შინაარსზე გადასვლა

გრემის I სასახლე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის I სასახლე — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, ე. წ. მეფე-დიდებულთა უბანში, მდინარე ინწობის მარჯვენა ნაპირას, პატარა შემაღლებაზე. განეკუთვნება XV-XVI საუკუნეებს. სასახლის გეგმა სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი ნაწილის ნანგრევები. აღმოსავლეთი ნაწილი კი მდინარეს წაუღია. შემორჩენილი კედლები ზოგან ძლივს აღწევს პირველი სართულის იატაკის დონემდე, რომელიც მიწის დონიდან 3-4 მეტრ სიმაღლეზეა. სასახლეს მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. შესასვლელს წინიდან ადგებოდა უზარმაზარი, კირის დუღაბით ჩამოსხმული კიბე, რომლისთვისაც მდინარეს ძირი გამოუცლია, ჩამოუგდია და ხრეშით დაუფარავს. კიბის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდა აგურით ნაგები რვაგვერდა აუზი, რომლის შიდა ზედაპირი შელესილია კირის მკვრივი ხსნარით. აუზს ერთ მხარეს აქვს წყლის შესაყვანი, ხოლო ფსკერზე - წყლის გასაყვანი მილი. ვარაუდობენ, რომ აუზი სასახლის მორღვეულ ნაწილში, მიწის დონეზე მდგარა.

სასახლის შიდა გეგმარება კედლების ფრაგმენტულობისა და მრავალგზის გადაკეთების გამო ზუსტად არ ირკვევა. როგორც ჩანს, სასახლის დასავლეთ ნაწილში ცალკეული ოთახები ყოფილა, ჩრდილოეთ ნაწილში კი - საკმაოდ მოზრდილი დარბაზი. შესასვლელის წინ მოწყობილი იყო წინკარი, რომლის იატაკი აგურით ყოფილა მოგებული. აგურისავე იატაკის ნაშთი აღმოჩნდა სასახლის ჩრდილოეთ მონაკვეთშიც. შემორჩენილი ნაწილიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი გადაკეთების დროს სასახლის იატაკი აუმაღლებიათ და კირის ხსნარით მოულესავთ.