ბორის რომანოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის რომანოვსკი

ბორის რომანოვსკი (დ. 1879, კიევი, უკრაინა ― გ. 1947, იქვე) — პოლონელი მხატვარი, რომელმაც სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში გაატარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კიევში, უკრაინა, შეძლებულ ოჯახში. ბავშვობაში კიევის დანილოვის გრაფიკისა და ხატვის სკოლაში სწავლობდა. შემდეგ პარიზში მიმგზავრება, სადაც სახვითი ხელოვნების აკადემიაში (École de Beaux-Arts) ირიცხება. აქ ის ოგიუსტ დელაკლუზისა და პიერ ბონარდის სტუდიებში გადის პრაქტიკას. 1908-1911 წლებში პარიზის ოპერის სცენის დიზაინერად მუშაობს. აქ მის მთავარ ნამუშევართა შორის იყო პეტრე ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“. 1911 წელს იმართება მისი პირველი პერსონალური გამოფენა პარიზში. 1912 წელს კიევში ბრუნდება. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე კორესპონდენტად აგზავნიან. დაჭრილი დემობილიზაციით უკან კიევში ბრუნდება. კიევში ის ხდება უკრაინის მხატვართა გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1922 წელს გაერთიანების პრეზიდენტად ირჩევენ. 1918-1925 წლებში რომანოვსკი კიევის სხვადასხვა თეატრში და კიევის ოპერაში მუშაობს სცენურ დიზაინერად.

1925 წელს კოტე მარჯანიშვილის რჩევით რომანოვსკი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. აქ ის წითელ თეატრში და გამომცემლობა „ზარია ვოსტოკა“-ში იწყებს მუშაობას. 1927 წელს თბილისის საქალაქო მუზეუმმა რომანოვსკის შეუკვეთა ძველი თბილისის ამსახევლი აკვარელის ნახატების სერიის შექმნა (სულ 33 ტილო). ამ თემით აღტაცებული მხატვარი საათობით ძველი თბილისის უბნებში დახეტიალობდა: მეიდანზე, რიყესა და მეტეხის უბანში. ქალაქის ნამდვილი ფერების შესაცნობად ის ამ უბნების ქარვასლებს, სახელოსნოებსა და ჩაიხანებს სტუმრობს. იუმორითა და სითბოთი გამსჭვალული ეს 33 ტილო ძველი თბილისის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური მასალა გახდა, მისი ვიწრო ქუჩებითა და მოფუსფუსე მცხოვრებლებით.

1929 წელს იმართება რომანოვსკის პერსონალური გამოფენა თბილისის სასტუმრო ორიენტში ქართველ მხატვართა ასოციაციის დარბაზში. თბილისში ყოფნისას რომანოვსკი უმეგობრდება ლადო გუდიაშვილს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მის ხელოვნებაზე. მის ახლო მეგობართა შორის იყვნენ ძმები კაკაბაძეები (დავით და სარგის). სარგის კაკაბაძემ გააცნო რომანოვსკის ქართული ლეგენდები და ისტორიული გმირები. ამ ისტორიებით შთაგონებული მხატვარი ქმნის მის ყველაზე მეტად ცნობილ ისტორიულ ტილოებს, მათ შორის „კრწანისის ბრძოლას“, რომელშიც ქართველთა და სპარსთა ბრძოლის სცენაა აღბეჭდილი.

1931 წელს რომანოვსკი ტაშკენტში გადადის, სადაც ის ადგილობრივი მუსიკალური თეატრის სცენური გამფორმებლად იწყებს მუშაობას. მცირე ხანში მას ტიფი შეეყარა და ლოგინად ჩავარდა. 1934 წელს საქართველოში ბრუნდება მკურნალობის გასაგრძელებლად. ამჯერად სოხუმში სახლდება, სადაც ის სახვითი ხელოვნების სკოლაში ხატვისა და გრაფიკის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. რომანოვსკის რამდენიმე ნამუშევარი ინახება სოხუმის საქალაქო მუზეუმში, მათ შორის „პირველყოფილი ადამიანის ორთაბრძოლა დათვთან“ და „ციტრუსის მოსავალი“.

1937-1941 წლებში რომანოვსკი მუშაობს ქართული ფილმის სცენურ დიზაინერად და მხატვრულ გამფორმებლად თბილისში.

1947 წელს კიევში მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]