ელენე მეტრეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენე მეტრეველი
ელენე მეტრეველი
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი, 1917
დაბ. ადგილი ზესტაფონი
გარდ. თარიღი 5 მარტი, 2003
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, archaeograph და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ხელნაწერთა ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი

ელენე პავლეს ასული მეტრეველი (დ. 13 დეკემბერი, 1917, ზესტაფონი — გ. 5 მარტი, 2003, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, საქართველო სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიო დოქტორი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი 1968-1988 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენე მეტრეველი დაიბადა 1917 წლის, 13 დეკემბერს ზესტაფონში, პედაგოგების პავლე მეტრეველისა და ბარბარე მეტრეველის ოჯახში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1970 წლიდან — პროფესორი. 1983 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

კონსტანტინე წერეთელი, ბერნარ უტიე, აკადემიკოსი ელენე მეტრეველი და კაუფჰალდი

1944-1948 წლებში მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1946-1958 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, ხოლო 1948-1952 წლებში — თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1958-1968 წლებში მუშაობდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (დღევანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) არქეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად. 1968-1988 წლებში იყო ამავე ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი. 1988-2003 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენე მეტრეველი ავტორია 130-მდე სამეცნიერო შრომისა, რომელთა შორის 15 მონოგრაფიაა და აგრეთვე იგი არის არაერთი წიგნის რედაქტორიც.ელენე მეტრეველი იყო ფართო დიაპაზონის მკვლევარი. იკვლევდა ქართული ფილოლოგიის, ქართულ-ბიზანტიური, ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურათმცოდნეობის, არქეოგრაფიის, კოდიკოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის საკითხებს. თავისი მრავალწლოვანი მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანა ამ დარგების განვითარებაში. მეტრეველის 1951 წელს გამოცემული ნაშრომით „XI საუკუნის ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფია“, ფაქტობრივად, საფუძველი დაედო ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის შესწავლას. 1980 წელს ელენე მეტრეველის ხელმძღვანელობით ავტორთა კოლექტივის მიერ (ელენე მეტრეველი, ცაცა ჭანკიევი, ლილი ხევსურიანი) მომზადებული გამოცემა „უძველესი იადგარი“, 1994 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა.

ლევან მენაბდე, სიმონ ყაუხჩიშვილი, მზექალა შანიძე, აკაკი შანიძე და ელენე მეტრეველი

ელენე მეტრეველის ნაშრომები აგრეთვე ეხება კლასიკური პერიოდის ქართულ საერო ლიტერატურის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლების: „ვეფხისტყაოსანი“, „ამირანდარეჯანიანი“, „აბდულმესიანი“ ანალიზის საკითხებსაც. მეტრეველმა საგანგებოდ შეისწავლა აგრეთვე ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვა“ და გიორგი ავალიშვილის „მოგზაურობა“.

ელენე მეტრეველი იკვლევდა VIII-XIX საუკუნეების ქართულ მწერლობას, XVI-XVIII საუკუნეების ლექსიკოლოგიურ, სამართლებრივ, კარტოგრაფიულ ძეგლებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას. წლების განმავლობაში ელენე მეტრეველი იკვლევდა ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთულ ლიტერატურულ საგანმანათლებლო ცენტრებს (ათონზე, პალესტინაში, სირიაში, სინაზე) და იქ დაცულ ხელნაწერთა კოლექციებს. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ზოგიერთი უცნობი თუ ნაკლებად უცნობი ქართული სკრიპტორიუმების აღმოჩენა და შესწავლა.

აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფილოლოგიის არცერთი სფერო არ დარჩენილა, რომ ელენე მეტრეველს მონაწილეობა არ მიეღოს.

მას ეკუთვნის სტატიები პალეოგრაფიაში, კოდიკოლოგიაში, ლიტერატურის ისტორიაში, ტექსტოლოგიაში.

დოქტორი სანდერსი და აკადემიკოსი ელენე მეტრეველი

1976 წლიდან ელენე მეტრეველი თანამშრომლობდა ბიზანტიური ცივილიზაციის ისტორიის შემსწავლელ პარიზულ ცენტრთან.

ელენე მეტრეველმა ქართველოლოგია გაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას დაანახა ძველი ქართული მწერლობის და შუა საუკუნეების ქართული კულტურის როლი მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.

