ენცეფალიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენცეფალიტი
მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფიის სურათი გვიჩვენებს საფეთქლის წილიდან და შუბლის მარჯვენა ქვედა ნაწილიდან გამომავალ მაღალ სიგნალებს, რომელიც ენცეფალიტის ნიშნებია.
დარგი ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 22543
ICD-10 A83.-A86., B94.1, G05.
ICD-9 323
MedlinePlus 001415


ენცეფალიტითავის ტვინის ანთება. ის შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორეული (რომელიმე დაავადების ფონზე განვითარებული). პირველად მიეკუთვნება ეპიდემიური, ტკიპისმიერი, კოღოსმიერი, ენტეროვირუსული, ჰერპესული და სხვა ენცეფალიტი. მეორეული ენცეფალიტი კი აღმოცენდება გრიპის, წითელას, თავის ტვინის აბსცესის, ოსტეომიელიტის, ტოქსოპლაზმოზისა და სხვა დაავადებების ფონზე. გამომწვევი მიზეზებისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით განარჩევენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს.

არსებობს შემოფარგლული (ღეროვანი, ქერქქვეშა) და დიფუზური ენცეფალიტი. შესაძლოა დაზიანდეს თავის ტვინის რუხი ნივთიერება (პოლიოენცეფალიტი), თეთრი ნივთიერება (ლეიკოენცეფალიტი) ან ორივე ერთად (პანენცეფალიტი). მიმდინარეობის კვალობაზე განარჩევენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ენცეფალიტს.

ეპიდემიური ენცეფალიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით ვრცელდება. ვირუსი ორგანიზმში ცხვირ-ხახიდან აღწევს. მისი ინკუბაციის პერიოდი 1-14 დღეა. ეპიდემიურ ენცეფალიტს ახასიათებს ვირუსის ჰემატოგენური დისსემინაცია (სისხლით გავრცელება) და პათოლოგიურ პროცესში შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით - ღვიძლის, ჩართვა. ვირუსი ლიმფური გზით ან პრენევრალურად ვრცელდება. აზიანებს ტვინის რუხ ნივთიერებას. შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაავადდეს. მწვავე სტადიისთვის, რომელიც რამდნეიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, დამახასიათებელია ტემპერატურის სწრაფი მატება 39-40 გრადუსამდე, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, მოთენთილობა, სახსრებში ტკივილი, გონების დაბინდვა.

ნევროლოგიური სტატუსის მხრივ გამოყოფენ შემდეგ სიმპტომოკომპლექსებს:

  • დისსომნიურს (ძილის დარღვევა) - ჰიპერსომნია, უძილობა და ძილის გაუკუღმართება (ინვერსია), რომელიც 1-2 თვეს გრძელდება;
  • თვალის მამოძრავებელს - დიპლოპია (მხედველობის გაორება), ფტოზი, სიელმე, მხედველობის დამბლა და პარეზი;
  • ვესტიბულოვეგეტაციურს - ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა), ვაზომოტორების (სისხლძარღვების მამოძრავებელი ნერვების) ლაბილობა, ტაქიკარდია, სუნთქვის რიტმის შეცვლა. ახასიათებს „ცხიმიანი სახე“, ჰიპერსალივაცია (მომატებული ნერწყვდენა). შესაძლოა განვითარდეს ფსიქიკური დარღვევებიც (ეიფორია, გონების დაბინდვა და ბოდვა). ზოგ ავადმყოფს უვითარდება სლოკინი.

ზურგის ტვინის სითხე ამ დროს გამჭვირვალეა, უფერო, ზოგჯერ ზომიერი ლიმფოციტური პლეოციტოზი, ცილებისა და გლუკოზის ზომიერი ზრდა შეინიშნება.

ტკიპისმიერი ენცეფალიტი სეზონური (გაზაფხულ-ზაფხული) პირველადი ვირუსული ენცეფალიზია. ძირითადად გადამტანს წარმოადგენს ტაიგასა და ტყეებში გავრცელებული ტკიპა. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი დაინფიცირებული ტკიპის ნაკბენით, ზოგჯერ კი ალიმენტური გზით (დაავადებული თხის ან ძროხის რძის მოხმარების შედეგად) აღწევს. ვირუსი ჰემატოგენურად ან პერინევრულად ვრცელდება. ზურგის ან მოგრძო ტვინის უჯრედებში, იშვიათად - თავის ტვინის ქერქში, ქერქქვეშა თეთრ ნივთიერებაში, მხედველობის ბორცვზე, ქერქქვეშა კვანძებში ლოკალიზდება. ინკუბაციური პერიოდი 8-20 დღეს შეადგენს. დაავადება მწვავედ იწყება. აღმოცენდება თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, საერთო ჰიპერესთეზია (გაძლიერებული მგრძნობელობა), სინათლის შიში, სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს. ზოგჯერ შეიმჩნევა დაავადების ორტალღოვანი მიმდინარეობა. განმეორებით ჰიპერთერმიას ახლავს თან. აღინიშნება სასის, სკლერების, კანის საფარველის სიწითლე და დისპეფსიური მოვლენები. სისხლში აღმოჩნდება ლეიკოციტები, ედს-ი იმატებს, აღინიშნება ლიმფოპენია.

