დურბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დურბანი
ინგლ. Durban
აფრ. Durban
ზულუ eThekwini
დროშა გერბი

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პროვინცია კვაზულუ-ნატალი
კოორდინატები 29°51′00″ ს. გ. 31°01′00″ ა. გ. / 29.85000° ს. გ. 31.01667° ა. გ. / -29.85000; 31.01667
დაარსდა 1880[1]
ადრეული სახელები პორტ-ნატალი
ფართობი 225,91 (2291,89 აგლომერაციის) კმ²
ცენტრის სიმაღლე 22 მეტრი
მოსახლეობა 595 061 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2634,02 კაცი/კმ²
აგლომერაცია 3 442 361
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 031
საფოსტო ინდექსი 4001
ოფიციალური საიტი durban.gov.za
დურბანი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დურბანი

დურბანი (ინგლ. Durban, აფრ. Durban, ზულუ eThekwini) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ნაპირას და არის რეგიონის უდიდესი პორტი. ასევე არის ტურისტული ცენტრი ქალაქის თბილი სუბტროპიკული კლიმატის და ზღვის სანაპიროს წყალობით. დაარსდა 1835 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობენ, რომ 100 000 წლის წინ დღევანდელი დურბანის შემოგარენი დასახლებული იყო მონადირეების და შემგროვებლების მცირე თემებით, რომლებიც ეკუთვნოდნენ კოისანის ხალხს. ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ისინი მთლიანად ამოჟლიტეს ჩრდილოეთიდან მოსულმა ბანტუს ხალხის ტომებმა.

1497 წლის კათოლიკურ შობამდე ცოტა ხნით ადრე ეს ადგილები მოინახულა პორტუგალიელთა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვასკო და გამა და რომელიც ეძებდა საზღვაო გზას ევროპიდან ინდოეთისკენ. გამამ ტერიტორიას დაარქვა ნატალი (პორტ. Natal), რაც ნიშნავს «შობას».

პირველი თეთრკანიანი მოსახლეობა აქ გამოჩნდა 1824 წელს, როდესაც 25-მა ინგლისელმა, ლეიტენანტ ფრენსის ფარუელის (ინგლ. Francis Farewell) ხელმძღვანელობით, დააარსა ბანაკი ნატალის უბის ჩრდილოეთ სანაპიროზე. თავდაპირველად დასახლება იმყოფებოდა ზულუსების ქვეყნის მეომარი ტომების მხრიდან განადგურების მუქარის ქვეშ, მაგრამ შემდეგ ფრენსის ფარუელის ერთ-ერთმა თანამგზავრმა, ჰენრი ფინმა (ინგლ. Henry Fynn) შეძლო ზულუსების ბელად ჩაკასთან დამეგობრება, უმკურნალა მას ბრძოლაში მიღებული ჭრილობა. ჩაკამ ფინს მადლობის სანაცვლოდ მას სანაპიროს გასწვრივ აჩუქა მიწის ზოლი სიგანით 30 მილი და ხმელეთის სიღრმეში სიგრძით 100 მილი. 1835 წლის 23 ივნისს 35 თეთრკანიანი კოლონისტის კრებაზე ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქის დაარსება, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში ინგლისური კოლონიების გუბერნატორის სერ ბენჯამინ დ’ურბანის (ინგლ. Benjamin d’Urban) პატივსაცემად დაერქვა დურბანი.

1838 წელს დურბანთან ახლოს დაწყებულმა კონფლიქტმა ბურებსა და ზულუსებს შორის გაამწვავა ურთიერთობა კოლონისტებსა და აფრიკელებს შორის, რომელმაც გამოიწვია ქალაქის დროებითი ევაკუაცია. შემდგომში ბურების მიერ ნატალის რესპუბლიკის დაარსებამ და ინგლისური კოლონიალური ხელისუფლების სურვილმა არ დაეშვათ ბურების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება უკვე ბურებსა და ინგლისელებს შორის. ინგლისის რეგულარული ჯარის დიდი რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო 1844 წელს ნატალის რესპუბლიკა ანექსირებული იქნა დიდი ბრიტანეთის მიერ.

ინდოელი მუშები ჩამოდიან დურბანში

დურბანში ჩამოსულმა ინგლისელმა კოლონისტებმა ქალაქის შემოგარენში დააარსეს ბევრი შაქრის პლანტაცია. პლანტაციებში სამუშაოდ აფრიკელთა დასაქმებაში დიდი სიძნელეების გამო, პლანტატორებმა დაიწყეს მუშების შემოყვანა ბრიტანეთის ინდოეთიდან. ყველაზე უფრო ხშირად მუშები სამუშაოდ აჰყავდათ დიდი ხნის ვადით, 25 წლამდე. რადგანაც მათ დიდ უმრავლესობას კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ არ სურდა სამშობლოში დაბრუნება, ისინი რჩებოდნენ დურბანში, რამაც მოიტანა ის, რომ დღეისათვის ქალაქში არსებობს, თვით ინდოეთიდან და პაკისტანიდან საკმაოდ დაშორებული მსხვილი ინდო-პაკისტანური თემი.

