დარვინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ დარვინი 1868 წელს

დარვინიზმი — ორგანული სამყაროს ევოლუციის (ისტორიული განვითარების) მატერიალისტური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ჩარლზ დარვინის მოძღვრებაზე. შეისწავლის ორგანული სამყაროს ევოლუციის მოვლენებს, მიზეზებს, გზებს, კანონზომიერებებს და მართვის ხერხებს. საკუთარი დაკვირვებების, თავისი დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლ დარვინმა 1837-1858 წლებში ჩამოაყალიბა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით მცენარეთა და ცხოველთა ახალი ფორმების წარმოშობის შესახებ. დარვინის თეორია გადმოცემულია მის უმთავრეს თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859). თავისი შეხედულებები დარვინმა სხვა თხზულებებშიც განავითარა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დარვინიზმი საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას. დარვინიზმის გავრცელებასა და განმტკიცებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. უოლესს, ტ. ჰაქსლის, ე. ჰეკელს, კ. ტიმირიაზევს, ვ. კოვალევსკის, ა. კოვალევსკის და სხვებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]