გიორგი ამარტოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ამარტოლი. მინიატიურა "ქრონიკის" ხელნაწერიდან. XIV საუკუნის პირველი ნახევარი, ტვერი.

გიორგი ამარტოლი ( ბერძ. Γεώργιος Ἁμαρτωλός), იგივე გიორგი მონაზონიIX საუკუნის ბიზანტიელი ბერი და ისტორიკოსი. ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ III-ს ზეობაში. დაწერა თხზულება „ქრონოგრაფია“, რომელიც გადმოსცემს მსოფლიოს ისტორიას, სამყაროს შექმნიდან 842 წლამდე. წყაროდ გამოყენებული აქვს ანტიკური და ბიზანტიური საისტორიო თხზულებები, აგრეთვე ზეპირი გადმოცემები. სრულად აღწერს ისტორიულ მოვლენებს და ეპოქის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას. გიორგი ამარტოლის თხზულება საკმაოდ პოპულარული იყო ბიზანტიაში.

XII საუკუნეში ქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა. არსენის თარგმანი მისდევს უძველეს ხელნაწერებში შემორჩენილ რედაქციას, ამავე დროს იგი ორიგინალის ზოგიერთი ადგილის დაზუსტების, შევსებისა და ახლებურად წაკითხვის საშუალებას იძლევა. არსენის თარგმანი შედგება 9 წიგნისაგან და წყდება ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსიუს II-ის (401–450) მეფობამდე. არსენს თარგმნა დაუწყია მანგანის აკადემიაში. ამ დროს იგი პლატონის ზეგავლენას განიცდიდა, რაც მის „ქრონოგრაფიაშიც“ აისახა. შემდეგ არსენის შეხედულება პლატონის ფილოსოფიასა და ნეოპლატონიზმზე მკვეთრად შეიცვალა. შესაძლოა ამის გამო მან აღარ დაასრულა „ქრონოგრაფიის“ თარგმნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიმინოშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 25.
  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952.
  • Georgii Monachi chronicon, ed. C. de Boor, v. 1–2, Lipsiae, 1904;
  • კეკელიძე კ., ქართული თარგმანი გიორგი ამარტოლის ხრონოგრაფიისა (ისტორიულ-ლიტერატურული შენიშვნები), მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • ყაუხჩიშვილი ს., გიორგი ამარტოლის ქრონოგრაფიის ქართული თარგმანები, ნაწ. 2. გამოკვლევა, თბ., 1926;
  • ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 – ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურის ისტორია, თბ., 1973.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]