ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი 1906
მმართ. დასასრული: 14 აპრილი 1931
წინამორბედი: მარია კრისტინა ავსტრიელი
მემკვიდრე: სოფია ბერძენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ოქტომბერი 1887
დაბ. ადგილი: ბალმორალის ციხესიმაგრე, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 15 აპრილი 1969, (81 წლის)
გარდ. ადგილი: ლოზანა, შვეიცარია
მეუღლე: ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე
შვილები: ალფონსო, ასტურიის პრინცი
ხაიმე, ანჟუს ჰერცოგი
ბეატრისი, სივიტელას ჰერცოგინია
მარია კრისტინა, მარონეს გრაფინია
ხუანი, ბარსელონას გრაფი
გონსალო
სრული სახელი: ვიქტორია ევგენია ჯულია ენა
დინასტია: ბატენბერგები
მამა: ჰაინრიხ ბატენბერგელი
დედა: ბეატრის ბრიტანელი
რელიგია: ჯერ ანგლიკანიზმი, შემდეგ კათოლიციზმი

ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი (გერმ. Victoria Eugénie von Battenberg, ესპ. Victoria Eugenia de Battenberg; დ. 24 ოქტომბერი, 1887 — გ. 15 აპრილი, 1969) — პრინც ჰაინრიხ ბატენბერგელისა და მისი ცოლის, პრინცესა ბეატრის ბრიტანელის ქალიშვილი. დიდი ბრიტანეტის დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1906-31 წლებში როგორც ალფონსო XIII-ის ცოლი. ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს I-ის ბებია და ესპანეთის ახლანდელი მეფე ფილიპე VI-ის დიდი ბებია.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ევგენია დაიბადა 1887 წლის 24 ოქტომბერს ბალმორალის ციხესიმაგრეში, შოტლანდიაში. მამამისი იყო პრინცი ალექსანდრე ჰესენელისა და მისი ცოლის, გრაფინია ჯულია ჰუკის მეოთხე ვაჟი, ბატენბერგის პრინცი ჰაინრის ბატენბერგელი. ხოლო დედამისი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინცი ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთას შუათანა ქალიშვილი პრინცესა ბეატრის ბრიტანელი.

იგი მოინათლა ბალმორალი ციხესიმაგრის ნახატების ოთახში. მისი ნათლიები იყვნენ თავად საფრანგეთის იმპერატრიცა ეუხენია დე მონტიჯო, გერმანიის იმპერატრიცა ვიქტორია ბრიტანელი (რომელიც ამავდროულად მისი დეიდაც იყო), ბატენბერგის პრინცესა ჯულია ჰუკი (მისი ბებია), შლეზვიგ-ჰოლშტეინის პრინცესა ჰელენა ბრიტანელი (ასევე დეიდამისი), პრინცი ლუდვიგ ბატენბერგელი (ბიძამისი) და ალფრედ საქსენ-კობურგ-გოთა (ბიძამისი).

ვიქტორია ევგენია იზრდებოდა ბრიტანეთში, დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარზე. როგორც კი ვიქტორია ევგენია წამოიზარდა იგი საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს, რის შემდეგაც იგი აქტიურად ჩაება სამეფო კარის ცხოვრებაში. 1893 წლის 6 ივლისს იგი იყო თავისი ბიძაშვილის, მომავალში ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ისა და იორკის ჰერცოგინია მერი ტეკელის მეჯვარე.

1896 წელს ვიქტორია ევგენიას მამა აფრიკაში ბრძოლის დროს გარადაიცვალა. 1901 წელს, დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ ვიქტორია ევგენია ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.

ნიშნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ვიქტორია ევგენია

1905 წელს ესპანეთის მეფე ალფონსო XIII დიპლომატიური მიზნებით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში. ვიქტორიას ბიძამ, მეფე ედუარდ VII-მ ესპანელებს ბუკინგემის სასახლეში პატივსაცემად გამართული სადილით უმასპინძლა. მეფე ალფონსო სუფრაზე დედოფალ ალექსანდრა დანიელისა და მეფე ედუარდის დის, პრინცესა კრისტინას შორის იჯდა. მან შენიშნა ვიქტორია ევგენია და გვერდით მჯდომ დედოფალს ჰკითხა თუ ვინ იყო ის გოგონა, რომელსაც თითქმის თეთრი თმა ჰქონდა. ბრიტანეთში ყველამ იცოდა, რომ ალფონსო საცოლეს ეძებდა, თუმცა მის შესაფერის კანდიდატად ყველა კენტის ჰერცოგის ასულს მოიაზრებდა. თუმცა ჰერცოგის ასულმა მეფეზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ალფონსო უკვე იყო დაინტერესებული ვიქტორია ევგენიათი და მასზე ქორწინებას ფიქრობდა. როდესაც ალფონსო ესპანეთში დაბრუნდა იგი ვიქტორიას ხშირად სწერდა წერილებს, სადაც გამუდმებით სიყვარულს უხსნიდა. თუმცა ალფონსოს არჩევანით ძალზედ უკმაყოფილო დარჩა დედამისი, ესპანეთის დედა-დედოფალი მარია კრისტინა ავსტრიელი, რომელსაც ვიქტორია მისი მამის დედის დაბალი წარმომავლობის გამო არ მოსწონდა, გარდა ამისა მას თავისი ვაჟის ავსტრიის პრინცესაზე დაქორწინება სურდა. ქორწინებას ის ფაქტის აბრკოლებდა, რომ ვიქტორია ევგენია ანგლიკანი იყო, ალფონსო კი კათოლიკე კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ვიქტორია დაავადებული იყო ჰემოფილიით, რაც გენეტიკურად გადაეცა წინაპრებისაგან. ეს დაავადება გენეტიკურად გადადის და არ იკურნება. ასევე ჰემოფილია სჭირდათ ვიქტორიას სამივე ძმას. არსებობდა იმის 50 %-იანი ალბათობა, რომ ვიქტორია ამ დაავადებას ალფონსოსთან გაჩენილ შვილებსაც გადასცემდათ, რაც ძალზე სარისკო იყო. მიუხედავად ამგვარი უამრავი დაბრკოლებისა, ალფონსომ მაინც გადაწყვიტა ვიქტორია ევგენიაზე დაქორწინება.

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, ალფონსომ ოფიციალურად განაცხადა, რომ დაქორწინებას აპირებდა და მისი რჩეული ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი გახდა. საბოლოოდ მარია კრისტინა ავსტრიელი ვაჟის ნებას დაჰყვა და 1906 წელს ალფონსომ ვიქტორიას დედას და ძმებს წერილი გაუგზავნა, სადაც ვიქტორია ევგენიას ხელს ითხოვდა. ცხადია უბრალო ჰერცოგებმა ესპანეთის მეფეს, რომელსაც აშკარად უყვარდა მათი და უარი ვერ შეჰკადრეს. რამდენიმე დღეში, უინძორის სასახლეში მეფე ედუარდმა თავის საყვარელ დის შვილს ნიშნობა მიულოცა.

ვიქტორია ევგენია და დედამისი, პრინცესა ბეატრისი 1906 წლის 22 იანვარს ჩავიდნენ ვილა მორისკოში, სადაც ისინი მეფე ალფონსოსა და მის დელეგაციას შეხვდნენ. სან მორისკოში ისინი სულ სამი დღით გაჩერდნენ, სადაც ალფონსომ და ვიქტორიამ რომანი გააბეს. ამის შემდეგ ისინი სან სებასტიანისაკენ დაიძრნენ, სადაც მათ დედა-დედოფალი მარია კრისტინა ავსტრიელი ელოდებოდათ. 3 თებერვალს მარია კრისტინას დაჟინებული მოთხოვნით ვიქტორია ევგენია კათოლიკობის მიღებაზე დათანხმდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბრიტანეთში მოუწევდა დაბრუნება. 1906 წლის 5 მარტს სან სებასტიანში ვიქტორია ევგენია კათოლიკედ მოინათლა.

