ივანე პერესტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე პერესტიანი
დაბადების სახელი ივანე პერესტიანი
დაბადების თარიღი 13 აპრილი, 1870
ტაგანროგი
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1959 (89 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა რეჟისორი
მეუღლე(ები) ლუსია ბარხუტდინოვა
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1949)

ივანე პერესტიანი (დ. 13 აპრილი, 1870, ტაგანროგი — გ. 14 მაისი, 1959, მოსკოვი) — საბჭოთა რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1949).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით იტალიელი პერესტიანი რუსული თეატრის ცნობილი მსახიობი იყო და მთელი რუსეთი ჰქონდა მოვლილი.

კინო-კარიერა დაიწყო 1916 წელს, როდესაც კინოსააქციო საზოგადოება „ხანჟონკოვი და კომპანიის“ მიერ გადაღებულ ფილმში „ნუ ერეკები მეეტლევ ცხენებს“, მთავარი როლი შეასრულა. ფილმის რეჟისორი ევგენი ბაუერი პროვინციელი მემამულის როლის შემსრულებელს ეძებდა და პერესტიანი გარეგნულად მებატონის განსახიერება ყოფილა.[1] წერდა სცენარებს. 1917 წელს საკუთარი სცენარით გადაიღო კომედიური ჟანრის ფილმი „თხები, ბეკეკა თხები“, იყო საზოგადოება „მშობლიური კინემატოგრაფიის კავშირის“ თავმჯდომარე, მუშაობდა პედაგოგად რუსეთის სხვადასხვა სასწავლებლებში. კინოს გადაღება რუსეთში დაიწყო, იღებდა სააგიტაციო ფილმებს. 1921 წელს საქართველოში ჩავიდა და განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციაში დაიწყო მუშაობა.

პერესტიანი იყო პირველი ქართული საბჭოთა ფილმის, „არსენა ჯორჯიაშვილის“ რეჟისორი. ფილმის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალადობით, ინტრიგითა და სასიყვარული რომანტიკით დახუნძლული ფილმი დადებითად შეაფასეს. ფილმმა იმ დროს ჩვენების რეკორდი მოხსნა, თბილისში ის 155-ჯერ უჩვენეს. პირველ ორ კვირაში მან სრულად აანაზღაურა გაწეული ხარჯები. ფილმი საქართველოს ფარგლებს გასდცა და რუსეთში გავიდა სათაურებით „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“, „სიცოცხლე სიკვდილში“, „სიკვდილი სიცოცხლისთვის“. რუსულმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა ფილმს.

1923 წელს პერესტიანმა გადაიღო ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი „სურამის ციხე“. ფილმში სურამის ციხის კედლის ამოშენებისას საჭირო იყო პარაკლისისს გადაღება, რისთვისაც დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის დახმარებით 12 მღვდელმა მიიღო ფილმში მონაწილეობა. სცენა თბილისის ბოტანიკურ ბაღში იქნა გადაღებული. მღვდლებმა გასამრჯელოდ თუმანი, ეპისკოპოსმა კი 10 თუმანი მიიღეს. პერესტიანმა ფილმის მონტაჟისას პარაკლისის სცენას ტიტრები „პირფერობა, ფარისევლობა, ცრუმორწმუნეობა“ გაუკეთა. ფილმში მონაწილე მღვდლებმა ამის გამო კათოლიკოს-პატრიარქთან იჩივლეს. გერმანე გოგიტიძემ დახურული ჩვენება მოაწყო კათოლიკოს-პატიარქისთვის, სადაც აჩვენა ფილმის ვერსია, რომელშიც სადავო ტიტრი ამოღებული იყო, მაგრამ კინოთეატრებში ჩვენებისას ტიტრი მაინც დააბრუნა. ფილმზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ კინოსექციამ მისი 14 ასლი დაბეჭდა და გაავრცელა კინოთეატრებში.

1923 წელს პერესტიანმა გადაიღო პირველი ქართული ვესტერნი „წითელი ეშმაკუნები“. 1921 წელს რუსი მწერალი, კინოდრამატურგი და რევოლუციონერი პავლე ბლიახინი მატარებლით კოსტრომიდან ბაქოში მიემგზავრებოდა. მგზავრობა ერთ თვეს გაგრძელდა. ბლიახინმა მატარებელში დაწერა სცენარი და ორი წლის შემდეგ, როცა თბილისში მოხვდა, მიაკითხა კინოსექციას. კინოსექციიდან ის ივანე პერესტიანთან გაგზავნეს, რომელიც მოიხიბლა სცენარით. მიშასა და დუნიაშას როლის შესრულებისთვის პერესტიანმა ცირკში მომუშავე ახალგაზრდა აკრობატები შეარჩია. სცენარის მიხედვით მიშას და დუნიაშას მეგობარი ჩინელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩინელი მსახიობი ვერ იპოვეს და ის ჩაანაცვლეს იმავე ცირკის სენეგალელი მოკრივე კადორ ბენ-სალიმით. რეჟისორმა ასევე ქუჩიდან აიყვანა ბუდიონისა და მახნოს როლის შემსრულებლებიც. გადაღებები 1923 წლის თებერვალში დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდა. უკრაინის სტეპების ნაცვლად, პერესტიანმა მოქმედება მთიან რეგიონებში დადგა, რათა ლანდშაფტი მომხიბლავი ყოფილიყო. ფილმის გადაღებისას რეჟისორმა სცენარი დაკარგა და გადაღება მეხსიერების მიხედით გააგრძელა. ეს ტიტრებშიც აისახა, სადაც ჩაიწერა, რომ ფილმი სცენარის გარეშეა გადაღებული. ამან ბლიახინის პროტესტი გამოიწვია, ის ნაწარმოების დამახინჯებაზე ჩიოდა. რუსეთში ფილმი გამოვიდა სახელწოდებით „მახნოვშინა“. მან ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. მას უწოდეს „პირველი მერცხალი“, „საბჭოთა კინემატოგრაფიის სასწაული“, „პირველი საბჭოთა კინოშუქურა“ საბჭოთა საზოგადოებაში ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. „წითელ ეშმაკუნები“ პირველი საბჭოთა ფილმია, რომლზეც რეცენზია დაიწერა New York Times-ში. ფილმის პოპულარობა მაყურებელში 20 წელიწადს გაგრძელდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლის დამცველებს კინოთეატრებსა და ფრონტზე 300-ზე მეტჯერ აჩვენეს ფილმი.

