ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი
პრუსიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 მაისი, 1740
მმართ. დასასრული: 17 აგვისტო, 1786
წინამორბედი: სოფია დოროთეა ჰანოვერელი
მემკვიდრე: ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 ნოემბერი, 1715
დაბ. ადგილი: ჰოლცმინდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 13 იანვარი, 1797, (81 წლის)
გარდ. ადგილი: ბერლინი, გერმანია
მეუღლე: ფრიდრიხ II, პრუსიის მეფე
(ქ. 1733 - გარდ. 1786)
დინასტია: ველფები
მამა: ფერდინანდ ალბერტ II, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი
დედა: ანტუანეტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი (გერმ. Elisabeth Christine von Braunschweig-Wolfenbüttel-Bevern; დ. 8 ნოემბერი, 1715, ჰოლცმინდენი, გერმანია — გ. 13 იანვარი, 1797, ბერლინი, გერმანია) — ველფების დინასტიის წარმომადგენელი. ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პრინცესა. პრუსიის დედოფალი 1740-1786 წლებში. მეფე ფრიდრიხ II დიდის მეუღლე. იგი პრუსიის ისტორიაში ყველაზე განგრძლივი დროით, თითქმის 46 წლის განმავლობაში იყო დედოფალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ კრისტინა 1740 წელს

ელიზაბეთ კრისტინა დაიბადა 1715 წლის 8 ნოემბერს ჰოლცმინდენში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ფერდინანდ ალბერტ II-ისა და მისი მეუღლის, ანტუანეტ ამალია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ქალიშვილი. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია დანიისა და ნორვეგიის დედოფალი იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი.

1733 წელს პრუსიის კრონპრინცმა ფრიდრიხმა, რომელმაც ვერ შეძლო მამის დიქტატურისაგან თავის დაღწევა, იძულებული გახდა დამორჩილებოდა მამის, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის ბრძანებას და ცოლად ელიზაბეთ კრისტინა შეერთო. მათი ქორწინება 1733 წლის 12 ივნისს შედგა ზალცდალუმში. ქორწილის შემდეგ წყვილი პრუსიაში, რაინსბერგის სასახლეში გადასახლდა.

ძალდატანებული შეუღლების გამო, ფრიდრიხი ყოველთვის გულგრილი იყო ელიზაბეთ კრისტინასადმი. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მთელი ცხოვრება მისი ერთგული ქმარი იყო, რადგან როგორც ცნობილია ფრიდრიხი ქალთა სქესის მიმართ ინტერესს საერთოდ არ იჩენდა. რამდენადაც ცნობილია, როცა ფრიდრიხმა აზიაში არსებული ჰარამხანების შესახებ გაიგო განცვიფრდა და აზიელ მამაკაცებზე ასეთი რამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„გასაოცარია, როგორ უძლებენ? მე ცხოვრებაში ერთადერთი ქალი მყავს, ჩემი ცოლი და მიმაჩნია, რომ ესეც კი ძალიან ბევრია ჩემთვის“
დედოფალი ელიზაბეთ კრისტინა 1765 წელს

მრავალწლიანი ქორწინების მიუხედავად, ფრიდრიხსა და ელიზაბეთს შვილები არ ჰყოლიათ, რადგან იგი ერთხელაც კი არ დაფეხმძიმებულა. 1740 წლის 31 მაისს ფრიდრიხ ვილჰელმ I გარდაიცვალა და ტახტზე ფრიდრიხ II ავიდა, რითაც ელიზაბეთ კრისტინა პრუსიის დედოფალი გახდა. მამის გარდაცვალებით შემდეგ, ფრიდრიხმა მალევე ისარგებლა და მაშინვე განშორდა მეუღლეს. დედოფალმაც ისარგებლა და ქმრისგან დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო შინჰაუზენის სასახლეში, ბერლინის ჩრდილოეთ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხს წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად, არ უღალატია ცოლისათვის, რის გამოც ხშირად მას ჰომოსექსუალად მიიჩნევენ, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს.

ფრიდრიხი არასოდეს მისულა ცოლის სანახავად და არც თავისთან, პოტსდამში მიუწვევია. წყვილი ერთმანეთს მხოლოდ სამეფო ოჯახის შეკრებებზე, წელიწადში რამდენჯერმე ხვდებოდა ერთმანეთს. 1757-1758 და 1760-1763 წლებში, შვიდწლიანი ომის პირობებში წარმოქმნილი დაძაბული სიტუაციის პირობებში დედოფალი ელიზაბეთ კრისტინა იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი და უსაფრთხოების მიზნით მაგდებურგში გადასულიყო. აღსანიშნავია, რომ 1763 წელს ცოლ-ქმარი შვიდი წლის შემდეგ პირველად შეხვდა ერთმანეთს, რა დროსაც გაკვირვებულმა ფრიდრიხმა წამოიძახა: „ქალბატონი გასუქებულა!“.

დედოფალი კრისტინა დაინტერესებული იყო ლიტერატურით, რისი გავლენითაც მან საზოგადოებრივ მორალზე რამდენიმე წიგნი დაწერა ფრანგულ ენაზე. ასევე მის სახელთანაა დაკავშირებული პრუსიაში აბრეშუმის წარმოების დაწყება.

1786 წელს ფრიდრიხ II გარდაიცვალა უშვილოდ, ტახტი კი მისმა ძმისწულმა, ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ დაიკავა. მან ელიზაბეთ კრისტინას არსებული მდგომარეობა და შემოსავალი შეუნარჩუნა. ამრიგად, მან დარჩენილი ცხოვრება ბერლინში, სიმშვიდესა და ფუფუნებაში გაატარა და იქვე გარდაიცვალა 1797 წლის 13 იანვარს, 81 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Biskup, Thomas. (2004). "The Hidden Queen: Elisabeth Christine of Prussia and Hohenzollern Queenship in the Eighteenth Century" in Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Clarissa Campbell Orr (ed.). Cambridge University Press. ISBN 0-521-81422-7.
  • Hans-Henning Grote (2005) Schloss Wolfenbüttel. Residenz der Herzöge zu Braunschweig und Lüneburg. S. 228. ISBN 3-937664-32-7.
  • Paul Noack: Elisabeth Christine und Friedrich der Große. Ein Frauenleben in Preußen. 2. Auflage. Klett-Cotta, Stuttgart 2002, S. 185, ISBN 3-608-94292-0
  • Reiners, Ludwig (Swedish): Fredrik den store (Fredrick the Great). Bokindustri Aktiebolag (1956) Stockholm
  • Adlersfeld-Ballestrem, Eufemia von (2018-01-08). Elisabeth Christine, Königin von Preußen, Herzogin von Braunschweig-Lüneburg. Biografie einer Verkannten: In Briefen und Selbstzeugnissen (in German). Diplomica Verlag. ISBN 9783963370236.
  • Reiners, Ludwig (Swedish): Fredrik den store (Fredrick the Great). Bokindustri Aktiebolag (1956) Stockholm