აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი“, „ბიჭვინთის იადგარი“ — დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო (ბიჭვინთის) საყდრისათვის სხვადასხვა პირის მიერ გაწეული ღვაწლისა და შეწირულების აღნუსხველი ძეგლი, რომელიც ამასთან ერთად შეიცავს საკათალიკოსოს უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელობის სამართალებრივ ნორმებს, საგადასახადო და სასამართლო შეუვალობათა დამამტკიცებელ საბუთებს. „იადგარში“ შესული მრავალი იურიდიული დოკუმენტი, შემონახული რედაქტირებული ან პირვანდელი სახით, თავის დროზე მოქმედი იყო. „იადგარი“ შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ანუ საკუთრივ „იადგარი“ შედგენილია XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე და საფუძვლად უდევს იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მიერ ბიჭვინთისათვის 1537-1565 წლებში დაწერილი „იადგარი“, რომელსაც დამოუკიდებელი და პირვანდელი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. მეორე ნაწილი შედგება XVII-XVIII საუკუნეების მეფეების, კათოლიკოსებისა და მთავრების შეწირულებათა საბუთებისაგან, რომლებიც შემონახულია სრულად ან ნაწილობრივ. „იადგარში“ დაცული ცნობები საუკეთესო მასალაა საქართველოს ეკონომიკის, სოციალურის, სამართლისა და მატერიალური კულტურის ისტორიის შესასწავლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]