ერკეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერკეთის ეკლესია
ერკეთის ეკლესია — საქართველო
ერკეთის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°59′00″ ჩ. გ. 42°16′24″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 42.27333° ა. გ. / 41.98333; 42.27333
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ზემო ერკეთი
სასულიერო სტატუსი დედათა მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა შემოქმედის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია
თარიღდება IX საუკუნე

ერკეთის ეკლესიაIX საუკუნის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე, სათანადო წარწერით. 1777 წელს ერკეთის წინამძღვარი იყო ბესარიონი.[2] ეკლესია ამჟამად მოქმედია, ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ერთნავიანი, გვერდებიდან დამხმარე სათავსოებით. ეკლესიის მოცულობითი ფორმები სიგრძივ ღერძზეა განლაგებული და ბოლოვდება ერთიანი ვრცელი აბსიდით. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული, რის გამოც გართულებულა კონქისთვის ფორმის შენარჩუნება და იგი თითქმის სწორხაზოვნად მთავრდება. ფასადების მორთულობა ძუნწია. ორივე შესასვლელის თავზე ნახევარწრიულ ტიმპანში მოთავსებულია მარტივი ჯვარი, დასავლეთის კარებთან შემორჩენილია ვაზის ორნამენტაციის ფრაგმენტი, ხოლო აღმოსავლეთის სარკმელი გარშემოვლებულია ლილვების მარტივი კომპოზიციით.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიაში შემორჩენილი არის IX საუკუნის კარი და ფრესკები. კედლის მხატვრობა ფრაგმენტულია და საჭიროებს რესტავრაციას. კანკელი შედარებით გვიანდელი პერიოდის რესტავრაციის შედეგია. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული: აქ გამოსახულია მაცხოვარი თხემზე, ერთი ხელით კურთხევას არიგებს, მეორეში გაშლილი სახარება უჭირავს. მის გვერდით დგანან დედა ღვთისა და იოანე მოციქული, დასავლეთის შესასვლელიდან მარცხნივ გამოსახულია დედა ღვთისა კალთაში ყრმით. აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი." გულანი გადაწერილია XVII საუკუნის დამდგეს, კათალიკოს ექვთიმე საყვარელიძის დროს. გულანი გადაწერილია ისეთ ადგილას, რომელიც ხან ათაბაგების სამფლობელოში შედიოდა, ხანაც გურიელებისა და აფხაზეთის კათალიკოსის იურისდიქციაში.

ეკლესიაში შემორჩენილი იყო მაცხოვრის მომცრო ხატი, მთავარანგელოზთა ვერცხლით მოჭედილი ხატი და თავპანტას ეკლესიიდან შემოწირული წმინდა გიორგის ხატი. ეკლესიაში არის ორი საფლავის ქვა.

1905 წელს, დეკანოზმა მგალობლიშვილმა იატაკის ქვეშ დამალა ტაძრის ძვირფასეულობები, რათა ისინი გურიაში შეჭრილი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმის დარბევისგან ეხსნა.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 32-34; 110, ISBN 99940-11-89-8.
  • ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 181-183.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10785

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]