გაეროს სამშვიდობო ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს ცისფეჩაფხუტიანები სარაევოში.

გაეროს სამშვიდობო ძალები (ინგლ. United Nations Peacekeeping Forces) — გაეროს სამშვიდობო ძალები წარმოადგენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენელ ნაწილს, რომელთა მიზანია, შეინარჩუნონ, ან ხელახლა დაამყარონ მშვიდობა შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში. მათი განლაგება ხდება დაპირისპირებული მხარეების თანხმობის შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ინიციატივა შეიძლება გენერალურ ასამბლეას ეკუთვნოდეს. საოპერაციო კონტროლს ახორცილებს გაეროს გენერალური მდივანი და მისი სამდივნო.

1992 წელს ჩამოყალიბდა პრევენციულ დიპლომატიასა და მშვიდობის შენარჩუნებაში გაეროს ქმედითუნარიანობის ამაღლების მიზნით. ცისფეჩაფხუტიანები ამჟამად 18 მისიაში იმყოფებიან აფრიკაში, კარიბებეზე, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აზიაში. ამ მისიებში ასი ათასამდე უნიფორმიანი და სამოქალაქო თანამშრომელი მსახურობს და მათი საერთო წლიური ბიუჯეტი $5 მილიარდს აჭარბებს.

გაეროს სამშვიდობო ძალების განლაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ქარტია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პასუხისმგებლობას უშიშროების საბჭოს ანიჭებს. შესაბამისად, კონფლიქტით დაზარალებულ სახელმწიფოებში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებისათვის საჭიროა უშიშროების საბჭოს ავტორიზაცია.

გაეროს ქარტიის მეექვსე, მეშვიდე და მერვე თავები განსაზღვრავენ, რა შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული გაეროს სამშვიდობო ძალები მშვიდობის დასამყარებლად ან შესანარჩუნებლად. ქარტიის მეექვსე თავი ეხება დავების მშვიდობიან მოგვარებას და მიუთითებს, რომ სანამ საჭირო გახდება სამშვიდობო ძალების ჩარევა კონფლიქტის მოსაგვარებლად, მანამდე დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა გამოიყენონ ყველა სხვა მეთოდი, მათ შორის მოლაპარაკება, გამოძიება, მედიაცია, შერიგება, არბიტრაჟი, სასამართლო გადაწყვეტილება, ან რეგიონული სააგენტოები თუ შეთანხმებები.

მეშვიდე თავი შეეხება მშვიდობისათვის საფრთხის, მშვიდობის დარღვევის, ან აგრესიის აქტებზე მოქმედებას. ყველა ზემოაღნიშნული დარღვევა უნდა დაადგინოს უშიშროების საბჭომ და გასცეს რეკომენდაცია, ან გადაწყვიტოს, რა ზომები უნდა გამოიყენონ კონფლიქტის მოსაგვარებლად. რაც შეეხება ქარტიის მერვე თავს, ის აღნიშნავს რეგიონული შეთანხმებების ან სააგენტოების ჩართულობის აუცილებლობას, თუმცა, მათი ქმედებები უნდა იყოს შესაბამისობაში გაეროს მიზნებთან და პრინციპებთან.

ვინაიდან გაეროს არ ჰყავს ჯარი ან საპოლიციო ძალები, თითოეული სამშვიდობო ოპერაციის წინ ის მიმართავს წევრ სახელმწიფოებს, რათა უზრუნველყონ საკუთარი სამხედრო და საპოლიციო პერსონალის მობილიზება. გაეროს მშვიდობისმყოფელებს აცვიათ საკუთარი სახელმწიფოს ფორმა და მათი იდენტიფიცირება გაეროს სამშვიდობო ძალების ნაწილად ხდება გაეროს ცისფერი ჩაფხუტების, ბერეტების, ან ემბლემის ტარებით. სამოქალაქო პერსონალი მოიცავს საერთაშორისო საჯარო მოსამსახურეებს, რომელთა გადამზადებას და განთავსებას ტერიტორიაზე უზრუნველყოფს გაეროს სამდივნო.

მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო გასცემს ნებართვას სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებაზე, ძალების მობილიზება მეტწილად ხდება გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის პასუხისმგებლობა. დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული სამხედრო საქმეების ოფისის სამხედრო დაგეგმვის სამსახური ქმნის ოპერაციის კონცეფციას და ძალის მოთხოვნის სიას და ჰყოფს უშიშროების საბჭოს მიერ ავტორიზებულ მთლიან პერსონალს კომპონენტებად (სათაო ოფისის თანამშრომლები, ქვეითი ჯარის ბატალიონები, საინჟინრო კომპანიები და ა.შ.) და ანიჭებს სპეფიციკურ ამოცანებს. ოფისის ძალების მობილიზების სამსახური აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ კონტრიბუტორ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყონ ის სამხედრო შესაძლებლობები, რომლებსაც მოითხოვს ძალების მოთხოვნის დოკუმენტი.

გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XXI საუკუნის პირველ ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სახელმწიფოთა კოალიციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების (ნატო, ევროკავშირი , აფრიკის კავშირი და სხვ.) მიერ განთავსებული მშვიდობისმყოფელების რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაეროს უწევს ერთგვარი შეჯიბრი სხვა ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ შეავსოს სამშვიდობო ძალების შემადგენლობა. დონალდ დანიელი გამოყოფს 21-ე საუკუნის სამშვიდობო ძალებში სხვადასხვა ქვეყნის მიერ ჯარისკაცების გაგზავნის რამდენიმე მახასიათებელს: მნიშვნელოვნად გაიზარდა გაეროს სამშვიდობო ძალების, ან გაეროს მანდატით ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციებში ქვეყნების მიერ გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობამ; ამასთანავე, მოიმატა იმ ქვეყნების რიცხვმა, რომლებიც აგზავნიან პოლიციელებს და ჯარისკაცებს, თუმცა, ამ სახელმწიფოების ერთი მესამედი გზავნის ჯარისკაცების 84 პროცენტს, მხოლოდ 20 % კი არის მუდმივი ძირითადი კონტრიბუტორი.

გარდა ამისა, როგორც კი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები გაიგზავნებიან სამშვიდობო ოპერაციაში, ისინი მომზადებულნი არიან, რომ მისიის ბოლომდე დარჩნენ შემადგენლობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ გაეროს კარგი გადამზადების მაჩვენებელი აქვს და მაშინ, როცა სხვა ორგანიზაციებში იკლებს მშვიდობისმყოფელების რაოდენობა, გაეროში, პირიქით, იზრდება ეს რიცხვი.

2020 წლის მაისის მონაცემებით, 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტი საპოლიციო ძალით, სამხედრო ექსპერტით და ჯარისკაცით უზრუნველყოფს გაეროს სამშვიდობო ძალებს, არის ეთიოპია (ჯამში 6646, აქედან მამაკაცი 6017, ქალი 629), ბანგლადეში (ჯამში 6426, აქედან მამაკაცი 6173, ქალი 254), რუანდა (ჯამში 6325, აქედან მამაკაცი 5920, ქალი 412), ნეპალი (ჯამში 5638, აქედან მამაკაცი 5381, ქალი 258), ინდოეთი (ჯამში 5430, აქედან 5338 მამაკაცი, 92 ქალი), პაკისტანი (ჯამში 4454, აქედან მამაკაცი 4372, ქალი 82), ეგვიპტე (ჯამში 3151, აქედან მამაკაცი 3091, ქალი 60), ინდონეზია (ჯამში 2842, აქედან მამაკაცი 2683, ქალი 159), განა (ჯამში 2775, აქედან მამაკაცი 2364, ქალი 425), ჩინეთი (ჯამში 2535, აქედან მამაკაცი 2450, ქალი 85).

