ატენის სიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიონი.
ატენის სიონი
ატენის სიონი — საქართველო
ატენის სიონი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°54′14″ ჩ. გ. 44°05′40″ ა. გ. / 41.90389° ჩ. გ. 44.09444° ა. გ. / 41.90389; 44.09444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ატენის ხეობა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ტეტრაკონქი
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება VII ს. I ნახ.
დეტალები

ტაძრის გეგმა

ატენის სიონი

ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომელიც წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.

1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ. გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).

წარწერები კედლებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატენის სიონის საკურთხევლის მოხატულობა

ატენის სიონის ინტერიერში, ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში, ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგრეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახალი მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი რომელიც არაუგვიანეს VII საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება, — აფსიდის რვა შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია „დამცველობითი ფუნქციის“ განედლებული ჯვრები.

ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით განირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათის მხატვრობა შემორჩენილია ფრაგმენტულად: გუმბათის კამარაში — ჯვარი, გუმბათის ყელში წინასწარმეტყველები, ტრომპებზე მახარებლები, ტრომპების ნახევარწრეებში სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. აფსიდებში დამოუკიდებელი იკონოგრაფიული ციკლებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობლის ნიკოპეა, ბემის კამარაზე — ქრისტე ყოვლისმპყრობელი და ოთხი წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე — თორმეტი მოციქული, ცენტრში — პატარა ჯვარი. ბემის კედლებზე ზიარების ორნაწილიანი სცენაა; ქვემო რეგისტრში ეკლესიის ათი მამის გამოსახულებაა, შუა სარკმლის წითხლებზე — ორი მესვეტის, აფსიდის შვერილებზე — ორი დიაკვნისა.

სამხრეთი აფსიდი იყოფა ოთხ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან; კონქის აღმოსავლეთ ნაწილში — ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება. მეორე რეგისტრში — შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება; მესამეში — ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი; მეოთხეში — შობა და ღვთისმშობლის მიძინება.

ჩრდილოეთი აფსიდიც ოთხ რეგისტრად იყოფა და აქაც ზედა რეგისტრში მთავარანგელოზია გამოსახული; კონქში მირქმა და ნათლისღება; მეორე რეგისტრში — ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა; მესამეში - საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვენა, მენელსაცხებლე დედანი; მეოთხეში — ამაღლება, სულთმოფენობა.

დასავლეთის აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. ბემის თაღში გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს; აფსიდის პირველ რეგისტრში — ვედრებამოციქულებით და ანგელოზებით (ნაწილი ფიგურებისა ბემში გადადის); მეორე რეგისტრში, ფანჯრის ზემოთ — ჰეტიმასია; აფსიდის სამხრეთ კედელზე, ორ რეგისტრში გამოსახულია სამოთხე წმინდანთა გუნდებით; ჩრდილოეთი კედელი სამავე რეგისტრებში კი ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენებია შემორჩენილი; ქვედა რეგისტრში წარმოდგენილნი არიან წინასწარმეტყველები. მოპირდაპირე მხარეს ქვედა რეგისტრის გაგრძელებაზე კტიტორთა პორტრეტებია (წარწერები ძალიან დაზიანებულია და გამოსახულ პირთა ვინაობა სადაოა).

მეორე ფენის მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფფრის სხვადასხვა ტონებზე - ბაცი მონაცისფროდან სუფთა კობალტამდე და ამ ფერების მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან შეხამებაზე. სახეები მოდელირებულია ბაცი, ოდნავ მოყავისფრო ტონის ფართო მონასმებით.

ტაძრის კედლის მოხატულობა (რელიგიის სიუჟეტები, ქართველ მეფეთა და ადგილობრივი ფეოდალთა ფრესკები) მკაფიოდ ეროვნული ხასიათისაა. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, პერსონაჟთა სხეულისა და სახის ნატიფი მოდელირების, არტისტული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება. მკვლევრები მას სხვადასხვანაირად ათარიღებენ: შ. ამირანაშვილი 904-906, რ. შმერლინგი, თ. ბარნაველი - 1072-1080. ტაძარში IX-XI საუკუნეების მრავალი ლაპიდარული და ფრესკული წარწერაა შემონახული, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავენ.

ფასადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატენის სიონი
ატენის სიონი, 2013

ტაძარი ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. შიგნიდან მომრგვალებულ აფსიდს გარეთ შეესატყვისება სამწახნაგოვანი შვერილი, რომელსაც ბრტყელი თაღოვანი ნიშებით უკავშირდება კუთხის ოთახების გლუვი კედლები. გუმბათის ყელი — მასიური. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის კუთხის კედლები არასწორადაა ამოყვანილი — ზევით ვიწროვდება (ჩანს შეკეთების კვალი). კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. სახურავის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კუთხეებში ცხვრის თავის გამოსახულებებია, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მინიატურული ტაძრის გუმბათი. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა მასიურობისა და სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის.

განსაკუთღებით მორთულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას.სარკმლები შემკულია დეკორატიული რელიეფური სათაურებით. საკურთხევლის სარკმლის ზემოთ კომპოზიციურად ერთმანეთთან დაკავშირებული შვიდი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადის შუა წახნაგზე გამოსახულია ქრისტე დასალოცად აწეული ხელით, გვერდით წახნაგებზე — ორ-ორი ფრონტალურად მდგომი ფიგურა, ხოლო ქვემოთ, გვერდებზე — ცხოველები და ფრინველები.

ტაძრის მთავარი სამხრეთის შესასვლელი (აქ ადრე კარიბჭე მდგარა) მორთულია ორმაგი ბურთულებიანი კაპიტელებით, ბაზისებით და დეკორატიული ნახევარსვეტებით. სამხრეთ ფასადზე რელიეფური ფიგურებია გამოსახული, ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა („მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმიდა ეკლესიისა“), რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად. ახალი გამოკვლევის მიხედვით (გ. აბრამიშვილი, ზ. ალექსიძე) წარწერა გვიანდელი უნდა იყოს. ზოგი მკვლევარი (აკად. გ. ჩუბინაშვილი) თოდოსაკს ტაძრის ამშენებლად მიიჩნევს, ზოგი კი (გ. აბრამიშვილი) — ატენის სიონის რესტავრატორად. ჩრდილოეთ ფასადზე, შესასვლელის ტიმპანზე, გამოსახულია ორი ირემი, აფსიდის გვერდის ლავგარდნის ქვეშ-წმინდანი და მის წინ მდგომი კტიტორი, ხოლო მარცხენა ნიშში ორი რელიეფური სცენაა წარწერებით: დავით გარეჯელის მოწაფე ლუკიანე ირემს წველის და სამსონის ლომთან შებრძოლება. დასავლეთის ფასადზე შეკეთებების შედეგად რელიეფებს შეცვლლილი აქვთ ადგილი. ფასადის მარცხენა ნაწილში, სარკმლის ქვემოთ, შემორჩენილია რელიეფური კომპოზიციები: სამსონის ლომთან შებრძოლება, წინასწარმეტყველი აბაკუმი ანგელოზს მიჰყავს ორმოში მყოფ დანიელთან, ნადირობის სცენა და სხვა. გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ფასადზეც რელიეფური გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერაა. გუმბათის ყელის სარკმლების სათაურებიც ორნამმენტირებულია. პროფილირებული სადა ლავგარდნები გვიანდელია.

ტაძრის ფასადებს ამკობს რელიეფები, სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართები, მხატვრულ-კომპოზიციურად ატენის სიონის რელიეფები ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს, ამასთან ისინი ორგანულად არ ნაწილდებიან ფასადებზე. სტილისტური ანალიზი ცხადყოფს, რომ რელიეფები სხვადასხვა დროს არის შექმნილი. ნაწილი ტაძრის აშენების თანადროულია, უმეტესობა კი X საუკუნის II ნახევრის სომხურ რელიეფებს ემსგავსება.

ატენის სიონს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრამიშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 666, თბ., 1975
  • „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“, რედკოლეგია: ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი, უ. სიდამონიძე, თბილისი 1990, ტომი 5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]