პორტუგალიელები ქალაქის ისტორიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასკო და გამა, ინდოეთისკენ ცურვის დროს, შეჩერდა მომავალი ქალაქის ადგილას 1497 წლის 25 დეკემბერს, ანუ კათოლიკური შობის დღესასწაულის დღეს და ამ ადგილს დაარქვა ნატალი (პორტუგალიური ენიდან თარგმანში: «შობა» ანუ «საშობაო» — დაკავშირებული შობის თარიღთან); სრული დასახელება — პორტუ-ნატალი ანუ პორტ-ნატალი — ეს დასახელება გამოიყენებოდა ქალაქის დაარსებამდე, რომელსაც ბრიტანელი სამხედრო მეთაურის და კოლონიალური ადმინისტრატორის — ბენჯამინ დ’ურბანის პატივსაცემად დაერქვა დურბანი.

მწერალი ფერნანდუ პესოა (პორტ. Fernando António Nogueira Pessoa) დურბანში ცხოვრობდა 1895—1905 წლებში.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის და შემოგარენის დიდი ნაწილი მდებარეობს საკმაოდ მაღლობ (700 მეტრამდე) და დაგრეხილ ბორცვებზე, სწორი ადგილები მხოლოდ სანაპიროზე არსებობს.

დურბანი მდებარეობს სუბტროპიკული ოკეანური კლიმატის ზონაში, ხანგრძლივი, ცხელი და წვიმიანი ზაფხულით, მოკლე და თბილი ზამთრით. ყინვები საკმაოდ იშვიათად იცის და მხოლოდ ქალაქის დასავლეთ ნაწილში, რომელიც ბორცვებზე მდებარეობს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთლიანი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 595 061 ადამიანს.[2] მოსახლეობის 51,12 % შავკანიანია, 24,03 % — ინდოელი, შაქრის პლანტაციებში მომუშავეთა შთამომავლები, 15,33 % — თეთრკანიანი, 8,59 % — ფერადკანიანი.[2] ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია — ინგლისური — 49,75 %, ზულუ — 33,12 %, კოსა — 5,92 %, აფრიკაანსი — 3,59 %.[2] მოსახლეობის 68 % ქრისტიანია, ინდუსი — 11 %, მუსლიმი — 3 %.

დურბანი — «ახალგაზრდა» ქალაქია (მოსახლეობის მხოლოდ 4,2 %-ია 65 წელზე უფროსი, 48,9 % 24 წელზე ახალგაზრდაა). უმუშევრობა — 27,9 %. ფუნქციონირებს 2 უნივერსიტეტი, ქალაქში განათლების შედარებით მაღალი დონეა.

სერიოზული პრობლემაა ქალაქში შიდსით დაავადების საკმაოდ მაღალი დონე, რომელიც შავკანიან მოსახლეობას შორის შეადგენს 25 %-მდე.

ქალაქში დანაშაულობის დონე მაღალია თვით სამხრეთაფრიკულ მაჩვენებლებზეც კი, თუმცა უკანასკნელ წლებში ქალაქის ხელისუფლებამ და პოლიციამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ამ საკითხში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურბანის აგლომერაციას აქვს განვითარებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა ძლიერი საწარმოო, ტურისტული, სატრანსპორტო, საფინანსო და ადმინისტრაციული სექტორებით. საექსპორტო მოღვაწეობაში სანაპიროსთან მდებარეობა და დიდი პორტი ქალაქს აძლევს შედარებით უპირატესობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისეთ ეკონომიკური ცენტრების წინაშე, როგორებიცაა იოჰანესბურგი, პრეტორია და ბლუმფონტეინი. სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის თბილი დინება და მოსახლეობის კულტურული მრავალფეროვნება ასევე უპირატესობას წარმოადგენს რეგიონის ტურიზმის განვითარებისათვის.

