ზუმბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზუმბის ბიუსტი ქ. ბრაზილიაში.

ზუმბი (პორტ. Zumbi; დ. 1655 — გ. 20 ნოემბერი, 1695, ალაგაოსის შტატი, ბრაზილია) — ქილომბო დოს პალმარესის (გაქცეულ მონათა თავშესაფარი) ბოლო ლიდერთაგანი.

კაპოეირა, ანუ საომარი ცეკვა, იოჰან რუგენდასი, 1835

ქილომბო დოს პალმარესი ბრაზილიის პორტუგალიური დასახლებებიდან გაქცეულ შავკანიანთა თვითმყოფადი რესპუბლიკა იყო - მიახლ. პორტუგალიის ზომის რეგიონი ბაიას შიდა რაიონში. მისი არსებობის პიკში, პალმარესის მოსახლეობამ 30.000-ს მიაღწია. იძულებულნი იყვნენ რა თავი დაეცვათ ჰოლანდიელი და პორტუგალიელი კოლონიური ძალების შემოტევებისგან, პალმარეს მეომრები კაპოეირას (მე-16 საუკუნეში ბრაზილიაში აფრიკელ მონათა მიერ შექმნილი საბრძოლო ხელოვნება) ექსპერტები იყვნენ.

აფრიკელი, ცნობილი როგორც ზუმბი, პალმარესში 1655 წელს თავისუფლად დაბადებული, პორტუგალიელებმა დაიჭირეს და მისიონერ მამა ანტონიო მელოს მიჰყიდეს, როდესაც ის დაახლოებით 6 წლისა იყო. ფრანცისკოდ მონათლულ ზუმბის ასწავლეს სახარება, პორტუგალიური და ლათინური ენები და ყოველდღიურ მესაზე დამხმარედ ამუშავებდნენ. მისი "ცივილიზების" მცდელობის მიუხედავად, ზუმბი 1670 წელს, 15 წლის ასაკში, გაქცევას ახერხებს და მშობლიურ ადგილს უბრუნდება. ზუმბი მალევე ცნობილი გახდა მისი ფიზიკური შესაძლებლობებისა და საბრძოლო ტექნიკის მეოხებით და 20 წლის ასაკისთვის სახელმოხვეჭილი სამხედრო სტრატეგი იყო.

1678 წელს პერნამბუკოს ოლქის მმართველმა პედრო ალმეიდამ, პალმარებთან ხანგრძლივი კონფლიქტით თავგაბეზრებულმა, მათ ლიდერ განგა ზუმბას დაზავება შესთავაზა. ალმეიდა ყველა გაქცეულ მონას თავისუფლებას შეჰპირდა, თუ პალმარები პორტუგალიის მმართველობას სცნობდნენ. განგა ზუმბა შემოთავაზებაზე დათანხმდა. თუმცა თავად ზუმბი პორტუგალიელებს არ ენდობოდა. დანარჩენ აფრიკელთა მონომის პირობებში მხოლოდ პალმარეს ხალხის თავისუფლება მიუღებელი იქნებოდა. ამიტომ ზუმბიმ უარყო ალმეიდას პირობა და განგა ზუმბას ლიდერობა ეჭვქვეშ დააყენა. პორტუგალიურ ზეწოლაზე წინააღმდეგობის გაგრძელების მოწოდებით ზუმბი პალმარესის ახალი ლიდერი გახდა.

ზუმბის მმართველობის 15 წლის თავზე პორტუგალიელმა სამხედრო მეთაურებმა ჟორჟ ველომ და ვიეირა დე მეიომ ქილომბოზე არტილერიული იერიში მიიტანეს. 1694 წლის 6 თებერვალს, პალმარესის კაფუცოებთან 67 წლიანი განუწყვეტელი კონფლიქტის შემდეგ პარტუგალიელებმა მოახერხეს სერკა დე მაკაკოს (რესპუბლიკის ცენტრალური დასახლება) განადგურება. პალმარესის მებრძოლები პორტუგალიურ არტილერიას ვერ გაუმკლავდნენ; რესპუბლიკა დაეცა და ზუმბი დაჭრილ იქნა. თუმცა ჭრილობებს გადაურჩა და გაქცევა მოახერხა, ზუმბი ორი წლის შემდეგ მოღალატეებმა გასცეს. მას დაჭერის ადგილზევე თავი მოჰკვეთეს 1695 წლის 20 ნოემბერს. პორტუგალიელებმა ზუმბის თავი რესიფეში წაიღეს, სადაც იგი ცენტრალურ მოედანზე საჩვენებლად გაიტანეს, იმის დასამტკიცებლად, რომ პოპულარული ლეგენდის მიუხედავად ზუმბი უკვდავი არ ყოფილა. ძველი ქილომბოსის ნარჩენმა მოსახლეობამ კიდევ დაახლოებით ასი წელი იარსება.

ამჟამად 20 ნოემბერი აღინიშნება ძირითადად რიო დე ჟანეიროში, როგორც ეროვნული ღირსების დღე. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აფრო-ბრაზილიელებისთვის, რომელთათვის ზუმბი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი და თავისუფლების სიმბოლო არის.