გამოცანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამოცანა — ზეპირსიტყვიერების ჟანრი; საგნის ან მოვლენის პოეტური, ნართაული დახასიათება თვით ამ ობიექტის დაუსახელებლად მისი გამოცნობის მიზნით. წარმოშობით გამოცანა პირველყოფილ საზოგადოებას მიეკუთვნება; თავდაპირველად მას საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა, იმ უძველეს წარმოდგენებს უკავშირდებოდა, რომლებიც საგნის ან მოვლენის საკუთარი სახელით მოხსენიებას კრძალავდა. მოგვიანებით გამოცანამ მხატვრულ-ესთეტიკური და შემეცნებითი ფუნქცია შეიძინა. მისი დანიშნულებაა ადამიანში გონებამახვილობისა და დაკვირვების უნარის აღზრდა. გამოცანის თემატიკა, შეუზღუდველია, მისი ფორმა — კომპაქტური, დახვეწილი, უმთავრესად რიტმული, ზოგჯერ რითმიანიც („ვკეცე, ვკეცე — ვერ დავკეცე“, „დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი“ და სხვა). ქართული გამოცანების პირველი შემკრებია პლატონ იოსელიანი („გამოცანანი ქართულნი“, 1835, ხელნაწერი დაცულია სანქტ-პეტერბურგში, სალტიკოვ-შჩერდრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში). ქართული გამოცანების პირველი ბეჭდური გამოცემა 1879 წელს მიეკუთვნება (შემკრები რაფიელ ერისთავი). გამოცანების ტექსტები ჩაწერილი აქვთ აკაკი წერეთელს, სოსიკო მერკვილაძეს, მელიტონ კელენჯერიძეს, ი. გომელაურს და სხვებს. გამოცანა გვხვდება ფოლკლორის სხვა ჟანრებში და მხატვრულ ლიტერატურაშიც (გამოცანის ნიმუშები იხ. წიგნში „ხალხური სიბრძნე“, ტ. 5, 1965).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956;