დაბის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბის წმინდა გიორგის ეკლესია
დაბის წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
დაბის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა საქართველო
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია
თარიღდება 1333 წლით

დაბის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაში. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. ეკლესია დაბურულ ტყეში დგას და სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. დასავლეთ შესასვლელის თავზე შესრულებულია წარწერა:

ვიკიციტატა
„ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა.“

ე. ი. დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს აუშენებია.[2] ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას ადგილობრივი მოსახლეობა ჩრდილოეთის წმ. გიორგის სახელით იხსენიებს. ეკლესია წიწვოვანი ტყით დაფარულ ფერდის მცირე ბაქანზე დგას, რომელიც სამხრეთი მხრიდან თითქმის პირდაპირ კლდეზეა მიდგმული. მისი ძირითადი სივრცე დანაწევრებულია ორი საბჯენი თაღით. აფსიდის ვიწრო სარკმლის ორსავ მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია. შიგნით და გარედან ეკლესიის კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, თანაბრად ნაწყობი კვადრებით. ფასადები უხვადაა მოჩუქურთმებული. განსაკუთრებით გამოირჩევა დასავლეთ ფასადი, რომლის ფართო სწორკუთხედით მოჩარჩოებული ჩუქურთმებიანი პორტალი და მის თავზე მდებარე სარკმელი ერთიან კომპოზიციას შეადგენენ. დაბის ეკლესია თავისი ეპოქის საყურადღებო ხუროთმოძღვრული ძეგლია. ეკლესიის დასავლეთის შესასვლელის თავზე მოთავსებულია ლამაზი ასომთავრულით შესრულებული სამშენებლო წარწერა რომლის შინაარსი შემდეგი სახისაა: „ინდიკტიონსა მეფეთა მეფისა გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტესა სიტასა ღმრთისა აორცთშესხმისა მიზეზო, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ მეფისა გიორგისსა მე მათმან მოლარეთუხუცესმან... ქორონიკონსა კა“. როგორც წარწერიდან ვიგებთ, აღნიშნული ეკლესია 1333 წელს აშენდა გიორგი ბრწყინვალის (1318-1346 წწ.) მოლარეთუხუცესის დაკვეთით, რომლის სახელიც წარწერაში გადაშლილია და არ იკითხება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. დოლიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 324-325.
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 116-119.
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან: ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985.
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც. და ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  2. ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები. ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-09.