გამოყოფენ ტკიპისმიერი ენცეფალიტის რამდენიმე კლინიკურ ფორმას:

  • მენინგეალურს - იგი მენინგეალური სიმპტომებით მიმდინარე რუხი მენინგიტის ნაირსახეობაა. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გონების დაბინდვა, ბოდვა, ეპილეფსიური შეტევები, პარეზი, დამბლა და გამოხატული გარსისმიერი სიმპტომები.
  • პოლიოენცეფალომიელიტურს - ახასიათებს კისრის კუნთებისა და მხრის სარტყლის დამბლა, შეიმჩნევა ბულბური (სასის, ენის, ხორხის საყლაპავის კუნთების მოდუნება) და მენინგეალური სიმპტომები.
  • პოლიომიელიტურს - ვითარდება კისრისა და ზემო კიდურების კუნთების პარეზი, თავი მკერდზეა დაკიდებული. აუცილებლად აღინიშნება მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა (მგრძნობელობა შენარჩუნებულია).
  • წაშლილს - ახასიათებს ხანმოკლე (2-4 დღე) ცხელება, ნევროლოგიური სიმპტომები არ არის გამოხატული, აღინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ იმატებს არტერიული წნევა.
  • პროგრესირებადს - ახლავს ეპილეფსიური შეტევები, მუდმივი კუნთების თამაში, განსაკუთრებით - კისრისა და ზემო კიდურებისა.

იაპონურ ენცეფალიტს იწვევს ვირუსი, რომლის რეზერვუარსა და გადამტანს კოღო წარმოადგენს. ახასიათებს ვირუსმატარებლობა (ადამიანი, ფრინველი). ინკუბაციის პერიოდი 3-27 დღეს გასტანს. დაავადება მწვავედ იწყება, სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მატულობს და 10 დღე ნარჩუნდება. აღინიშნება ციება, საერთო სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთების ტკივილი. სახის კანი ჰიპერემიულია, ენა - მშრალი, მუცელი - ჩაბრუნებული. ირღვევა გულის ფუნქცია. მკვეთრადაა გამოხატული მენინგეალური ნიშნები, გონებისმხრივი დარღვევები. გამოხატულია მინი და მაკროჰემიპარეზი, მომატებულია ზემო კიდურების მომხრელი და ქვედა კიდურების გამშლელი კუნთების ტონუსი. შესაძლოა, ცალკეული კუნთების კლონური კრუნჩხვები განვითარდეს. მძიმე შემთხვევაში აღმოცენდება ბულბური (სასის, ენის, ხახის, ხორხის, საყლაპავის კუნთების დამბლა). დაავადება 100-დან 50 შემთხვევაში სიკვდილით სრულდება.

ცოფის ვირუსი

გრიპოზული ენცეფალიტი (ტოქსიკურ-ჰემორაგიული) გრიპის ფონზე აღმოცენებული თავის ტვინისა და მისი გარსის მწვავე დაავადებაა.

ნევროლოგიური სიმპტომები გრიპის კლინიკური სურათის ფონზე აღმოცენდება. აღინიშნება თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუხვევა, მოძრაობისას თვალის კაკლის მტკივნეულობა, ზოგადი ჰიპერესთეზია, ზურგისა და კუნთების ტკივილი, ფტოზი, სამწვერა ნერვის საინერვაციო უბნების ტკივილი, ანორექცია, ჰიპოდინამია, ძილის დარღვევა.

მენინგოენცეფალიტი შესაძლოა პარეზებით, დამბლით, კომითა და ეპილეფსიური გულყრებით გამოვლინდეს. თავ-ზურგტვინის სითხეში შეინიშნება სისხლი, ცილების შემცველობა მატულობს. ვლინდება ლიმფოციტური პლეოციტოზი.

