, რითაც იგი მანტუის ახალი მარკიზა გახდა.

ქორწინებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ იზაბელამ პირველი ბავშვი გააჩინა, რომელსაც დედის პატივსაცემად ელეონორა დაარქვა. 1502 წელს იზაბელას ძმა, პრინცი ალფონსო ცოლად ირთავს რომის პაპის ქალიშვილ ლუკრეცია ბორჯიას, რომელმაც მაშინვე გააბა რომანი იზაბელას ქმართან, ფრანჩესკოსთან. მემატიანეთა დახასიათებით მათი რომანი უფრო „სექსუალური ხასიათისა იყო, ვიდრე რომანტიკული“. მათმა რომანმა იზაბელაზე ცუდად იმოქმედა, საბოლოოდ კი ფრანჩესკოს სიფილისიც დაემართა, თუმცა უცნობია ეს ლუკრეციასგან გადაედო თუ ფერარაში ყოფნისას ბორდელში სტუმრობისას შეხვდა.

მიუხედავად ამისა, იზაბელა მანტუის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა. 1509 წელს ფრანჩესკო ვენეციელებს ჩაუვარდათ ტყვედ, რა დროსაც მარკიზატს იზაბელა მართავდა რეგენტის სტატუსით. იგი ამ თანამდებობას 1512 წლამდე, ანუ ფრანჩესკოს დაბრუნებამდე ფლობდა. 1519 წლის 19 მარტს ფრანჩესკო გარდაიცვალა, რის გამოც ტახტს მათი მცირეწლოვანი ძე, ფედერიკო იკავებს, რომელსაც რეგენტად იზაბელა დაენიშნა. ამ პერიოდში იგი მფარველობდა ხელოვნებას, რასაც მოჰყვა რენესანსული კულტურის მანტუაში შესვლა.

1527 წელს იზაბელამ დატოვა მანტუა და რომში გაემგზავრა. მანტუაში დაბრუნების შემდეგ მან განაგრძო თავისი ძველი საქმიანობა და სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა ხელოვნებას, ააშენა გოგონათა სასწავლებელი, მუზეუმი და ცდილობდა, რომ მანტუა „მეორე ფლორენციად“ ექცია. იგი გარდაიცვალა 1539 წლის 13 თებერვალს მანტუაში, 64 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელას ქმრისაგან რვა შვილი შეეძინა:

  1. ელეონორა (1493-1570), ცოლად გაჰყვა ურბინოს ჰერცოგ ფრანჩესკო მარია I დელა როვერეს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. მარგერიტა (1496), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ფედერიკო II (1500-1540), მანტუის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მონფერატის მარკიზა მარგერიტა პალეოლოგინა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ლივია (1501-1508), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. იპოლიტა (1503-1570), მონაზონი;
  6. ერკოლე (1505-1563), კარდინალი და მანტუის ეპისკოპოსი;
  7. ფერანტე (1507-1557), გუასტალის გრაფი, ცოლად შეირთო იზაბელა კაპუელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  8. ლივია (1508-1569), მონაზონი;

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alessandro Luzio: La Galleria dei Gonzaga - Appendice B: I ritratti d'Isabella d'Este. Mailand 1913 (Dokumentation der wichtigsten kunstbezogenen Briefe)
  • Jan Lauts: Isabella d’Este. Fürstin der Renaissance. 1474–1539. Marion von Schröder Verlag, Hamburg 1952.
  • George R. Marek: The Bed and the Throne: The Life of Isabella d'Este. Harper and Row, New York 1976, ISBN 0-06-012810-0, S. ix.
  • Valentino Brosio: La rosa e la spada. Isabella d’Este e Francesco Gonzaga. Turin 1980.
  • Sylvia Ferino-Pagden: „La prima donna del mondo“ Isabella d’Este. Fürstin und Maezenatin der Renaissance. Ausstellungskatalog. Kunsthistorisches Museum, Wien 1994.
  • Mauda Bregoli-Russo: Teatro dei Gonzaga al tempo di Isabella d'Este. Bern/ Frankfurt am Main u. a. 1997, ISBN 0-8204-3124-9.
  • Raffaele Tamalio: Isabella d'Este, marchesa di Mantova. In: Mario Caravale (Hrsg.): Dizionario Biografico degli Italiani (DBI). Band 62: Iacobiti–Labriola. Istituto della Enciclopedia Italiana, Rom 2004.
  • Clifford M. Brown: Isabella d'Este in the Ducal Palace in Mantua : an Overview of Her Rooms in the Castello di San Giorgio and the Corte Vecchia. Rom 2005, ISBN 88-8319-998-7.
  • Francis Ames-Lewis: Isabella and Leonardo : the Artistic Relationship Between Isabella d'Este and Leonardo da Vinci, 1500–1506. New Haven (Conn.) 2012, ISBN 978-0-300-12124-7.
  • Sally Anne Hickson: Women, Art, and Architectural Patronage in Renaissance Mantua. Matrons, Mystics, and Monasteries. Farnham 2012, ISBN 978-1-4094-2752-0.
  • Sarah D. P. Cockram: Isabella d'Este and Francesco Gonzaga. Power Sharing at the Italian Renaissance Court. Ashgate, Farnham 2013, ISBN 978-1-4094-4831-0.
  • Tim Shephard: Echoing Helicon. Music, Art and Identity in the Este Studioli, 1440–1530. New York 2014, ISBN 978-0-19-993613-7.