იან მარეკ მარცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან მარეკ მარცი
ჩეხ. Jan Marek Marci z Kronlandu
ლათ. Ioannes Marcus Marci
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1595(1595-06-13)[1]
დაბ. ადგილი Lanškroun[1]
გარდ. თარიღი 10 აპრილი, 1667(1667-04-10)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი პრაღა[1]
საქმიანობა ექიმი, პედაგოგი, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი კარლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი და ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტი

იან მარეკ მარცი (დ. 13 ივნისი, 1595, ლანშკროუნი — გ. 10 აპრილი, 1667, პრაღა) — ჩეხი ფიზიკოსი. იმპერატორის პირადი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იან მარეკ მარცი დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩეხეთში 1595 წელს. დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიიღო ფილოსოფიისა და მედიცინის დოქტორის ხარისხი, იქვე აირჩიეს მედიცინის პროფესორად. მთელი თავისი ცხოვრება მარციმ პრაღაში გაატარა; იგი ჯერ პრაღის უნივერსიტეტის დეკანი იყო, ხოლო 1662 წელს ამ უნივერსიტეტის რექტორადაც დანიშნეს. მარცი ქვეყანაში ცნობილია როგორც „ჩეხეთის სამეფო ფიზიკოსი“ და იმპერატორის პირადი ექიმი. მარცის სამეცნიერო შრომებით ფიზიკაში, მათემატიკაში, მედიცინასა და ფილოსოფიაში დაინტერესებული ყოფილა ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი ჯერ კიდევ მარცის სიცოცხლეში. მეცნიერული დამსახურებისთვის მას აზნაურის დე კრონლანდის ტიტული მისცეს, ხოლოლონდონის სამეფო საზოგადოებამ იგი თავის წევრად აირჩია. მარცი გარდაიცვალა 1667 წელს პრაღაში.

მარცის ცდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცი აკვირდებოდა ვიწრო ხვრელში თუ ხვრელების სისტემაში სხივის გავლისას, აგრეთვე წვრილ მავთულთან სხივის შეხებისას სპექტრული ფერების წარმოშობას. ამ სისტემას მან „მესერი“ უწოდა. 1648 წელს იან მარეკ მარციმ გამოაქვეყნა შრომა, რომელშიც პირველმა აღწერა დიფრაქციის მოვლენა. ფიზიკის ისტორიაში დიფრაქციის მოვლენის აღმოჩენას ადრე იტალიელ ფიზიკოსსა და ასტრონომს ფრანჩესკო მარია გრიმალდის მიაწერდნენ. გრიმალდის შრომა - „ფიზიკა-მათემატიკური ტრაქტატი სინათლის ფერებისა და ცისარტყელას შესახებ“ გამოქვეყნდა მისი გადაცვალების შემდეგ 1665 წელს. მარციმ პრაღაში გამოაქვეყნა ოთხი წიგნი ცისარტყელასა და ფერების შესახებ. მისი აზრით, სპექტრული ფერებისა და ცისარტყელას წარმოშობას ერთი და იგივე მიზეზი აქვს. მან დაწვრილებით გამოიკვლია სინათლის გავლა მინის პრიზმაში და აღმოაჩინა სხივების ზოგიერთი თვისება, რაც შემდეგში გააღრმავა და გამოაქვეყნა ნიუტონმა „ტრაქტატში სინათლის შესახებ“. მარციმ შეამჩნია, რომ სპექტრის შემადგენელი მონოქრომატული სხივი მეორე პრიზმაში გავლისას ფერს აღარ იცვლის და რომ სხვადასხვა ფერის სხივი სხვადასხვა კუთხით ტყდებოდა.

პირველ წიგნში იგი აღწერს ცისარტყელას წარმოშობას წვიმის წვეთებში სინათლის სხივის გარდატეხასა და არეკვლის დროს. მეორე წიგნში — „ატმოსფეროს შესახებ“ ავტორი ცისარტყელას წარმოშობას აღწერს ატმოსფეროს სარტყელში სხივის გავლის დროს. აქვე აღნიშნულია, რომ ატმოსფეროს სხვადასხვა სარტყელს სხვადასხვა სიმკვრივე აქვს, რაც ცისარტყელას წარმოშობას იწვევს. 1650 წელს იან მარციმ კიდევ ერთი შრომა გამოაქვეყნა ცისარტყელას შესახებ - „დე ნატურა ირიდის“. მარცის ხელნაწერებიდან ირკვევა, ზემოჩამოთვლილი შრომებიდან იგი მხოლოდარისტოტელეს შრომებს იცნობდა. მარცი არ იცნობდა დეკარტის შრომას, რომელიც 1639 წელს გამოქვეყნდა. უფრო მეტიც, მარცის წარმოდგენა არ ჰქონდა სინათლის გარდატეხაზე. ეს აშკარად ჩანსჰიუგენსისა და მისი თანამედროვის — კინერის მიმოწერიდან. კინერი ჩამოთვლის იმ ფიზიკოსთა შრომებს, რომლებიც მის დროს იყო ევროპაში გავრცელებული, ხოლოდეკარტის შრომას ცისარტყელას შესახებ არ აღნიშნავს. იან მარეკ მარცის შრომები მხოლოდ ლათინურ ენაზეა გამოქვეყნებული.

1968 წელს ჩეხოსლოვაკიელმა ხალხმა იან მარეკ მარცის გარდაცვალების 300 წლისთავი აღნიშნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 56-61
  • პარკაძე ვ. იან მარეკ მარცი, „მეცნიერება და ტექნიკა“, თბ., 1967, # 12
  • Марци, Марци из Кронланда (Marci z Kronlandu) Йоханнес Маркус // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
  • Храмов Ю. А. Марци Ян Маркус (Johannes Marcus Marci, Jan Marek Marci) // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 180. — 400 с. — 200 000 экз.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech National Authority Database