ბოლივუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლივუდის სიმღერები და ცეკვები

ბოლივუდი (ინგლ. Bollywood) — აშშ-ის კინემატოგრაფიის, ჰოლივუდის (Hollywood) ანალოგიაზე შექმნილი სახელწოდება, რომელიც ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღესდღეობით მუმბაი) კომერციულ კინემატოგრაფიას მიეცა.

პირველად ჰოლივუდისა და ბომბეის ამ შეჯვარებული სახელწოდებით ბომბეის კინომატოგრაფია ერთ-ერთმა ინდოელმა კინოკრიტიკოსმა 1970-იან წლებში მონათლა, რითაც მან ბოლივუდის კომერციულ-გასართობი პოლიტიკა კალიფორნიულ ჰოლივუდს ცინიკურად შეადარა, მაგრამ ეს სახოლწოდება დამკვიდრდა და ინდური კინოს სინონიმად იქცა. ინდოელი პატრიოტები სახელწოდება „ბოლივუდის“ წინააღმდეგნი არიან, ვინაიდან მათი მოსაზრებით ინდურ ფილმებს ჰოლივუდთან საერთო არაფერი აქვთ.

ბოლივუდის ფილმებს აქვთ რამდენიმე დამახასიათებელი თავისებურება: მათი უმეტესობა მიუზიკლია — ფილმის სიუჟეტში ჩართულია მუსიკალური კლიპები (ზოგჯერ ათამდე), ორ სერიად გაყოფილი ფილმი დაახ. ოთხი საათი გრძელდება. თუმცა ფილმების სიუჟეტები სხვადასხვაგვარია, მათში გამოიყენება ინდური კლასიკური თეატრისთვის დამახასიათებელი თემები - სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლა, ავი დედამთილი და დაჩაგრული რძალი, ღარიბ და მდიდარ, მუსლიმ და ინდუისტ გმირთა შორის სიყვარულის გამარჯვება, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი ტრადიცების გადალახვა და კასტური სისტემის ბორკილთა დამსხვრევა და სხვა.

ბოლივუდის პროდიუსერები მუშაობენ როგორც ინდოეთის, ასევე მთელი აზიისა და აფრიკის ფართო მასებისთვის და ქმნიან ე.წ. „კინოს მთელი ოჯახისთვის დიდიდან პატარამდე“, ამიტომ ეროტიკული მომენტები, განსაკუთრებით ქალის და მამაკაცის პირზე კოცნა ფილმში ტაბუა. ამ მხრივ ოდნავ გაბედული ფილმები აზია-აფრიკის მუსლიმი, ინდუისტი და ა.შ. მაყურებლის მკაცრ კრიტიკას აწყდება.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზე არსებობს, ლამაზი, თეთრკაინიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, აგრეთვე თეთრ და შავკანიან მოსახლეობაში, შესაძლოა — უნებლიე, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რითაც იგი გამუდმებით დასავლეთის კინოკრიტიკის ნოტას იმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ბომბეის კინომატოგრაფიის წარმატებული ნიმუშები (მაგ. „დევდასი“) დუბლირებულია ევროპის ბევრ ენაზე და რეგულარულად გადაიცემა დასავლეთის ეთერში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.