წითელასმიერი ენცეფალიტი (ენცეფალომენინგიტი) წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყრის გაჩენიდან 3-5 დღეში ან რეკონვალესცენციის პერიოდში ვითარდება. უპირატესად ზიანდება თავისა და ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება. ახასიათებს ტემპერატურის ხელმეორედ მატება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ავადმყოფთა ნაწილს სისუსტე და ძილიანობა სოპოროზულ მდგომარეობას მდგომარეობასა და კომაში გადასდის, ნაწილს კი ბოდვა, აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა აღენიშნება. არცთუ იშვიათია ეპილეფსიური შეტევებიც. ნევროლოგიური სიმპტომების მხრივ შეიმჩნევა დამბლა, ჰემიპარეზი (სხეულის სახევარში მოტორული ფუნქციის მოშლა), ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა), ატაქსია (მოძრაობითი კოორდინაციის დარღვევა), ხშირად ზიანდება მხედველობისა და სახის ნერვები.

ენცეფალიტი ჩუტყვავილასა და წითელას დროს - დაავადების სიმპტომები ძირითადად მე-2-8 დღეს აღმოცენდება. ზიანდება ნერვული სისტემა. დაავადება უმეტესად მწვავედ იწყება: ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ძილიანობას, აქვს ეპილეფსიური შეტევები, კიდურების პარეზი ან დამბლა, ჰიპერკინეზია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ზოგჯერ ზიანდება მხედველობის ნერვი, ვითარდება ენცეფალომიელიტური სინდრომი.

ჰერპესულ მენინგიტს ჰერპესის ვირუსი იწვევს. ამ დროს ზიანდება ტვინის თეთრი ნივთიერება, ვითარდება ნეკროზული პროცესი (კეროვანი ან დიფუზური ხასიათისა). დაავადება „ნელ“ ინფექციებს მიეკუთვნება, რადგან ვირუსი ადამიანის ორგანიზმში დიდხანს ძლებს. გამომწვევი ნერვულ სისტემაში ჰემატოგენური გზით ან პერინერვული სივცეებით აღწევს.

პრიდრიმული პერიოდი, რომელიც სხეულის ტემპერატურის ზრდითა და სახესა და სხეულზე ჰერპესული გამონაყრით მიმდინარეობს, რამდენიმე დღე გრძელდება. დაავადების მწვავე ფორმისას აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, ეპილეფსიური შეტევები, მენინგეალური, პარეზისა და დამბლის კეროვანი ნიშნები, ცნობიერების დარღვევა. ნეკროზულ ენცეფალტს ახასიათებს კატარული მოვლენები. მე-7 დღეს ტემპერატურა მკვეთრად მატულობს და ჩნდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები: ცნობიერების დარღვევა, დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია, დაბნეულობა, აფაზია (მეტყველების უნარის მოშლა), აკალკულაცია, აპრაქსია (მიზანდასახული მოქმედებების შესრულების უნარის მოშლა). ზოგ ავადმყოფს აღენიშნება ეპილეფსიური გულყრები. თავ-ზურგყვინის სითხეში აღმოჩნდება ლიმფოციტური ან ნეიტროფილური პლეოციტოზი, ცილების რაოდენობა იმატებს, გლუკოზისა კი იკლებს.

ბავშვები ჰერპესული ენცეფალიტი ძალზე მძიმედ მიმდინარეობს. მწვავე ფორმას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატება, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინები, ეპილეფსიური გულყრები, ცნობიერების დარღვევა და კეროვანი ნევროლოგიული სიმპტომები.

პოლისეზონური ენცეფალიტი. იგი წარმოადგენს გაურკვეველი ეტიოლოგიის ენცეფალიტის შერეულ ჯგუფს. დაავადებას არ ახასიათებს სეზონურობა და სხვადასხვაგვარი სიმპტომით (თვალის მომოძრავებელი ან სახის ნერვის ფუნქციის დარღვევით) ვლინდება. არ არის გამორიცხული ვესტიბულური და ბულბური დარღვევები. ავადმყოფთა ნაწილს უვლინდება სიარულისა და კოორდინაციის უნარის მოშლა, ჰიპოტონია, ატაქსია. დაავადება ზოგჯერ ეპილეფსიური შეტევებით, პარეზისა და დამბლის სწრაფი განვითარებით, ჰიპერკინეზიებით ვლინდება. აღინიშნება ცნობიერების დარღვევა, გულის წასვლა და კომაც კი.

ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი. დაავადების გამომწვევია toxoplasma gondii. მწვავე ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი იშვიათად გვხვდება. ის მეტწილად თანდათანობით ვითარდება. მწვავე ფორმის დროს აღინიშნება ტემპერატურის მატება, გენერალიზებული ლიმფოდენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), პნევმონია, მიოკარდიტი, კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, კანის ეგზანთემები, მონიციტოზი. ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი არცთუ იშვიათად ეშლებათ ინფექციურ მონონუკლეოზში. თავ-ზურგტვინის სითხეში ცილების რაოდენობა არ კლებულობს, აღინიშნება ლიმფოციტური პლეოციტოზი. დაავადების მწვავე სტადიაში სისხლში, შარდში, თავ-ზურგტვინის სითხესა და ლიმფურ კვანძებში ზოგჯერ ტოქსოპლაზმები გამოიყოფა.