ქორწინებამდე ბრიტანელებმა შეადგინეს ხელშეკრულება, რომელზეც ვიქტორია ევგენიას მოაწერინეს ხელი. ამ ხელშეკრულებით თუ ვიქტორია ესპანეთის მეფეზე გათხოვდებოდა, რაც აუცილებლად მოხდებოდა, იგი თავისივე სურვილით ამბობდა უარს ბრიტანეთის გვირგვინსა და მემკვიდრეობაზე, რაც მას ნამდვილად ეკუთვნოდა. აგრეთვე ეს მემკვიდრეობა და უფლებები ჩამორთმეული ექნებოდათ ვიქტორიას შთამომავლებსაც, რათა შემდგომში მათ პრეტენზიებს ომი არ მოჰყოლოდა.

მიუხედავად ამ ხელშეკრულებისა, იმ ფაქტმა, რომ ვიქტორია ევგენიამ რელიგია შეიცვალა, ბრიტანელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამისდა მიუხედავად, ვიტორია მაინც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო და იმისათვის, რომ დაქორწინებულიყო, საჭირო იყო თავად დიდი ბრიტანეთის მეფის თანხმობა. 1772 წელს ჯორჯ II-ის მიერ შემოღებული სამეფო ქორწინებების აქტის მიხედვით, სამეფო ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ დაქორწინდებოდა მეფის ნებართვის გარეშე, გამონაკლისები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პრინცესებზე, რომლებიც "უცხო ოჯახებში" იყვნენ დაბადებულები და დედის ხაზით იყვნენ ბრიტანელები. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია ევგენიაც მხოლოდ დედის ხაზით იყო ბრიტანელი და მამის მხრიდან გერმანელი პრინცესა იყო, იგი ბრიტანეთში იყო დაბადებული და აღზრდილი, რის გამოც პარლამენტმა ჩათვალა, რომ სამეფო ქორწინებების აქტით მას მეფე ედუარდის თანხმობის გარეშე გათხოვება არ შეეძლო. შესაბამისად დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ს ჰქონდა აბსოლუტური იურიდიული უფლება იმისა, რომ ვიქტორიასთვის გათხოვების უფლება არ დაერთო.

საბოლოოდ მეფე ედუარდი დარწმუნდა, რომ მისი დის შვილი ესპანეთში ბედნიერი იქნებოდა, ამასთან შედგებოდა ანგლო-ესპანური ალიანსიც, რითაც იგი ორ კურდღელს ერთად იჭერდა. სწორედ ამიტომ 1906 წლის მარტში ედუარდმა ვიქტორია ევგენიას დაქორწინების ნება დართო.

ესპანეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წლის თავდასხმა მეფე-დედოფალზე

1906 წლის 31 მარტს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი და ალფონსო XIII დე ბურბონი დაქორწინდნენ. ამ ქორწინებას ვიქტორიას მხრიდან მხოლოდ მისი ბიძაშვილი, უელსის პრინცი ჯორჯი და მისი ცოლი, პრინცესა მერი ტეკელი ესწრებოდნენ.

საქორწინო ცერემონიალის შემდეგ ახლად დაქორწინებულ მეფესა და დედოფალზე ანარქისტებმა თავდასხმა მოაწყვეს. ჯვრისწერის შემდეგ ვიქტორია და ალფონსო ტაძრიდან სასახლეში მიდიოდნენ, სადაც დიდი ბანკეტი ელოდათ. მოულოდნელად ანარქისტებმა იმ ეტლს სადაც ისინი ისხდნენ ბომბი ესროლეს, თუმცა არ ბომბი მათ ასცდა და გვერდით მდგარ სახლებს დაეცა, რამაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. მართალია ვიქტორიაც და ალფონსოც გადარჩნენ, მაგრამ საქორწინო ზეიმი ჩაიშალა. დამნაშავეები დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს, ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კი მადრიდში მემორიალია აღმართული.