მდიდარ სახელმწიფოებს ამჯობინებენ, არ გაგზავნონ საკუთარი ჯარისკაცები გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში. ამის ნაცვლად, ისინი აფინანსებენ ოპერაციებს. შესაბამისად, გაეროს სამშვიდობო ძალებში ჯარისკაცების დანაკლისის შევსება ხდება ღარიბი ქვეყნებიდან, ძირითადად აზიიდან და აფრიკიდან. ბოლო წლებში პასუხისმგებლობა მშვიდობის შენარჩუნებაზე ძირითადად გადავიდა რეგიონულ ლიდერებზე და აფრიკის ქვეყნები არიან გაეროს სამშვიდობო ძალების მთავარი კონტრიბუტორები, ვინაიდან ბევრი სამშვიდობო ოპერაცია მიმდინარეობს აფრიკის კონტინენტზე. სამხრეთ აზიის ქვეყნები მეორე ადგილზე არიან გაეროს სამშვიდობო ძალებში ჯარისკაცთა სიმრავლით და მათი უმრავლესობა აფრიკის მისიებშია მობილიზებული.

გაეროს სამშვიდობო ძალების ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს სამშვიდობო ძალები, რომელსაც ზოგჯერ ცისფერ ჩაფხუტიანებსაც უწოდებენ, შედგება სამოქალაქო, სამხედრო და საპოლიციო პერსონალისგან. მათი როლები და პასუხისმგებლობა იცვლებოდა დროთა განმავლობაში და მოიცავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგს მოქალაქეების დასაცავად, ყოფილი მებრძოლების განიარაღებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერასა და სხვ..

დღეს გაეროს მანდატით წარმოებული სამშვიდობო ოპერაციების და, შესაბამისად, მათში მონაწილე მშვიდობისმყოფელების ფუნქცია-მოვალეობები შესაძლოა მოიცავდეს 300 ინდივიდუალურ აქტივობას, რომლებიც ერთიანდება 20 უფრო ფართო კატეგორიაში, მათ შორისაა: მოქალაქეეების დაცვა; განიარაღება, დემობილიზაცია და რეინტეგრაცია; დახმარება არჩევნებში; ადამიანის უფლებების მონიტორინგი; უსაფრთხოების სექტორის რეფორმა; მართლმსაჯულების რეფორმა და კანონის უზენაესობა. ცისფერჩაფხუტიანები ასევე ასრულებენ მშვიდობის აღსრულებისა და მშვიდობის მშენებლობის აქტივობებს და ხშირად უწევთ ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც პოლიტიკური არასტაბილურობაა, არ არსებობს შესანარჩუნებელი მშვიდობა და წარმოდგენილია მრავალი მხარე განსხვავებული ინტერესებითა და პოზიციებით.

მშვიდობისმყოფელის ტრადიციული როლი, რომელიც მოიცავდა გაყინულ კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგს (კვიპროსი და სამხრეთ ლიბანი), იშვიათ შემთხვევაში ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა დღეს ცისფერჩაფხუტიანების მთავარი პასუხისმგებლობაა მოქალაქეების დაცვაა, ზოგჯერ ძალის გამოყენებითაც კი. მათ უწევთ უფრო პროაქტიული როლის შესრულება, რასაც თან სდევს გაზდრილი რისკი გაეროს სამშვიდობო ძალებისათვის- მოქალაქეების დასაცავად მიმართული ქმედებები აქცევს მათ თავდასხმის სამიზნედ.

გაეროს სამშვიდობო ძალების დაფინანსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს გაეროს გენერალური ასამბლეა შეჯერდა სამშვიდობო ოპერაციების დაფინანსების მეთოდოლოგიაზე. 2000 წელს ეს უკანასკნელი განახლდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. სამშვიდობო ოპერაციების დაფინანსების ოდენობა ეფუძნება გაეროს რეგულარულ ბიუჯეტში შენატანების მასშტაბს და დამატებითი რეგულირების შესაბამის და გამჭირვალე სისტემას, რომელიც ემყარება წევრი სახელმწიფოების დონეებს.

ქვეყნები იყოფა 10 დონედ და აღნიშნული დაყოფა ეფუძნება თითოეული მათგანის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს. ის სახელმწიფოები, რომელთა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ორჯერ დაბალია, ვიდრე მსოფლიოში არსებული საშუალო დონე, თავსდებიან დ კატეგორიაში და იღებენ ე.წ. ფასდაკლებას, ხოლო იმ წევრებს, რომელთა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ მეტია მსოფლიოში არსებულ საშუალო დონეზე, სამშვიდობო ოპერაციების დაფინანსებაში შეაქვთ იგივე თანხა, რაც გაეროს რეგულარულ ბიუჯეტში.