ხელნაწერთა ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენე მეტრეველი ხელნაწერთა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელია ილია აბულაძესთან ერთად. სწორედ ელენე მეტრეველის დამსახურებაა ის, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ხელნაწერთა ინსტიტუტი ჩაერთო საერთაშორისო პროექტში, რომლის მიზანი იყო ადრექრისტიანული სასულიერო მწერლობის ცნობილი ავტორის, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა სხვადასხვაენოვანი სრული კორპუსის გამოცემის მომზადება. აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი. ამ პროექტით განახლდა ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლობა ცნობილი ორიენტალისტის, ჟერარ გარიტის სკოლასთან, მანამდე ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს ილია აბულაძეს ჰქონდა კარგი ურთიერთობა ჟერარდ გარიტთან. ამ პროექტის ფარგლებში, ლუვენში ტექსტების პუბლიკაციასთან ერთად გამოქვეყნებულია ქართული თარგმანების 7 ტომიც.

მისი მონაწილეობით, უცხოელ თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნდა ივირონის ბერძნული აქტების ოთხი ტომი, გამოკვლევითურთ 1985-1995 წლებში.

აგრეთვე ცალკე საკითხია ელენე მეტრეველი და ხელნაწერთა „აღწერილობები“. როგორც ცნობილია, ის უშუალოდ მონაწილეობდა ინსტიტუტის ამ უმთავრეს, უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში – ხელნაწერთა აღწერაში, იყო „აღწერილობათა“ არაერთი ტომის რედაქტორი.

ხელნაწერთა ინსტიტუტში საქმიანობის პერიოდში ელენე მეტრეველი დაინტერესებული იყო ბიბლიოთეკის საქმიანობით, ფონდის გაზრდით და ლიტერატურის მოძიებით. მისი დამსახურებით საზღვარგარეთ ქართველოლოგიურ ცენტრებთან კონტაქტით მრავალი წიგნი იქნა შეკრებილი, ე.წ. გაცვლის წესით.

ელენე მეტრეველის დიდი შრომისა და მონდომების ფასად ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების, და-ძმა ნინო და კალისტრატე სალიების ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებითაც თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ ევროპულ კვლევებს, მეცნიერებაში დამკვიდრებულ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს. ელენე მეტრეველი იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის პერიოდული ჟურნალის, „მრავალთავის“, და ასევე, სერიის – „ძველი ქართული მწერლობის ძეგლების“ – დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი. აღნიშნული სერია გულისხმობდა ძველი ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების პუბლიკაციას.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

70–იან წლებში მოსკოვში ერთ-ერთი მივლინებისას მიღებულმა საბედისწერო ტრავმამ სიცოცხლის ბოლო წლებში ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში. შორს წასულ ჰემატომას ვერ უშველეს ვერც თბილისში, ვერც – გერმანიასა და საფრანგეთში, სამწუხაროდ მხედველობა თანდათან მთლიანად დაკარგა. ავადმყოფობის მიუხედავად, როგორც მისი ოჯახის წევრები, კოლეგები და მოწაფეები იხსენებენ, არასდროს უწუწუნია და კვლავინდებურად აქტიურად განაგრძობდა მუშაობას. ელენე მეტრეველი გარდაიცვალა 2003 წლის, 5 მარტს, ქალაქ თბილისში. ელენე მეტრეველის პირადი არქივი: მისი მიმოწერა, ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი, აგრეთვე შემოქმედებითი მასალა დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. უნიკალურია პირად არქივში დაცული მისი და ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ჯობაძის მიმოწერა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტაო-კლარჯეთის მეცნიერული კვლევის ისტორია. მათი ეს მიმოწერა, არის ინტერდისციპლინური მუშაობის საუკეთესო ნიმუში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რჩეული ბიბლიოგრაფია:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის XI-XVII ს.ს. , საქ. სსრ მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ., 1962
  • J. Lefort, N. Oikonomidès, D. Papachryssanthou avec la collaboration d’Hélène Métrévéli, Actes d’Iviron, I-IV, Paris: Peeters Publishers, 1985, 1990, 1994, 1995
  • ფილოლოგიური ძიებანი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, თბ., 1995
  • ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996
  • Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio iberica. I, II, III, IV, V, VI, VII ed. H. Metreveli et al., Corpus Christianorum. Series Graeca, 36 / 42 / 45 / 52 / 58 / 78 / 86, Corpus Nazianzenum, 5 / 9 / 12 / 17 / 20 / 26 / 28, Turnhout: Brepols, 1998, 2000, 2001, 2004, 2007, 2013, 2017
  • ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი , თბ., 1998
  • ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, თბ., 2007

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 6; თბ., 1983 წ. - გვ.615
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002 წ. - გვ. 666
  • შურღაია გ. „ელენე მეტრეველი (1917–2003) ბიობიბლიოგრაფია“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბ., 2007 წ.
  • „ქართული ენა“ ენციკლოპედია, თბ., 2008 წ. - გვ.317
  • მარგიანი თ. „ელო“, ფონდი ტასო, თბ., 2010 წ.
  • „საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.“, თბ., 2012 წ. - გვ.50
  • „ელენე მეტრეველი 100“, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბ., 2018 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]