მიუხედავად ამისა, დურბანის ეკონომიკა მნიშვნელოვან სიძნელეებს განიცდიდა 20 წლის განმავლობაში თეთრკანიანთა უმცირესობის აპარტეიდული რეჟიმის დამხობის შემდეგ. ქალაქს მოაწყდა შავკანიანი მოსახლეობა სხვადასხვა სოფლებიდან, რომლებმაც თან მოიტანეს დამნაშავეობის და ანტისანიტარიის კოლოსალური ზრდა. ცენტრალური საქმიანი რაიონი, როგორც იოჰანესბურგში, ფაქტობრივად აღმოჩნდა მიტოვებული, რადგანაც შავკანიანთა ახალი ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა (ხშირად დიდ სურვილსაც არ იჩენდა) გამკლავებოდა ამ პრობლემებს. დამნაშავეობის მაღალი დონე გახდა ტურიზმის სფეროს და სხვა დარგების განვითარების წინაღობა. ბევრი კორპორაცია გადაბარგდა უმშლანგას ქალაქგარე რაიონში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით და რომელიც უპირატესად თეთრკანიანებითაა დასახლებული. საწარმოო სექტორი, რომელსაც უკავია მეორე ადგილი ქალაქის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების მიხედვით, საჭიროებს ძირფესვიან რეკონსტრუქციას, რასაც ხელს უშლის თეთრკანიანი მოსახლეობის უწყვეტი გადინება (თუმცა უკანასკნელ წლებში ის შემცირდა) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. მიუხედავად ამისა, დურბანი რჩება მესამე ყველაზე უფრო მდიდარი ქალაქი ქვეყანაში იოჰანესბურგის და კეიპტაუნის შემდეგ.

უკანასკნელ დროს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამოავლინა ბიზნესის უკან ქალაქში დასაბრუნებლად, ახალმა სანაპირომ შექმნა განვითარების წერტილი ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, აშენდა ოკეანერიუმი, მიმდინარეობს ადრე მიტოვებული საქმიანი რაიონის რეკონსტრუქცია, შენდება მსხვილი საცხოვრებელი შენობები და გასართობი ნაგებობები. 2010 წელს GaWC-ის რეიტინგში დურბანი შეფასებული იყო, როგორც გამა-ქალაქი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურბანის პორტი

ქალაქს ემსახურება საქმიანი ცენტრიდან ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარე მეფე ჩაკას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: DUR, ICAO: FALE) 4,7 მილიონზე მეტი ადამიანის მგზავრბრუნვით (2012 წელი). 2010 წელს გახსნილი აეროპორტიდან სრულდება ფრენები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველა ძირითად ქალაქში, ასევე საერთაშორისო რეისები დუბაიში, მაპუტუში, ლუსაკაში, ჰარარეში და მავრიკიზე. 2014 წელს დაგეგმილია იმ რეისების აღდგენა ლონდონში, სინგაპურში და მუმბაიში, რომლებიც ადრე სრულდებოდა დურბანის ძველი აეროპორტიდან.

დურბანის პორტი აფრიკაში, ეკვატორის ქვემოთ ყველაზე უფრო მეტად დატვირთული პორტი და სიდიდით მესამე საკონტეინერო პორტია სამხრეთ ნახევარსფეროში.

დურბანში გაიხსნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პირველი რკინიგზა (1860 წელი). დღეისათვის ქალაქის სარკინიგზო ვაგზლიდან გადის შორეული სვლის ორი მატარებელი: ყოველდღიური იოჰანესბურგში (პიტერმარიცბურგის გავლით და ნიუკასლი) და ყოველკვირეული კეიპტაუნში (კიმბერლის გავლით და ბლუმფონტეინი). ამ მატარებლებს ძირითადად იყენებენ ტურისტები, რომლებსაც სურთ აუჩქარებლად და კომფორტულად მოინახულონ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სილამაზეები. კომპანია Metrorail KwaZulu-Natal მართავს ადგილობრივი დანიშნულების მატარებლებს ქალაქის შემოგარენში. დღეისათვის განიხილება დურბანი - იოჰანესბურგის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხი.

დურბანში იკვეთება ეროვნული მნიშვნელობის ორი საავტომობილო მაგისტრალი - N2 (კეიპტაუნი - დურბანი - მპუმალანგა) და N3 (დურბანი - იოჰანესბურგი).

დურბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფუძველია კერძო მიკროავტობუსების სიმრავლე, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები ასობით მარშრუტზე ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე. ტურისტების მომსახურებისათვის არსებობს სამი მარშრუტი კომფორტაბელური ავტობუსებით, რომლებიც იმყოფებიან ორგანიზაცია Durban People Mover-ის მმართველობის ქვეშ.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურბანში ყოველწლიურად ტარდება ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული ზემარათონი — The Comrades. ზემარათონი მიმდინარეობს მარშრუტით დურბანი-პიტერმარიცბურგი (წყვილ წლებში) ან პიტერმარიცბურგი-დურბანი (კენტ წლებში).

2007 წელს აქ გაიმართა 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა, რომლის ზოგიერთი შეხვედრა ჩატარდა ქალაქის «მოზეს მაბიდას» სტადიონზე.

ცნობილი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]