გაეროს გენერალური ასამბლეა განიხილავს სამშვიდობო ოპერაციების და გაეროს სამშვიდობო ძალების დაფინანსებას. ზოგადი საკითხები განიხილება სამშვიდობო ოპერაციების სპეციალურ კომიტეტსა და მეხუთე კომიტეტში, ფინანსურ საკითხებს და თითოეული მისიის ბიუჯეტის ავტორიზაციას ადმინისტრაციუი და საბიუჯეტო საკითხთა საკონსულტაციო კომიტეტსა და მეხუთე კომიტეტში ახდენენ.

2019 წლის მონაცემებით, გაეროს სამშვიდობო ძალების დამფინანსებელი პირველი ათი სახელმწიფოა აშშ (27.89%), ჩინეთი (15.21%), იაპონია (8.56%), გერმანია (6.09%), გაერთიანებული სამეფო (5.79%), საფრანგეთი (5.61%), რუსეთის ფედერაცია (3.04%), იტალია (3.04%), კანადა (2.73%), კორეის რესპუბლიკა (2.26%).

ქალების მონაწილეობა გაეროს სამშვიდობო ძალებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957-1989 წლებში, გაეროს სამშვიდობო ძალებში მხოლოდ 20 სამხედრო ქალი მსახურობდა, 2017-2018 წლების მონაცემებით კი ჯამში 6114 ქალი, აქედან სამოქალაქო პირი 1620, სამხედრო – 4494. ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან მისიებში სამხედრო ქალების რაოდენობით, არის ეთიოპია (597), განა (267), ტანზანია (188), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (171) და ნეპალი (170). რაც შეეხება პოლიციას, ამ მიმართულებით სამშვიდობო ოპერაციებში ქალების ჩართულობით გამოირჩევა რუანდა (216), სენეგალი (Wikipedia Link) (100), ბანგლადეში (98), განა (79) და კამერუნი (61).

2019 წელს დაახლოებით 95 ათასი მშვიდობისმოფელიდან ქალები შეადგენდნენ 4.7%-ს სამხედრო კონტინგენტში და 10.8%-ს ფორმიან საპოლიციო ერთეულებში გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში. მიუხედავად იმისა, რომ გაერო ხელს უწყობს და იცავს ქალების მონაწილეობას, საკითხი საბოლოოდ წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. გაეროს პოლიციის სამმართველომ დაიწყო პროგრამა „გლობალური მცდელობა“ უფრო მეტი ქალის ჩასართავად ეროვნულ საპოლიციო სამსახურებსა და გაეროს საპოლიციო ოპერაციებში მთელ მსოფლიოში. 2028 წლისათვის დაგეგმილია სამხედრო კონტინგენტებში ქალების რაოდენობის 15%-მდე, სამხედრო დამკვირვებლებისა და პერსონალის ოფიცრების ნაწილში კი 25%-მდე გაზრდა.

მიუხედავად მცდელობებისა, ქალთა მონაწილეობა გაეროს სამშვიდობო ძალებში დღემდე დაბალია, განსაკუთრებით სამხედრო და საბრძოლო როლებში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საკუთარ ქვეყნებშიც ქალების ჩართულობა სამხედრო საქმეში დაბალია. გაეროს სამშვიდობო ძალები ყველაზე მეტი ქალით (584) წარმოდგენილია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიბანის (527) მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე შედის გაეროს სამშვიდობო ძალებში წარმომადენელთა სიმრავლით ათეულში, სამშვიდობო ოპერაციებში ყველაზე ნაკლები ქალი სწორედ ეგვიპტიდან არის ჩართული (Candela 2018).

ქალთა ჩართულობა სამშვიდობ0ო ძალებში ზრდის სამშვიდობო ოპერაციების ეფექტურობას. გარდა ამისა, მათი მონაწილეობის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ნდობის მოპოვება ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, ქალების წარმომადგენლობა კაცებთან ერთად ამარტივებს ჯარისკაცების განლაგების ნორმალიზაციას და სამშვიდობო ძალების რეპუტაციას ზრდის (Raashed 2020).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]