გადაუდებელი დახმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურგის ტვინის ფუნქცია ახალშობილზე

ენცეფალიტის დიაგნოზის დადგენისთანავე ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნეს ინფექციურ საავადმყოფოში ან ნევროლოგიურ განყოფილებაში. ინიშნება მკაცრი წოლითი რეჟიმი. ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.

ჰოსპიტალიზაციამდელ პერიოდში მას დეჰიდრატაციული საშუალებები (ლაზიქსი, დიაკარბი) უნდა მიეცეს.

თუ მენინგეალური და ენცეფალური სიმპტომები (თავის ძლიერი ტკივილი კუნთების ტკივილი, ტოქსიკოზი, ღებინება და სხვა) აღინიშნება, ავადმყოფს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარს, რინგერს უსხამენ, იმავდროულად კანქვეშ ან ვენაში უკეთებენ B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას.

ეპიდერმული ენცეფალიტის მწვავე პერიოდში ავადმყოფს ენიშნება ინტერფერონი და ინტერფერონის გამოყოფის მასტიმულირებელი პრეპარატები (პროდიგიზანი), ასევე - რიბონუკლეაზა და დეზოქსირიბონუკლეაზა, მათთან ერთად - მადესენსიბილიზებული საშუალებები (დიმედროლი, სუპრასტინი).

ტკიპისმიერი ენცეფალიტის დროს რეკომენდებულია პრედნიზოლინი, ტკიპისმიერი ენცეფალიტის საწინააღმდეგო ვაქცინით ინაქტივირებული ადამიანის გამა-გლობულინი.

პოლისეზონური ენცეფალიტისას ავადმყოფი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. ამ ინფექციის დროს ინიშნება რიბონუკლეაზა, ტვინის შეშუპების შემთხვევაში კი ოსმო- და სალურეტიკები.

ენცეფალიტის მძიმე შემთხვევაში ტარდება ინტენსიური თერაპია. ეპილეფსიური შეტევებისას ვენაში ან კუნთებში კეთდება სედუქსენი (რელანიუმი). მიკროცირკულაციის გაუმჯობესებისას და დეჰიდრატაციის მიზნით ინიშნება დექსტრანი (პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი).

გრიპის, პარაგრიპისა და ადენოვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული ენცეფალიტის შემთხვევაში ნაჩვენებია გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი).

თუ ავადმყოფი მეტისმეტად დასუსტდა, გლუკოზის 5%-იან ხსნარს უსხამენ. სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში კი ინიშნება დიცინონი, ამინოკაპრონის მჟავა და სხვა.

ჰერპესული ენცეფალიტის ადრეულ სტადიაში კურანტილის ინფექციას ნიშნავენ. რეკომენდებულია ასევე ვიროლექსი, ლევაზოლი და გამა-გლობულინი. პარალელურად ტარდება დეჰიდრატაციული თერაპია. მძიმე შემთხვევაში ნაჩვენებია დეზინტოქციური მკურნალობა (რეოპოლიგლუკინი).

ტვინის პარაინფექციური დაზიანებისა და ენცეფალიტის ნიშნების გაჩენისას ინიშნება ანტიჰისტამინური პრაპარატები და გლუკოკორტიკოიდები. წითელასმიერი ენცეფალიტის დროს კი კარგ ეფექტს იძლევა ლევოდოფა. მწვავე სტადიაში ნაჩვენებია დეჰიდრატაციული და შარდმდენი პრეპარატები (ლაზიქსი), კრუნჩხვების შემთხვევაში კი სიბაზონი კუნთებში ან ვენაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი I, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.315-318
  • Steiner, I.; Budka, H.; Chaudhuri, A.; Koskiniemi, M.; Sainio, K.; Salonen, O.; Kennedy, P. G. E. (1 May 2005). „Viral encephalitis: a review of diagnostic methods and guidelines for management“. European Journal of Neurology. 12 (5): 331–343. doi:10.1111/j.1468-1331.2005.01126.x. PMID 15804262.
  • Basavaraju, Sridhar V.; Kuehnert, Matthew J.; Zaki, Sherif R.; Sejvar, James J. (September 2014). „Encephalitis Caused by Pathogens Transmitted through Organ Transplants, United States, 2002–2013“. Emerging Infectious Diseases. 20 (9): 1443–51. doi:10.3201/eid2009.131332. PMC 4178385. PMID 25148201.
  • National Center for Biotechnology Information. Encephalitis. PubMed Health. National Library of Medicine. ციტირების თარიღი: 2015-08-05.