დედოფალი ვიქტორია ევგენია 1913 წელს

იმ დღიდანვე რაც ვიქტორია ევგენია ესპანეთის დედოფალი გახდა, ესპანელებში საოცარი ზიზღით სარგებლობდა, რის გამოც დასაწყისისათვის სამეფო ოჯახმა მისი უსაფრთხოებისათვის, ხალხისაგან იზოლაციაში ამყოფებდნენ. მისი მდომარეობა, შედარებით მაშინ გამოსწორდა, როდესაც 1907 წელს მან ტახტის მემკვიდრე, ასტურიის პრინცი ალფონსო გააჩინა. მალევე ექიმებმა დედა-დედოფალ მარია კრისტინა ავსტრიელის შიშები დაამტკიცეს, ახალშობილს დედოფალმა ჰემოფილია გენეტიკურად გადასცა. ბავშვს გამუდმებული სისხლდენები ჰქონდა, რომელსაც ექიმები ძლივს უჩერებდნენ. იგივე მდგომარეობა იყო რუსეთშიც. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს ცოლად ჰყავდა პრინცესა ალისა ჰესენელი, რომელიც ვიქტორია ევგენიას ღვიძლი დეიდაშვილი იყო და თავის შვილებს მანაც ჰემოფილია გამოაყოლათ. ალფონსო მეუღლეზე საშინლად განრისხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მან ქორწინებამდე იცოდა და ასევე მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია. ალფონსოს ახლა უკვე გაბრაზების უფლება აღარ ჰქონდა, რადგან ქორწინებამდე მას დედამისი ამ დიდი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. ალფონსოსა და ვიქტორია ევგენიას სულ შვიდი შვილი შეეძინათ, რომელთაგანაც ჰემოფილია მხოლოდ ორ ქალიშვილს არ გამოჰყვა.

შვილების გაჩენის შემდეგ ვიქტორიასა და ალფონსოს ურთიერთობა საშინლად გაუარესდა. ამის შემდეგ ალფონსომ "შური იძია" ვიქტორიას ბიძაშვილ ბეატრისზე, რომელიც ესპანეთში იყო გათხოვილი. მან ბეატრისი სამეფო სასახლიდან გააძევა მეუღლესთან ერთად. ამან დედოფალზე ძალიან ცუდად იმოქმედა, რადგან ბეატრისის დახმარება არაფრით შეეძლო.

დედოფალი ვიქტორია ევგენია 1920 წელს

ვიქტორია ევგენია თავად უძღვებოდა ესპანეთში საავადმყოფოებისა და სასადილოების უფასო მომსახურეობას ღარიბებისთვის. იგი ასევე იყო ესპანეთის წითელი ჯვრის რეორგანიზაციის საქმეში. 1929 წელს მადლიერმა მოსახლეობამ ბარსელონაში აღმართა დედოფალ ვიქტორია ევგენიას ძეგლი. აგრეთვე მისი სახელი ეწოდა სხვადასხვა თეატრსა და ღირსშესანიშნავ შენობას. მაგალითად 1909 წელს მადრიდში მისი სახელი დაერქვა ხიდს, 1912 წელს მის პატივსაცემად სან სებასტიანში ააგეს თეატრი, 1920 წელს კი ესპანეთის ერთ მთლიან სამხედრო ფლოტს დედოფალი ვიქტორია ევგენია დაერქვა.

იგი იყო დედოფალ მარია ლუიზას ორდენის მფლობელი. 1923 წელს რომის პაპმა "ოქროს ვარდის ორდენი" უბოძა, რომელიც ბოლოს 1555 წელს გადასცა პაპმა იულიუს III-მ გადასცა დედოფალ მერი I-ს. დედოფალი ვიქტორია ევგენია ასევე ფლობდა მისი ბებია-ბაბუის, დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტის სახელობის ორდენს. დედოფალი ასევე დაჯილდოვებული იყო ესპანეთის წითელი ჯვრის პირველი ხარისხის ორდენით. გარდა ამისა იგი ფლობდა სხვა უამრავ ჯილდოსა და ორდენს.

დევნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ევგენია 1927 წელს

1931 წლის 24 აპრილს ესპანეთში არჩევნების შედეგაც გაუქმდა მონარქია და ჩამოყალიბდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკა ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. უფუნქციოდ დარჩენილი სამეფო ოჯახი ესპანეთიდან გადაასახლეს. ალფონსო XIII იმედოვნებდა, რომ თუ ქვეყანას ოჯახთან ერთად ნებაყოფლობით დატოვებდა, ქვეყანა რესპუბლიკელებსა და მონარქისტებს შორის სამოქალაქო ომს ასცდებოდა. სამეფო ოჯახი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი იტალიაში გადასახლდა. ვიქტორია და ალფონსო ამის შემდეგ ბრიტანეთში, შემდეგ კი შვეიცარიაში გადაცხოვრდნენ, სადაც ქალაქ ლუზანაში სასახლე შეიძინეს და იქ დასახლდნენ.

1938 წელს სამეფო ოჯახი რომში შეიკრიბა, ვიქტორია ევგენიას შვილიშვილის, ხუან კარლოსის ნათლობაზე. 1941 წლის 15 იანვარს ალფონსო გარდაიცვალა, რის გამოც მართალია ფორმალურად, მაგრამ მაინც ესპანეთის გვირგვინი მის ვაჟზე გადავიდა. 1942 წელს ვიქტორია იძულებული გახდა იტალია დაეტოვებინა.

საბოლოოდ ვიქტორია ესპანეთში მხოლოდ 1968 წელს დაბრუნდა, სადაც თავისი შვილთაშვილის პრინცი ფილიპეს ნათლია გახდა, რომელიც ხუან კარლოსისა და სოფია ბერძენის ვაჟი იყო. 1975 წელს ხუან კარლოსი ესპანეთის მეფე გახდა, ხოლო 2014 წელს ტახტზე თავად ფილიპე ავიდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ევგენია 1969 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა 81 წლის ლუზანაში, 38 წლიანი ესპანური დევნილობის შემდეგ. 1985 წელს იგი გადაასვენეს ესკორიალის სამეფო საძვალეთში, ალფონსო XIII-ის გვერდით.

ჰერალდიკა და მონოგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალფონსო (დ. 10 მაისი 1907 - გ. 6 სექტემბერი 1938), ასტურიის პრინცი, იქორწინა ორჯერ, პირველად ედელმირა იგნასია სამპედროზე, ხოლო მეორედ მართა ესტერ ალტუზარაზე;
  2. ხაიმე (დ. 23 ივნისი 1908 - გ. 20 მარტი 1975), სეგოვიისა და ანჟუს ჰერცოგი, ესპანეთსა და საფრანგეთის მეფობის კანდიდატი, იქორწინა ორჯერ, პირველად ემანუელა დ'ამპიერზე, ხოლო მეორედ შარლოტა ლუიზა ტიედემანზე;
  3. ბეატრისი (დ. 22 ივნისი 1909 - გ. 22 ნოემბერი 2002), სივიტელას პრინცესა, ცოლად გაჰყვა ალესანდრო ტორნოლიას;
  4. ფერნანდო (დ/გ. 21 მაისი 1910), დაიბადა მკვდარი;
  5. მარია კრისტინა (დ. 12 დეკემბერი 1911 - გ. 23 დეკემბერი 1996), მარონის გრაფინია, ცოლად გაჰყვა ენრიკო სინცანოს;
  6. ხუანი (დ. 20 ივნისი 1913 - გ. 1 აპრილი 1993), ბარსელონას გრაფი, ცოლად შეირთო მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს I;
  7. გონსალო (დ. 24 ოქტომბერი 1914 - გ. 13 აგვისტო 1934), გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაუქორწინებელი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Eilers, Marlene A. (1987). Queen Victoria's Descendants. New York: Atlantic International. ISBN 0-938311-04-2.
  • "Franco at Bourbon Prince's Baptism", The Times, 9 February 1968, p. 4, column 4.
  • "Queen Victoria Eugénie, Granddaughter of Queen Victoria (Obituary)", The Times, 16 April 1969, p. 12, column E.
  • Inside the Vatican of Pius XI, Harold Tittmann, p. 32 , Image book, Doubleday,2004
  • "No. 25655". The London Gazette. 14 December 1886. p. 6305.
  • Queen Victoria's Journals - Wednesday 23 November 1887

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]