ბაგრატ V დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაგრატ V
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1360
მმართ. დასასრული: 1393
წინამორბედი: დავით IX
მემკვიდრე: გიორგი VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1393
მეუღლე: ელენე
ანა კომნენოსი
შვილები: 1.გიორგი VII
2.კონსტანტინე I
3.დავითი
4.ულუმპია
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით IX

ბაგრატ V დიდი (გ. 1393) — საქართველოს მეფე 1360–1393 წლებში, დავით IX-ის ძე. მის პიროვნებასა და მმართველობას (თემურლენგის შემოსევებამდელ პერიოდში) მაღალ შეფასებას აძლევდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ისტორიკოსები.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო 1380 წელს

დავით IX-ის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატი ქუთაისში ეკურთხა მეფედ:

ვიკიციტატა
„ამან დაიპყრა ყოველი ივერია საბრძანებელსა შინა თჳსსა, რამეთუ იყო მჴნე, ახოვანი, ტანითა ძლიერი, შუენიერებითა ჰაეროვანი, უცთური მოისარი, სამჴედროთა სრული, სამღუდელოთა პატივისმცემელი, მშჳდი, მოწყალე, შემმართებელი ძლიერი.“

ქართული საისტორიო მწერლობა ბაგრატ V-ს „დიდის“ სახელით იხსენიებს. ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას „გამოჩენილ სარდალს“ უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ V „ძლევამოსილისა და ძლიერის“ სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ საქართველო თუმცა ეკონომიურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბაგრატ V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (ტრაპიზონის იმპერიასთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა, მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქ. ანისი და მისი ოლქი წინანდებურად ბაგრატ V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბაგრატ V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი. ბაგრატმა წარმატებით მოიგერია თურქთა ეპიზოდური შემოსევები სამცხესა და ჯავახეთში. ბაგრატ V-ის ზრუნვას წმ. მიწის ქართულ სავანეებზე ადასტურებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კრებულის მიერ მისთვის განჩენილი სამი აღაპი.

ბაგრატ V-ის მეფობის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1366 წელს მისი მსხვერპლი გახდა დედოფალი ელენე, რომლისაგანაც მეფეს ორი ძე გიორგი და კონსტანტინე ჰყავდა. 1367 წლის ივნისში ბაგრატ V დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის, იოანე-ალექსი III-ის ასულ ანაზე, რომლისაგანაც შეეძინა მესამე ვაჟი დავითი. 1367 წელსვე მან ჩაახშო სვანეთის ერისთავ ვარდანისძის აჯანყება და მის მაგივრად გელოვანს უბოძა ერისთავობა. მისი მეფობის დროს შენარჩუნებული იყო გიორგი V ბრწყინვალეს დროს მოპოვებული საეთაშორისო ავტორიტეტი. მის დროს კვლავ ესწრაფვოდა საქართველოსთან ურთიერთობას კათოლიკური ეკლესია. 1370-1373 წლებში ფრანცისკანელი ბერების დელეგაცია იმყოფებოდა თბილისსა და ახალციხეში, ხოლო 1382 წელს ამავე ქალაქებში „მოქადაგე ძმათა საზოგადოების“ მისიები დააფუძნეს.

ბაგრატ V-ის მეფობის ბოლო წლებში საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1386 წელს თემურლენგი დიდძალი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა და, მიუხედავად ქართველთა მედგარი წინააღმდეგობისა, აიღო თბილისი. მტერმა დაატყვევა ბაგრატ V, მისი მეუღლე ანა და შვილი დავითი და ყარაბაღში წაიყვანა. თემურლენგმა ბაგრატ V-ს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ბაგრატ მეფე დიდხანს უარზე იყო, ბოლოს მოჩვენებით დათანხმდა, რომ ტყვეობიდან თავი დაეღწია და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩასდგომოდა. თემურმა მტრის 12 000 მხედრის თანხლებით ბაგრატი საქართველოში გაისტუმრა. ბაგრატმა თავისი ამალის ერთ-ერთი წევრი, ეგნატაშვილი გზიდან გააპარა და მის ვაჟს გიორგის თემურლენგის ჯარის მოძრაობის მარშუტი შეატყობინა. ქართული მხედრობა გიორგის მეთაურობით ქ. ხუნანთან ჩაუსაფრდა მტრის ჯარს, განთიადისას თავს დაესხა და ერთიანად გაჟლიტა ისე, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა. გამარჯვებული მამა-შვილი თბილისს მიადგა და მტრისგან გაათავისულა. ამ ამბის შემდეგ ბაგრატ V მალევე გარდაიცვალა:

ვიკიციტატა
„მეფემან ბაგრატ კუალად იპყრა სამეფო თვისი და განაგებდა კეთილად და მცირედსა ხანსა შინა მიიცვალა.“

მის შემდეგ საქართველოს მეფე გახდა მისი უფროსი ვაჟი, გიორგი VII.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატი პირველად დაქორწინებული იყო დედოფალ ელენეზე. ისტორიულ წყაროებში მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ არის. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ის შეიძლება ყოფილიყო ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილის ასული, ელენა დიდი კომნენოსი.[1] 1366 წელს ელენეს გარდაცვალების შემდეგ ბაგრატმა ცოლად შეირთო ანა კომნენოსი, ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III-ის ასული.

ბაგრატ V-ის შვილები:

  1. გიორგი VII — ბაგრატის პირველი ვაჟი ელენესაგან.
  2. კონსტანტინე I — გაურკვეველია კონსტანტინეს დედის ვინაობა. კირილ თუმანოვი მიიჩნევს, რომ მისი სახელი რომის იმპერატორს, კონსტანტინეს უკავშირდება და ის ანა კომნენოსის ვაჟია.[2]
  3. დავითი — ბაგრატის ვაჟი ანასაგან. ნახსენებია მიქაელ პანარეტოსის ისტორიაში.
  4. ულუმპია — ბაგრატის ქალიშვილი ანასაგან.
  5. თამარი (?) — ნახსენებია მხოლოდ ბეთანიის 1704 წლის საბუთში, რომლის მიხედვითაც დაქორწინებული იყო ელეს ორბელი-ბარათაშვილზე.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 129-130.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966.
  • მეტრეველი რ., ლორთქიფანიძე მ., მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III: საქართველო XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე, თბ.: პალიტრა L, 2012. — გვ. 88–90.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
დავით IX
საქართველოს მეფე
1360 - 1393
შემდეგი:
გიორგი VII