დოდო გუგეშაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოდო გუგეშაშვილი
დაბადების თარიღი 1958 წელი
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია პედაგოგი
შვილ(ებ)ი გრიგოლი

დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი (დ. 1958 წელს) — 1991-93 წწ. საქართველოს სამოქალაქო ომის და 1992-93 წწ. აფხაზეთის ომის მონაწილე, გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ ერთ-ერთი მეთაური. 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოდო გუგეშაშვილის ბავშვობის დროინდელი გატაცება მუსიკა იყო. ფორტეპიანოს სპეციალობით სამუსიკო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ ის გახდა სოლისტი ანსამბლ „აცაურაში“, სადაც ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. შემდეგ სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მუშაობდა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად.

ეროვნული მოძრაობის პერიოდში ის გაწევრიანდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი ძმასთან ერთად გაგრის ფრონტზე წავიდა. მოგვიანებით იგი ძირითადად ოჩამჩირის მიმართულებით იბრძოდა.[1] დოდო გუგეშაშვილი აქტიურად მონაწილეობდა, აგრეთვე, კოდორის ხეობის დაცვის ღონისძიებებში, კერძოდ ლათის გარშემო 1994 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენებში.

დარჩელის ტრაგედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სამოქალაქო ომის ფარგლებში სამეგრელოს ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. პარალელურად, რეგიონის დასახლებულ პუნქტებში აფხაზეთიდან დევნილი ათეულ ათასობით ადამიანი მძიმე პირობებში იმყოფებოდა, რაც ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბებს აღწევდა. 16 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელის და ახალკახათის სიახლოვეს მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ორი შეიარაღებული პირი. მცირე ხანში შურისძიების მიზნით მათი თანამებრძოლები დარჩელში ჯავშანტექნიკით შეიჭრნენ, სახლები გაძარცვეს, პირუტყვი და ფრინველები დახოცეს, 27 სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.[2]

1994 წელს სახელმწიფომ საბრძოლო მოქმედებებისგან დაზარალებული ოჯახის სტატუსი ზუგდიდის რაიონის ოთხი სოფლის 113 ოჯახს მიანიჭა. ზიანის ოდენობა 2 347 810 ლარით განსაზღვრა, აქედან 1 128 629 ლარი დამწვარი სახლების აღდგენას უნდა მოხმარებოდა.[3]

დოდო გუგეშაშვილს, როგორც ზუგდიდის სამხედრო კომენდანტის მოადგილეს, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ "მხედრიონის" წინაააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 1995 წელს ბრალი წაუყენეს დარჩელში მომხდარი ეგზეკუციის ორგანიზებაში, რისთვისაც ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი გაათავისუფლეს ხუთი წლის შემდეგ ეროვნული შერიგების პროცესის დროს.  

მხარდაჭერა უკრაინას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მარტში რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია განახორციელა, ასევე დღითიდღე იკვეთებოდა ოფიციალური მოსკოვის მიერ დონბასის რეგიონში შეიარაღებული ჩარევის კონტურები უკრაინისგან დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ჩამოჭრის მიზნით. ქართულ მედიაში დოდო გუგეშაშვილმა განცხადება გააკეთა უკრაინელთა დასახმარებლად თავისი მზადყოფნის თაობაზე.[4]

კონფლიქტის გაღვივების და უკრაინაში დოდო გუგეშაშვილის გამგზავრების შემდეგ რუსული პრესა წერდა ნასამართლევი ქართველი ნაციონალისტი მებრძოლი ქალის მხრიდან უკრაინული ულტრარადიკალური ჯგუფების მხარდაჭერაზე. აფხაზეთში ნაომარი უნა-უნსოს მებრძოლების შუამავლობით დოდო შეუდგა ორგანიზაცია „პრავი სექტორის“ მოხალისეთა მომზადებას, რომელიც მოიცავდა ფიზიკურ, თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.[5]

ოჯახური ტრაგედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 7 თებერვალს დიღომში მდებარე საკუთარ ბინაში დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხა დამნაშავე. სროლის შედეგად დოდომ გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობა მიიღო, ხოლო მისი ერთადერთი შვილი 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. დოდომ ვერ შესძლო დანაშაულის მოტივის ახსნა, მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა, რომ თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, შესაძლოა ის რუსეთის სპეცსამსახურების სალიკვიდაციო სიაში იმყოფებოდა.[6]

2020 წლის იანვარში დაპატიმრებული იქნა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, რომელსაც მოგვიანებით ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის შედეგად საქალაქო სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა შეუფარდა.[7]  

შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ომზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების ძმათამკვლელი დაპირისპირების გამო იგი სინანულს გამოთქვამს: „სამოქალაქო ომი ყველაზე დიდი ცოდვაა ორივე მხარისთვის...განვიცდი, რომ ბედის უკუღმართობამ ერთმანეთი დაგვახოცინა“.[8]

17 მაისზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოდო გუგეშაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია ლგბტ აქტივისტების მიერ ქუჩაში საჯარო მსვლელობების მოწყობა. იგი თავს ტრადიციული ფასეულობების დაცვის მომხრედ მიიჩნევს, ვისთვისაც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.[9]

რუსეთზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუგეშაშვილმა სამშობლოს ღალატად შეაფასა იმ ქართველი პოლიტიკური მოღვაწის საქციელი, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს დააბრალა. ამასთან, ახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში გამოთქვა მზადყოფნა, მოახდინოს თავისი ადრინდელი თანამებრძოლების მობილიზება მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.[10]  

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "მაგნოლია"-რა ვიცით დოდო გუგეშაშვილის შესახებ. intermedia.ge (7 თებ 2018).
  2. დოდო გუგეშაშვილი - სამოქალაქო ომის სახე ghn.ge, 8 თებერვალი 2018
  3. მხედრიონის მიერ გადამწვარი სახლების პატრონები კომპენსაციას დღემდე ელოდებიან humanrights.ge, 10 ოქტომბერი 2007
  4. "მხედრიონი" უკრაინაში იომებს - "სისხლით ვალში ვართ უკრაინელებთან" ambebi.ge, 17 მარტი 2014
  5. История отважной грузинки, которая тренирует добровольцев АТО obozrevatel.com obozrevatel.com, 19 სექტემბერი 2014
  6. |დოდო გუგეშაშვილი: გავაგრძელებ ბრძოლას ოკუპანტი რუსების წინააღმდეგ kvira.ge, 13 ივლისი 2018
  7. დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს radiotavisupleba.ge, 20 ოქტომბერი 2020
  8. დოდო გუგეშაშვილი: სამოქალაქო ომი ყველაზე დიდი ცოდვაა ორივე მხარისთვის. imedi.ge (10 აპრილი 2015).[მკვდარი ბმული]
  9. დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ 17 მაისს საქართველოში მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე უნდა აღინიშნოს. 1tv.ge (16 მაისი 2019).
  10. დოდო გუგეშაშვილი: რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი მტერია და ვინც მასთან თანამშრომლობს - მოღალატე. presa.ge (20 05 2011).