დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერის მიხედვით, X–XI საუკუნეების მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ.

წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, მდინარე ხრამის მარჯვენა ქარაფოვან ნაპირზე. გუმბათიანი ეკლესია ნაგებია თლილი ქვით, გეგმაში ჯვრის ფორმისაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდით.

ორი შესავლელი აქვს — დასავლეთი მკლავის სამხრეთი და ჩრდილოეთის მკლავის დასავლეთ კედელში. სამხრეთის კარი გადახურულია დიდი თლილი ქვით. სამხრეთი კარის თავზე და აღმოსავლეთ კედელზე წარწერებია. ეკლესია რესტავრირებულია. ეკლესიის სამხრეთით და ჩრდილოეთით სამაროვანია გამართული, სადაც გვხვდება გამოსახულებებით შემკული საფლავის ქვები და ცხენის ქანდაკებები.

წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე რამდენიმე ასომთავრული წარწერაა შემორჩენილი.

დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული წარწერების კორპუსი. I., აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო (V-X სს.), თბ., 1980, გვ. 243-248
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 54

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]