ევფემიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევფემიზმები (ბერძ. euphēmismos — შელამაზებული სიტყვების გამოყენება, eu „კარგად“ + phēmē „ვლაპარაკობ“) — ამა თუ იმ ენობრივ კოლექტივში სააუგოდ, საჩოთიროდ და სახიფათოდ მიჩნეულ სიტყვა-თქმათა ნაცვლად ხმარებული უფრო ნატიფად, ზრდილობიანად და უვნებლად მიჩნეული სიტყვა-თქმები.

ტერმინის ანტონიმიადისფემიზმი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგ მიზეზთა გამო ხშირად ადამიანები შეგნებულად გვერდს უხვევენ გარკვეული ობიექტური მონაცემების აღმნიშვნელი სიტყვებისა და გამოთქმების ხმარებას. მათ ან სრულიად არ ასახელებენ ანდა ამბობენ არაპირდაპირ, შემოვლით, აღწერით, შთაბეჭდილების შენელებით, რათა მისაღები გახადონ ადრესატისათვის.

ამგვარი მოვლენის სახელწოდება — „ევფემიზმი“ ბერძნული ენიდან მომდინარეობს. სიტყვა εύφημείν ჯერ კიდევ ჰომეროსთან გვხვდება და გულისხმობს ძველ წარმართულ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც მსხვერპლის შეწირვის და ლოცვების წარმოთქმის დროს მხოლოდ „კარგი მნიშვნელობის“ სიტყვები უნდა ეხმარათ. შემდგომ ეს ჩვეულება ისე გაიზარდა, რომ წარმართული მღვდელმსახურების დროს საერთოდ აიკრძალა ლაპარაკი, რადგან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ამ საქმის თვით ყველაზე მორწმუნე და პედანტი შემსრულებელნიც კი შეცდომას უშვებდნენ და შესაფერის სიტყვებს ვერ ირჩევდნენ (ეს აზრია სწორედ ჩაქსოვილი რომაელთა ცნობილ გამოთქმაში — „favete linguis“). თვით მსხვერპლად შესაწირავ ცხოველის ბღავილსაც კი ახშობდნენ საკრავთა ხმებით, რადგან წარმართთა აზრით, მასაც ისევე, როგორც უხეში გამოთქმების ხმარებას, შეეძლო გაენაწყენებინა მათი ღვთაება.

ამჟამად სიტყვა „ევფემიზმი“ საერთაშორისო ენათმეცნიერებაში მიღებული ტერმინია და ეწოდება სიტყვას (ან გამოთქმას), რომელიც ისეთი სიტყვის (ან გამოთქმის) შემცვლელად იხმარება, რომელიც მოცემულ ენობრივ კოლექტივში სახიფათოა, უსიამოვნოდ, უხეშად, სათაკილოდ ან უზრდელად მიიჩნევა. ევფემიზმი და ის სიტყვა (ან გამოთქმა), რომელსაც იგი ენაცვლება, ერთსა და იმავე ობიექტურ მონაცემზე მიუთითებენ. განსხვავდებიან კი იმით, რომ ერთნაირ შთაბეჭდილებას არ ახდენენ მსმენელზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]