1925 წელს პერესტიანმა გამოუშვა „„სამი სიცოცხლე“, რომელიც გადაღებული იყო გიორგი წერეთლის რომანის, „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით. მთავარმა სარეპერტუარო კომისიამ ფილმი თავიდან დაიწუნა. ფილმის ნაკლად ებრაელი მეირას სახეში დანახული ანტისემიტური ტენდენციები დასახელდა.[2], მაგრამ ფილმი ბევრმა დაიცვა, მათ შორის სსრკ განათლების პირველმა კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ.[3], რომელმაც ფილმს გზა გაუკვალა კინოეკრანებისკენ. ფილმში ისეთმა მახასიათებლებმა, როგორებიცაა სექსუალობა, ძალადობა, მკვლელობა და მოვლენათა სინქრონულობა, განაპირობა მისი პოპულარობა.[4]ფილმის შემოსავლებმა სამჯერ გადააჭარბა დანახარჯებს, რამაც პერესტიანი გაამდიდრა, რადგან ჯერ კიდევ მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვით ფილმის შემოსავლიდან გარკვეული წილი რეჟისორსაც ეკუთვნოდა.

1925 წელს პერესტიანმა კვლავ მიმართა ეკრანიზაციას და ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით გადაიღო „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“. პერესტიანმა აქცენტი გააკეთა მსხვილ ხედებზე, მონტაჟურ ცვლებზე და დეტალიზაციის მეშვეობით შესანიშნავ ეფექტს მიაღწია. მშვენივრად იყო ნაჩვენები ყოფითი დეტალები, იმდროინდელი პროვინციული ქალაქი და სოფელი, ქეიფები, ცეკვა ხანჯლური და ხორუმი. ფილმის ავტორებმა მნიშვნელოვანი ფუნქცია დააკისრეს ტიტრებს, რომელთა მეშვეობით გადმოსცემდნენ ცალკეული გმირის ვინაობას, ხასიათს, საქმისადმი დამოკიდებულებას.

„წითელი ეშმაკუნების“ პოპულარობისა და მაყურებლის თხოვნის გამო პერესტიანმა სამი წლის შემდეგ, 1926 წელს უსცენაროდ გადაიღო გაგრძელებები „სავურ სამარე“, „თავადის ასულ შირვანსკაიას დანაშაული“ და „ილან დილი“, მაგრამ რეჟისორი გაიტაცა ტრიუკებმა და ეფექტებმა და ეს ფილმები ვერ ავიდნენ „წითელი ეშმაკუნების“ დონეზე. გაგრძელებები შაბლონურ დეტექტიურ ლენტად გადაიქცა.[5]

1926–28 წლებში ოდესის კინოსტუდიაში დადგა ფილმები: „ზვავი“, „ჭორი“. 1928–32 წლებში მუშაობდა სომხეთის კინოწარმოება „არმენკინოში“, აქ გადაიღო ფილმები: „ზამალუ“ (1929), „ანუში“ (1931). 1937 წელს კვლავ „სახკინმრეწვში“ დაბრუნდა და დადგა საბავშვო გახმოვანებული ფილმი „ორი მეგობარი“.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აკაკი ბაქრაძე, „კინო და თეატრი“ გვ. 69 — „ხელოვნება“, თბილისი, 1989
  2. ჟურნალი „კინო“ N7 გვ. 237 — 1981
  3. А.Луначарский, "Кино и Время", I გვ. 329 — 1960
  4. Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 88 — Cambridge University press. 1992
  5. ჟურნალი "Жизнь Искусства" N7 — 1927
  6. Указ Президиума Верховного Совета СССР «О награждении особо отличившихся работников кинематографии»
  7. Указ Президиума Верховного Совета СССР «О награждении орденами и медалями работников кинематографии»
  8. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. სექტემბერ-ოქტომბერი. 1949. გვ. 3
  9. Указ Президиума Верховного Совета СССР «О награждении орденами и медалями работников кинематографии СССР»